რუბრიკა: აფხაზეთი

ჟურნალი: ნომერი 9




ლიხნის ეფექტი

ავტორი : გიგი გიგინეიშვილი 

აფხაზეთში, ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე, გუდაუთიდან 5 კილომეტრში, არის სოფელი ლიხნი (აფხ. Лыхны). ლიხნის ცენტრში X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიაა, რომელმაც არაერთი ძალიან საინტერესო ქართული წარწერა შემოგვინახა, მათ შორის, ალბათ, ყველაზე საინტერესოა წარწერა „კომეტის გამოჩენის შესახებ“, რომლის არსებობა ქართველმა ისტორიკოსებმა კარგად იციან, თუმცა ფართო საზოგადოებას ნაკლებად  სმენია ამის შესახებ.

აღნიშნული წარწერა ერთსტრიქონიანია, შესრულებულია თავისებური და ძალიან ლამაზი ხერხით: ასომთავრული ტექსტის ყოველი სიტყვის პირველი ასო მოზრდილია, იმავე სიტყვის დანარჩენი ასოები კი უფრო პატარა ზომისაა და სიგრძეზეა ჩამოწერილი, ხოლო მრგვალი მოხაზულობის ასოებში, მაგალითად, ან-ში, ორ ადგილას, პატარა ასოები დიდი ზომის ასოს მუცელშია ჩაწერილი. მთლიანად წარწერა შესრულებულია წითელი საღებავით, სინგურით. მისი ტექსტი ასეთია:

„Ⴕ. Ⴉურთხეულ Ⴞარ, Ⴖმერთო, Ⴗოვლად Ⴗოველსა Ⴘინა. ႤႱ Ⴈქმნა Ⴃასაბამითგან Ⴜელთა ႾႵჂႧ (ხქჲთ — 1065 წ.), Ⴕორონიკონსა ႱႥႮ (სვპ — 1066 წ.) Ⴋეფობასა Ⴁაგრატ Ⴂიორგის Ⴛისასა Ⴈნდიკტიონსა ႪჁ (ლჱ), Ⴀპრილსა Ⴇვესა Ⴅარსკვლავი Ⴂამოჩნდა, Ⴐომელ Ⴋისსა Ⴜიაღსა Ⴀღმოლიდის Ⴃა Ⴜინა Ⴋისსა Ⴅითარცა Ⴘარავანდედი Ⴃიდი, Ⴋოკიდებით Ⴋასვეა. Ⴄსე Ⴈქმნა Ⴁზობითგან Ⴀღვსებამდის.“
ქ. კურთხეული ხარ, ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა. ესე იქმნა დასაბამითგანთა წელთა ხქჲთ, ქრონიკონსა სპვ. მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა, ინდიკტიონსა ლჱ აპრილსა თუესა ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა. ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვე. ესე იქმნა ბზობითგან აღვსებად-მდე”.

1848 წელს წარწერა პირველად შეისწავლა აკადემიკოსმა მარი ბროსემ. მიჩნეულია, რომ ლიხნის ტაძრის წარწერაში აღწერილია ჰალეის კომეტის დედამიწის ხილვადობის სფეროში გამოჩენის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც მოხდა XI საუკუნეში, 1066 წელს. წარწერის დასაბამითგანითი თარიღი და თარიღი ბაგრატ IV-ის მეფობის წლების მიხედვით შეესაბამება 1065 წელს, ხოლო ქორონიკონითი თარიღი – 1066 წელს. რადგან ტექსტში აღნიშნულია, რომ კომეტა გამოჩნდა აპრილში, ბზობიდან აღდგომამდე (1066 წელს აღდგომა იყო 16 აპრილს, ბზობა იქნებოდა 9 აპრილს), ამიტომ წარწერის თარიღად 1066 წელი უნდა მივიჩნიოთ. მაშასადამე, საქართველოში კომეტა იხილვებოდა 1066 წლის 9-16 აპრილს.


ჰალეის კომეტის წარწერა 1886 წ.

ლიხნის ტაძარზე ასევე მოიპოვება სხვა ქართული წარწერები: ვაჩე პროტოსპათარისა და პეტრიკ პატრიკის წარწერა; გიორგი კურაპალატის წარწერა, ასევე, XI საუკუნით დათარიღებული ათამდე წარწერის ფრაგმენტები; XIV საუკუნით თარიღდება ათზე მეტი წარწერა, რომლებიც ამ დროის ფრესკებს ახლავს და გამოსახულ პირებსა და სიუჟეტებს განმარტავს.

ლიხნის ტაძრის წარწერები უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიისათვის, თუმცა შემდგომ აფხაზეთში მრავალმა წყალმა ჩაიარა და ალბათ მრავალი კომეტაც აკიაფდა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი მე-18 საუკუნეში იუწყებოდა, „იყო ჭირი დიდი ოდიშსა, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარედმდე, და დაეშენებოდნენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი.“ მწარედ მოუბრუნდა საქართველოს შინა ომებისა და შინა გამცემებისგან დაშვებული საქმე.

1989 წლის 18 მარტს სოფელ ლიხნში უკვე არა ჰალეის კომეტაზე ან გიორგი კუტაპალატზე, არამედ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან გამოყოფასა და რუსეთთან შეერთებაზე წერდნენ აფხაზები, თან რუსულ ენაზე.

საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლების პარალელურად, რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით, აფხაზეთში შეიქმნა აფხაზეთის სახალხო ფორუმი - „აიდგილარა“ (აფხ. Аԥсны Жәлар Рфорум «Аидгылара» - ერთობა). ეს იყო სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც დაარსდა 1988 წლის 13 დეკემბერს, როგორც აფხაზთა ნაციონალისტური მოძრაობა. საწყის ეტაპზე „აიდგილარას“ მთავარი ფუნქცია იყო ქართველი კომუნისტებისა და „არაფორმალებისათვის“ ეჩვენებინა აფხაზეთის გამოყოფის საფრთხე და, ზოგადად, აფხაზეთი გამხდარიყო ქართული ეროვნული მოძრაობისთვის შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა შემდგომში სხვა უკეთური საქმეებიც დაევალა. „აიდგილარა“ იმით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან (გარდა სამაჩაბლოში რუსული სპეცსამსახურების მიერ იმავე პერიოდში შექმნილი „ადამონ ნიხასისა“), რომ მასში აფხაზური წარმოშობის პარტიული მუშაკები, თანამდებობის პირები, მილიციისა და უშიშროების ორგანოების თანამშრომლები წარმოადგენდნენ რეალურ, თუმცა ჩრდილოვან მამოძრავებელ ბირთვს. სწორედ „აიდგილარას“ ინიციატივით,  1989 წლის 18 მარტს სოფელ ლიხნში ჩატარდა აფხაზთა მრავალათასიანი თავყრილობა.

მიტინგი სანქცირებული იყო, რაც მსგავსი შინაარსის შეკრებისათვის საბჭოთა წყობილებაში იშვიათობაა. ნიშანდობლივია, რომ მას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიული ელიტის აფხაზური ნაწილი სრულად.


18.03.1989 წ. სოფ. ლიხნი

თავყრილობაზე მიიღეს, „ლიხნის მიმარ­თვის“ სახელით, ცნობილი დოკუმენტი, რომელიც დაეგზავნათ მიხეილ გორბაჩოვს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, და  სხვა უმაღლეს ინსტანციებს.  უკანასკნელ პერიოდში ამ ფაქტსა და დოკუმენტს რუსული დეზინფორმაციული ფილტრის გავლის შემდეგ აწვდიან ქართველ საზოგადოებას, ამიტომ მკითხველმა უნდა იცოდეს სიმართლე - ის, რომ თითქოს აფხაზები ლიხნში დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, ძალიან შორს არის სიმართლისგან, რადგან ამ დოკუმენტის ავტორები ცალსახად ითხოვდნენ რუსული საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში დარჩენას (მსგავსი მოთხოვნები სეპარატისტულმა ელიტამ არაერთხელ დააფიქსირა, ლიხნის წერილამდე იყო 1987 წლის 17 ივნისის, აფხაზური წითელი ინტელიგენციის, წერილი, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში და თითქმის ანალოგიური შინაარსის იყო, ასევე, 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა დეპუტაციამ უკანონო მიმართვის/თხოვნის ტექსტი გაუგზავნა რუსეთის დუმას, რომ აფხაზეთი მიეღო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რუსეთისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით).  გარდა ლიხნის მიმართვისა, „აიდგილარა“ აქტიურად იყო ჩართული საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის 1991 წლის 17 მარტს გამართულ რეფერენდუმში და აფხაზურ საზოგადოებაში ლენინური იდეების ერთგულებას ქადაგებდა და არა თავისუფლებას, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.


18.03.1989 წ. სოფ. ლიხნი

თავად მიმართვის ტექსტი შემდეგი ძირი­თადი საკითხებისაგან შედგებოდა:

1. დამტკიცდეს კპ ცკ გენერალური მდივნის, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, მ. გორბაჩოვისა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ი. რიჟკოვის სახელზე გასაგზავნი წერილი;
2. ეთხოვოს სსრკ-ის კპ ცკ უმაღლეს საბჭოსა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს, აღდგეს სსრ აფხაზეთის სტატუსი იმ ფორმით, როგორითაც ის არსებობდა ლენინის ეპოქაში;
3. გადაიხედოს ყველა ის გარდაქმნა, რომლებიც წარმოადგენდა სსრკ-ის ერთა თანასწორობის ლენინური პრინციპებიდან უხეშ გადახვევას.

იმავე წლის 24 მარტს „ლიხნის მიმართვა“ დაიბეჭდა „სოვეტსკაია აბხაზიასა“ და აფხაზეთის სხვა რაიონულ გაზეთებში, მათ შორის, გაზეთ „ბზიფში“.

„ლიხნის მიმართვას“ ხელს აწერდნენ: ბორის ადლეიბა – საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი; ვალერიან კობახია – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი; კონსტანტინე ოზგანი – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გუდაუთის რაიკომის პარტიის პირველი მდივანი;  ალექსანდრე  გვარამია – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კანდიდატი და სხვანი.  სწორედ ამ უკანასკნელის ხელმოწერამ გამოიწვია განსაკუთრებული აღშფოთება სოხუმის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა  შორის, რადგან ალეკო გვარამიას მიმართ განსაკუთრებული სიმპათიებით იყო განწყობილი ქართველი სტუდენტობა და სწორედ მისგან ვერ აიტანეს ღალატად შეფასებული ეს ხელმოწერა.
აღნიშნულ მიმართვას თან სდევს 30 ათასზე მეტი სხვადასხვა ეროვნების (აფხაზები, ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები და სხვა) ადამიანის ხელმოწერა. 19 მარტიდანვე აღნიშნული მიმართვის შესახებ ქართველ კომუნისტებს ინფორმაციას პირდაპირ მოსკოვიდან აწვდიდნენ, მუქარანარევი ქვეტექსტებითა და ნიშნის მოგებით, რადგანაც მიმართვის ტექსტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია თბილისში, გაგრაში, სოხუმში, გალში, ქუთაისში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაიწყო გამოსვლები და მანიფესტაციები, სოხუმის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა უარი განაცხადეს სწავლის გაგრძელებაზე და სხვა მოთხოვნებთან ერთად რექტორის, ალეკო გვარამიას, გადადგომაც მოითხოვეს.


აფხაზეთის საბჭოთა ელიტის ხელმოწერები მიმართვაზე 18.03.1989 წ.

ქართველ საზოგადოებაში ცოტას თუ ახსოვს, რომ საბოლოოდ, სწორედ ლიხნის მიმართვას მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია: ლიხნის მიმართვის საწინააღმდეგო აქციები თბილისში 1989 წლის მარტშივე დაიწყო, თუმცა 4 აპრილიდან უკვე ორგანიზებული სახე მიეცა და მალევე გადაიზარდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში.

ამ გამოსვლებს ისევ მოსკოვმა უპასუხა: 9 აპრილს, გამთენიისას,  თბილისში საგანგებოდ შემოყვანილმა რუსულმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს მანიფესტანტები და სისხლიანი კალო მოუწყვეს ქართველებს: სასანგრე ნიჩბებისა და მომწამლავი აირის გამოყენებით დაარბიეს და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები. დარბევისას დაიღუპა - 21, ხოლო დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.


ა. გვარამია და ვ. არძინბა

ამ ბარბაროსობაზე   სკკპ ცკ-მა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ მალევე გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც: „8 აპრილს, ღამით, თბილისში, მთავრობის სახლის მოედანზე, ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგუფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან. ვაცხადებთ, რომ არცერთს არ ჰქონია ნაკვეთი ან ნაჩხვლეტი ჭრილობა.“ ტრადიციული რუსული მეთოდით ადამიანების ძალადობრივი სიკვდილი ქართულ მხარეს დაჰბრალდა.

მაშინ ქართველმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ლიხნის წერილი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მხოლოდ საწყისი წერტილი იყო - ღილაკი, რომელზედაც ხელის დაჭერით უბედურებების მთელი კასკადი დაატყდა ჩვენს ქვეყანას რუსეთიდან.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა