ავტორი : გიორგი ფანიაშვილი
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ უკრაინის მხარდაჭერა იყოყმანა, მერე ევროპასთან დაახლოების შეფერხებას მიჰყო ხელი, მოგვიანებით კი, დასავლეთს ღიად წაეკიდა და ომიდან თითქმის სამი წლის თავზე, საქართველო მეგობრების გარეშე დატოვა.
ომში ჩათრევისა და ოჯახური ფასეულობების გადარჩენის მიზანმიმართულად გაბნეული მარცვლები ნოყიერ ნიადაგზე დაეცა, საკმარისი მოსავალიც მოიტანა და საქართველოში ჯერ კიდევ ახალგაშენებული „დასავლური ბაღი“ საგრძნობლად თუ არა გამოუსწორებლად დააზიანა.
ბოლო ხანებში კი, საქმე ისე მოექცა, რომ „დასავლურ ბაღს“ დიდად აღარც მისტირიან, უფრო ამბობენ - ჩვენი ცხოვრების წესი რუსულს დაემსგავსა და წესიერ კაცს ქვეყანაში აღარ დაედგომებაო. გამარჯვებაც ხელის გაწვდენის მანძილზე ნამდვილად არ მოსჩანს და მამაცი ახალგაზრდების შეძახილები - „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ - ზოგჯერ განწირულ ამოძახილს უფრო მოაგონებს კაცს, ვიდრე გარდაუვალი გამარჯვებისას.
მაგრამ თუ ახალ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ძველ, უსარგებლო უნარ-ჩვევებს წარსულში დავტოვებთ და ჩვენ ლექსიკასა თუ ქმედებებს ახალ დამძიმებულ რეალობას მოვარგებთ, შეიძლება შესაძლებლობაც გაჩნდეს. მუდმივი ხომ არაფერია...
„ევროპა და, ზოგადად, „დასავლეთი“ საქართველოსთვის საკრალური თემა აღარ არის. ბოლო წლებში, ამ თემას უკვე არაერთხელ შეეხნენ და შებღალეს კიდეც. ამიტომ, პერიოდული, განწირული ამოძახილები - საქართველო ევროპულ გზას თუ გადაუხვევს, გადაიჩეხება და უფსკრულში აღმოჩნდება - სულ მცირე, უსარგებლოა. აქ, საგულისხმოა, რომ საქართველომ ევროპულ გზას უკვე გვარიანად გადაუხვია და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებიც უკვე საფუძვლიანად გააფუჭა. არადა, მზეც ისევ ისე ამოვიდა, გაზაფხულიც ისევ დადგა და ცხოვრებაც თითქოს ჩვეულებრივ გაგრძელდა ძველი მეგობრების გარეშე. დასავლეთთან გამორჩეული სიახლოვის თავმოწონება კი, პროპაგანდამ და ომის შიშმა ჩაყლაპა.
რუსეთს რაც შეეხება, საქართველოს ისტორია ვასალობის ან ვასალობიდან თავის დაღწევის ისტორიაა, გადარჩენის და არა განვითარების ისტორია. ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო სულ რაღაც საუკუნენახევრის მანძილზე თუ ყოფილა მისი არსებობის მანძილზე. არც რუსული გავლენაა ქვეყნისთვის უცხო, ბოლო, არასრული სამი საუკუნე ქვეყანამ სწორედ რუსეთის ქვეშ იცხოვრა და ეს რუსეთიც მისთვის სენია, თუმცა კარგად ნაცნობი სენი. მოკლედ, რუსეთის ქვეშაც პრინციპში გაუძლია და გადარჩენილა კიდეც.
მართალია, დასავლელი მეგობრებისგან ჩახსნისა და რუსეთზე ჩაბმის უარყოფით შედეგებს რიგითი მოქალაქე მოგვიანებით იგრძნობს და ნუ დავძრახავთ ამის გამო. ის არცაა ვალდებული 2-3 წლით ან კიდევ უფრო მეტით წინ გაიხედოს. ისიც ხომ თავისი ქვეყნის შვილია და, ქვეყნის მსგავსად, აქ და ახლა გადარჩენაზეა უფრო ორიენტირებული ვიდრე მომავალსა და თანმდევ განვითარებაზე. თან ეს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზაც ფათერაკებითაა სავსე და მანდაც გარანტირებული არაფერია.
მაშინ რას ვერჩით იმ კურსს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია და მიუყვება კიდეც მეტ-ნაკლები წარმატებით?
ზევით, „გადარჩენა“ და „განვითარება“ ტყუილად არ გვიხსენებია. პირველ რიგში, ევროპაც და დანარჩენი დასავლეთიც საქართველოს იმიტომ სჭირდებოდა, რომ მისი გადარჩენის ისტორია როგორმე განვითარების და მოდერნიზების ისტორიად გადაექცია. თუ ქართველს გადარჩენასა და განვითარებას შორის თუნდაც ყალბი არჩევანის წინაშე დააყენებ, ის პირველს აირჩევს და თავის არჩევანშიც წელგამართული იქნება.
თუმცა, საქმე იმაში გახლავთ, რომ ისტორიის ამ ეტაპზე გადარჩენა-არგადარჩენის თემა არ დამდგარა, არც რუსეთს სჭირდებოდა საქართველოში შემოჭრა (ის უკვე აქაა) და არც დასავლეთს - საქართველოს ომში ჩათრევა, რადგან ერთმაც და მეორემაც მშვენივრად უწყიან, რომ ეს ქვეყანა ვერც ომს გასწვდებოდა და, რომც გაერისკა, თავის უმნიშვნელო სამხედრო წამოწყებით ვერავის წაეხმარებოდა. უნდა გვესმოდეს, რომ არც კრემლისთვისაა საქართველო ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ხანმოკლე ომად უღირდეს.
ასეთ არეულ დროებაში, რუსეთთან სიფრთხილეს და თავშეკავებულობას თავისი გამართლება ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ძალიან საეჭვოა რუსეთს დაჟინებით მოეთხოვა - ტალინიდან ვაშინგტონამდე ყველას წაეკიდე, ურთიერთობები გაწყვიტე და ომი გამოუცხადე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მორჩენილი ორი დივიზიით საქართველოში შემოვიჭრებიო.
ქართული ოცნების ხელისუფლებას ეს საქართველოს კი არა, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად სჭირდებოდა, ხალხს კი, საქართველოს გადარჩენად შეასაღა და, ომის ჩრდილქვეშ, მოსახლეობას გონებაც მშვენივრად აურია. მოქალაქეს აქაც ნუ დავძრახავთ, ჩვენ სიახლოვეში, როცა ასეთი ომი მძვინვარებს, რთულია შიშს არ აჰყვე - მართლა ვინმეს ხომ არ სურს ჩვენი ომში გახვევაო.
ამასობაში, პატარა საქართველომ სწორედ ის პეწი დაკარგა, რომელიც მას ამ რეგიონში გამოარჩევდა და რაღაცით განსაკუთრებულს ხდიდა - დასავლეთთან სიახლოვე. სწორედ „დასავლეთთან სიახლოვე“ იყო საქართველოს ე.წ. „დამატებითი ღირებულება,“ რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებს გარკვეულწილად აიძულებდა ოფიციალურ თბილისთან მეტნაკლები პატივისცემით ესაუბრათ, რიგით მოსახლეს კი, სამეზობლოში გასეირნებისას, თავმოწონებისა და უხილავი მორალური უპირატესობის შეგრძნებით ესიამოვნა.
ქვეყნის გარეთ ჩვენი ეს მთავარი პეწი, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებაში გაცვალა. უმრავლესობა არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი კი იმაში დაარწმუნა, რომ ქვეყნის გადარჩენის და ომის აცილების ერთადერთი გარანტი თვითონ არის.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველა იმ სუბიექტის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ან მის შეცვლას ცდილობს, მოსახლეობის დაშინება ევროპული მომავლის დაკარგვით ან რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევით ფუჭია. საქართველო ევროპასაც დაშორდა და რუსეთის გავლენაც მკვეთრად გაზრდილია, უკვე მომხდარით დაშინება კი ფრიად უსარგებლო საქმეა. ალბათ აჯობებს, ყველა იმ ძალამ, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩართული, მოსახლეობას დაანახოს, რომ მათაც შეუძლიათ პირველ რიგში ამ რეგიონში გზის გაკვლევა, კონტაქტების თუ ურთიერთობების გაბმა მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან და თუნდაც ომის თავიდან აცილება. რიგითი ქართველიც ხომ სწორედ ამას ითხოვს?
ახლა, ევროპაზე მეტად, რეგიონული აღქმის და რეგიონული მიდგომის გასხივებაა საჭირო და არა რეგიონით დაშინება, რომ ან რუსეთი გავხდებით ან აზერბაიჯანს დავემსგავსებით. ქართველი უფრო მშვიდად იგრძნობს თავს თუ ეცოდინება, რომ ხელისუფლებაში პოტენციურად მომსვლელი ძალა სამეზობლოშიც ფრთხილად იქნება და თავისებური მეზობლობის წესებს მშვენივრად გაუწევს ანგარიშს. ევროპელებთანაც ნამდვილი სათქმელი გვექნება - ჩურჩხელა და ღვინო კი არა, ეს რეგიონი გვესმის კარგად და აქ გზის გაგნებაში ჩვენ დაგეხმარებითო.
ამასთან, წინააღმდეგობამ ანგარიში უნდა გაუწიოს ახალ, დამძიმებულ რეალობას და შესაბამისად დააკორექტიროს დასახული ამოცანების ვადები, ლექსიკა თუ სამოქმედო გეგმები. იოლად და მალე არც აქამდე გამოვიდა არაფერი, აწი მითუმეტეს არ გამოვა. ამიტომ, მოსახლეობაში მოლოდინების გაღვივებას, რომ „ორიოდე კვირა დარჩა“ და „რეჟიმი ჩამოიშლება“, რბილად რომ ვთქვათ, საზიანოა თავად წინააღმდეგობისთვის. წინააღმდეგობას ექნება აზრი, თუ ის უფრო გრძელვადიან ამოცანებს დაისახავს მიზნად და ამ ამოცანების შესრულებისას თანმიმდევრულობას, სიდინჯესა და რეგიონულ ხედვას გამოასხივებს, ასევე ძველი, აწ უკვე დაკარგული პეწის დაბრუნებაშიც დაარწმუნებს ქართველს. ყველა სხვა მოკლევადიანი ქმედებები თუ დაშინებები ევროპისგან დაშორების თუ რუსეთთან დაახლოების მოშველიებით, მარცხისთვის იქნება განწირული. რა თქმა უნდა, არც ჩემი ეს მოსაზრებაა წარმატების გარანტია, მაგრამ მოსახლეობამ კიდევ ერთხელ რომ არ თქვას - „ამათ არც არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი დავიწყებიათო“ - ცდად ნამდვილად ღირს.