ავტორი : ნანა კალანდაძე
დედამიწის ზურგზე არავინ იცის როგორ დაიბადა და რამდენ გრამ რძეს და ფაფას ჭამდა დღეში. შორეული ბავშვობიდან შესაძლოა მეხსიერებას აქა-იქ გაფანტული ფრაგმენტები შემორჩეს, ისიც ძალიან შთამბეჭდავი. თუმცა, მერე, რაც დრო გადის, ხვდები, რომ შენი განვლილი ცხოვრებიდან ბევრი მომენტი გახსენებს თავს, ბევრი ნივთი თუ ვითარება, რასთანაც უფრო მეტი გაკავშირებს, ვიდრე უბრალო მოგონება.
სწორედ ეს ფრაგმენტები არ მასვენებს დიდი ხანია და ხან ერთი წამოყოფს თავს, ხან მეორე. ამიტომაც გადავწყვიტე ყველა მათგანს თავისი „თარო“ მივუჩინო მეხსიერების არქივში. თუმცა თემას, რითიც ვიწყებ, არასდროს გააჩნია კონკრეტული ადგილი, დრო და როლი ჩვენს ცხოვრებაში. ის ჩვენი ხორციელი და სულიერი ნაწილია, რომლის გარეშეც, უბრალოდ, არ ვიქნებოდით ამქვეყნად.
დიახ, ვგულისხმობ მშობლებს.
მამაჩემი გრიგოლ (გრიშა) კალანდაძე 18 წლის, ციმბირში გადასახლებამდე რამდენიმე დღით ადრე
წინათ, გაზეთ „თბილისის“ მეოთხე გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდებოდა განცხადებები გარდაცვალების შესახებ. გამომცხადებელთა რაოდენობის მიხედვით ადვილი დასადგენი იყო ადამიანის სანათესავო და სამეგობრო არეალი, ან მისი და მისიანების საქმიანობის წრე... 1968 წლის 26 მარტს დეიდაჩემმა, ვისთანაც დროებით გადამასახლეს მამას ავადმყოფობის გამო, უჩუმრად დამიდო მეოთხე გვერდზე გადაკეცილი გაზეთი, სადაც უამრავ საგანცხადებო უჯრედებს შორის დავინახე ერთადერთი სახელი – გრიგოლ ალექსანდრეს ძე კალანდაძე! მეუღლე... შვილი... ძმა... დები...მეგობრები...ღრმა მწუხარებით... მგონი ათჯერ წავიკითხე ეს სიტყვები, მერე ხაზები და ასოები აიმღვრა, ერთმანეთში აირია, დატრიალდა და გაერთიანდა ერთ დიდ წვეთში, რომელიც ჩუმად და ტკივილით დაეცა გაზეთის ქაღალდს...
მხოლოდ ცხრა წლის ვიყავი...
მაღალი იყო მამა, თხელტანა, ძლიერმხრებიანი... საფეთქლებთან შეთეთრებული ხორბლისფერი თმა და ხაკისფერდაკრული მწვანე თვალები ჰქონდა (ჟღენტების ფერები გამომყვაო, ამბობდა თურმე ხშირად). ლაღი სიცილი იცოდა, გემრიელი, შესანიშნავი მომღერალი იყო, კიდევ უკეთესი მოკრიმანჭულე.
კლასიკური გურული – ჩქარი, ფიცხი, მაგრამ ჩვილი, უზომო სიკეთით სავსე გულით, რომელიც უამრავ სიყვარულს იტევდა. ჩოხატაურში დაიბადა და გიჟდებოდა იქაურობაზე. გადასახლებიდან (იქ რა უნდოდა? მერე გეტყვით) ჩამოსულმა საკუთარი ხელით ააშენა ოდა ძველი სახლის საძირკველზე, ჯიშიანი თხილი ჩაუყოლა სუფსისკენ მიმავალ ბილიკს, რცხილები დარგო, მის ფესვებში ჩაყრილ ქვევრებში განსაკუთრებული გემო ეძლევა „ადესასო“, უდიდესი ცაცხვის გაყოლებაზე ხვიარა ვარდების ღობე შემოავლო ეზოს, ბუკისციხის ტყეში მოჭრილი ბებერი წაბლისგან საწნახელი გამართა, „კაცისთავა“ მსხლის ხის უკან „შავი ვაშლის“ ხეები ჩაამწკრივა და ძველი „ქუხნა-სახლიც“ შეაკეთა.
ამ განსაკუთრებულ სიყვარულს ბავშვობიდან გამოყოლილი მონატრება აძლიერებდა. ჯერ იყო და, შვიდ წლამდე სოფელ ჯვარცმაში იზრდებოდა, ბოლქვაძეებში, ახლავე მოგახსენებთ რატომ: ჩვენი ოჯახის სახლიკაცი და შეუცვლელი დამხმარე, რვა გოგოს მამა იასონ ბოლქვაძე, მეცხრე შვილს ელოდებოდა, ბებიაჩემი კი მამაჩემზე ყოფილა ფეხმძიმედ. სად იყო მაშინ ექოსკოპია და ჰოროსკოპია. დაიბადებოდა ადამიანი და მიუყვებოდა თავისი ცხოვრების გზას. წინასწარ რა იცოდნენ, ვინ გაჩნდებოდა. ჰოდა, ვაჟის მახარობელი თოფის გასროლა რომ ვერა და ვერ ეღირსა იასონს, ჩვენებისათვის უთხოვია, თუ ბიჭი გეყოლათ და მე ისევ გოგო, სკოლის ასაკამდე მაინც გამაზრდევინეთ, ცივ ნიავს არ მივაკარებ, პელაგოს (მისი ცოლის) დედური მზრუნველობის გარდა, უფროსი გოგოებიც ძმასავით იყოლიებენო. ჩვენების ოჯახში ორი ბიჭი და სამი გოგო უკვე იზრდებოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად. დაფიქრდნენ...არც ბებიაჩემი გულნარა ჟღენტი იყო თავადის ასული და არც ბაბუაჩემი ალექსანდრე იზრდებოდა ფუფუნებაში და ძიძებში, მაგრამ ჩვენი ოჯახის მოყვარული და ერთგული იასონისთვის დიდი ხნის ნატვრის ასრულება კეთილ საქმედ მიიჩნიეს და დათანხმდნენ, თუ ბიჭი გაჩნდებოდა, მისთვის პელაგოს გაეწია ძიძობა. განგებამაც ასე ინება და მამაჩემი მოუვლინა ქვეყანას, ბოლქვაძეებს კი მეცხრე გოგო მართა აჩუქა. ასე, მის დაუკითხავად გადაწყდა გრიშას - ასე ეძახდნენ მამაჩემს - ბედი, რომელსაც იგი შვიდ წლამდე არანაირად ემდუროდა დედობილ-მამობილისა და შეძენილი დების ზრუნვა-სიყვარულით განებივრებული.
დედა და მამას “საქორწინო” ფოტო, ყაზახეთი
კალანდაძეებში დაბრუნების დროც მოვიდა. დედ-მამამ გულში ჩაიკრა მონატრებული ბიჭი, და-ძმებმა იუცხოვეს ცოტა. უფროსმა ძმამ შალიამ კი თავიდანვე დაიმეგობრა. ერთად თამაშობდნენ, ერთად სწავლობდნენ და კითხულობდნენ, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრებიც საერთო ჰყავდათ, რომელთან ერთადაც ხშირად იკრიბებოდბენ ჩვენი ეზოს ცაცხვის ძირში, ბჭობდნენ, კამათობდნენ. გრიშა ხვდებოდა, რომ შალია და მისი თანამოაზრე ახალგაზრდები რაღაც დინების საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილი, მაგრამ ასაკი და ცოდნა არ ყოფნიდა კარგად გარკვეულიყო ვითარებაში. უფროსი ძმა და მეგობრები მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ მის ჩათრევას ფედერალისტურ ვნებათა ღელვაში.
სირთულეები არ აშინებდა. ინტერესიანი და მიზანდასახული რომ იყო, მის სპორტულ ჟინშიც ჩანდა. შესანიშნავად თამაშობდა ლელობურთს და სულ რაღაც თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ბიჭს გულშემატკივრები ჰყავდა მთელს გურიაში. მაგრამ ლელობურთი რა მოსატანია იმ დიდ გატაცებასა და სიყვარულთან, რასაც ფეხბურთი ჰქვია. იმხანად ფოთი გახლდათ ამ სპორტის სული და გული საქართველოში. ინგლისელი მეზღვაურების სპორტული „ავტოგრაფით“ მონუსხული დიდი და პატარა ამ ჯადოსნურ თამაშზე ლაპარაკობდა და რა გასაკვირი იყო, რომ მამაჩემიც მასზე ოცნებით იძინებდა და იღვიძებდა. ჩოხატაურელ ბიჭებთან ბურთის დევნას არაფერი ერჩივნა, მაგრამ იცოდა, ფოთში სულ სხვა საფეხბურთო ცხოვრება ჩქეფდა და იქით მიუწევდა გული. თან ყურმოკრული ჰქონდა, იმ ქალაქში ერთი ონჭიქეთელი (სოფელია ჩოხატაურის რაიონში) ბიჭი ცხოვრობს, ბორია პაიჭაძე, ჯერ მიწას არ ასცილებია და მისმა თამაშმა გადარია დუნიაო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შალიამ აუსრულა ოცნება გრიცკოს (და-ძმები ასე ეძახდნენ მამას) და წაიყვანა ფოთში. ერთ შეხვედრაში ათამაშეს მამაჩემი „გასასინჯად“ და მოიწონეს კიდეც. იქ ბორიაც გაიცნო და ჩოხატაურელობით შეგულიანებულებს ერთხელ ერთადაც „უჩვენებიათ კლასი“, თუმცა მამა ბორიაზე ექვსი წლით უფროსი იყო. ერთ-ორ წელიწადში გელოდებით ახალგაზრდულ ნაკრებში აგიყვანთ, მანამდე კი ვარჯიში არ შეწყვიტოო, დაურიგებიათ მამა.
ეჰ, ერთი-ორი წელიც გავიდა და სამი-ოთხიც, მაგრამ ფოთი და ფეხბურთი ისევ ოცნებად დარჩა და ამჯერად სამუდამოდ... ჩვენი ოჯახი ათასი თვალისა და ყურის ინტერესის საგნად იქცა, ბოსტანში ჩასვლაც აღრიცხული ჰქონდათ ქვეყნის კეთილდღეობის „დამცველებს“ . მიზეზი საბჭოური მართვა-წყობილების არმაღიარებელი შალიას ემიგრაცია გახლდათ. ანკი რაღა დააკავებდა ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდა უსამართლობას, უგულობას, ღალატს და არაკაცობას, სადაც მამა მოუკლეს ბურუსით მოცულ ვითარებაში და პასუხად მუქარა მიიღო...
ქართველები ერთ-ერთი გადასახლებული ქართველის საფლავზე ყაზახეთში. ყიზილყუმი 1952 (?) წელი
წავიდა შალია საფრანგეთში და თან წაიყოლა მამაჩემის ახალგაზრდობა, მომავალი და ოცნებები... „შალიას კუდიაო“, სიყვარულით ამბობდნენ მამაზე ნათესავ-ახლობლები. მაგრამ ეს ზედმეტსახელი მალე ჩაანაცვლა უმძიმესმა ორმა სიტყვამ - „ხალხის მტერი“, რომელიც ოც წელზე მეტი ჰქონდა საპალნესავით ზურგზე მოკიდებული.
ციმბირის გულაგები გაუხადეს მისამართად, „ლაგერებში“ აჯახირეს, დამპალ შახტებში აძრომიალეს... ერთხელაც ჩაინგრა ის დაწყევლილი, მაგრამ მიწიდან მაინც ამოძვრა ფეხმოყინული (ბედის ირონიაა, აბა სხვა რა ჰქვია ამას?)... სიცოცხლე უყვარდა და არ აცლიდნენ ამ სიყვარულს; გადარჩა, ჩამოვიდა და მალევე ყაზახეთის გზას გაუყენეს ახლა უკვე დედასთან, დებთან და დისშვილებთან ერთად. ვორკუტის ყინვები ყიზილყუმის ხვატებმა ჩაანაცვლა... ერთი საყვედური არ დასცდენია პარიზის ქუჩებში მოსეირნე ძმის მისამართით. ამდენი დავიდარაბა ვერ მოერია მის კაიკაცობას, რაც შუა აზიის უდაბნოებში გადასახლებულ ქართველებს არ გამოჰპარვიათ, განსაკუთრებით კი ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც თავის დედ-მამასთან ერთად იყო გამწესებული მეზობელ „კოლხოზში“.
ეს დედაჩემი იყო.
დედა განსაკუთრებულად ვერ იტანდა ორ ხმას: კარზე ძლიერად და გამეტებით დარეკილ ზარს და დანა-ჩანგლის ჩხაკუნ-ზრიალს. ყველას თავისი ამოჩემება აქვსო, უცებ გაიფიქრეთ ალბათ, მაგრამ ეს ის „ამოჩემებული“ ხმებია, რომელმაც მრავალი ოჯახის მყუდროება დაარღვია 1951 წლის 25 დეკემბერს. დიახ, ვარაზის ხევში, „უდელის“ ღვინის ქარხნის დასახლებაში, შუაღამისას წითელი აგურის ერთი ლამაზი სახლის კარი ბრახუნით და ხელის ზარის უწყვეტი, ისტერიული ტრიალით „ჩამოიღეს“ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა იმის საუწყებლად, რომ ალექსი ფეიქრიშვილი თავისი ცოლ-შვილითურთ „განყოფილებაში“უნდა გამოცხადებულიყო რამდენიმე უბრალო კითხვაზე პასუხის გასაცემად. საბუთების მოძებნაში დაგეხმარებით, რომ დავაჩქაროთ, სხვაგანაც მისასვლელები ვართო, შესთავაზეს კეთილად და დაიწყეს „ძებნა“ კომოდში, გარდერობში, ჭურჭლის კარადაში, დანა-ჩანგლის უჯრაში... უი, ამ ვერცხლის ნივთების სიძველესაც დავადგენთ, თან წამოვიღოთო, აღარ ჰქონდა საზღვარი მათ სიკეთეს...
მამიდაჩემი ქეთევან (ჩიტო) კალანდაძე, ცნობილი პედიატრი, რომელსაც 1937-ში ქმარი დაუხვრიტეს და მერე თვითონ გადაასახლეს ორ შვილთან ერთად ყაზახეთში
რკინიგზის სადგურში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. გაპოხილ-ჩაშავებულ სატვირთო ვაგონებს ურჩხულის ხახასავით ჰქონდათ დაღებული კარები, რომლებიც გაუმაძღრად ნთქავდნენ გაურკვეველი ჩინის სამხედროფორმიანების მიერ „მსხვერპლად შეწირულ“ ადამიანებს. ატირებული, გაოგნებული, ჩაფიქრებული, მოტყუებული, მწარედ გაღიმებული სახეები გარედან ურდულგაყრილი კარის მიღმა ქრებოდა...
მძიმედ დაიძრა მატარებელი, თითქოს მასაც კი უჭირდა ამ „ტვირთის“ დაძვრა... ვაგონებში საქონელივით შეყრილი „ხალხის მტრების“ ოხვრა-გმინვა და ტირილის ხმა ბორბლების გრუხუნში იკარგებოდა...დედა, ბებია და ბაბუა ერთ კუთხეში მიკუჭულიყვნენ უბრად. დეკემბრის დაუნდობელი სიცივეც კი ვერ ერეოდა უზომო ტკივილს და შეურაცხყოფას...
- კიდევ კარგი, გავიგეთ, რომ ვახტანგი ცოცხალია და მუშაობაც დაუწყია. გერმანულის ცოდნა ალბათ უფრო უადვილებს იქ ცხოვრებას... - ფიქრში აჯერებდა საკუთარ თავს დედა და გულის კუნჭულში უხაროდა კიდეც, რომ არ დაბრუნდა ერთადერთი ძმა, რომელიც, ვინ იცის, რა უბედურებას გადაეყრებოდა ტყვეობაგამოვლილი... - დედა და მამაზე ვდარდობ, როგორ გაუძლებენ ამდენ დარდსა და საშინელებას?... ეს გზაც რომ არ მთავრდება... უსასრულობამდე ხომ არ ვივლით, ოდესმე სადმე ხომ მიგვიყვანს ეს წყეული მატარებელი... მერე ვნახოთ...
ვაგონის ფიცრების ღრიჭოებიდან უკიდეგანო წყალი დალანდეს, მდინარე ვოლგააო, ვიღაცამ თქვა, მერე კასპიის ზღვასაც გასცდნენ... მატარებელი დაჟინებით მიექანებოდა აღმოსავლეთისაკენ...
ყაზახეთის ჩრდილოეთი მხარის ათვისება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგრამა იყო და მაშინდელი რეჟიმი უკეთესს რას მოიფიქრებდა თუ არა ამ ტერიტორიებზე ხალხის იძულებით გადასახლებას? ბამბის პლანტაციებში მუდმივად მუშახელის უკმარისობა იყო, ადგილობრივების უმრავლესობას ჭლექი ჭამდა, თავისი ნებით კი ვინ ჩავიდოდა საცხოვრებლად იმ ჯოჯოხეთში? ჰოდა „ხალხის მტრები“ და ტყვეები მისწრება იყო ამ საქმისთვის...
შალვა (შალია) კალანდაძე, რომლის საფრანგეთში ემიგრაციის გამო ციმბირში, ვორკუტაში გადაასახლეს (13 წელი დაყო) მამაჩემი და მერე ყაზახეთში ჩემი ბებია, უფროსი მამიდა, უმცროსი მამიდა ორი შვილით და ისევ მამაჩემი
მიწურში ცხოვრობდნენ, წყალი მოჰქონდათ არხიდან, რომელშიც ვირები და აქლემებიც იგრილებდნენ ქვიშისგან გადახურებულ ჩლიქებს და ნასიამოვნები, რა თქმა უნდა, ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებდნენ. იქ „მცხოვრები“ ადამიანები კი ამ წყლად წოდებულ საზარელ სითხეში „რეცხავდნენ“ თუ რაიმე ებადათ. დალევითაც ეს უნდა დაელიათ, რისთვისაც რამდენჯერმე ადუღებდნენ. ამას კი შეშა სჭირდებოდა, რომელიც „მეზობელი“ დასახლების ბაზარში იყიდებოდა, იქამდე კი რამდენიმე კილომეტრი იყო გასავლელი გველებიან უდაბნოში...
შეშის მოტანაში დაეხმარა ერთხელ მწვანეთვალება ახალგაზრდა. მარჯვენა ფეხით კოჭლობდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა დიდი ტვირთის ზიდვაში... „სახლში“ შეიპატიჟეს ქალიშვილის პატივისმცემელი, რომელმაც მალე დაღამება მოიმიზეზა და თავისი დასახლებისკენ გაეშურა გულდამძიმებული. მთელი გზა ერთადერთი ფიქრი უტრიალებდა, როგორ გამოეყვანა ამ საშინელი მიწურიდან ეს ჩუმი, მორიდებული გოგო, რომლის სევდიანი სახეც კარგა ხანია მოსვენებას არ აძლევდა... ერთ დღესაც გაიგო, რუსულის მასწავლებელი სჭირდებათ სკოლაშიო...
დედაჩემი ქეთო ფეიქრიშვილი ყაზახეთში, 1951 წელი.
სამსახურს „უკეთეს“ დასახლებაში გადასვლა მოჰყვა. „როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო“, ხომ თქვა ოდესღაც ქართველმა და ამ ანდაზის შესაბამისად განაგრძეს ცხოვრება. „ის ბიჭიც“ გახარებული იყო, თავისთან ახლოს რომ დაიგულა „ის გოგო“ და მალე მათ საერთო არქივში „ვრაგ ნაროდას“ და ათასი საზიზღარი საბუთ-ქაღალდის გვერდით გაჩნდა ერთი მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, კეთილისმაუწყებელი დოკუმენტი:
НЕКЕ ТУРАЛЫ КУЕЛIК ანუ ქორწინების მოწმობა ყაზახურ ენაზე, რომელშიც სამელნეში ჩაწობილი კალმით, რუსულ ენაზე „ნაჟიმებით“ ეწერა:
კალანდადზე გრიგორი ალექსანდროვიჩ
პეიკრიშვილი გუგული ალეკსეევნა
არადა, ქეთევანი ერქვა. ორივე სახელს შეჩვეული იყო და მაინცდამაინც არ მოუკლავს თავი შესწორებისთვის, იმდენი სხვა პრობლემა ჰქონდა თავსაყარად. იმ ვითარებაში ან კი ვინ დაგიდევდა ასეთ კაზუსებს. დედა იტყოდა ხოლმე, შვიდი სახელიც რომ მერქვას, ვერც ჩემს ქართველობას გადამათქმევინებენ და ვერც ჩემი ქვეყნის სიყვარულს წამართმევენო.
ვახტანგ ფეიქრიშვილი, დედაჩემის ძმა, რომელიც გერმანიაში ემიგრაციის გამო ყაზახეთში გადაასახლეს ჩემი ბებია, ბაბუა და დედა. დაკრძალულია ბავარიაში.
დედას და მამას „ქორწილიც“ კი ჰქონიათ ყაზახურ-გადასახლებური და ბებიაჩემს ოქროს გულსაბნევის ჩუქებაც მოუხერხებია რძლისთვის (პამირის მთების ცეცხლოვანი ოპალისთვლიანი ეს გულსაბნევი დღეს ჩემი კუთვნილებაა და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები). მოკლედ, ერთ ბედქვეშ მყოფები ერთ დიდ ოჯახად გაერთიანდნენ, რამაც ჩემს ბიოგრაფიაში შემოიყვანა რეპრესირებული ცხრა სული: ბებია(მამაჩემის დედა), ორი მამიდა (აქედან, უმცროს მამიდას ქმარი დაუხვრიტეს ოცდაჩვიდმეტში), ორი მამიდაშვილი, ბებია და ბაბუა ( დედას მშობლები) და, რა თქმა უნდა, დედაჩემი და ჩემი მამა, რომელიც მანამდე იმ დაწყევლილი ოცდაჩვიდმეტის რეპრესიების წყალობით ცამეტი წლით იყო გადანასახლები ქვეყნის დასალიერში, ციმბირი რომ ჰქვია სახელად. აღარაფერს ვიტყვი ტრაპიზონში „შემთხვევით“ მოკლულ ბაბუაზე...
კარგით ახლა, რა შეიცხადეთ, დრო იყო მაშინ ასეთი!