რუბრიკა: პოლიტიკა

ჟურნალი: ნომერი 9




ხედვა ატლანტიკიდან

ავტორი : რიკარდო სილვესტრე 

პორტუგალიელთა უმრავლესობისთვის, დიდი ხნის მანძილზე, საქართველო ფიჯივით შო­რეული, ეგზოტიკური ადგილი იყო, რომე­ლიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ენერგიული მამაკაცების ეროვნული სარაგბო მატჩებითაა ცნობილი. ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც ჩვენს ეკრანებზე ნანა მალაშხია ვიხილეთ, რომელიც წყლის ჭავლის მანქანების, რეპრესიებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ შეუდრეკლად აფრიალებდა ევროკავშირის დროშას. ჩვენს პატარა, იბერიულ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალია რეპრესიული რეჟიმის ხსოვნა და რომელშიც ბლოკში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირის მხარდამჭერი განწყობები, აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ეს თავისი თვალით იხილა თქვენმა მონა-მორჩილმა, როდესაც შარშან, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ევროპის ლიბერალური ფორუმის მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოსვლისას, სასტუმროში ჩანთების დატოვების შემდეგ, შოთა რუსთაველის გამზირზე ჩავისეირნე. ქალაქის მთავარი არტერია წინასაარჩევნო პერიოდის გამო მშვიდად გამოიყურებოდა თუმცა ვიცოდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც ადამიანები პროტესტს გამოხატავდნენ. თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს მამაცი ქალებისა და კაცების მხრიდან ეს პროტესტი ახლაც გრძელდება. ადგილის სილამაზისა და ისტორიის გარდა, კიდევ ერთი რამ, რაც, ევროპული პროექტის გულმხურვალე მხარდამჭერმა შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, შენობების კედლებზე ამოტვიფრული ყვითელი ვარსკვლავებით მოჭედილი ევროკავშირის ლურჯი დროშების სტენსილებია.

კონფერენციის დროს გამართულმა გულ­ახდილმა საუბრებმა საქართველოს მნიშ­ვნელობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.  ევროპული პროექტის მომავლის დიდი ნაწილი სამხრეთ კავკასიას მოიცავს, რაც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, საზღვაო ტრანსპორტთან, უსაფრთხოებასთან და პუტინის ექსპანსიონისტური განზრახ­ვების შეჩერებასთან. თუმცა, იყო რაღაც შემაშფოთებელი მათთვის, ვინც ყურადღებით აკვირდებოდა შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ტრანს­ფორმაციას. ეს იყო პარტია, რომელიც დემოკრატიისთვის, ხალხთა თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის მებრძოლთა მხარდაჭერით ამაყობდა. ახლა ის გადაიქცა „MAGA“ მოძრაობად, რომელიც გაჯერებულია ტრამპის „ეპოქით“ შეგულიანებული რადიკალი კონსერვატორებით, მოძრაობების „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებით, ქრისტიანი დომინიონისტებით, ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალიზმის მომხრე ფანატიკოსებით. კონფერენციაზე, საქართველოდან და ფართო რეგიონიდან ჩვენი ზოგიერთი მეგობრის რწმენა, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში „ზრდასრული ადამიანების“ გავლენით ამ ტრანსფორმაციის შემსუბუქება შესაძლებელი იყო, ჩემთვის არარეალურად მოჩანდა.

თქვენს მიმომხილველს შესაძლებლობა ჰქონდა ეს მოსაზრება გამოეთქვა (ორჯერ), როდესაც უშურველად შესთავაზეს თანამშრომლობა. მე ჩემი მხრივ დავამატე, რომ კონგრესში რესპუბლიკელებისგან „ერთი ლიდერის მმართველობის მიმართ” სრული მორჩილება იყო მოსალოდნელი, რაც უკეთ შეეფერება, მაგალითად, არა საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კორეას. იმას, რასაც მას შემდეგ ვხედავთ „დიდი ძველი პარტიის“ (ასე მოიხსენიებენ რესპუბლიკურ პარტიას ამერიკაში) შემთხვევაში, ადასტურებს ამ შიშებს: მისი პოლიტიკოსების, არჩეული პირებისა და ლიდერების მიერ საკუთარ მოვალეობებზე თითქმის სრული უარის თქმა, რუსეთის მხარეს გადასვლა, ანტიევროპული განწყობები, უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაცვა, კონსტიტუციის პირველ მუხლში ასახული მოვალეობების უარყოფა. არსებობს აღნიშვნის ღირსი საპატიო გამონაკლისებიც, რომელიც აჩვენებს, რომ აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ კანონმდებელს გადაწყვეტილი აქვს ისეთი კანონების წარდგენა, რომელიც საკუთარი ბედისთვის მებრძოლ ადამიანებს დაიცავს.

სწორედ მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე „მეგობარი აქტის“ შემთხვევაში. ეს კანონპროექტი აშშ-ის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, ქვეყანაში დემოკრატიის დაცვას, კონს­ტიტუციური ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას ემსახურება. ის ასევე ამტკიცებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა უნდა იყოს ქართველების მისწრაფებების მხარდაჭერა, პუტინის აგრესიასთან ბრძოლაში დახმარება, მათ შორის, მოსკოვთან ვაჭრობაზე ბარიერების დაწესებითა და რუსეთზე მსოფლიოს მასშტაბით სანქციების განხორციელებისა და აღსრულების გზით. ამ კანონპროექტებში ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მოწოდება საქართველოს პოლიტიკური მმართველებისადმი პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, პრესის თავისუფლებას, რომ ამ ლიდერებმა უნდა იმოქმედონ კანონის უზენაესობის შესაბამისად და მხარი დაუჭირონ ენერგიულ და ინკლუზიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე, საქართველოს მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივი­რებული საფუძვლით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი და მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, აგრეთვე, საფუძვლიანად გამოიძიოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარ­მოშობილი ყველა ბრალდება. აღ­ნიშნული წინადადებები ორპარტიულია, წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტი­ებიდან 9-9 თანაავტორი ჰყავს, სენატში კი 2-2.

ეს არ იყო ქართველი ხალხის მხარდამჭერი ერთადერთი ინიციატივა ვაშინგტონში. ასევე არსებობს წინა კონგრესში წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოს მიმართ, მათ შორის, სამხედრო დახმარების გადახედვა და საქართველოს მოქმედი მთავრობის მიმართ დაფინანსების შეჩერება. აგრეთვე არსებობს დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის წერილი ირაკლი კობახიძისადმი (2024 წლის 26 აპრილი), რომელშიც წერილის ავტორი გმობს ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ თავდასხმებსა და ეწინააღმდეგება მთავრობის განზრახვას, წავიდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი ქართველი ხალხის სურვილების წინააღმდეგ. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი წინადადებების მიუხედავად, კონგრესის ორივე პალატაში მეგობარი აქტის დამტკიცების და შემდეგ პრეზიდენტი ტრამპის მიერ კანონად ხელმოწერის შესაძლებლობა, ვიყოთ გულახდილები, არც ისე მაღალია. რესპუბლიკურ პარტიაში, განსაკუთრებით მის ლიდერში, რუსული ინტერესების მიმართ აშკარა სიმპათიები არსებობს, რაც შემაშფოთებელია. ეს მოქმედ ადმინისტრაციას ევროპისა და ევროპელებისთვის აშკარა და მყისიერ საფრთხედ აქცევს. ყოველივე ამას ემატებოდა ევროკავშირში MAGA მოძრაობის მიერ ულტრამემარჯვენე პარტიებისა და იდეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებები, ან ისეთი ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა Heritage Foundation, ამერიკული ლიბერალური ექსპერიმენტის დემონტაჟი და ევროკავშირზე შიგნიდან თავდასასხმელად გეგმების შედგენა.

რა შეიძლება გაკეთდეს? აი, მცირე სია, მეგობრის დახმარებით:

ერთიანობის შენარჩუნება. საქართველოში, აუცილებლად, მაგრამ ასევე საქართველოზე მზრუნველ მთელ დემოკრატიულ სამყაროში და იმ სხვა ქვეყნებშიც, რომელთა დემოკრატიული სისტემები და ინსტიტუტები თავდასხმის ქვეშაა.

კონცენტრირება. ამბობენ, რომ დრო დიდებუ­ლი მკურნალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. დროის გასვლა ხალხს ყურადღებას უფანტავს, ენერგიას აცლის და უზურპატორებს ძალაუფლების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს.

როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკურად სულ უფრო ირაციონალური ხდება და არ არსებობს ამის უკეთესი მაგალითი, ვიდრე ის, რასაც ვაშინგტონში ვხედავთ, მაგრამ მიზანზე თვალი აუცილებლად უნდა გვეჭიროს - დემოკრატიის დაბრუნება საქართველოში და მისი ხალხის ნება, მისდიოს თავის მიზანს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი (ეს უკანასკნელი იმ დროისთვის თუ კიდევ იარსებებს).

მოეკიდეთ საქმეს მეტი ყურადღებით. პროგრესის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მოწინააღმდეგეები ამ თამაშში “ოლ ინ” არიან ჩართული და არ შეჩერდებიან, სანამ არ დავამარცხებთ. მათი არსებობა ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული, ხოლო ძალაუფლებისადმი მათი ლტოლვა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ბრუტალურ ფორმებს იძენს.

დაეხმარეთ ინფორმირებულობის გაზრდას. გამოიყენეთ თქვენი პლატფორმა, რაც არ უნდა იყოს ის - სოციალური ქსელი, პოდკასტი ან წერილი თქვენს მედიას - რომ ხმა მიაწვდინოთ თქვენს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც გული შესტკივათ ლიბერალური დემოკრატიის ბედზე.

შეიტანეთ თქვენი წვლილი, რომ გაიზარდოს წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროპის კავშირზე და გაერთიანებულ სამეფოზე, რათა მათ გააძლიერონ ზეწოლა ივანიშვილზე, ივანიშვილის ოჯახზე, ქსელზე, რომელიც მას რეჟიმის შენარჩუნებაში ეხმარება და მისი პოლიტიკური გუნდის საკვანძო წევრებზე.

როგორც „ახალი ივერიის“ წინა ნომერში აღინიშნა, უნდა დავიჯეროთ, რომ ბოლოს გმირები ყოველთვის იმარჯვებენ. და თუ ჯერ ეს ასე არ მომხდარა, ე.ი., ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს აქვს გმირობის გრძელი ისტორია. დღევანდელი გმირები ქვეყნის ქუჩებში, სიტყვებსა და ქმედებებში, ქართველებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის გზაზე დასახმარებლად ჩამოყალიბებულ კოალიციებში ყალიბდებიან.

„ძალა ერთობაშია!“ - ახალი გმირები სწორედ ამ სულისკვეთებით გაიმარჯვებენ. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა