რუბრიკა: საზოგადოება

ჟურნალი: ნომერი 9




თანამედროვეობის ილუზია - ნაწილი 2: კომფორტის ზონიდან გასვლა

ავტორი : ირაკლი ლაითაძე 

Stress is caused by being here
but wanting to be there.
Eckhart Tolle
სტრესი გამოწვეულია აქ ყოფნით,
როდესაც გინდა იქ ყოფნა.
ეკჰარტ ტოლე

დღეს ვაგრძელებ ჩემს წინა ბლოგში დაწყებულ თემას თანამედროვეობის ილუზიების შესახებ. წინა ბლოგი ეხებოდა წარმატებას და მის ილუზორულობას. იმას, რომ საბოლოოდ, დღის ბოლოს, წარმატება დიდი ტყუილია. მოკლედ შეგახსენებთ ზემოხსენებული ბლოგის ფრაგმენტს: „იქ, სადაც ითქმება - წარმატებული ადამიანი - იქვე იგულისხმება, რომ არიან სხვები, წარუმატებლები. ჩემთვის მიუღებელია სოციალური დარვინიზმი. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ მართებულია ადამიანების ასეთი დაყოფა. ძალიან ხშირად ეს იარლიყი მძიმეა „წარუმატებლებისთვის“ და ტოქსიკურად მათრობელია „წარმატებულებისათვის“. საკუთარ თავსა და საკუთარ ზომაზე მორგებული წარმატება გროტესკულია. ფუნდამენტურ დონეზე ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ. რაც მოგახსენეთ, მხოლოდ ჩემი აზრია. Als ich kan.“

წინამდებარე ბლოგში კი ვეცდები ასევე დავასაბუთო, რომ კომფორტის ზონიდან გასვლაც ასევე ილუზორულია.

რა არის კომფორტის ზონა? Merriam-Webster-ის (მერიემ-ვებსტერი) ლექსიკონის მიხედვით: “Comfort zone is the level at which one functions with ease and familiarity“  - „კომფორტის ზონა არის ის დონე, სადაც ადამიანი ნაცნობ გარემოში იოლად ფუნქციონირებს.“

დასავლეთის ბიზნეს- და არამარტო ბიზნეს, წრეები წალეკილია შეგონებებით: „გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან“, „წარმატება იწყება კომფორტის ზონის გარეთ“, „თქვენ იზრდებით მხოლოდ კომფორტის ზონის მიღმა“ და ა.შ. იგივე ტენდენცია საკმაოდ შესამჩნევია საქართველოშიც.

ჩემთვის მოწოდება კომფორტის ზონიდან გასვლის შესახებ და იქიდან საოცნებო მწვერვალებზე ასვლა (ამ პროცესის თანმხლები სელფების კასკადით) ეფუძნება ფუნდამენტურად არასწორ წინაპირობებს. კერძოდ, ადამიანებს by default აქვთ ამბიციების განსხვავებული დონე, სხვადასხვა ინტერესი, მიზნების დასახვის და მიღწევის თავისებური მეთოდები. ასეთ დროს არ არსებობს სწორი და არასწორი. ზოგს მწვანე ფერი მოსწონს და ზოგს - ლურჯი, რომელი მათგანია მტყუანი? არცერთი. ზუსტად ასევეა მიზნების დასახვისა და მიღწევის გზებიც. ზრდასრული ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, რა და როგორ უნდა მას. შესაბამისად, ჩემი აზრით, არ არის საჭირო თვითდანიშნული განმანათლებლებისგან, ე.წ. „წარმატებული ადამიანებისგან“ და ჭკუის დამრიგებლებისგან ზედაპირული რჩევების მოსმენა და მათი ცხოვრებით  აღფრთოვანება. ამაზე ერთი წუთიც არ უნდა დაიხარჯოს. გარდა ამისა, ძალიან ხშირად  ზემოხსენებულ მენტორებს თავიანთივე არასრულფასოვნების კომპლექსები აქვთ მოსავლელი და, ასევე, ძალიან ხშირად ისინი მაყურებელს/მსმენელს აჩვენებენ/ასმენინებენ თავიანთი საქმისა და ცხოვრების რეალობისგან საკმაოდ დაცილებულ,  კოსმეტიკაგადავლებულ ფასადს.

სავარაუდოდ, კომფორტის ზონიდან გადიან, ძირითადად, 2 შემთხვევაში და, რეალურად, ესეც კი ასე არ არის. მივყვეთ. პირველი ვარიანტი, როდესაც დასაკარგი არაფერი დარჩა და მეორე ვარიანტი, ამ კომფორტის ზონის მიღმა ყოფნა შეიძლება სასიამოვნოა - ის, რაც შეიძლება ერთისთვის მძიმე ტვირთი იყოს, მეორისთვის მსუბუქი აღმოჩნდეს. გამოდის, რომ ზემოხსენებული არც პირველი და არც მეორე ვარიანტი არ არის კომფორტის ზონიდან რეალური გასვლა - ერთი იძულებულია, ასე მოიქცეს, რადგან მას არაფერი აქვს დასაკარგი და მეორისთვის ეს სასიამოვნო საქმეა. ამავე დროს, ორივე შემთხვევა მაყურებელს/მსმენელს მიეწოდება, როგორც რაღაც საგმირო საქმე. პრობლემა ის არის, რომ გამბედავები და გმირები არ არიან სცენაზე, იქ მხოლოდ გამბედავების და გმირების კარიკატურებია.

გვინდა რეალურად ახლის გაგება და აღმოჩენა? მაშინ უკან, მომავლისკენ! ანტიკური ბერძნების მაქსიმაა ϒνῶθι σεαυτόν (შეიცან თავი შენი). სანამ სხვას რაღაცას მივუთითებთ, ალბათ სჯობს, ჯერ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ. სწორედ  „შეიცან თავი შენი“ არის ეს გზა, ეს არის კომფორტის ზონიდან რეალური გასვლა: რადგან მძიმე და უსიამოვნოა საკუთარი თავის ბნელი მხარეების ძებნა, აღმოჩენა, აღიარება და მერე მათთვის თვალის გასწორება. თუ მოვახერხეთ და საკუთარი სულის (ფსიქიკის, გონების, აზრების - რაც გინდათ, ის დავარქვათ) ანატომიური კვეთა ბოლომდე გავაკეთეთ - მაშინ ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიცანით მსოფლიოს თითქმის ყველა ადამიანი, მათი სურვილები და ვნებები. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ საკუთარ თავში ექსპედიციას ვერ შეედრება  პროფესიული ზრდა თუ გეოგრაფიული მოგზაურობა.

დასასრულისთვის კი გავიხსენოთ, რომ იმანუილ კანტს თავისი 79-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელაც არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი კენიგსბერგი და მაინცდამაინც არც კომფორტის ზონიდან გასვლა ადარდებდა. ამას არ შეუშლია ხელი, რომ იგი გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე.  კანტი იმ გიგანტების რიგიდან არის, რომელთა მხრებზეც დგას კაცობრიობა და რომლის აზროვნების მასშტაბის გასააზრებლად მისი ერთი ნათქვამიც კმარა: „Zwei Dinge erfüllen das Gemüt mit immer neuer und zunehmender Bewunderung und Ehrfurcht [...], Der bestirnte Himmel über mir und das moralische Gesetz in mir.“ „ორი რამ უფრო და უფრო მივსებს გონებას გაოცებით და ძრწოლით, [...] ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში.“

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა