რუბრიკა: არჩევანი

ჟურნალი: ნომერი 9




ფარტაძის არჩევანი

ავტორი : გია ჯაფარიძე 

წარსულში უნდა დავბრუნდეთ ცოტა ხნით და ნაცნობი ისტორია გავიხსენოთ. ისტორია იმისთვისაც გვჭირდება, რომ იქიდან გაკვეთილები გამოვიტანოთ, მხოლოდ ლეგენდად ან ისეთ წარსულად არ უნდა დარჩეს, რომელიც არ გვეხება.

მეექვსე საუკუნის შუა ხანებში ლაზიკის სამეფო აღმოჩნდა ორი დიდი იმპერიის - აღმოსავლეთ რომისა (ბიზანტია) და სასანიდური ირანის დაპირისპირების საგანი. ბიზანტიასა და სპარსეთს შორის კონფლიქტში ლაზიკა რომაელთა მხარეზე იბრძოდა. ბიზანტიელი სარდლების მუხანათურ ღალატს მოჰყვა ლაზიკის მეფე გუბაზის სიკვდილი. ქართულ სამეფოს მომავალი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია უნდა გადაეწყვიტა, რა მიზეზითაც 555 წელს ლაზიკის პოლიტიკური ელიტა შეიკრიბა და ისტორიაში „ეგრისის კრების“ სახელით შესული თავყრილობა გაიმართა.

ლაზიკის პოლიტიკოსთა ნაწილი მხარს უჭერდა ბიზანტიასთან ურთიერთობის გაწყვეტას და ირანთან მოკავშირეობას, ხოლო მეორე ნაწილი, მიუხედავად ბიზანტიელი სარდლების ღალატისა, აგრძელებდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის მხარდაჭერას. ორ ბანაკს წარმოადგენდნენ იმ დროის ცნობილი პოლიტიკოსები და რიტორები - აიეტი და ფარტაძი.

აიეტი ამტკიცებდა, რომ „გაქრა კოლხების ძველი ღირსება, - დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ ... ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ, რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან და კიდევ უფრო გაგვაბახებენ ჩვენი უმოქმედობის წყალობით. რა თქმა უნდა, რომაელები იმათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება და ჩვეულებრივად ზევიდან ქვევით უყურებენ იმათ, ვინც მათ ემსახურება ... მე მინდა რომ კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება გარედან, რომ როგორც ომის ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის უკუღმართობის წყალობით ან ორივე მიზეზის წყალობით ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითი გავხდით, ისევ სჯობია იმის ხელქვეითი ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც დაურღვევლად იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან“. (ხომ არ პოულობთ პარალელებს ქოცურ დღევანდელობასთან?)
ფარტაძიმ ხაზი გაუსვა ბიზანტიასთან ღირებულებებისა და ქრისტიანული იდენტობის ერთიანობას და თქვა, რომ „რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს ვერ შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას და გრძნობების ღელვას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ უნდა გავიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არავითარი უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი საქციელი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე“.

საბოლოოდ ფარტაძის აზრმა გაიმარჯვა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი მთელი ისტორიის მანძილზე ეგრისის კრებას ჰგავს. საქართველოს ყოველთვის უწევდა მანევრირება დიდ ცივილიზაციებს შორის, რომ შეენარჩუნებინა თავისუფლება და საკუთარი იდენტობა.

მაშინაც კი, როცა აღმოსავლეთის დიდი ძალები (Great Powers) ქართველ მეფეებს თავისუფლების სანაცვლოდ კომფორტს, კეთილდღეობას და პიროვნულ დიდებას სთავაზობდნენ, ქართველი მმართველები ევროპული ცივილიზაციის სივრცეს ირჩევდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც სპარსეთის იმპერიის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მმართველად დანიშნულმა, ფაქტობრივად გუბერნატორმა, ვახტანგ VI-მ სტამბა დაარსა, მან პირველი ახალი აღთქმა და „ვეფხისტყაოსანი“ დაუბეჭდა ქართველებს. თუ რამე განსაზღვრავდა ქართველთა იდენტობას, ეს იყო სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ და ქრისტიანული ფილოსოფია. ვახტანგ მეექვსე ქართველთა დაკარგული თუ მივიწყებული იდენტობების და ცნობიერების დაბრუნებას შეეცადა მისი თანამედროვე ქართველებისთვის, რომლებიც ისტორიულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა დააშორა თავის ნამდვილ სახეს.

საქართველო ყოველთვის საგარეო პოლი­ტიკური არჩევნის წინაშე იდგა და ყოველთვის ირჩევდა ბერძნული დემოკრატიის, რომაული სამართლისა და ქრისტიანული მორალის სივრცეს, რაც არის კიდეც ევროპა და ზოგადად დასავლური ცივილიზაცია.

დასავლეთის ქვეყნებში შეიცვლება მთავრობები, ხელისუფლებაში პერიოდულად მოვლენ პოლიტიკური ძალები, რომელთა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები საქართველოს ინტერესებისგან განსხვა­ვებული იქნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დასავლურ სახელმწიფოებს სხვადასხვა საკითხებზე ერთმანეთში აზრთა სხვადასხვაობა შეექმნათ, მათ ურთიერთობებში ბზარები გაჩნდეს და დასავლეთმა ვერ გამოავლინოს ერთიანობისა და სოლიდარობის სულისკვეთება, მაგრამ საქართველოს საუკეთესო არჩევანი არის მისი ინტეგრაცია დასავლეთის სტრუქტურებში ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული თვით­მყოფადობის და ეკონომიკური კეთილ­დღეობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ შეიძ­ლება საქართველოს დასავლურ არჩევანს ეგზისტენციალური, არსებობისთვის აუცილებ­ელი არჩევანი ეწოდოს.
საქართველო დღესაც ამ არჩევანის წინაშე დგას. საქართველო ვერ შეცვლის თავის გეოგრაფიას. იგი მდებარეობს ისტორიულ გეოპოლიტიკურ სამკუთხედში - რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის. სამივე ძველი ისტორიული ძალაა, მუდმივი რევიზიონისტული მისწრაფებებით. მყარი გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას დრო სჭირდება, თბილისს დიდხანს მოუწევს ამ ვითარებაში ფუნქციონირება, გაურკვეველი მომავლით, უსაფრთხოების გარანტიების და ეკონომიკური აღმავლობის პერსპექტივის გარეშე. პრაგმატულად, დასავლეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ერთადერთი გამოსავალია.

მაგრამ ერთია, რა არჩევანი აქვს საქართველოს და მეორეა, რამდენად შესაძლებელია ეს პრაქტიკაში განხორციელდეს. საერთაშორისო პოლიტიკა უმეტეს შემთხვევაში ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ევროპასა და აშშ-ს საქართველოს მიმართ?

ევროპა და აშშ ღირებულებების სივრცეა. თავისუფლება, დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც დასავლეთი არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ მათზე დაფუძნებით ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც იზიარებს ერთსა და იმავე პრინციპებს. პოლიტიკური რეალიზმის თეორიის ზოგიერთი მიმდევარი შეიძლება არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ზუსტად რეალიზმის თეორიის მიხედვით, საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნების მხარდაჭერა ეროვნული ინტერესია საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში შედარებითი ძალაუფლების გაზრდის მიზნით.

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში ერთგვარი გამოფხიზლება იყო ევროპისთვის. ევროპის კავშირი, ე.წ. „გაფართოების დაღლის“ მდგომარეობაში, არ ფიქრობდა მომავალ გაფართოებაზე; დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მხოლოდ გეოგრაფიიდან გამომდინარე, უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნები. ეს პროგრამაც მხოლოდ „დამამშვიდებელი პრიზი“ იყო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მგზავრები იყვნენ სადგურზე, სადაც გაფართოების მატარებელი არასოდეს ჩამოივლიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის მიერ საზღვრის ძალისმიერი შეცვლისა და უკრაინის რუკიდან წაშლის მცდელობამ გამოაფხიზლა ევროპა და მან გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით და უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით. დღეს საქართველოს დე ფაქტო მთავრობა უკვე ევროპის კავშირის თავისტკივილია, რადგან ის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. თუ რამე არ აძლევს ხელს ევროპის კავშირს, თუ რამე დააზიანებს მის რეპუტაციას, თუ რამე იქნება ევროპის კავშირის შემდეგი გაფართოების საკითხზე მძიმე დარტყმა, ეს არის ევროპის კავშირის „ჩავარდნა“ რომელიმე კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში. საქართველოს შეუძლია ეს მომენტი საკუთარ უპირატესობად გამოიყენოს, ერთგვარ შანტაჟად - ამ სიტყვის კარგი გაგებით.
არსად ფრიალებს ევროკავშირის დროშა ისე მაღლა, როგორც თბილისში, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. გაფართოება ახალ ბიძგს აძლევს ევროინტეგრაციის პროექტს, აძლიერებს ევროპული იდენტობის იდეას, აღვიძებს ევროპული ერთიანობის მიძინებულ კონცეპტს, გამოსავალს იძლევა ჩიხში მოქცეული ევროპული პროექტისთვის და ასრულებს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც ევროპას გეოპოლიტიკურ აქტორად აქცევს. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა არაერთხელ გაიმეორა - თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია.

ევროპა არ ცხოვრობს „ცივი ომის“ რეალო­ბაში, სამყარო შეიცვალა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ძნელი წარმოსადგენია ევრო­პის უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ამიტომ აუცილებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლდეს უსაფრთხოების კომპონენტი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ეს დაადასტურა და რეალური საფრთხეები შეახსენა ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს. შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გასააზრებელია დასავლეთში. უკრაინისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ნიშნავს შავი ზღვის „დასავლეთის ტბად“ ქცევას, რაც სამუდამოდ ასამარებს რუსეთის ამბიციას, გახდეს „მესამე რომი“ და გასასვლელი ჰქონდეს „თბილ წყლებზე“. შავი ზღვის რეგიონი ისევე აუცილებელია დასავლეთის უსაფრთხოებისთვის, როგორც არქტიკის რეგიონში ძალთა ბალანსის საკითხი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მეტი სიმძაფრით დადგა საერთაშორისო დღის წესრიგში.

რუსეთის ფედერაციისა და ირანის სა­ერთაშორისო სანქციების ქვეშ ყოფნა, რაც შესაძლოა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს, სხვა უფრო უარესი სცენარების განვითარების ალბათობა რომც არ დავუშვათ (ომის გაგრძელება უკრაინაში, სხვა ომი ფართო რეგიონში), გულისხმობს დასავლეთისთვის სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციების დი­ვერ­­­სი­­ფიკაციის აუცილებლობას. მიუხედა­­­­ვად ბევრი გამოწვევისა, რომელიც „ცენტრა­ლური დერეფნის“ პოტენციურ პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს აქვთ (პროექტის სიძვირე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა, არსებულის მოდერნიზაციის საჭიროება, ზოგიერთ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი უთანხმოებები კასპიის ზღვის გარშემო, სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და სხვა), ცენტრალური დერეფნის პროექტი მაინც რჩება დასავლეთისთვის ძვირ, მაგრამ საუკეთესო გამოსავლად ცენტრალურ აზიასთან და ინდო-ჩინეთთან სავაჭრო კომუნიკაციის და ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების კუთხით. საერთაშორისო იზოლაციიდან რუსეთის და/ან ირანის გამოსვლა არ წარმოადგენს გარანტიას, რომ მომავალში მოსკოვი და/ან თეირანი უკან მოიტოვებს რევიზიონისტულ მისწრაფებებს და გახდება დასავლეთის პარტნიორი.  

კრიზისი ქმნის შესაძლებლობებსაც. პრაგმა­ტიზმი, რაციონალიზმი და გარკვეული დოზით მორალური სიცხადე უნდა ამოძრავებდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ ქვეყნის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება ცვალებად საერთაშორისო გარემოებებში. საქართველოს აქვს მხოლოდ იმედგაცრუების უფლება, როგორი იმედგაცრუებულებიც დავრჩენილვართ წარსულში, როცა „ერთა ლიგის“ მიღმა დაგვტოვეს, შემდეგ კი ყოყმანის გარეშე დაუთმეს საქართველო სტალინს, მერეც, როცა მარტივად დაუტოვეს საჯიჯგნად რუსეთს მთელი აღმოსავლეთ ევროპა, როცა არ შეაჩერეს „მოკავშირე“ სტალინის არმიის სვლა ევროპის დედაქალაქებისკენ, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ძია იოსებს“ (Uncle Joe, როგორც მოფერებით ეძახდნენ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს სერიულ მკვლელს) გადასცეს დასავლეთს შეფარებული რუსეთის იმპერიის მოქალაქეები, რომელთაც სსრკ-ში უეჭველი სიკვდილი ელოდათ; როგორი იმედგაცრუებულებიც დავრჩით 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დაშვებით, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ თვალის დახუჭვით იმ ფაქტზე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა და საზღვრების უხეში დარღვევა; გვეტკინა, როცა ზოგი დასავლელი პოლიტიკოსი მსხვერპლის ხარჯზე ჯალათთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობდა, ან როცა ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთს გადატვირთვის ღილაკი მიართვეს; იმედგაცრუებული და­ვრჩით, როცა პარტნიორები თბილისს სთხოვ­დნენ რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგა­ნიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს მხრიდან ვეტოს მოხსნას; იმედგაცრუებული დავრჩით 2014 წელს ყირიმის და დონბასის ანექსიაზე დასავლეთის რეაქციით, ნორდ სტრიმ 1 და ნორდ სტრიმ 2 პროექტებით რუსეთის გაზზე დამოკიდებულების გაზრდით; იმედგაცრუებულები ვიყავით, დასავლეთის მხრიდან საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების და ბოლოს სახელმწიფოს მიტაცებაზე, მედიის და პოლიტიკური პარტიების შევიწროებაზე; გვიკვირდა და სასოწარკვეთილებაში გვაგდებდა დასავლეთის მიამიტობა და, დიპლომატიურად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული ოპტიმიზმი რუსეთის და ივანიშვილის მიმართ, მაგრამ არასდროს მოგვრევია ბრაზი, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს.

ჩვენ სულ ფარტაძის არჩევანი გვაქვს.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა