რუბრიკა: საზოგადოება

ჟურნალი: ნომერი 9




რეპრესიული კანონები ხალხის წინააღმდეგ

ავტორი : ვასილ ჟიჟიაშვილი 

ხელისუფლებაში ყოფნის მეცამეტე წელს ქართულმა ოცნებამ წარმატებით მოახერხა, დაემორჩილებინა ყველა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი. ამაზე მეტყველებს Freedom House-ის მსოფლიო თავისუფლების ინდექსიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მონაცემი 2017 წელს 64 ქულა იყო, 2024 წელს კი - 58 ქულაა. ამავე ორგანიზაციის დემოკრატიის ხარისხის ინდექსით 2024 წელს 2017 წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 6 ქულით დაქვეითდა და 34 ქულას შეადგენს, რის გამოც საქართველო ტრანზიციულ ჰიბრიდულ ავტორიტარულ რეჟიმად კლასიფიცირდება. Reporters Without Borders-ის ინდექსის მიხედვით, ასევე გაუარესებულია მედიის თავისუფლების მდგომარეობაც - 2020 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 71 ქულით მე-60 ადგილს იკავებდა, 2024 წელს კი 53 ქულით 103-ე ადგილს იკავებს. თუმცა, ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში მყოფ ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოსდის, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკური პროცესებიდან საბოლოოდ გააქროს ისეთი არაფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორებიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს და მათ გავლენას დემოკრატიასა და ქვეყნის საგარეო კურსზე. 

 „რუსული კანონი“

2022 წლის 3 მარტს საქართველოს მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანას შედეგად მოჰყვა 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება და ასოცირების გზაზე 12 პრიორიტეტის განსაზღვრა. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში დააინიცირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოური დაფინანსება შეადგენდა, არქმევდა „უცხოური გავლენის აგენტებს“ და უწესებდა სხვადასხვა ვალდებულებას. მოცემული დეფინიციის ფარგლებში ექცეოდა საქართველოში მოქმედი სამოქალაქო/არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინ მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ისინი ფინანსების მნიშვნელოვან ან ძირითად ნაწილს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია, თუმცა აღნიშნული კანონის ინიცირების საკითხი მოხვდა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის გაფართოების ანგარიშში და შეფასდა, როგორც ასოცირების პროცესის დამაზიანებელი ნაბიჯი. 2023 წლის 9 მარტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიწვიეს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი და საზოგადოების წინაშე დადეს პირობა, რომ კანონპროექტს ხელახლა აღარ დააინიცირებდნენ.

ამის მიუხედავად, 2024 წლის აპრილში ხელისუფლებამ ხელახლა დააინიცირა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების მასობრივი პროტესტის ფონზე პარლამენტმა მაინც მიიღო და ძალაში შევიდა აგვისტოში. კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაუწყებლებსა და ონლაინმედიებს, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებაა, ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში  “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”. ასევე, კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს უჩნდებათ ფინანსური შემოსავლების დეკლარირების ვალდებულება და ექვემდებარებიან იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ვალდებულნი არიან, სამინისტროს გად­ასცენ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგ­ორიის ინფორმაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის მიღებამ  მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რადგან 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დე ფაქტო შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მოცემული კანონის ძალაში შესვლის შემდგომ რეესტრში მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხოლოდ 2% დარეგისტრირდა, ამასთან, ხელისუფლებას არ აუმოქმედებია კანონით გათვალისწინებული რეპრესიული მექანიზმები. 

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA)

ამ ე.წ რუსული კანონის მიღების შემდგომ გაყალბებული არჩევნებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში არასამთავრობო ორგანიზაციები და 2025 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო კანონი,  სახელწოდებით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“. ხელისუფლების განცხადებით, მოცემული კანონი ამერიკული FARA(Foreign Agents Registration Act)-ს სიტყვასიტყვითი თარგმანია. მმართველი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას არ მალავდნენ, რომ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სანქციები უფრო მკაცრია, ვიდრე ე.წ რუსული კანონის შემთხვევაში, რაც საბოლოოდ გაანადგურებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამერიკაში FARA-ს მიღების კონტექსტი მეორე მსოფლიო ომის პარალელურად მომდინარე ნაციზმის  საფრთხის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს უკავშირდება. მისი მიღების ისტორია და მასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ FARA ქვეყანაში გამჭვირვალედ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ არ გამოიყენება, არამედ მისი მიზანია მტრული სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია. ამდენად, საქართველოს პარლამენტის მიერ FARA-ს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღება სცდება კანონის სულისკვეთებას და განხილული უნდა იქნას, როგორც მორიგი რეპრესიული კანონმდებლობა.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკმაოდ მკაცრ ვალდებულებებს უწესებს მის რეგულირების ქვეშ მყოფ პირებს. კერძოდ,  თუ ვინმე, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის ხელისუფლების, პარტიის ან უცხოური ორგანიზაციის დავალებით საქართველოში ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, აგროვებს ფულს თუ ავრცელებს ინფორმაციას, ვალდებულია მიმართოს ანტიკორუფციულ ბიუროს და დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი. კანონის მიხედვით, უცხოური პრინციპალის აგენტს მოეთხოვება, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს თავისი საქმიანობის დეტალური ანგარიში, მის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის საჯაროდ გავრცელებისას კი უნდა მიუთითოს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მომზადებულია უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ. კანონის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც მოიცავს პირის დაჯარიმებას 5,000-10,000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.  

ამ კანონის არასამთავრობო და მედია­ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყე­ნებამ შეუძლებელია არ გაგვახსენოს რუსეთში მოქმედი აგენტების კანონი, რომელმაც პოლიტიკური პროცესებიდან გააქრო დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ხოლო ორგანიზაციების მცირე ნაწილი, რომელიც კვლავ ქვეყანაში რჩება, საზოგადოებაში სახელმწიფოს მტრადაა გამოცხადებული.

მედიის წინააღმდეგ მიმართული კანონები

2025 წლის აპრილში მმართველმა პარტიამ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო ასევე მედიების წინააღმდეგ. საკანონმდებლო ცვლილებებით მაუწყებლებს სრულად აეკრძალათ უცხოური დაფინანსების მიღება. ამასთან, ცვლილებებით დაწესდა დეტალური რეგულაციები ტელე- და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას, სამართლიანობას და მიუკერძოებლობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევისა და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებას და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეულ საკითხს. კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდანაა აღებული, რასაც ცვლილებებამდე ტელე- და რადიომაუწყებლობის ქცევის კოდექსი არეგულირებდა. ახალი ცვლილებებით, მაუწყებლების მიერ შინაარსობრივი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევების განხილვის უფლებამოსილება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მმართველი პარტიისადმი ლოიალური განწყობების გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, ხოლო 2025 წელს ლიეტუვამ კომისიის ხელმძღვანელი - კახა ბექაური დაასანქცირა.

მოცემული საკანონმდებლო ცვლილე­ბები კიდევ უფრო გააუარესებს საქართ­ველოში მედიაგარემოს, შეზღუდავს სიტ­ყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და გაართულებს ხელისუფლების საქმია­ნობაზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებ­ლობას.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიმართული კანონები

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი  მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.

მმართველმა პარტიამ 2025 წლის მარტში დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლო ზემოთ მითითებული შემთხვევების გარდა უფლებამოსილი იქნება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).

დემოკრატიული საზოგადოებისთვის პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ჩარევა, გაუქმება ან აკრძალვა ყველაზე მძიმე, შესაბამისად, მაქსიმალურად საფრთხილო გადაწყვეტილებაა.  მიუხედავად კონსტიტუციით დაშვებული ე.წ „თავდაცვითი დემოკრატიის“ ფარგლებში პარტიის აკრძალვის შესაძლებლობისა, მსგავსი ღონისძიება უკიდურესად სახიფათოა, რადგან იწვევს პარტიის პოლიტიკური აქტივობის, არჩევნებში მონაწილეობისა და ამომრჩევლებთან კავშირის შეწყვეტას. „ვენეციის კომისიის“ მიხედვით, პარტიის აკრძალვა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც მაქსიმალური სიფრთხილით, მიუკერძოებელი სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მკაფიო დასაბუთებით უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალის­წინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, თუ ისინი იმეორებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული პარტიის მიზნებს ან საქმიანობის არსს, მათ შორის პერსონალური შემადგენლობის მსგავსებით. მმართველი პარტია წლებია საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს ე.წ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი საარჩევნო დაპირებაში ამომრჩეველს აღნიშნული პარტიების აკრძალვას ჰპირდებოდა. ამდენად, მოცემული ცვლილებების რეალური მიზანი ე.წ  „მემკვიდრე“ პარტიების აკრძალვის შესაძლებლობის გაჩენაა, რაც ქმნის პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობისა და პოლიტიკური სპექტრის შეზღუდვის რისკს. „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა გამოიყენოს ფართო ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით პერსონალური შემადგენლობის კრიტერიუმით, რაც პარტიებისა და ინდივიდების დევნის ინსტრუმენტად იქცევა. მმართველმა პარტიამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა 2 მოსმენით უკვე მიიღო და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე თვეში მას საბოლოოდ მიიღებენ. 

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კანონები

მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, 2025 წელს, მმართველმა პარტიამ არაერთი რეპრესიული საკანო­ნმდებლო ცვლილება შემოიღო, რაც უკიდურესად ამძიმებს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობას. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით:
-    აიკრძალა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსება(მათ შორის კარვის); -    აიკრძალა აქციაზე სახის ნებისმიერი ფორმით დაფარვა, პასუხისმგებლობის ზომად კი განისაზღვრა 2000-ლარიანი ჯარიმა. 
-    აქციის გამართვამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 5 დღით ადრე გაუფრთხილებლობის შემთხვევაზე დაწესდა პასუხისმგებლობა, ჯარიმის სახედ კი განისაზღვრა 2000 ლარი. 
-    აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
-    მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინი­სტრა­ციული ჯარიმები ისეთი სამართალ­დარღვევებისთვის, როგორებიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, გზის ხელოვნური გადაკეტვა. მაგალითად, გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზარდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარს შეადგენს. 
-    გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმ­რო­ბის მაქსიმალური ვადა 15 დღიდან 60 დღემდე. 
მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები გაუმართლებლად ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის, ასევე, შეკრების თავისუფლებას და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეების დაშინებას ისახავს მიზნად. 

დასკვნა

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონები - მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, მიზნად ისახავს ძალაუფლების კონსოლიდაციას, ოპონენტების ჩახშობასა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების განადგურებას. ამ კანონების რეალური მიზანია პოლიტიკური სივრცის „გაწმენდა“ და ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცება. ისინი ქვეყანაში გამოიწვევს სიტყვის, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლებების შეზღუდვას, სამოქალაქო აქტივიზმის დასუსტებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლას. ევროინტეგრაციისთვის ეს კანონები კატასტროფულია, რადგან ევროპული საბჭოს მიერ პროცესის შეჩერების შემდეგ ისინი სრულად აფერხებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, აშორებენ ევროკავშირს და აუარესებენ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა