ავტორი : თენგო გოგოტიშვილი
„მოსკვიჩი“? - არა, ეგ ქარხნიანად მოპარული „ოპელია“.
„ლადა“? - არა, „ფიატია“. მხოლოდ დასაწყისში ლიცენზირებული.
„ვოლგა“? - არც ეგ. ჯერ „ფორდი“ მოიპარეს, შემდეგ - „პლიმუტი“.
კოსმოსური რაკეტები? - უი, ეგენი ნაცისტების ნახაზებითა და ტყვე კონსტრუქტორებით დაიწყეს.
ისევე, როგორც „კალაშნიკოვი“. უბრალოდ გადაშუშეს.
აბა, რაღაა რუსული ტექნოლოგია? არსებობს კი საერთოდ?
არსებობს!
აქამდე იყო მხოლოდ კრემლში გამოფენილი „მეფე-ზარი“, რომელსაც არასდროს დაურეკავს. და „მეფე-ზარბაზანი“ იმავე კრემლიდან, რომელსაც არასდროს გაუსვრია.
ახლა კი ნამდვილად ახალი ამბავია - მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული ომის ელემენტებს კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იყენებდა, სრულყოფილი ბრძოლის ფორმად ის სწორედ რუსმა „შეკრა“. მართალია, ამაშიც ედავებიან, მოიპარეო, მაგრამ ეს ახლა არაა მთავარი. ფაქტია, რომ რუსმა პოლიტიკად აქცია ჩვენებური „სამი ჩ-ს“ დეფინიცია. ისეთები ჩაიფიქრა და გააკეთა, რაც სტანდარტულ დასავლურ გონს აზრადაც არ მოუვიდოდა. და ამისთვის ისევ დასავლური მიღწევები გამოიყენა - ტექნოლოგია და დემოკრატია.
თებერვლის ბოლოს ბუქარესტში პოლიციამ გააჩერა მანქანა, გადმოიყვანა მისი მგზავრი და დაკითხვაზე წაიყვანა. ყოველდღიურობად ჟღერს, თუ არ გავითვალისწინებთ მთავარ გარემოებას - ის მგზავრი დღეს შეიძლებოდა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო. წინა პრეზიდენტს რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგი არ გაეუქმებინა. როგორც თქვა, უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კალინ ჯორჯესკუ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს, მაგრამ გამოძიება გაგრძელდა. დაპატიმრებულები არიან მისი თანამებრძოლები და პირადი მცველები, ჩხრეკის დროს ნაპოვნია ასობით ათასი დოლარი და... მოსკოვის ბილეთები. ეს ბოლო ამბავი ცოტა ხელოვნურს ჰგავს, თუმცა პირდაპირ მიანიშნებს, საით მიდის გამოძიება - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამტკიცებისკენ.
რაშა ნედელნიკოვი - კვლევისა და გამჭვირვალობის ცენტრის, CRTA, დირექტორი
„გვჯერა, ცუდია, როცა რუსეთი სხვა ქვეყნის მედიაში საარჩევნო რეკლამას ყიდულობს და არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობს“ - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ამ საქმეს საგანგებო დრო დაუთმო. „მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ თქვენი დემოკრატია რამდენიმეათასდოლარიანი ციფრული რეკლამით შეიძლება ჩამოიშალოს, მაშინ ის ვერ ყოფილა საკმარისად ძლიერი“.
ტრამპის ადმინისტრაციას რომ სიმპათიები შეიძლება ჰქონდეს ულტრამემარჯვენე ჯორჯესკუს მიმართ, გასაკვირი არაა. მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ამომრჩევლისთვის დიდწილად უცნობმა პედოლოგმა (ფარცაგი არაფერი იფიქროთ - პედოლოგია ნიადაგმცოდნეობის განხრაა. იმ კაცს ისიც ეყოფა, ახლა რომ საერთოდ მოხსნეს არჩევნებიდან და მის საქმეს იძიებენ) არჩევნების პირველი ტური მოიგო. ახსნა მხოლოდ ტექნოლოგიებშია. ძირითადად ტიკ-ტოკში, სადაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჯორჯესკუს მხარდამჭერი 20 ათასზე მეტი ტროლი გაჩნდა. მათ უმრავლესობას ჰქონდა თურქული IP და ელექტრონული ფოსტის რუსული მისამართი. გამოძიებამ დათვალა, რომ ტროლების ფაბრიკამ პედოლოგ კანდიდატს ერთ თვეში 2.1 მილიონი კომენტარი მიუძღვნა, სულ ერთმანეთზე დადებითი, კარგი და კეთილი; რომ „ლაიქების“ (მოწონებების) რაოდენობა 4.3 მილიონზე ავარდა; ნახვების რაოდენობა - 150 მილიონამდე და რომ მთელი კამპანია, საბოლოო ჯამში, რუმინეთის გარედან იმართებოდა. ისეთ დროში ვცხოვრობთ, დაზუსტებაც არაა საჭირო, ეს „გარეთ“, კონკრეტულად, სადაა. რომელ ქვეყანას შეიძლება სურდეს რუმინელი ულტრამემარჯვენე კანდიდატის გამარჯვება, რომელიც ღიად გამოდის უკრაინის დახმარებისა და ნატოს წინააღმდეგ, სამაგიეროდ, აქებს პუტინს. ან რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს დაინტერესებული, მაგალითად, სერბეთის არჩევნებზე ზემოქმედებით, რათა იქ პუტინის მოკავშირის, ვუჩიჩის, პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება?
სწორ პასუხს კვლევისა და გამჭვირვალობის ცენტრის, CRTA დირექტორი, რაშა ნედელნიკოვი გიკარნახებთ: „სერბეთის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები საგრძნობლად გაყალბდა. ხელახალი არჩევნების დანიშვნას ვერ მივაღწიეთ, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერით დავიწყეთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. ბოლო არჩევნებზე, 2023 წლის დეკემბერში, ხელისუფლების პროპაგანდა ძირითადად აგებული იყო ომის საფრთხეზე. სულ ასე ხდება. როგორც კი საზოგადოება აძლიერებს ზეწოლას მთავრობაზე, ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიები და სხვა მედიები იწყებენ ყვირილს, რომ სერბეთი დგას ომის განახლების საფრთხის წინაშე. რომ, მმართველი ძალა თუ შეიცვლება, კოსოვო, ალბანეთი, ხორვატია, ბოსნიელი მუსლიმები დაგვესხმებიან თავს“.
გაელ ბორჯია - გამომძიებელი ჟურნალისტი
სერბეთის პრეზიდენტი, ვუჩიჩი, დღევანდელი ინფორმაციით, დაესწრება 9 მაისის სამხედრო აღლუმს მოსკოვში. სადაც, ასე თუ გაგრძელდა, იქნებ კიდევ ერთი ერთმორწმუნე ქვეყნის უზურპატორ ლიდერებს შეხვდეს, რომლებიც ასევე რუსული ფსბ-ს სახელმძღვანელოთი მართავენ ქვეყანას - „მეორე ფრონტი“, „ევროპა საფრთხეა“, „ნატოს ომი უნდა“, „მართლმადიდებლობას ებრძვიან“, „იდენტობას გვართმევენ“, „პუტინი, როგორ შეიძლება, იყოს მტერი“ და სხვანი.
ჩვენ გვგონია, რომ კარგად ვიცნობთ რუსეთს. გვგონია, რომ ზედმიწევნით გვაქვს შესწავლილი ფსბ-ს ყველა ხრიკი, რაკი ყველაფერი, თუ ოდნავ დააკვირდები, მარტივად დასანახი და დასაკავშირებელია. ოღონდ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი არც მუშაობის მეთოდებს იცვლის, არც ზნესა და არც ფერს, ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე, გნებავთ - აფრიკამდე. სადღაც გამოსდის, სადღაც - ფლავდება, სადღაც - საერთოდ შილაფლავდება.
“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში გამოჩნდა რუსების დიდი ჯგუფი“, გვიყვება მადაგასკარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, გაელ ბორჯია. „გამოაცხადეს, რომ იყვნენ არჩევნებისა და კომუნიკაციების სპეციალისტები, გახსნეს ოფისი და დაიწყეს კანდიდატებთან მუშაობა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მთელი გუნდი „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა იყო. დიდი ფული ჩამოიტანეს, შავი ფული. 36 კანდიდატიდან დაახლოებით მესამედზე გავიდნენ და შეუთანხმდნენ, რომ მეორე ტურში ყველა დანარჩენის ხმას მათ შორის გამარჯვებული მიიღებდა. გათვლა ჰქონდათ, რომ გაიმარჯვებდა მაშინდელი პრეზიდენტი, რაც აფრიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ შეცდნენ. მან წააგო. რუსებმა წააგეს“.
მოქმედ პრეზიდენტსა და ერთ დუჟინ სხვა კანდიდატს რომ გადაიბირებ და მაინც წააგებ, დასაკვეხნი ბევრი არაფერი გაქვს. თან ამ ყველაფერში მილიონებს რომ ჩაყრი. BBC-ს გამოძიებაში კანდიდატები და მათი შტაბების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ რუსები მათთან პირდაპირ ფულით სავსე ჩემოდნებით მიდიოდნენ და ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდნენ. მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო პოლიტტექნოლოგი მაქსიმ შუგალეი. მადაგასკარიდან მაშინ კი გაასწრო, მაგრამ არ მოიშალა და 2024 წელს თავის „გუნდთან“ ერთად ჩადში დააპატიმრეს.
გიჩნდებათ კითხვა, რუსის თვალში, რამდენად ახლოს ვართ შორეულ აფრიკულ კუნძულთან?
„რუსების მოთხოვნით, მათი კანდიდატების მთავარი მიმართულება ანტიდასავლური უნდა ყოფილიყო - ასე უნდა გაემარჯვათ არჩევნებში.“ - აგრძელებს გაელ ბორჯია. „უფრო - ანტიფრანგული, რაკი მადაგასკარი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. ამის გამოყენება რუსებმა აქტიურად სცადეს. საელჩოსთან მომიტინგეებიც კი მიიყვანეს და აყვირეს. მათაც ფული გადაუხადეს. ყველაფერთან ერთად, ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესიც - ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება“.
ელინა ლანგე - იონათამიშვილი, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის უფროსი ექსპერტი
ფულით სავსე ჩემოდნები და „დასავლეთი ქიხია“-ს ძახილი თუ აფრიკაში მუშაობს, იქნებ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც იმუშაოს? მით უფრო, რომ ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან ფულით სავსე ჩემოდნების შეტანა უფრო მარტივია. ასე დახარჯა რუსეთმა, სულ ცოტა, 100 მილიონი ევრო მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზე შემოდგომაზე. ეს რაც დათვლილია - ნაწილობრივ პოლიციის მიერ „ქეშად“ აღმოჩენილი ოპოზიციონერთა შტაბებში. თუმცა ძირითადი ნაწილის დახარჯვა-დარიგება მაინც მოასწრეს. ან, პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერში გაანიავეს - რუსებმა იმდენად მოინდომეს მაია სანდუს დამარცხება, რომ თავისთან მცხოვრები ათასობით მოლდოველი რუსეთიდან სტამბოლში, სტამბოლიდან ბუქარესტში გადააფრინეს, შემდეგ კი ავტობუსებით ჩაიყვანეს მოლდოვაში, რომ ხმა მიეცათ და უკან იმავე გზით წამოსულიყვნენ.
და რამდენად შორს ვართ მოლდოვასგან, რომელიც ძალიან ახლოსაა?
ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მოხსენებით, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გასაჯაროვდა, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა სანდუს დასამარცხებლად და რეფერენდუმის ჩასაშლელად (ევროკავშირის წევრობის, როგორც საკონსტიტუციო ვალდებულების, დადგენა - თ.გ.). და ყველაფერს გააკეთებს, რომ სანდუ და პროევროპელები დაამარცხოს საპარლამენტო არჩევნებზე, 2025 წლის მაის-ივნისში რომ უნდა ჩატარდეს. მთავარ ინსტრუმენტად იყენებენ ოლიგარქ ილან შორს, რომელიც მოლდოვურ სასამართლოს რამდენიმე წელია, მოსკოვში ემალება. სწორედ ილან შორია შუაკაცი მოლდოვაში კრემლის ფულის ჩასატანად და დასარიგებლად.
მოლდოვამ, ჩვენი არ იყოს, საბჭოეთიდან ჯერ ბოლომდე ვერ გაასწრო. აი, ბალტიის ქვეყნებმა კი გაასწრეს და ახლა კარის ჩარაზვას ცდილობენ, რომ უკან, რუსეთში, ვეღარავინ შეათრიოს. რუსი კი ძალიან ცდილობს. ყველა ქვეყნის წინააღმდეგ მის სპეციფიკურ ნიშნებს იყენებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც ყველა დიდ მაესტროს, ერთიანი ხელწერით ამოიცნობთ.
ციფრულ სფეროში ბრძოლა ვიღაცას შეიძლება უბრალოდ მამაძაღლობად მოეჩვენოს - „ბავშვი იჯდა კომპიუტერთან“ სახელმწიფო დონეზე. მაგრამ ამ სტადიას კარგა ხანია გასცდა და სრულყოფილ იარაღად იქცა.
წლებია, ბალტიის ზღვის რეგიონში პილოტები GPS-სიგნალის გართულებას ან საერთოდ გაქრობას უჩივიან. 2022 წლის შემდეგ ასეთი ფორმის „მამაძაღლობა“ გააქტიურდა, უკანასკნელ ერთ წელიწადში კი ნამდვილად სახიფათო ზღვარს მიაღწია. ახლა ყოველწლიურად რამდენიმე ათასი რეისის მფრინავები ეჩეხებიან სატელიტური სიგნალის პრობლემებს, რაც, პოტენციურად, ფატალურად საშიშია. ყველამ იცის, ამას ვინ აკეთებს. ყველამ იცის, საიდან. კალინინგრადის ანკლავში რუსმა რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებები, როგორც ჩანს, ოხრად განალაგა.
იურგის ნორვაიშა - ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ოფიცერი
ოღონდ მხოლოდ კალინინგრადი აღარ ჰყოფნის. წლების წინ სტოკჰოლმის ვესტერასის აეროპორტიდან ძალიან ახლოს რუსეთის მოქალაქემ მართლმადიდებელი ტაძრის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ყველაფერს წარმოიდგენდა შვედი, მაგრამ რუსი თუ ხახვისთავა ეკლესიას ჯაშუშობისთვის გამოიყენებდა - ნამდვილად ვერ. ასაფრენი ზოლიდან 200 მეტრში 22 მეტრის სიმაღლის სამრეკლო რომ დადგეს, მერეღა დაიწყეს სპეცსამსახურებმა კვლევა, რამე საეჭვო ხომ არ ხდებოდა. შვედეთის კონტრდაზვერვის, Säpo-ს პრესსპიკერის განცხადებით, ეკლესიის წარმომადგენლებს კავშირი აქვთ ქვეყანაში მომუშავე რუს მზვერავებთან: “რუსეთი მართლმადიდებელ ეკლესიას შვედეთში დაზვერვის პლატფორმად იყენებს”.
ახლა შვედები აქტიურად აკვირდებიან რუს მზვერავებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან შვედ კონტრმზვერავებს. ერთადერთი აქტიური ღონისძიება, რომელიც გაატარეს - შეუწყვიტეს სახელმწიფო დაფინანსება, შვედეთის ბიუჯეტი რელიგიური ორგანიზაციისთვის წლების განმავლობაში რომ უხვად იხდიდა.
ახლაც ეცინება ალბათ ვიღაცას ფსბ-ში, როდესაც ხედავს, როგორ მუშაობს დემოკრატია. ამიტომაც გაკვალულ გზაზე კიდევ უფრო შორს, კიდევ უფრო თამამად წავიდა და შვედეთის სუპერთანამედროვე საზღვაო ბაზის - მუსკოს გვერდით, ასევე რუსი ბიზნესმენის სახელით, დიდი ნაკვეთი და ქონება იყიდა. იგივე ქნა ნორვეგიაში - რუსეთის ორმა მოქალაქემ სამხედრო აეროდრომ ბარდუფოსზე დაკვირვებისთვის იქვე სათხილამურო ცენტრები შეიძინა.
2016 წელს რიგაში განთავსებულმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრმა დაიწყო ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების წინააღმდეგ კრემლისტური საბოტაჟის შესწავლა. დაიწყო და, რასაც ჰქვია, ვერ დაამთავრა, რაკი აღარც რუსის გაჩერება იქნა.
„მოკლედ შემიძლია გითხრათ, მაგალითად, რა საბოლოო ამოცანა აქვთ ლატვიაში“, გვიზიარებს ორიოდ კვირის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის უფროსი, ექსპერტი ელინა ლანგე-იონათამიშვილი. „ცდილობენ ისეთი ხელისუფლების მოყვანას, რომელიც, მოსკოვის მიმართ მეგობრული თუ არ იქნება, წინააღმდეგობას მაინც არ გაუწევს მის მტრულ მოქმედებებს. გაჩუმდება, როდესაც რუსეთი ეცდება თუნდაც სხვა ქვეყნების დაპყრობას. ეს უნდა იყოს ჩუმი, ფარული ოკუპაცია, რათა ორ უძლიერეს ალიანსში, ნატოსა და ევროკავშირში, საკუთარი აგენტი ჰყავდეთ“.
რა უდგას წინ მოსკოვის სურვილს, ნატოსა და ევროკავშირში აგენტები გაიჩინოს? აგერ, უნგრეთი და სლოვაკეთი, პრაქტიკულად, უკვე ჰყავს. რამდენად შორსაა ლატვია, ან, მაგალითად, ესტონეთი იმისგან, რომ მეხუთე კოლონა ჩაუდგეს სათავეში? ოფიციალური ინფორმაციით, ლატვიაში ეთნიკური რუსების რიცხვი 23.7%-ია, ესტონეთში კი - 22.5%. როგორც წესი, მათ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი პოლიტიკური ძალები, რომელთაც ტრადიციულად აძლევენ ხმას. მაგრამ არც ერთხელ, ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის განმავლობაში, „რუსულ პარტიებს“ არ მოუპოვებიათ არათუ საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ ადგილიც კი მმართველ კოალიციაში. ცოდვა გამხელილი სჯობს - ამის გამო ამ ქვეყნებს წლების განმავლობაში დემოკრატიულ სამყაროშიც კი აკრიტიკებდნენ. „ინკლუზიურობა“, „ადამიანის უფლებები“, „ბალტიური აპარტეიდი“, „უმცირესობათა უფლებები“ - ამ ლოზუნგებს ბოლო დრომდე ბრიუსელიდანაც კი დასძახოდნენ. სანამ პუტინი მთელ კონტინენტზე შეტევაზე არ გადავიდა და „ბებერ ევროპასაც“ არ მოუწია აღიარება, რომ, ეთნიკური რუსების ვითომ დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლით, მოსკოვის თამაშს ათამაშებდნენ.
ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლატვიელ რუსულენოვანთა მთავარ ადვოკატს, ტატიანა ჟდანოკას, ოდესღაც მათემატიკის პედაგოგს, იმ მომენტისთვის კი მთლად ევროპარლამენტის წევრს, ფსბ-სთან კავშირის საბუთები დაუდეს.
„ხელისუფლების ცვლილებაზე უფრო რეალისტურ ამოცანად მოსკოვს ჩვენი საზოგადოებების დაყოფა მიაჩნია“, განაგრძობს ელინა ლანგე-იონათამიშვილი. „ასე ჩვენი მედეგობის შესუსტებას ცდილობს. მუდმივად გვიმეორებს, რომ არშემდგარი ქვეყნები ვართ, რომ აქაურობა დაცვად არ ღირს და ნატოელი მოკავშირეები ჩვენს დასახმარებლად არ მოვლენ. თუმცა, ეს საფუძველშივე სიცრუეა - ისინი უკვე აქ არიან.“
სიტყვამ მოიტანა და ნატოელი მოკავშირეები მართლაც უკვე ბალტიაში არიან. „ნატოს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ინიციატივის“ ფარგლებში, 8 წელია, ამ ქვეყნების სამხედრო ბაზებზე განლაგებულია მოკავშირეთა კონტინგენტები. ნატოს გეგმით, დაჯგუფებების ზომა ბრიგადამდე (3.5 - 5 000 სამხედრო მოსამსახურე) უნდა გაიზარდოს. 2022 წელს ფართომასშტაბიანი რუსული ომის დაწყების შემდეგ ნატომ ეს გამოცდილება უკრაინის მოსაზღვრე ყველა სხვა წევრ ქვეყანაზეც გაავრცელა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნატომ ბალტიის სამი სახელმწიფოს ცა მათი გაწევრიანების მეორე დილასვე, 2004 წლის 30 მარტს, „დახურა“ - ლიეტუვასა და ახლა უკვე ესტონეთში 4-თვიანი მორიგეობით ჩადიან მოკავშირეთა გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში პატრულირებენ.
ვისგან იცავენ, თქმა საჭიროა?
შენს რადარზე რომ რუსის თვითმფრინავს დაინახავ, უკვე შეიძლება გვიანი იყოს. არსებობს თუ არა ამომცნობი ნიშნები, რაც უტყუარად მიგანიშნებს, რომ რუსი ხვალ თავს დაგესხმება? ხვალისთვის არსებობს. ზეგისთვისაც. მერე კი სულ უფრო და უფრო ჭირს.
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ოფიცერი, იურგის ნორვაიშა: „გავაანალიზეთ რუსული სამთავრობო მედია და სოციალური ქსელები, რომ მათში გვეპოვა ომის დაწყების უტყუარი ნიშნები. შესწავლა 2021 წლიდან დავიწყეთ. ეს ჩვენამდე სხვებმა სცადეს, მაგრამ ურთულესი აღმოჩნდა. მხოლოდ 2022 წლის 17 თებერვლიდან (ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე 1 კვირით ადრე. - თ. გ.) შეინიშნება რაღაც განსხვავებული აქცენტები. დასკვნა ასეთია - მოსკოვი მუდმივად ამზადებს საინფორმაციო შეტევას. ყოველდღიურად აქვეყნებს მიზანმიმართულად მცდარ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი აზრი მუდმივად „მზად იყოს“.
კვლევაში, რომელიც ჯერ გამოქვეყნებულიც არ არის, რუსული საინფორმაციო სისტემა ერთიან სივრცედაა შეკრული. „სათავეში არის სამთავრობო ინფორმაცია - როგორც საერთო, ტონალობის განმსაზღვრელი, ხაზი“, ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ნორვაიშა ჩვენთან ინტერვიუში. „უფრო ქვემოთ კი ყველაფერი ნაწილდება. სტატისტიკურად, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, შემდეგ მოდის ტელეგრამი და სხვა პლატფორმები. უფრო საინტერესო სტატისტიკაც არსებობს - სამთავრობო სატელევიზიო არხებს მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ენდობა. ძალიან სპეციფიკური ფაქტია, რომ ისიც კი, ვინც განსხვავებულ ინფორმაციას ეძებს და, მაგალითად, რეგულარულად სარგებლობს VPN-ით, უფრო ხშირად მაინც სახელისუფლებო წყაროებს ენდობა. განსხვავებული ინფორმაციის მიმღებლობა რუსეთში ძალიან დაბალია“.
პროფესიონალის ნათქვამი რომ გადმოვა ხალხუროთ - რუსს, გინდ აუხსენი სიმართლე, გინდ ნუ აუხსნი, მაინც იმისა სჯერა, რასაც ხელისუფლება ეუბნება.
ახლა, ვიცი, ბევრ თქვენგანს შეეპარა მღრღნელი კითხვა - და ჩვენ რამდენად შორს ვართ რუსეთისგან, თუ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ადამიანების დიდ ნაწილს მაინც მხოლოდ პროპაგანდისა სჯერა?
სოციალური ქსელების გაჩენამ ინფორმაციის მოცულობა მრავალჯერ რომ გაზარდა, მარტივი ფაქტია. შედეგი უფრო საფრთხილოა - ამის გამო შემცირდა ფიქრის დრო. თანამედროვე ადამიანი, ტელეფონს რომ მოიმარჯვებს, ზუსტად ისევე ვერ ინელებს მთელ „ჩაყლაპულ“ ინფორმაციას, როგორც ადამიანი, ვინც არ ღეჭავს. ეს ამბავი კარგად აქვთ შესწავლილი იმათ, ვისაც თქვენი ტვინების კონტროლი სურს. და, მარტივად რომ ვთქვათ, სურს „გაჭამოთ“. ჩვენც საინფორმაციო ველის გადატვირთულობის გამო ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გასარჩევად არც დრო გვყოფნის და, ხშირად, არც ენერგია და ყველაფერს ერთიანად „ვჭამთ“.
მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ „მეტა“-მ რამდენჯერმე ჩაატარა ქართული ფეისბუქისა და ინსტაგრამის წმენდა და, ყოველ ჯერზე, წაშალა ასობით ანგარიში, გვერდი, ჯგუფი. „ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა (მათი) კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტთან“ - წერია 2023 წლის კვარტალური საფრთხეების ანგარიშში. ამავე გამოძიების მიხედვით, ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ამ შემთხვევაში 33 500 დოლარი გადაიხადა.
იგივე მოხდა 2019, 2020 და სხვა წლებში და კუდი ისევ ან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიდიოდა, ან კოკა ყანდიაშვილისკენ. რაც, პრინციპში, ერთი და იგივეა. ამ გახსენებაზე - 2024 წელს „მეტამ“ მოლდოვაშიც აღმოაჩინა ათასობით ყალბი ანგარიში და გვერდი, რომელთა მიზანიც მაია სანდუს დისკრედიტაცია, რუსეთთან „ნორმალიზების“ პროპაგანდა და რეფერენდუმზე ევროკავშირისთვის „არა“-ს თქმა იყო. პარალელურად მოლდოვას ხელისუფლებამ თავადაც დაბლოკა ტელეგრამის ათობით არხი, რომლებიც „ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა“.
ჯერ კიდევ ჯარების გაგზავნამდე პუტინმა უკრაინაში კიბერჯარები გაგზავნა. 2022 წლის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 100-ზე მეტი ჩანერგილი „ბოტების ფერმა“ აღმოაჩინა. ციფრული ტერორის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ - ეს ინფრასტრუქტურა დაახლოებით 12 მილიონ უკრაინელს „მისწვდა“. გაუყალბა რეალური ისტორია და გაუშალა მოსკოვური ტყუილები ედინოვერცობისა და ერთიანი წარსულის შესახებ; ჩაუნერგა წარუმატებლობის სინდრომი; „გაუბერა“ რუსის არმიისა და იარაღის წარმატებები; გაუჩინა ბზარი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის მზადყოფნაში; მოკლედ, ჩაატარა კლასიკური ფსიქოლოგიური ოპერაცია ქვეყნის აქტიური მოსახლეობის დაახლოებით მესამედზე. ამ ოპერაციას ვიღაც მეტად დაექვემდებარა, ვიღაც - ნაკლებად. მაგრამ უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, ფსბ-ს მრავალწლიანი, მრავალფეროვანი, მრავალენოვანი და მრავალკონტინენტური გამოცდილება მოწმობს.
არც ყალბი გვერდები და ონლაინმანიპულაციაა რუსის მოგონილი, მით უმეტეს - ქოცის. დიდად გავრცელებული პრაქტიკაა და დიდი თავისტკივილი უნდა იყოს ყველა სოციალური პლატფორმისთვის. ნატო ამ საქმეს წლებია, იკვლევს. აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში გაცილებით მარტივია ყალბი სტატისტიკის შექმნა, ვიდრე წაშლა.
გუნდარს ბერგმანის-კორატსმა თავისი ექსპერიმენტი 2024 წლის დასასრულს ისევ ჩაატარა. ისეთივე, როგორსაც ატარებს 2019 წლიდან. ჯერ შექმნა ფეიკი ანგარიშები და გამოაქვეყნა 44 სრულიად უწყინარი, არაპოლიტიკური და არაპროვოკაციული პოსტი რამდენიმე პლატფორმაზე, შემდეგ ამ საქმეში სპეციალიზებული კომპანიებისგან იყიდა „სტატისტიკა“, მომსახურება, რომელიც სწრაფად და გარანტირებულად გიმატებს ნახვებს, მოწონებებს, კომენტარებს.
„სულ რაღაც 58 ევროდ მივიღეთ 1 150 არაავთენტიკური კომენტარი, 11 725 მოწონება, 3 150 გაზიარება და 8 233 ნახვა Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, VKontakte-სა, and X-ზე. 2022 წლის ექსპერიმენტს თუ შევადარებთ, დაახლოებით იგივე სტატისტიკა სამჯერ უფრო იაფად მივიღეთ” - აჯამებს შედეგს ბერგმანის-კორატსი. „ყველაზე ძვირი ამათგან ფეისბუქისა და ინსტაგრამის კომენტარებია. რადგან შემსრულებელს ტექსტი შენ უნდა მიაწოდო და შემდეგ ის განათავსებს სხვადასხვა მომხმარებლის სახელით გარკვეული დროის განმავლობაში. თუმცა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ველოდებით, რომ კომენტარების შექმნის ფუნქციას ხელოვნური ინტელექტი აიღებს და ეს მომსახურება კიდევ უფრო გაიაფდება.“
ოღონდ ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა იმ რუსული და სხვა კომპანიების მხილება, რომლებიც ამ ყალბ „ჩართულობას“ მოგყიდიან. მთავარი იყო დადგენა, რამდენად გამართულია ამ პლატფორმების „თვითკონტროლი“. აი, თქვენ რომ მოგდით შეტყობინება, „ბანი“ გადევს ამის და ამის გამოო და გასაჩივრებითაც ვერაფერს აღწევთ, ათასობით პაკისტანელი, შრი-ლანკელი და ჩინელი „მომხმარებელი“ როგორ რჩება უყურადღებოდ ალგორითმს საქართველოს მთავრობის ან რომელიმე სხვა ფეისბუქგვერდზე, ინსტაგრამზე ან იუთუბზე? გუნდარს ბერგმანის-კორატსის ექსპერიმენტის შედეგი დიდად ოპტიმისტური ვერ არის. „4 კვირის შემდეგ ამ ნაყიდი ანგარიშებიდან, საშუალოდ, მხოლოდ 15% წაიშალა“ - გვიყვება მეცნიერი. „2021 წელს ეს მაჩვენებელი, მაგალითად, 25 პროცენტი იყო და მაინც ჩავთვალეთ, რომ სისტემა ცუდად მუშაობდა. ამჯერად ყველაზე კარგად იმუშავა X-მა (ყოფილი “ტვიტერი”) - 4 კვირაში ფეიკი კომენტარებისა და აქტივობების 50% წაშალა. ყველაზე ცუდი შედეგი კი ჩინურ TikTok-სა და რუსულ VKontakte-ს ჰქონდათ - მხოლოდ 3% და 2%.”
ასეთი სტატისტიკით ნებისმიერი „კოკაყანდიაშვილი“ და „ჰაკიმ ფაშა“ ისარგებლებს, აბა, რას იზამს?! და თქვენ გადმოგამხობთ თავზე მავნებლური ტყუილების მთელ კლოაკას, რომელიც ფსბ-ს სახელმძღვანელოს მითითებებით აქვს დაგროვილი.
“ომი აღარ მიდის მხოლოდ ბრძოლის ველზე. საინფორმაციო შეტევებმა, კიბერთავდასხმებმა და დეზინფორმაციის კამპანიებმა ციფრული ველიც ბრძოლის ველად აქცია. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ნათლად გვაჩვენა, რომ ჩვენი დემოკრატია საფრთხეშია სიმართლის არასწორი აღქმის გამო” - ეს ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეტსოლას სიტყვებია. „გამოადეკვატურების“, ანუ ევროპის „გამოღვიძების“ შემდეგ. პასუხიც მრავალჯერ მიიღო. 2023 წლის 23 ნოემბერს, როდესაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების შესახებ, მის ვებგვერდზე, ყველა ადრინდელთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური DDoS შეტევა მოხდა.
არც პირველი, არც უკანასკნელი. გითხრათ, საიდან?