რუსული ნარატივები ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის

ავტორი : თამარ ჩხეიძე 

გლობალური და შიდა ფაქტორების შედეგად, რუსული იმპერია საბჭოთა კავშირის სახით დაიშალა, საქართველომ მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა დაიბრუნა. ამას მოჰყვა პოსტსაბჭოთა რუსეთის იმპერიული მისწრაფებების რამდენიმეწლიანი შესუსტება და გარკვეული დემოკრატიული ელემენტების ჩანასახის  გაჩენა, რამაც  მსოფლიოს რუსეთის ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ილუზია გაუჩინა. მონსტრის ამ შესუსტების დროსაც კი რუსეთს არ შეუწყვეტია დამპყრობლური ომი საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. დღეს კი, როდესაც მსოფლიოს რუსეთის იმპერია თავისი რეინკარნაციის ერთ-ერთი უბოროტესი ფორმით წარუდგა, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ერი, საზოგადოება მისი სუსტი, ფასადური, მაგრამ მაინც დემოკრატიული ინსტიტუტებით, კვლავ სასიცოცხლო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ამჯერად ფაქტობრივად მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად.

ივანიშვილის ხელისუფლების რუსული მიზანდასახულობა  მისი პოლიტიკური  წარმოშობიდან და  ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაკეთებული განცხადებებიდან თავიდანვე მარტივად გამოსაცნობი იყო. სამწუხაროდ, ეს ასე ხილული არ აღმოჩნდა ქართული საზოგადოების  საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, სანამ რუსეთი თავისი ექსპანსიის  აქტიურ ფაზაში არ გადავიდა და მისი შეკვეთები საქართველოს ხელისუფლებისადმი უფრო კატეგორიული და სასწრაფოდ შესასრულებელი არ გახდა.

საინტერესოა ის რუსული ნარატივები, რომლებიც მეტ-ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილზე. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

„ივანიშვილი და მისი მთავრობა გვინარჩუნებს მშვიდობას.“

ამ აშკარა ტყუილმა ვერ უზრუნველყო ქოცებისთვის მიზნად  დასახული კონსტიტუციური უმრავლესობა, (სინამდვილეში, ვერც უბრალო უმრავლესობა), მაგრამ მაინც არცთუ უმნიშვნელოდ იმუშავა არჩევნებში და, ნაწილობრივ, ახლაც მუშაობს მოსახლეობაში. სამწუხაროდ, სრულიად არასაკმარისად ხდებოდა ამ ტყუილის გაქარწყლება და მასზე პასუხის გაცემა ოპოზიციის მხრიდან. უფრო მეტიც, ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, რადგან ომი მგრძნობიარე და სტრესული თემააო, თუმცა პირიქით კი უნდა ყოფილიყო, სწორედ იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და, ბუნებრივია, ბომბების ცვენა და ომთან დაკავშირებული სხვა უბედურებები ისეთი შემზარავია, რომ შეიძლება ადამიანების დიდ ნაწილს სხვა ყველაფერზე უარი ათქმევინოს: „რაც არ უნდა ცუდი იყვნენ ქოცები, ჯანდაბას, ოღონდ ომი ნუ იქნებაო“. ასე რომ, ეს ტყუილი საკმაოდ ქმედითი იყო ხალხის შეცდომაში შესაყვანად და ეს არა მიჩქმალვას, არამედ სიმართლის ხალხამდე რაც შეიძლება ფართოდ მიტანას საჭიროებდა. ამას მოჰყვებოდა „აბა ომი გინდათ?“ - ცნობილი რიტორიკული კითხვა. სიმართლე კი ისაა, რომ  მშვიდობის შენარჩუნებასთან (თუკი შეიძლება დღეს რაც ხდება, იმას „მშვიდობა“ ვუწოდოთ) ივანიშვილს არავითარი კავშირი არა აქვს. მშვიდობას სინამდვილეში უკრაინელების თავგანწირულ ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ. კიევი რომ დაცემულიყო და დღემდე რომ  უკრაინა არ აკავებდეს მონსტრს, როგორც  არ უნდა ეძახათ მისთვის „ბაბაია“ ქოცებს, ის მაშინ შემოიჭრებოდა, როდესაც ბარბაროსების ბრბო ამისთვის  მოიცლიდა და როდესაც ამას თავად ჩათვლიდა საჭიროდ. მართალია, რუსეთს ძალიან აწყობს ქოცების   მმართველობა, მაგრამ ის საქართველოს, როგორც ქვეყანას, ემტერება და მისი დამორჩილების შემდეგ ეტაპზე გადასვლას თუ შეძლებს ქოცებით, თუ უქოცებოდ , მას ივანიშვილის მმართველობის რუსეთუმეობა და პირფერობა ვერ შეაკავებს. უბრალოდ,  უკრაინა მას შემდეგ ამოცანებზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს.

ცხადია, ხელისუფლების პროპაგანდისტებში უხერხულობას არ იწვევს შეკითხვა - აქ თუ მათი წყალობითაა მშვიდობა, მაინც სხვა რომელ ქვეყანაში  დაიწყო ომი უკრაინის პარალელურად. ომი არც მოლდოვაშია, უკრაინის უშუალოდ მეზობლად, რომელსაც ღიად უკავია უკრაინის მხარე და არ ეპირფერება აგრესორს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქოცებმა სულ უფრო და უფრო ღიად დაიწყეს  პროდასავლურობის ფარდის  მოშორება და მსოფლიო დიპლომატიისთვის სრულიად უჩვეულო, გამაოგნებელი ლანძღვა-გინების კამპანია გააჩაღეს დასავლეთის წინააღმდეგ. სრულიად ალოგიკური და კომიკურია პუტინისტური ბოდვა იმის შესახებ, რომ თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც დღიდან ომის დაწყებისა გაურკვეველი მიზეზით დაჟინებით სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა და საქართველოს ხელისუფლება გმირულად უწევს მის ამ ბოროტ განზრახვას წინააღმდეგობას. ამაზრზენ და უსასტიკეს ომს რუსეთი აწარმოებს, ესენი კი ომისგამჩაღებლად საქართველოს პარტნიორებს აცხადებენ. ვის რაში შეიძლება ჭირდებოდეს, ვისთვის რა სარგებელი უნდა მოიტანოს  საქართველოს ომში ჩართვამ მისი სამხედრო პოტენციალით და  რუსული მთავრობით? რა დიდი ძალა მიემატებოდათ? ეს ხომ პირიქით დამატებითი ტვირთი იქნებოდა მსოფლიოსთვის?

„შინაგან საქმეებში ჩარევა“.

ქოცები - ისე, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი - დასავლეთის მხრიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებლობის და ა.შ. საკითხებზე აზრის გამოთქმას, არჩევნების გაყალბებაზე პროტესტს, პოლიტპატიმართა განთავისუფლების მოთხოვნას და ა.შ. „შიდა საქმეებში ჩარევას“ ეძახიან და თავს სუვერენული უფლებების დამცველად აცხადებენ. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამის სჯერა და დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან დემოკრატიული ფასეულობების დაცვის მოთხოვნას უკადრისობს, ხოლო ამ მოთხოვნების საპირისპირო, ბარბაროსულ ქცევას დამოუკიდებლობის დაცვად მიიჩნევს. ასეთია ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მენტალიტეტი.

სინამდვილეში ადამიანის  უფლებები არავის „შიდა საქმე“ არ არის. პირიქით, უნდა არსებობდეს რაღაც საერთაშორისო ორგანო (გაერო ამას ვერ უმკლავდება), რომელიც ვალდებული,სათანადოდ უფლებამოსილი და აღჭურვილი უნდა იყოს,  რათა მოახდინოს სწრაფი რეაგირება და გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და უფლებები, როცა ეს აუცილებელია  უზურპატორის თუ უზურპატორთა ჯგუფისგან. ცხადია, ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე და მკაცრად დასაბუთებული უნდა  იყოს.

ნეიტრალიტეტი - უდიდესი ტყუილი მტრის სამსახურში.

ერთი შეხედვით, შეიძლება, ბევრმა იფიქროს - ეს  კარგია, რატომ უნდა ვიყოთ ვინმეს მხარეს, ჩვენთვის მშვიდად ვიქნებითო. მაგრამ სინამდვილეში ეს დამპყრობლის მიერ შემოგდებული დიდი ტყუილია. საქართველო შვეიცარია არ არის. შვეიცარია ევროპული ქვეყნებითაა გარშემორტყმული და მის ჩასაყლაპად გამზადებული მეზობელი არა ჰყავს გვერდით. ცალკეულმა ქვეყანამ კონკრეტული გარემოებების გაუთვალისწინებლად თვითონ რომ გადაწყვიტოს ნეიტრალურობა, ეს თავისთავად ქვეყანას ვერ დაიცავს. რუსეთს მხოლოდ იმიტომ აწყობს დასაპყრობად მონიშნული ქვეყნის ნეიტრალობა, რომ ის მოკავშირეების გარეშე დატოვოს და შემდეგ ადვილი გადასაყლაპი გახადოს.

რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში. ამას ის ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა ამის კეთება თავად დე ფაქტო ხელისუფლების გამოყენებით. ქოცები რაც არ უნდა ქოცები იყვნენ, ცხადია, ამ უპრეცედენტო ანტიდასავლურ ვაკხანალიას არ და ვერ წამოიწყებდნენ პირდაპირი რუსული ინსტრუქციის გარეშე. ასეთი ფორმის ყოველგვარ წითელ ხაზებს მოკლებულ და უხამსობამდე მისულ ლანძღვა-გინებას კომუნისტებიც კი არ მიმართავდნენ.

რუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა ლგბტ-ს საკითხი. 

ბუნებრივია, ქოცებსაც დიდი ამბით აქვს ატაცებული ეს თემა და ცდილობენ ქართველები შეაშინონ ფსევდო საფრთხით, რომ თითქოს დასავლეთი ტრადიციულ ფასეულობებს, ქართველობას გვართმევს, დედა დედა აღარ იქნება და მამა მამაო. ამ პროპაგანდაში დიდ როლს თამაშობს რუსეთის ვითომდა ერთმორწმუნეობა და ის დასახულია ტრადიციული ფასეულობების დამცველად და გამფრთხილებლად, ხოლო დასავლეთი კი გარყვნილების წყაროდ. ეს რა თქმა უნდა, დიდი სიყალბე და ფარისევლობაა. განსხვავებული ორიენტაცია ამ სფეროში კაცობრიობასთან ერთად ყოველთვის არსებობდა (ძველ საბერძნეთში საერთოდ ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა), გარკვეული რაოდენობის ადამიანებს რომ ასეთი ორიენტაცია აქვთ და ექნებათ, ეს მოცემულობაა და არავისი დაშინების საგანი ეს არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ეს და ვის არ მოსწონს. სხვათა შორის, „მართლმადიდებლურ“ (სინამდვილეში კი კომუნისტურ-ფაშისტურ  რუსეთში) არც ერთ ქვეყანაზე ნაკლებად არაა გავრცელებული ეს მოვლენა და, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით იმ წრეებში, რომლებიც პროპაგანდით,  ძალადობით და კანონმდებლობითაც  ებრძვიან მას. ტყუილია, რომ დასავლეთი ვითომ თავს გვახვევს რაიმე ორიენტაციას, ისინი ზოგადად ყველა სფეროში მოითხოვენ ერთადერთ რამეს - ადამიანის უფლებების დაცვას. ეს  უპირველეს ყოვლისა თავად მართლმადიდებლობის და ზოგადად ქრისტიანობის მოთხოვნაა.

ცხადია, ქოც დიდ მოხელეებს ძალიან ნაკლებად აღელვებს, უფრო სწორად, საერთოდაც არ აღელვებთ ვინმეს სექსუალური ორიენტაცია და „ოჯახური სიწმინდე“, ისინი მხოლოდ ჩრდილოეთიდან მოსულ პოლიტიკურ საშინაო დავალებას ასრულებენ და საქართველოს მოსახლეობის დასავლურ ორიენტაციას ებრძვიან, როდესაც ამ საკითხს სრულიად ყალბად აკავშირებენ დასავლეთთან. სხვათა შორის, ეს თემა ადრე უფრო სენსიტიურობით გამოირჩეოდა  მოსახლეობაში.  კარგია, რომ ქოცების მეტისმეტმა თავგამოდებამ კომიკური ელფერი შესძინა საკითხს და გაამასხარავა ის (იხილეთ „კაცის რძე“ და მისთ.). 
მოკლედ, ეს ფენომენი - რუსულ ნარატივში ეროვნულის რუსეთთან დაკავშირება და დასავლეთის  ეროვნულ-კულტურული იდენტო­ბის  მტრად გამოცხადება ეწინააღმ­დეგება ყოველგვარ ისტორიულ თუ ამჟამინდელ  გამოცდილებას და დამპყრობლის მიზნიდან გამომდინარე ცდილობს მოსახლეობაში მტრის და მოყვრის ერთმანეთში არევას. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა