ხახვი და სანახაობა

ავტორები : მათე გულუარატი ტყემელაძე 

„კომისია, კომისია, კომისია!” - გაჰყვირის ტელევიზორი, რადიო, სოცმედია და თქვენი მეზობელი. უკვე თითქმის ორი თვეა, ქართული ოცნების მასკარადი, ასევე ცნობილი, როგორც „დროებითი საგამოძიებო კომისია” დომინირებს ქართული საზოგადოების ცაიტგაისტში. „ნახე, წულუკიანმა რა თქვა?”, „გახარია დაუბარებიათ,” „ქალბატონი ალუდა” და ა.შ. არის ფრაზები, რომლებსაც ხშირად მოისმენთ. მაგრამ რატომ? რატომ დგამს ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პარლამენტი ამ ცირკს მთელი საქართველოს წინაშე?

ვიცით, რომ ბატონი ბიძინა თავისი „პატარა ტრიუკებით” გამოირჩევა, ამიტომ, ადვილი გამოსაცნობია, რომ ეს საგამოძიებო კომისია, რომელიც ნიურნბერგის პროცესის თანამედროვე, უნიჭო, ლოკალურ-გროტესკული ვერსიაა, კიდევ ერთი ხრიკია ბიძინა ივანიშვილის რეპერტუარიდან. თუკი შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ეს არის ტრიუკი, მაშინ ჩნდება შეკითხვა: სად გვატყუებს ივანიშვილი? ამ შეკითხვაზე სწორი პასუხია „ყველგან“, მაგრამ კერძოდ ამ კომისიის კონტექსტში პასუხი უფრო რთული საპოვნელია.

ერთი შეხედვით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ უკვე მთლიანად მიიტაცა საზოგადოების ყურადღება, შეიძლება ყველაფერი ისე აღვიქვათ, თითქოს ტრიუკის მიზანი იყო, მოსახლეობის ფოკუსი პროტესტიდან გადმოსულიყო იმაზე, თუ როგორ ეარშიყებიან გახარია და წულუკიანი მთელი ერის წინაშე ერთმანეთს, უნდა მისულიყო თუ არა X პიროვნება, როდესაც ის დაიბარეს, უნდა გადაიხადოს თუ არა Y პიროვნებამ არმისვლის გამო დაკისრებული გირაო, როგორ წაართვა შევარდნაძის რეჟიმის ყოფილ ჩინოვნიკსა და ყოვლად პატიოსან Z პიროვნებას ნაცმოძრაობამ მისი სრულიად ლეგიტიმურად მითვისებული ქონება, და ა.შ… ანუ ეს ყველაფერი ტრადიციული „პური და სანახაობაა”, თუმცა ამ ქვეყანაში ბევრისთვის უკვე პურიც ჭირს და სანახაობაც საკმაოდ უნიჭო გამოდგა, მაგრამ თუკი ტრიუკის მიზანი მართლაც ეს იყო, მაშინ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მან თავისი მისია ათიანზე შეასრულა.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ბოლო 13 წლის განმავლობაში ერთი რამ თუ უნდა გვესწავლა, ეს არის ის, რომ ბიძინას ტრიუკები ერთ განზომილებაში არ უნდა აღვიქვათ. მეტიც, ოცნების ამ სვლაში ტრიუკი ზუსტადაც ის არის, რომ ჩვენ ის უბრალო „პური და სანახაობის” სტრატეგიად აღვიქვათ და მეტი არაფრად. თუმცა, მის მიღმა ბევრად უფრო ვერაგული და ბოროტი ჩანაფიქრებია. რეალურად, ე.წ. „ნაცმოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია“ მრავალსაცეციანი შეტევაა საქართველოს ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე.

სინამდვილეში, კომისიას აქვს სამი მიზანი. პირველი და შედარებით აშკარა არის ის, რომ წულუკიანის გამოძიების შედეგად საქართველომ საკუთარი პირით აღიაროს 2008 წლის ომის დაწყება. მეორე საცეცი, რომელიც ოდნავ უკეთ არის შეფუთული, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლის გაშავებაა. ამაზე მინიმუმ 12 წელია ხელიხელჩაკიდებულები მუშაობენ „ქართული ოცნება“ და რუსეთი, მაგრამ ახლა, საქართველოს პარლამენტის სახელით ნიურნბერგის ოფიციალური მოქაფის მოწყობით ამ დაგმობას ავტორიტეტული, ოფიციალური და დავარცხნილი სახე ექნება. აღარ იქნება მდინარაძის მოგონილი ტყუილები ე.წ. „სისხლიან” 9 წელზე უბრალო ჭორი, რომლის ტოლფასსაც ე.წ. „ბესედკაშიც” მოისმენთ, არამედ ახლა ეს ჭორი გამყარებული იქნება „სერიოზული” გამოძიებითა და დასკვნებით. მესამე, საცეცი ყველაზე კარგადაა შენიღბული. მეტიც, მას ორი თავი აქვს: ეს საცეცი მიზნად ისახავს, არალეგიტიმური კომისიის მიღებული არალეგიტიმური დასკვნის საფუძველზე არალეგიტიმურმა პარლამენტმა არალეგიტიმურად გამოა­ცხადოს ოპოზიცია და აკრძალოს ის, როგორც „კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ხოლო ამავდროულად, რეჟიმს გაანეიტრალინებინოს პროტესტი, ჩაანიშნინოს ახალი არჩევნები, შეუქმნას ახალი „ჯიბის ოპოზიცია” და მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

მოდი, განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად.

დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი ნათელია, თუ ვის ემსახურება ქართული ოცნება ბოლო 12 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა - რუსეთს. ხოლო რუსეთისთვის პატივმოყვარეობის საკითხია 2008 წლის ომი და მის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი. დიახ, სწორად გაიგეთ, პატივმოყვარეობა ისეთ სახელმწიფოსაც კი აქვს, როგორიც რუსეთია - ოღონდ, ამ სიტყვის გამრუდებული ინტერპრეტაციით. რუსული თვალსაზრისით, ომი მართლაც საქართველომ დაიწყო, არა იმიტომ, რომ პირველი ჭურვი ისროლა, არამედ იმიტომ, რომ გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია მას. შესაბამისად, საქართველო უნდა დაისაჯოს. კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების, ზელიმხან ხანგოშვილისა და ბევრი მათნაირის ბედს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთი არ ივიწყებს და არ პატიობს. ყველა, ვინც რუსულ ექსპანსიონიზმს აღუდგა წინ, უნდა იქნას სამაგალითოდ დასჯილი - ოღონდ თუ აქამდე ამას თავისი აგენტურის ხელით აკეთებდა, ახლა ამას წულუკიანის კომისიით აკეთებს. კომისიამ უნდა მიიღოს დასკვნა, რომ „გიჟმა და პირსისხლიანმა“ სააკაშვილმა დაიწყო ომი და უმანკო რუსი „მშვიდობისმყოფელები“ ჩახოცა, რასაც სამართლიანი რეაქცია მოჰყვა და მძინარე დათვმა ნეონაცისტი ქართველი დიქტატორი დააშოშმინა. ფორმალურად, ითქმება, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ხოლო რეალური მესიჯი იქნება ის, რომ ომი დაიწყო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ეს საქართველოსა და ქართველ ერს ამცირებს, ეს ასევე ემსახურება მიზანს, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთი მსხვერპლად, სტატუს ქვოს დამცველად წარმოჩინდეს.  ამ მესიჯბოქსის საწყისი ეტაპების განვითარება უკვე ვნახეთ - თუ აქამდე წულუკიანისთვის და „ოცნებისთვის“ ეს მხოლოდ სააკაშვილის „ავანტიურა“ იყო, კომისიის დაწყებისთანავე რიტორიკის ზალპი გახსნეს და რამდენიმე კვირაში გვამცნეს, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირი კი არა, ვიღაცის პიარს უაზროდ შეწირული ყოფილა. დაიწყეს სააკაშვილით და მიადგნენ ამ ომის ყველაზე დიდ სიმბოლოს, გიორგი ანწუხელიძეს და მისი ჰეროიზმის გაუფასურება სცადეს. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, როგორ საზიზღარ ნარატივს შემოგვთავაზებენ მას შემდეგ, რაც ამ კომისიით ოფიციალურად დაასკვნიან, რომ ომი საქართველოს ბრალი იყო.

ზოგადად, ომის პერიოდშიც და შემდგომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ ავრცელებს დომინანტ ნარატივებს. 2008 წლის ომის პერიოდში რუსებმა საქართველოზე განახორციელეს მასშტაბური საინფორმაციო შეტევა. ქართულმა მხარემ ვერ შეძლო ობიექტური ფაქტების სწრაფად გავრცელება საერთაშორისო მედიაში, მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა ინფორმაციის გავრცელების ისეთი საშუალებები, როგორიც დღეს გვაქვს. შედეგად, საქართველო საერთაშორისო ველზე, ხშირად, ცალმხრივად გაშუქებული ინფორმაციის წინააღმდეგაც იბრძოდა და საკმაოდ წარმატებით. თუმცა, როგორც კი საგამოძიებო კომისია აღიარებს ქართული მხარის დანაშაულს 2008 წლის ომში, მაშინვე წყალში ჩაიყრება მანამდე გაწეული ტიტანური პოლიტიკური და დიპლომატიური შრომა. მაგალითად, თუ დღეს CHATGTP-ის შეუძლია, რომ მეტწილად სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ძალიან მალე ეს შეიცვლება, რადგან ხელოვნური ინტელექტი უახლეს ინფორმაციას დაეყრდნობა, რომელსაც „ქართული მხარე“ თავისი ნებით გაავრცელებს. რუსეთმა კარგად იცის საინფორმაციო ომის მნიშვნელობა, შესაბამისად, ოკუპანტს სურს ომთან დაკავშირებული „ხვრელები“ მისთვის მომგებიანად ამოავსოს.

ახლა მეორე საცეცზე რომ ვისაუბროთ: რუსეთისთვის მიუღებელია არა მხოლოდ როდესაც ეწინააღმდეგები, არამედ როდესაც უბრალოდ ვითარდები და წარმატების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობ რეგიონს. მასებს, რომლებსაც რუსი მმართველები საკუთარ ქვეყანაში სიდუხჭირეში აცხოვრებენ, ახარებთ და აშოშმინებთ აზრი, რომ მათ გარშემო ქვეყნებში ყველა მათზე უარესად ცხოვრობს. შეგიძლიათ ესაუბროთ საშუალოსტატისტიკურ რუსს და გაიგებთ, რომ ის გამწარებულია, როცა პოლონელები, ბალტიელები, უკრაინელები და, რაღაც პერიოდი, ქართველები, მასზე უკეთ და მასზე ლაღად ცხოვრობდნენ. ამაზე ფიქრისას, რუსი იმას კი არ ფიქრობს, მეც ესე როგორ ვიცხოვროო, არამედ იმას, თუ როგორ გაუმწაროს მეზობელს ცხოვრება, რომ ისევ რუსზე უარეს მდგომარეობას დაუბრუნდეს.

თუ სადმე წარმატების მოდელი შეიქმნა, მაგა­ლითად, 2003-2012 წლების საქართველოში, ეს დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს და, რაც მთავარია, აღარ განმეორდეს. „აღკვე­თის“ ამოცანა 2012 წლიდან უკვე შეს­რულებულია, აი, „აღარ განმეორება“ კი უკვე წულუკიანის კომისიის დავალებაა. წულუკიანმა უნდა გააშავოს ჩვენი ისტორიის გამორჩეულად წარმატებული 9-წლიანი პერიოდი და ნაციონალური მოძრაობა ნაცისტურ გერმანიასთან გააიგივოს, რათა ქართველის გონებაში ის დალექოს, როგორც ტაბუ. ამიტომაც იდგმება ეს წარმოდგენა, რათა ტყუილებისა და კონტექსტუალური მანიპულაციის ქოლგის ქვეშ მოექცეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გატარებული რეფორმები. ამის ერთი ნათელი მაგალითია აფრასიძეების გახმაურებული საქმე, როდესაც სვანეთს კრიმინალური ბანდა აკონტროლებდა და არა მარტო ადგილობრივებს, არამედ დევნილებსა თუ იქ ჩასულებსაც კი იტაცებდა, კლავდა, აყაჩაღებდა ან აუპატიურებდა. წულუკიანის კომისიის ამოცანა კი ისაა, რომ მოახდინოს აფრასიძეთა კრიმინალური დაჯგუფების რომანტიზება და შემოგვასაღოს ის, როგორც რეჟიმის მსხვერპლი. რატომ? იმიტომ, რომ იქ, სადაც “გაგება” ბატონობს და არა კანონი, კრიმინალი არ უნდა ისჯებოდეს, რომ საქართველო რუსეთზე უკეთესი არ გახდეს. იმავენაირად, ამ სტატიის წერის მომენტში საქართველოში წულუკიანის კომისია დიდწილად მუშაობს და ისმენს ნაციონალური მოძრაობის მიერ „შევიწროებული“ „პატიოსანი“ ბიზნესმენების ისტორიებს, რომლებიც სინამდვილეში „ქართულ-ჯიგრული“ კორუფციის ფლაგმანები იყვნენ და რომლებსაც არაერთგზის ჰყავთ გაძარცვული ქართული სახელმწიფო და, შესაბამისად, ქართველი ხალხი. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფოს ძარცვა ყოველდღიურობაა რუსეთში - ასე უნდა იყოს საქართველოშიც!

მესამე, ყველაზე შენიღბული საცეცი, არის „ოცნების“ (და რუსეთის) გრძელვადიანი გეგმა, დაეპატრონოს საქართველოს მომავალს. მას შემდეგ, რაც „საგამოძიებო“ კომისია დაასრულებს „გამოძიებას“ და დაადგენს, რომ ნაციონალური მოძრაობა უტოლდება (ან უსწრებს) ნაცისტურ გერმანიას თავის დანაშაულებში, ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იქნება მისი აკრძალვა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის საოცრად დემოკრატიულ არჩევნებზე „ოცნებამ“ ვერ გაბედა, რომ საკუთარი თავისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა მიენიჭებინა, ამ ეტაპზე, მათ უბრალოდ არ აქვთ ბერკეტი, რომ ეს პარტია აკრძალონ. ამიტომ სჭირდებათ ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ გვერდში დადგომა რათა ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხონ ეს ფაშისტური ნაციონალური მოძრაობა.

ტექსტის შემდეგი ნაწილი არის სპეკულაცია სტატიის ავტორების მხრიდან.  გთხოვთ, ნუ მიიღებთ მას, როგორც უტყუარ ფაქტს ან მომავლის წინასწარმეტყველებას, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის არც ისე არარეალისტურია.

„ქართული ოცნება“ გამოიყენებს კონსტი­ტუციური უმრავლესობის მოპოვების მოტი­ვაციას, რათა ჩანიშნოს ახალი, „ვადამდელი“ საპარლამენტო არჩევნები, რითაც არა ერთ, არა ორ, არამედ 5 ჩიტს დაიჭერს. 
პირველი - რა თქმა უნდა, გააყალბებს ამ არჩევნებს და აბსოლუტურ ძალაუფლებას მიანიჭებს საკუთარ თავს.

მეორე - მიუბრუნდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ეტყვის, „აი, ჩვენ ხალხს ვუსმენთ“ და, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების არაკონ­ფრონტაციულ ბუნებას, ისინი ამ პირფერობაზე თვალს დახუჭავენ. მსგავსი შინაარსის განცხადება ახლახანსაც კი გავრცელდა, რომელშიც ევროკომისარი მარტა კოსი: “არ გამორიცხავს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.”

მესამე - მიუბრუნდება ქართველ ხალხს და ეტყვის, „აი, ჩვენ გისმენთ, თქვენმა 1-წლიანმა უწყვეტმა პროტესტმა ჩვენამდე მოაღწია და ამიტომაც ვნიშნავთ ახალ არჩევნებს, მოდით, დავუბრუნდეთ პოლიტიკურ პროცესსო“. რაც უნდა აბსურდული იყოს ეს პოზიცია, ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი მას აუცილებლად გაგებით მოეკიდება, ზოგი რა საბაბით, ზოგიც - რა საბაბით, რის შედეგადაც პროტესტი, რომელიც უკვე საკმაოდ შესუსტებულია, ბოლომდე დემორალიზდება და გატყდება.

მეოთხე - მიუბრუნდება პოლიტიკურ პარტიებს და კულისებს მიღმა ეტყვის: „თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი, ან მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და იქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია, ან არ მიიღებთ მონაწილეობას და იქნებით „კოლექტიური ნაცები“, „კოლექტიურ ნაცებს“ კი არჩევნების შემდეგ ხომ იცით, რაც მოელის?”. ამ მუქარას ისედაც სუსტი ოპოზიციური ფლანგი ვერ გაუძლებს, აუცილებლად გამოჩნდება პარტია ან პარტიები, რომლებიც ამ ანკესზე წამოეგებიან და შიშით თუ იმ ილუზიით, რომ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შემდეგ თვითონ იქნებიან უდიდესი ოპოზიციური პარტია, „ქართულ ოცნებას“ ამ თამაშში გაჰყვებიან. და აქედან გამომდინარე, ესეც თქვენი მეხუთე ჩიტი:

მეხუთე - ეყოლებათ თავისი „ჯიბის“ ოპოზიცია, რომელიც „ოცნებას” ამ თამაშში აჰყვა და რომელსაც ვერანაირი სათქმელი ვერ ექნება ამ ფსევდოპოლიტიკური პროცესების წინააღმდეგ, რადგან თავისი ნებით ექნება მონაწილეობა მიღებული დადგმულ „არჩე­ვნებში“ და უბრალოდ მოუწევს, კარგად მოირგოს „კონსტრუქციული ოპოზიციის“ როლი.

„ოცნების“ ამ ჩანაფიქრს ამყარებს დეტალი, რომელიც ბევრ ჩვენგანს გამორჩა ამ ორომტრიალში - ცესკოს „რეფორმების“ მიხედვით, დაუშვებელია: (ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება; (ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა; და (გ) ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ინფორმაციის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი გადამოწმება.

საინტერესოა, რატომ ემზადება „ოცნება“ მასობრივი გაყალბებისთვის თუ უბრალოდ ადგილობრივ არჩევნებს ელოდება, ადგი­ლობრივ არჩევნებს, რომელში მონაწი­ლეობაზეც ჯერ-ჯერობით ყველა ოპოზიციური პარტია მტკიცე (ან რბილ) უარს აცხადებს.

საბოლოოდ, ძვირფასო მკითხველო, კომისიას, რომელიც, ერთი შეხედვით, გასართობია და ზედმეტ ყურადღებას არ იმსახურებს, ბევრად უფრო მზაკვრული მიზნები აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. „ნაციონალური მოძრაობის გასამართლება“ კარგად მოფიქრებული ევფემიზმია, რომლის უკანაც უფრო პატარა სიტყვა - საქართველო იმალება. რამდენჯერ გიხუმრიათ იმაზე, რომ “ვერ დაასრულეს ნაცები”, “ქოცი ხომ ნაცია”, “თვითონ გახდნენ ნაცები” და ა.შ. თუმცა, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდით ერთხელაც არ დაფიქრებულხართ, რომ ამ ნიღბების უკან რუსეთი დგას, რომელიც საქართველოს “დასრულებას” ისევ ქართველის ხელით ცდილობს. არცაა გასაკვირი, რადგან თქვენთვის არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრობა და საქართველო ერთი და იგივე, რაც ობიექტურად ასეც არის, ოღონდ, ტრაგედია იმაშია, რომ ამას თქვენ არ წყვეტთ. ეს უკვე გადაწყვეტილია, თანაც მოსკოვში - და მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ის რაც კარგია საქართველოსთვის, არის ნაცობა, და ნაცობა წულუკიანმა უნდა გაასამართლოს, დაამციროს და დასაჯოს. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა