ავტორი : კატრინ ბანახი
როდესაც საქართველოში 2022 წლის თებერვალში ჩამოვედი, მიზნად ვისახავდი გერმანიაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ევროპულ კონტექსტში ლიბერალური დემოკრატიის ხელშეწყობას. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენები მალე ასეთი საგანგაშო გახდებოდა, რადგან მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ზურგი შეაქცია თავის დასავლელ პარტნიორებს და უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომის ფონზე ქვეყანა თავის ევროპულ მომავალს დააშორა.
საქართველოს დაღმასვლა ავტოკრატიისკენ
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ საქართველო სწრაფი და მიზანმიმართული ნაბიჯებით ავტოკრატიისკენ მიდის. ამ პროცესს საფუძველი ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, 2022 წლამდე, ჩაეყარა, როდესაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გეგმაზომიერად ასუსტებდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. თუმცა ეს პროცესი მაშინ დაჩქარდა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის პერსპექტივა შესთავაზა. მთავრობამ პროდასავლური ნიღაბი ჩამოიხსნა, და აღარც კი ცდილობს დემოკრატიული ღირებულებების გაზიარებას. დღეს, როგორც ჩანს, საქართველო, ავტოკრატიების რიგებში აპირებს ჩადგომას.
ამის ნიშნები აშკარაა. 2024 წლის ოქტომბერში, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო რეპრესიული კანონები, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციური ძალებისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. აღნიშნული კანონები არ ემსახურება სამართლიანობის ან ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს კანონები არა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მმართველობის, არამედ კანონებით მმართველობის ყველაზე უარეს მაგალითს წარმოადგენენ. იმავდროულად, ე.წ. მთავრობა აძლიერებს სიძულვილის ენას ყოფილი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, აგრძელებს ისტორიის გადაწერის მცდელობას რუსეთის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით და ცდილობს, განსხვავებული აზრი ღალატად წარმოაჩინოს.
გლობალური ტენდენცია: საქართველო “ავტოკრატების გაერთიანების“ ანარეკლია
საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბევრად ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელსაც ენ ეპელბაუმი თავის წიგნში „ავტოკრატების გაერთიანება” აღწერს: ეს არის თანამედროვე ავტოკრატების არასტრუქტურირებული, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ქსელი, რომელშიც ისინი არა იდეოლოგიით, არამედ საერთო ინტერესებით არიან გაერთიანებულნი - თვითგადარჩენის, ქონების დაგროვებისა და ანგარიშვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით. ეს რეჟიმები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, იზიარებენ ტექნოლოგიებს, ფინანსურ მხარდაჭერასა და სტრატეგიებს.
„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით მორგებულია აღნიშნულ მოდელს. მისმა ხელმძღვანელობამ საკმაოდ ბევრი რამ გაიზიარა ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოდან: LGBTQI+ უფლებების შესაზღუდად მოიხსენიებს „ტრადიციულ საოჯახო ღირებულებებს“, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასასხმელად იყენებს „ეროვნულ სუვერენიტეტს“, ხოლო „გამჭვირვალობას“ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის იარაღად აქცევს. ამგვარი ტაქტიკა შეიძლება შიდასახელმწიფოებრივ მოვლენად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ზედმიწევნით იმეორებს მოსკოვიდან ბუდაპეშტამდე და პეკინამდე გამოყენებულ სტრატეგიებს. რუსული სტილის ნარატივები - ოჯახზე, სუვერენიტეტზე, სტაბილურობასა და „დიფ სტეიტზე“ - აქტიურად და ხმამაღლა ჟღერდება „ქართული ოცნების“ მიერ.
გამოძახილი ევროპაში: თბილისიდან ბერლინამდე
საქართველოში არსებული ვითარება განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ის დასავლურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენს. იმავე ნარატივებს - უცხოური ჩარევის, ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დაკნინების შესახებ - სულ უფრო ხშირად ახმოვანებენ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ულტრამემარჯვენე პარტიები. შესაძლოა, რომ „ქართული ოცნებაც“ ოცნებობს ისეთ ევროკავშირზე, რომელიც ამგვარი არალიბერალიზმისკენ მიექანება.
ავტოკრატია ყოველთვის ტანკებით არ მოდის. ზოგჯერ ის ჩუმად შემოიპარება ხოლმე ლოზუნგებით, გამოძიებებითა და ღია საზოგადოებაზე გათვლილი თავდასხმებით. საქართველოს მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ საით მიემართება ამგვარი ლოგიკა. ის, რაც პოლიტიკური გზავნილით იწყება, შემდგომ პოლიტიკად მკვიდრდება; ის, რაც განტევების ვაცის ძიებით იწყება - რეპრესიებით მთავრდება. საქართველო წარმოადგენს პრიზმას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავინახოთ, თუ საით იხრება არალიბერალიზმის ტრაექტორია სხვა ქვეყნებში.
გერმანელებისთვის ამგვარი ნიშნები ნაცნობია
ჩვენ არ შეგვიძლია ყოველივე ამას თვალყური ვადევნოთ ჩვენი საკუთარი წარსულის გახსენების გარეშე. სულ რაღაც ერთი საუკუნის განმავლობაში, გერმანიამ ორი ავტორიტარული რეჟიმი გამოიარა და თითოეულს დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ქართველებმაც დაძლიეს საბჭოთა ავტორიტარიზმი და გაბედეს დემოკრატიულ მომავალზე ფიქრი. დღეს ჩვენი გაერთიანების საფუძველი უნდა იყოს არა მხოლოდ საერთო პოლიტიკური მიზნები, არამედ საერთო ხედვა: ღია საზოგადოება, ადამიანის ღირსება, პლურალიზმი, მშვიდობა და ჩაგვრისადმი, კორუფციისა და ომის მიმართ საერთო შიში.
დაღმასვლა ღრმავდება
თვეების განმავლობაში ქართველები ქუჩებში გამოდიან მზარდი ავტორიტარიზმის გასაპროტესტებლად. მათი გზავნილი ნათელია: ეს არ არის ის მომავალი, რომელიც მათ სურთ. თუმცა ე.წ. მთავრობა შეუვალი რჩება. კანონები მკაცრდება, მედია იდევნება და სამოქალაქო საზოგადოებას ეპყრობიან, როგორც მტერს. დემოკრატიის ენა შენარჩუნებულია - მაგრამ მხოლოდ, როგორც ნიღაბი. ჯერ კიდევ ბევრისთვის სანუკვარი ევროპული მომავლის ხედვა, სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება. მის ნაცვლად ჩნდება სისტემა, რომელიც აგებულია არა კონსენსუსზე ან უფლებებზე, არამედ ლოიალობაზე, შიშსა და კონტროლზე. ეს არ არის დემოკრატიის ქართული ვერსია - ეს არის დეზინფორმაციაზე აგებული რეპრესიული მმართველობის კარგად გააზრებული სისტემა.
რატომ აგრძელებს ე.წ. მთავრობა ამ გზით უკუსვლას? ეს ძალაუფლების დაკარგვის შიშია? რუსეთის მხრიდან ზეწოლა? ჩვენ ვერასდროს გავიგებთ სრულ სიმართლეს, რადგან გადაწყვეტილებებს იზოლირებული ელიტა იღებს, გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გარეშე, რომლისთვისაც დემოკრატიის ნგრევის მანდატი არავის მიუცია. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები საშიშია ხალხისთვის, რადგან ისინი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესს ემსახურება. თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები იზოლირებული ელიტისთვისაც საკმაოდ სახიფათოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი არასაკმარისად იყოს ინფორმირებული და მთლად კარგად არ დაფიქრდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც გავლენას მოახდენს მთელ ქვეყანაზე. არასწორმა გადაწყვეტილებებმა უკვე დაამხო ბევრი დიქტატორი.
როგორც ენ ეპელბაუმი წერს თავის ზემოხსენებულ წიგნში, „ავტორიტარიზმი არ არის უბრალოდ მმართველობის კიდევ ერთი ფორმა - ეს არის პოლიტიკის უარყოფა“. ის დაფუძნებულია პოლიტიკურ აპათიაზე, ანუ იმაზე, რასაც საქართველოში ნიჰილიზმს უწოდებენ. და მიუხედავად იმისა, რომ ნიჰილიზმი შესაძლოა იზრდება, სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში მაინც ძალიან მაღალ დონეზე რჩება. საქართველოში მუშაობის განმავლობაში მე ვიხილე ძალიან შთამბეჭდავი ინტელექტუალური სულისკვეთება და საკმაოდ მტკიცე, პროაქტიული და დემოკრატიული ღირებულებებისკენ უაღრესად ერთგული სწრაფვის სურვილი. ამგვარი ქართული ლიბერალიზმი აღმაფრთოვანებს და იმედს მისახავს, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატია საბოლოოდ გაიმარჯვებს.