ავტორი : ბადრი ოყუჯავა
რა უნდა გვახსოვდეს?
„ახალი ივერიის“ ბოლო ნომერში ისტორიული მეხსიერებისა და თანამედროვე საქართველოში არსებული საარქივო პოლიტიკის შესახებ ორი სტატია გამოქვეყნდა. პირველი სტატიის ავტორი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი და ჩემი კოლეგა - დავით ხვადაგიანია, მეორე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს ტიმოთი ბლაუველტს ეკუთვნის. ორივე ავტორი ხაზს უსვამს, რომ უახლესი წარსული და ამ წარსულის საფუძვლიანი კვლევა წინააღმდეგობაშია მმართველი ძალის ინტერესებთან. მეტიც, მოქმედი ხელისუფლება უსაფუძვლოდ ზღუდავს ყოფილი კგბ-სა და კომუნისტური პარტიის ცენტრალურ არქივებზე წვდომას. შემთხვევითი არც ისაა, სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებში წლიდან წლამდე რომ მცირდება უახლეს წარსულთან დაკავშირებული გვერდების რაოდენობა და ამ გვერდების ადგილს შუა საუკუნეებში ან უფრო ადრე მომხდარი მოვლენები იკავებს. ნათელია, რომ ბოლო წლების მანძილზე ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს დაამახინჯოს ან კოლექტიური მეხსიერებიდან გააქროს უახლეს წარსულში მომხდარი ის მოვლენები, რომლებიც ქართველი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას უკავშირდება.
1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაცია, 1924 წლის ანტისაოკუპაციო ეროვნული აჯანყება, წითელი ტერორი, 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დარბევა, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალება, აფხაზეთის ომი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - ყველა ამ მოვლენაში უნდა გაქრეს, მინიმუმ კი უნდა გაფერმკრთალდეს რუსეთის, როგორც მტრის, როლი. რატომ? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ბოლო 240 წლის მანძილზე ქართველი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი განვითარების ერთადერთი მტერი რუსეთი იყო და დღემდე ასეთად რჩება, „ქართული ოცნებისთვის“ კი რუსეთი მტერი არ არის.
ამ სტატიაში შევეცდები გამოვკვეთო, თუ რა როლი აქვს კოლექტიურ მეხსიერებას ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლაში, რა გვაჩვენა გასულმა წლებმა და როგორ მიმდინარეობს ისტორიული ნარატივებით ბრძოლა ფიზიკურ თუ ციფრულ სივრცეებში.
თუ მტერი არ გყავს, მისი გამოგონება გიწევსო, მოსწრებულად აღნიშნავს უმბერტო ეკო მის ცნობილ ესეში „მტრის ხატის შექმნა“. მართლაც, ისტორიის მანძილზე, სახელმწიფოები მუდმივად უპირისპირდებოდნენ რეალურ თუ გამოგონილ მტრებს და ქმნიდნენ ამბებს ამა თუ იმ მტერთან წარმატებული თუ წარუმატებელი ბრძოლების შესახებ. საინტერესოა, რომ ეკოს მიხედვით, მტერს უნდა ებრძოლო, მაგრამ აუცილებელი არ არის დაამარცხო, ამიტომ ყველა ავტორიტარ მმართველსა და დიქტატორს ძალიან უყვარს გამოგონილ მტერთან მუდმივი ბრძოლა. მეტიც, ხშირად ასეთი მმართველები სწორედ გამოგონილ მტრებთან ბრძოლით ინარჩუნებენ ძალაუფლებას. გამოგონილ მტერთან ბრძოლას არ სჭირდება გამბედაობა და სიმამაცე, არც ბევრი ტყვია-წამალი, ასეთ მტერთან ბრძოლაში აუცილებელი იარაღი არის პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ასე შექმნა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შეთქმულების თეორია გლობალური ომის პარტიისა და მის უკან მდგომი Deep State-ის შესახებ, რომელმაც კოლექტიურ მეხსიერებაში რუსეთის მტრის ხატი უნდა ჩაანაცვლოს.
საოცნებო სოციალური ამნეზია
საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილების, რუსულ თარგზე მოჭრილი კანონების, არჩევნების მოპარვის, მოქალაქეებზე უპრეცედენტო ძალადობისა და დასავლეთთან მუდმივი კონფრონტაციის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ დამსახურებულად მიიღო რუსული რეჟიმისა თუ რუსული ოცნების სახელი. პროპაგანდისტული მედია მალევე გადაერთო პროდასავლური კურსის კრიტიკის სტრატეგიაზე, „ოცნების“ წარმომადგენლები კი სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენებდნენ ერეკლე მეორეს, როგორც პრაგმატული საგარეო პოლიტიკის მქონე ლიდერსა და ასეთი პოლიტიკის სიმბოლოს. ერთი სიტყვით, „ოცნებამ“ საკუთარი მოტივაციების პროდასავლური საბურვლით შეფუთვა შეწყვიტა და ბოლომდე შეიფერა რუსული რეჟიმის სახელი.
„საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“ - 25 თებერვალს, საბჭოთა რუსული ოკუპაციის დღეს განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ. „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ“ - ორი კვირის შემდეგ კობახიძე 9 აპრილის შესახებ არსებული ნარატივის ამოტრიალებას ცდილობს, სადაც რუსეთის ადგილს „უცხოური ძალა“ იკავებს. „ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - ასე აფასებს რეჟიმის კიდევ ერთი სახე, თეა წულუკიანი, 2008 წლის ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მსხვერპლს.
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოსახულ მეხსიერების მოდელში, ერთადერთი ძალა, რომელსაც რუსეთთან ომის არიდება შეუძლია, თავად „ოცნებაა“. რაც 1921 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებმა ვერ აირიდეს თავიდან, „ოცნებამ“ აირიდა; 9 აპრილის სისხლისღვრა „უცხოური ძალის“ ხელით მოხდა, ხოლო სამშობლოს დასაცავად სიცოცხლის გაწირვა სულაც არ არის საჭირო. ისტორიის გადაწერისა და წარსულის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის მსგავსი მცდელობები სოციალური ამნეზიის მაგალითებია. სოციალური ამნეზია, როგორც კოლექტიურ მეხსიერებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი, აქტიურად გამოიყენებოდა მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე ტოტალიტარული რეჟიმების, მათ შორის საბჭოთა კავშირის მიერ. სოციალური ამნეზიის „ოცნებისეული“ მოდელი დავიწყებასა და დამახინჯებას შორის მოძრაობს და ძირითად მიზნად სწორედ რეალობის გაბუნდოვანებას ისახავს.
გახსენება დავიწყების წინააღმდეგ
„ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას“ - კათალიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიას ეს ცნობილი სიტყვები მის გამოსახულებასთან ერთად გასული წლის გაზაფხულზე გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. ანტისახელისუფლებო, პროდასავლური საპროტესტო აქციების პარალელურად, თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა დაწესებულების კედლებზე, ჩნდებოდა სტენსილები მარო მაყაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ამბროსი ხელაიასა და გიორგი ანწუხელიძის გამოსახულებებით. არცერთ საპროტესტო მსვლელობას არ ჩაუვლია საქართველოს რესპუბლიკის სამფეროვანი დროშების გარეშე და სიტყვით გამომსვლელებიც სულ უფრო ხშირად ახსენებდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელებს. მეტიც, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ანტისახელისუფლებო მარშები ვალიკო ჯუღელისა და მარო მაყაშვილის სახელებს ატარებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ 100 წლის წინ მებრძოლი გმირები საზოგადოების მოთხოვნით, სიმბოლურად, ხალხს ისევ ჩაუდგნენ სათავეში. მსვლელობებზე გამოჩნდა გენერალ კოტე აფხაზის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჟიული შარტავას გამოსახულებები. არც „ოცნების“ მხრიდან ანწუხელიძეზე თავდასხმას ჩაუვლია უპასუხოდ. მორიგი ანტისახელისუფლებო პროტესტის შემდეგ, უკვე პარლამენტის შენობის ფასადზე გაჩნდა წარწერა „ანწუხელიძე გმირია“. რამდენიმე კვირის გასვლის მიუხედავად, დასუფთავების სამსახურმა ვერ გაბედა პარლამენტის შენობის კედლიდან ამ წარწერის წაშლა.
შეიძლება ვთქვათ, რომ ძალაუფლების უზურპატორთა მხრიდან ერის კოლექტიურ მეხსიერებაში უხეშმა ჩარევამ, ისტორიული ფაქტების დამახინჯებამ და დავიწყებამ, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილების პარალელურად ხდებოდა, სამოქალაქო საზოგადოებაში საპირისპირო პროცესს - გახსენებასა და ეროვნული წინააღმდეგობის შესახებ არსებული მეხსიერების რეაბილიტაციას მისცა დასაბამი.
თუმცა სანამ ფიზიკურ სივრცეებსა და პროტესტზე გამოჩნდებოდნენ, ეროვნული გმირები თუ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები კვლევებსა და წიგნებში, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ. პოპულარულ ენაზე მათ შესახებ გადმოცემულმა ამბებმა საზოგადოების დიდ ჯგუფებამდე მიაღწია, რამაც კრიტიკულ მომენტში მათი კოლექტიურ მეხსიერებაში დაბრუნება წაახალისა. ცხადია, სოციალურ ქსელებშიც შეიქმნა პარალელური, ალტერნატიული ნარატივები, რომლებიც, ერთი მხრივ, რუსეთის დეზინფორმაციულ ნაკადებს, მეორე მხრივ „ოცნებისა“ და სხვა პრორუსული ჯგუფების გზავნილებს ავრცელებდნენ. მოულოდნელი არ არის, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მეხსიერებას ასეთმა ჯგუფებმა სტალინის სახე-ხატი დაუპირისპირეს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი ფეისბუქის, ტიკ-ტოკისა და იუთუბის პლატფორმებზე, სწორედ სტალინის პერსონა და „ზასტოის“ პერიოდის საბჭოთა საქართველოს სენტიმენტია წამყვანი ალტერნატიული ნარატივი.
დასასრულს, შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი სტატიის მთავარ სათქმელს: ერის კოლექტიური მეხსიერება შეიძლება მუდმივად იყოს მანიპულაციის ობიექტი. რეჟიმები არასდროს ერიდებიან მასში უხეშ ჩარევას და თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად ცვლიან, ან ცდილობენ რომ შეცვალონ წარსული. ისტორიული ნარატივებით ბრძოლა, დავიწყება და გახსენება, რთული სოციალური პროცესებია და პოლიტიკურ რეალობასთან არის გადაჯაჭვული. „ქართული ოცნების“ მიერ ისტორიის გადაწერა და უახლეს წარსულში მომხდარი გარდამტეხი მოვლენებიდან რუსეთის, როგორც მტრის ხატის გაქრობა, სწორედ ამ პროცესების ნაწილია. ნიშანდობლივია, რომ ისტორიის უხეში რევიზია საზოგადოებაში პროტესტისა და ამ პროტესტის გზით ახალი ტიპის კოლექტიური მეხსიერების შექმნის საფუძველი ხდება. არქივებზე წვდომის შეზღუდვისა თუ სხვა ტიპის არადემოკრატიული ბერკეტების გამოყენების მიუხედავად, ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფის მცდელობა, არსებითად შეცვალოს წარსული და ამ გზით ზემოქმედება მოახდინოს აწმყოში მიმდინარე პროცესებზე, დიდწილად წარუმატებელია.