რუბრიკა: საღი აზრი

ჟურნალი: ნომერი 2




ომი: ვისი ბრალია

ავტორი : სარედაქციო კოლეგია 

2009 წელს, საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა და მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციონერმა სალომე ზურაბიშვილმა, ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი „ქართული ტრაგედია, 2003-2008“. ეს წიგნი რუსეთის ფედერაციამ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად წარადგინა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში, ომის შემდგომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საპასუხო სარჩელში.  თქვენ წინაშეა ამ წიგნის მეცამეტე თავი, რომელიც „ჭავჭავაძის ცენტრის“ თხოვნით თარგმნა ბ-ნმა დავით ნატროშვილმა. თარგმანში შენარჩუნებულია ფრანგული დედნის ხშირად ქაოტური და არააკადემიური სტილი - მთარგმნელსა და რედაქტორებს ის შეგნებულად არ „გაუკეთილშობილებიათ“.  დახრილი მუქი შრიფტით გამოყოფილი კომენტარები ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას ეკუთვნის. მათი მიზანია მკითხველისთვის შესაბამისი ისტორიული კონტექსტის შეხსენება და ტექსტში მიმობნეული პროპაგანდისტული გზავნილების გამოაშკარავება. ტექსტი ქვეყნდება სამოქალაქო-საგანმანათლებლო მიზნით.

მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც კეთილი ზღაპარივით დაიწყო, კოშმარულად მთავრდება დაბომბვით, რომელიც 7 აგვისტოს ღამეს ქართული ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ტანკები და ჯარისკაცები, რომლებსაც მჯეროდა, მოლაპარაკების გზით დავატოვებინე ქვეყანა (რაც ერთგვარ რევანშს წარმოადგენდა წარსულზე, რომელიც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, მოუწია რა საქართველოს დატოვება რუსული ჯარის შემოსვლის შედეგად), საქართველოს ტერიტორიის შუაგულში იჭრებიან და იქაურობას აოხრებენ.

აქ ზურაბიშვილი ეხება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს და მას საკუთარ დამსახურებად წარმოაჩენს. სინამდვილეში, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე გადაწყდა. ამ საქმეში განმსაზღვრელი სწორედ აღნიშნული სამიტი იყო. მრავალწლიანი საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის პროცესში, ზურაბიშვილი მხოლოდ მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში წარმოადგენდა საქართველოს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული და მოლაპარაკების პროცესი პრაქტიკულად დასრულებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი მინისტრობა უბრალოდ დაემთხვა საქართველოდან რუსული
სამხედრო ბაზების გაყვანას.

შეკითხვა, რომელიც მას შემდეგ ყველას აწუხებს არის ორმაგი: ვისი ბრალია? შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? პასუხისმგებლები, ისევე როგორც დამნაშავეები, მრავლად არიან. და პირველ რიგში ეს არის მკაფიო ხაზის არარსებობა რუსეთთან მიმართებაში.

კითხვის ასე ფორმულირება, თუ „ვისი ბრალია“ ერთი სახელმწიფოს სამხედრო აგრესია მეორე სახელმწიფოს მიმართ უკვე გულისხმობს, რომ შესაძლოა, თავდასხმის ობიექტი თავად იყოს დამნაშავე აგრესორის პროვოცირებასა და ომის გამოწვევაში. ორმაგად მძიმეა საკითხისთვის ასეთი მიმართულების მიცემა, როდესაც საუბარია, ერთი მხრივ, პატარა საქართველოზე და, მეორე მხრივ, ბოროტების იმპერიის მემკვიდრე ატომურ ზესახელმწიფოზე. კითხვის ასე დასმა უკვე არის რუსული პროპაგანდისტული ნარატივის გამყარება და რუსეთის ინტერესების შესაბამისი ქმედება. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალის გამოყენება ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ასეთ ვითარებაში, თავდასხმის ობიექტის მიერ საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვის  ლეგიტიმურობა არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ. ამასთან,   არასწორია, რომ „ყველას აწუხებს“ შეკითხვა, თუ ვისი ბრალია ომის დაწყება, თითქოს აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე არსებითი გაურკვევლობა არსებობდა. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად აღიარებს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოზე განახორციელა აგრესია, ხოლო საქართველო იყო აგრესიის მსხვერპლი. მსხვერპლი არ შეიძლება დამნაშავე იყოს ომის დაწყებაში. შესაძლოა, გარკვეულ წრეებში საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული კითხვები, მაგრამ მსგავსი პოზიცია საყოველთაოდ გაზიარებული არასდროს ყოფილა. მომდევნო წლებში, ზურაბიშვილის და მისი პოლიტიკური პარტნიორების ეს პოზიცია „დაიხვეწა“ და ფორმულირება ჰპოვა ახალ კლიშეში - „საქართველომ ომი თავიდან ვერ აირიდა“. ამ კლიშეს გამოყენება ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართაც სცადეს, თუმცა, მსოფლიოში არსებული კონსენსუსის პირობებში, მას მხოლოდ შიდა მომხმარებლის მცირე პროცენტიღა დარჩა მსმენელად.

იმთავითვე ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი ხაზი: კონფრონტაციის და ნორმალიზაციის. პირველმა თანდათან უპირატესობა მოიპოვა მეორეზე. მოსკოვთან მიმართებით კონფრონტაციის და სიხისტის ამ დეკლარირებული პოლიტიკის მიღმა შეიმჩნევა ასევე ტენდენცია, რომელიც მასთანვე მოდის წინააღმდეგობაში: ქვეყნის რესურსების მთავარი მტრისთვის მიყიდვა, საიდუმლო გარიგებების მცდელობა. ასეთმა ახლართულმა ხაზებმა მიზანი და, შესაბამისად, ამ პოლიტიკის თანმიმდევრულობა გაურკვეველი გახადა.

აქ ზურაბიშვილი წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან. ერთი მხრივ, ის ამტკიცებს, რომ კონფრონტაციის ხაზმა უპირატესობა მოიპოვა ნორმალიზაციის ხაზზე, თუმცა, აქვე, ფორმალურად მაღალი რანგის დიპლომატისთვის შეუფერებელი კონსპირაციულობით ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფარულ გარიგებებში შედიოდა რუსეთთან და მას ქვეყნის რესურსებს უთმობდა. გაუგებარია, რა საიდუმლო გარიგებებზე საუბრობს ზურაბიშვილი, მით უფრო, რომ არ მოჰყავს არც ერთი მაგალითი. რაც მთავარია, ეს ორი მტკიცება ერთმანეთთან შეუთავსებელია. სამაგიეროდ, ეს საკითხი რუსული პროპაგანდის ცნობილი კლიშეა, რომელსაც ზურაბიშვილი ფრანგულენოვანი აუდიტორიისთვის იმეორებს. აღსანიშნავია, რომ ამ ორივე ხაზს დღემდე პარალელურად ავითარებს „ქართული ოცნება“ და ქართულენოვანი რუსული პროპაგანდა საქართველოში.

სინამდვილეში, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სააკაშვილმა პრიორიტეტულად სცადა პუტინთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება. მისი პირველი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში სწორედ მოსკოვში განხორციელდა. თუმცა, მალევე გამოიკვეთა, რომ რუსეთს საქართველოსთან თანაბარ სიბრტყეში ურთიერთობების ინტერესი არ ჰქონდა, ე.წ. ნორმალიზება მხოლოდ სუბორდინაციულ სიბრტყეში, საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე განიხილებოდა. აქვე აუცილებლად გასახსენებელია ის ეპიზოდი, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან რუსეთის ქვეშევრდომის, ასლან აბაშიძის გაძევებისა და აჭარაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ, პუტინმა პირდაპირ და არაორაზროვნად უთხრა სააკაშვილს - მეტი ჩვენგან
საჩუქრებს აღარ ელოდოთო. ნიშანდობლივია, რომ ზურაბიშვილი
ამ საკვანძო ნიუანსს საერთოდ არ იხსენებს.

 

ნორმალიზაციიდან კონფრონტაციამდე 

ნორმალიზაციის ესკიზები დაუსრულებელი დარჩება. ვარდების რევოლუციის მეორე დღეს, ივანოვის ვიზიტი თბილისში, რომელიც ხელს უწყობს შევარდნაძის დასასრულს და მოსკოვის ოფიციალურ კურთხევას აძლევს მიმდინარე რევოლუციას, შერიგების ჟესტს წარმოადგენს. საინაუგურაციო სიტყვაში სააკაშვილი, თავის მხრივ, შერიგების ხელს უწვდის მეზობელ რუსეთს. ამას ორმხრივ ურთიერთობებში მოყვება დეტანტის პერიოდი, რასაც მე წარმატებით ვიყენებ ორმხრივ მოლაპარაკებებში წინსვლის სასარგებლოდ. მაგრამ სინამდვილეში ამ ნორმალიზაციას სერიოზული კონტრმანევრები ახლავს თან.

ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში ამ დეტანტს კინაღამ სერიოზული დარტყმა მიადგა ქართული პოლიტიკის პირველი „გადაცდომების“ გამო: ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციამ და ადამიანების გარდაცვალებამ აგვისტოში განხორციელებული შეტევის დროს, კინაღამ წარსულში, კონფრონტაციის პერიოდში დაგვაბრუნა. მაგრამ ვითარება წყნარდება და ჩანს, რომ თითქოს კავშირები ისევ ლაგდება.

ამ ადგილის კითხვისას რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოსთან ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის და ამას მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებები უშლიდა ხელს. ის, რომ ეს ასე არ იყო, იცოდა ნებისმიერმა საღად მოაზროვნე, საშუალოსტატისტიკურმა ქართველმა და, წესით, უნდა სცოდნოდა გამოცდილ ფრანგ დიპლომატსაც, რომელმაც საშუალო დონის დიპლომატიური კარიერა საქართველოში მინისტრის რანგში სწორედ სააკაშვილის მძიმე საკადრო შეცდომის წყალობით გააგრძელა. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ განწყობისა და მოლოდინების არაადეკვატურობა კიდევ უფრო აშკარაა.

2005 წლის დასაწყისში, რუსეთთან კონფრონტაციის ხაზი ყველაზე ცუდ მომენტში იჩენს თავს. მაშინ, როდესაც მოლაპაკებების პირველმა რაუნდებმა საშუალება მოგვცა, ნიადაგი მოგვეთელა, საქართველოს პარლამენტი, გაფრთხილებისა და მიზეზის გარეშე, იღებს რეზოლუციას, რომელიც ულტიმატუმის სახით ითხოვს იმ სამხედრო ბაზების გაყვანას, რაზეც მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ამ გამოწვევას, რომელიც რუსეთის მისამართით არის ნასროლი, ზუსტად იმ დროს, როცა მოლაპარაკებები მიდის, შეუძლია მათი ჩაშლა. თავისი ფორმით, ეს მიუღებელია, რადგან ჩემთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამ მოლაპარაკებებში მთავარ აქტორთან, კონსულტაციებიც კი არ ყოფილა ამ საკითხზე. ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება და, ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტი მომიწოდებს საგანგებოდ მივიდე პარლამენტში, რათა დავარწმუნო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე, რომ უარი თქვას ამ ულტიმატუმზე.

ჯერ კიდევ არ ვარ პარლამენტში მისული, რომ მიკავშირდება და მეუბნება, რომ გავაუქმო ჩემი დემარში, „არ არის საჭირო იმდენად შეუვალია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება“. რეზოლუციას 22 მარტს მიიღებენ, რომელსაც თან ახლავს სადამსჯელო მუქარების მთელი წყება, წყლისა და ელექტროენერგიის შეწყვეტით დაწყებული და უფრო მკაცრი ზომებით გაგრძელებული მისი შეუსრუ­ლებლობის შემთხვევაში.

იმ დროს, მე ძალიან მიამიტი უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რომ დამეჯერებინა, თითქოს პრეზიდენტს არ გააჩნდა საჭირო ძალა მისი უმრავლესობის დასამორ­ჩილებლად.  ნადირაძე მაშინაც იყო და ახლაც არის ძალიან მორჩილი. ესე იგი, მომატყუეს. კიდევ უფრო დიდი აბსურდია იმის ფიქრი, რომ მას სჭირდებოდა ჩემი ჩარევა იმისთვის, რომ შეეკავებინა ინიციატივა, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ იყო ნადირაძის მხრიდან წამოსული ინიციატივა, ისევე, როგორც ბევრი სხვა, რაც ამ პარლამენტში ხდებოდა.

გარდა იმისა, რომ ეს ულტიმატუმი მე პოლიტიკურად გამანადგურებდა, მას ასევე შეეძლო გაენადგურებინა ის მოლაპარაკება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ზოგადად, მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს, ნებისმიერი ულტიმატუმის დასმა წარმოდგენს „ქილერს“, რადგან მეორე მხარე მას წინასწარგამიზნულ, ცუდი განზრახვის მქონე აქტად განიხილავს. მე გამიმართლა იმით, რომ ვისარგებლე [რუსული მხარის] ნდობით და წარმატების მიღწევის ორმხრივი სურვილით, რამაც თავიდან აგვაცილა წინასწარ დაგეგმილი მარცხი. ეს მანევრი მიზნად ისახავდა ზიანის მიყენებას, როგორც ჩემი პერსონალური წარმატებისთვის და იმ პოპულარობისთვის, რომელიც მას შეეძლო ჩემთვის მოეტანა, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, რასაც შეთანხმება გამოიწვევდა. რაც არ უნდა იყოს, ამჯერად, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მოლაპარაკების პროცესი გადარჩა.

ამ პასაჟში, ყურადღებას, პირველ რიგში, იქცევს ქართულ პოლიტიკაში შემთხვევით, გნებავთ, სააკაშვილის პირადი ახირებით, გაჩენილი საშუალო რანგის ფრანგი დიპლომატის არაადეკვატური, კომიკურობის ზღვარზე მყოფი თვითშეფასება, რაც, სავარაუდოდ, იმთავითვე ფრანგულენოვან მკითხველზე იყო გათვლილი, რადგან საქართველოში ეს ტექსტი მეტისმეტად სასაცილოდ იკითხება. შეგახსენებთ, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტთან შუამდგომლობის შედეგად გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე კი საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში. ახლა  წარმოიდგინეთ: ვარდების რევოლუცია, აჭარის რევოლუცია, ჯერ კიდევ პოპულარობის პიკში მყოფი ხელისუფლება, საქართველოს ისტორიული მცდელობა, რუსული გავლენისგან გათავისუფლდეს... და, ამ კონტექსტში, ზურაბიშვილს სურათში შემოჰყავს მისი პირადი პოპულარობა, როგორც ფაქტორი. ნებისმიერი დამკვირვებლისთვის, რომელიც ოდნავ მაინც ჩახედულია იმდროინდელ ქართულ პოლიტიკაში, ღიმილისმომგვრელია ზურაბიშვილის ამგვარი თვითგანდიდება. ეს პასაჟი მხოლოდ ავტორის სუბიექტურობაზე და არაადეკვატურობაზე მეტყველებს, რომელიც, როგორც ჩანს, ბაზების გაყვანის საკითხში, საკუთარ თავს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე სახელმწიფოს.

ამავდროულად, ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ მის მიერ მიღწეულ შეთანხმებას შეეძლო ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება, რაც აბსურდია. 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე, დასავლურმა დიპლომატიამ, რუსეთის ისტორიული სისუსტის მომენტში და დიდი ეკონომიკური წნეხის ფონზე, რუსეთი აიძულა, საქართველოში მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზების დახურვაზე დათანხმებულიყო, რითიც მნიშვნელოვნად სუსტდებოდა რუსული გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე. პუტინის გაპრემიერება და შემდგომი გაპრეზიდენტება მალევე იქცა რუსეთში ანტიდასავლური რევანშიზმის სიმბოლოდ. ამგვარად, ის, რომ თურმე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ათბობდა, რაც სააკაშვილმა მისი პერსონალური გაპოპულარულების არდაშვების მიზნით ჩაშალა, გონიერი მკითხველის მასხრად აგდებაა.

მაგრამ ეს მანევრი კვლავ გამეორდება. 2005 წლის ოქტომბერში უფრო მნიშვნე­ლოვანი მოლაპარაკებები იწყება სულ სხვა დონეზე, ვინაიდან ამჯერად საქმე ეხება პირდაპირ დისკუსიას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სეპარა­ტისტულ კონფლიქტებზე. დიალოგი იწყება სამხრეთ ოსეთზე ბუშის ადმინი­სტრაციასა და პუტინს შორის, სექტემბრის დასაწყისში, ვაშინგტონში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიისას მათი შეხვედრის დროს. მალე ის გაგრძელდება  ლავროვისა და კონდოლიზა რაისის შეხვედრით იმავე თემაზე. საქმე ეხება იმის დადგენას, თუ რამდენად შესაძლებელია კონფლიქტის გადაწყვეტაზე რუსეთთან ერთად მუშაობა, რომლის გასაღებიც ხელთ კრემლს უპყრია. მიზანი ამ საკითხის ეუთოს ყურადღების ცენტრში მოქცევაა დეკემბერში, ლუბლიანაში გასამართი სამიტის დროს. ბუშის ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინსვლა და რუსებიც არ გაურბიან დისკუსიას. ეს უკვე უზარმაზარი პროგრესია. ჩვენი მხრიდან კი მზად ვართ, რომ ამ ორმხრივი მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგი მივიღოთ. ზაფხულში, როდესაც რუსები იწყებენ ბათუმის ბაზიდან გასვლას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს სთავაზობს კონსულტაციების დაწყებას ჩრდილო კავკასიაში არსებულ ვითარებაზე.

აქ, სავარაუდოდ, საუბარი ეხება ე.წ. ერთობლივ კონტრტერორისტულ ცენტრს, რომლის გახსნასაც რუსები ითხოვდნენ სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ. ეს კი ნიშნავდა, რომ რეალურად, ბაზები დარჩებოდა, უბრალოდ, სხვა სახელითა და ამჯერად უკვე ლეგიტიმური სტატუსით.

ეს პირველად ხდება!  აგვისტოს ბოლოს, ასტანაში ტარდება დსთ-ის სამიტი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან პუტინი და სააკაშვილი. ისინი თანხმდებიან, რომ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესაძლებლობას რთველის დასასრულს განიხილავენ. თვითმფრინავში, რომლითაც თბილისში ვბრუნდებით, მე ვარწმუნებ პრეზიდენტს, რომ საჭიროა მოწვევისთვის ოფიციალური სახის მიცემა. დაბრუნებისთანავე ჩემი სამსახური კანცელარიაში აგზავნის წერილის პროექტს, რომელიც არასდროს გაიგზავნება! ის ვიღაცამ დაბლოკა და შეცვალა სხვა წერილით, რომელიც სავსე იყო რუსული შეცდომებით და რომელზეც სააკაშვილის ფაქსიმილე იყო დასმული. ყველა ვინც მას გაეცნო, როგორიც იყო, მაგალითად, თბილისში რუსეთის ელჩი, საკუთარ თავს ეკითხება, ხომ არ გვქონდა საქმე წინასწარ გამიზნულ მცდელობასთან, რომ ჩაშლილიყო ვიზიტი, რომელსაც შეეძლო პროგრესის შეტანა ორმხრივ ურთიერთობებში.

ზურაბიშვილი აგრძელებს შეგნებულად ყალბი სურათის დახატვას, რომ თითქოს რუსეთის მხრიდან იყო ნორმალიზების სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რაც  მის ცივილიზებულ, კონსტრუქცტიულ მიდგომებსა და საქციელში გამოიხატებოდა. ჩნდება განცდა, რომ ნორმალიზებისთვის ძალისხმევას არ აკლებდა არც დასავლეთი და ერთადერთ წინაღობას ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება და მისი გაუგებარი მოტივაცია წარმოადგენდა. ზურაბიშვილი ისევ დასცინის თავმოყვარე მკითხველს, ამტკიცებს რა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარების თემაზე დისკუსიის დაწყება ბუშისა და პუტინის დონეზე იყო გადაწყვეტილი და ეს საკითხი სააკაშვილმა ჩაშალა. სინამდვილეში, 1993 წლის შემდეგ ე.წ. კონფლიქტებთან დაკავშირებით მუდმივად იმართებოდა მაღალი დონის შეხვედრები, თუმცა, მათი მოგვარების მხრივ არანაირი გარღვევა არ შეინიშნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთმა ეს „კონფლიქტები“ შექმნა, გააღვივა, გამოიყენა და გაყინა, როგორც საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი და ამ ბერკეტს, თავისი ნებით, არასდროს დათმობდა. რეალურად, ეს იყო ერთი დიდი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც თავად საქართველოს აწმყოს, ადგილსა და მომავალს შეეხებოდა.

მოსალოდნელი გარდატეხის მაგივრად სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება. ოქტომბრის შუა რიცხვებში, ჩემი გადაყენების პარალელურად, პარლამენტი განიხი­ლავს რეზოლუციას, რომელიც ახალ ულტიმატუმს შეიცავს. ამჯერად მიზან­ში ამოღებულები არიან რუსული სამშვიდობო ძალები, რომლებსაც მოუწო­დებენ, დატოვონ საქართველოს ტერიტორია, თებერვლის შუა რიცხვებამდე - ცხინვალის რეგიონი, ხოლო ივლისის შუა რიცხვებამდე - აფხაზეთი. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველო დენონსირებას გაუკეთებს შეთან­ხმებებს, რომლებიც მათ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს და, ამით, მათ საოკუპაციო ძალებად გამოაცხადებს.

მართალია, რუსულ ძალებს სამშვიდობო სტატუსი გააჩნდათ, რაც მათ ეს სტატუსი ომში საქართველოს დამარცხების შედეგად, პრაქტიკულად იძულებით მიენიჭათ, თუმცა, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა რეალური განცდა, რომ ეს ძალები მართლაც ნეიტრალურ, სამშვიდობო კონტინგენტს წარმოადგენდა. სინამდვილეში, ისინი იყვნენ რუსეთის მიერ ადგილზე ძალის გამოყენებით შექმნილი უმძიმესი რეალობის შენარჩუნების გარანტი. ეს არ იყო მიუკერძოებელი სამშვიდობო ძალა, როგორც ამას შესაბამისი პრაქტიკა მოითხოვს. ზურაბიშვილი ამ საკვანძო გარემოებას უბრალოდ უგულვებელჰყოფს და რუსულ ძალებს კვლავაც მოიხსენიებს სამშვიდობო ძალებად, რითაც მორიგ ჯერზე შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს მკითხველი.

ეს ორმაგი ულტიმატუმი, განსხვავებით თებერვლის ულტიმატუმისგან, თავის მიზანს აღწევს: ასამარებს რუსებს და ამერიკელებს შორის დაწყებულ მოლაპარა­კებებს. იგივე ხდება ეუთოს გეგმებთან დაკავშირებითაც, რომელიც 2005 წლის დეკემბერში ლუბლიანაში უნდა დაწყებულიყო. ქართულ-რუსული ურთიერთ­ობები უარესდება. თბილისი არ ტოვებს საერთაშორისო შეხვედრებს, რომ დეკლარაციებსა და კომუნიკეებში არ დაგმოს რუსული სამშვიდობო ძალების მიკერძოებულობა. ჩემი მცდელობა, რომ კომუნიკეების ამ ომში ზავისთვის მიმეღწია წარუმატებელი გამოდგა. ჩემი წასვლის შემდეგ, ახალი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ნამდვილ სიტყვიერ ესკალაციაში ებმება. ლუბლიანას სამიტზე არანაირ დიალოგს არ აქვს ადგილი. შანსი ხელიდანაა გაშვებული.

ზურაბიშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ყველაფერი ქართული მხარის ბრალია და საქართველოს მიერ საკუთარი ინტერესების დიპლომატიური გზებით დაცვაც კი მიუღებელი ყოფილა. ამჯერად საუბარი ე.წ. „კომუნიკეების ომზეა“. ავტორი თავად ყვება, თუ როგორ ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაენახვებინა, რომ რუსი სამხედროები, რეალურად, არ წარმოადგენდნენ სამშვიდობო კონტინგენტს და მოქმედებდნენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო ზურაბიშვილი, რომელიც, როგორც მინისტრი, ვალდებული იყო, ამ ძალისხმევის ავანგარდში ყოფილიყო, პირიქით - მცდელობას არ აკლებდა, სიმართლე დაემალა და რუსეთისთვის „სახე შეენარჩუნებინა“.

2006 წლის იანვარში, რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ გაზსადენზე მომხდარი აფეთქება, რაც შუა ზამთარში საქართველოს გაზის გარეშე ტოვებს, ძალიან მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებას იწვევს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის. სააკაშვილი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ადანაშაულებს პუტინს, რომელსაც „ლილიპუტინად“ შერაცხავს, ტერაქტის ავტორობაში. რუსეთი ამ ინციდენტში ყოველგვარ პასუხისმგებლობას იცილებს და საქართველოს ურთიერთობების გაფუჭების მცდელობაში სდებს ბრალს. დაძაბულობა მატულობს და ქართული საექსპორტო პროდუქცია რუსეთში პირველი ემბარგოს ქვეშ ექცევა. ვინ არის სინამდვილეში პასუხისმგებელი? ორივე მხარე.

ეს გამაოგნებელი აბზაცი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მიყვეთ ფაქტებს: (ა) რუსეთის მიერ ენერგეტიკის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოყენება მეზობლების წინააღმდეგ, პუტინის პირობებში, რუსული საგარეო პოლიტიკის რუტინული მეთოდია; (ბ) 2006 წლის იანვარში, ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში, აფეთქებები მოხდა საქართველოს საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე, ერთდროულად სამ ენერგომაგისტრალზე, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა სამივე ენერგოობიექტი და საქართველო ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დატოვა; და (გ) ალბათობა იმისა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და არა შეგნებული რუსული დივერსია საქართველოს წინააღმდეგ, ნულის ტოლია.

დივერსიის მიზანი, სავარაუდოდ, საქართველოს დამოუკიდებელი, პროდასავლური პოლიტიკის შეცვლა და წარმატებული შიდა რეფორმების შეჩერებაა. ამ ვითარებაში, სალომე ზურაბიშვილი არ საუბრობს რუსეთის მიზნებზე, საქართველოს ხელთ არსებულ საპასუხო ბერკეტებზე და სააკაშვილს პასუხის ფორმას უწუნებს! ის წუხს იმაზე, რომ თურმე საქართველომ ამ ბარბაროსულ, არაჰუმანურ დივერსიაში ბრალი „ყოველგვარი ყოყმანის გარეშე“ დასდო პუტინს (არადა, იქნებ მართლაც შემთხვევითობა იყო ის სამი აფეთქება, როგორც რუსები ამბობდნენ, არა?). ზურაბიშვილი ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ თითქოს სააკაშვილმა პუტინს „ლილიპუტინი“ უწოდა (რისი დამადასტურებელი ფაქტიც არ არსებობს, რუსული პროპაგანდისტული ჭორების გარდა, რომლის გამავრცელებლადაც ავტორი გვევლინება), რაც სახელმწიფოთა შორის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ზურაბიშვილი ასკვნის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიული აქტები საქართველოს ბრალიცაა („ვინ არის სინამდვილეში პასუხისმგებელი? ორივე მხარე“), რითიც მთლიანად აზავებს აგრესორი მხარის პასუხისმგებლობას და საუბარი დამნაშავის მოტივიდან მსხვერპლის რეაქციის ფორმაზე გადააქვს... განა ზუსტად ეს არ სურს რუსეთს?

ამის შემდეგ ორივე თავისას უმატებს: ქართული მხრიდან არ წყდება შეურაც­ხყოფები, რაც სუსტის იარაღია. რუსეთის მხრიდან კი ადგილი აქვს უზარ­მაზარი სპექტრის შესაძლებლობების გამოყენებას, რის საშუალებასაც ძალა იძლევა (რუსული პასპორტების დარიგება აფხაზეთის მაცხოვრებლებში, რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მიერ საზღვრის არაერთი კვეთა ქართული ვიზის გარეშე, პირდაპირი ინვესტიციები აფხაზურ რივიერაზე საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე), და ყველაფერი ეს საერთაშორისო სამართლის და რუსეთის მხრიდან ხელმოწერილი ვალდებულებების მიუხედავად, რითაც ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. რუსეთი იწყებს სეპარატისტული ტერიტორიების „მცოცავი ანექსიის“ პოლიტიკას.

ამავე ზაფხულს პრეზიდენტი სააკაშვილი გასცემს რუსული გემების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაარღვევენ. რუსეთი გმობს ამ „კრიმინალურ ბრძანებას“, თბილისს სამოქალაქო პირების მისამართით მუქარაში ადანაშაულებს და საქართველოს საომარ განწყობებზე მიუთითებს. 

სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით, რუსული ბლოკადა ვრცელდება ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტზე, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართულ ეკონომიკას. თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი რუსებს კამერების წინ იწვევს: ღვინის ფალსიფიცირების ბრალდებას ის აგრესული ფორმულით პასუხობს: „ჩვენი ღვინო, თუნდაც ფეკალიებთან იყოს ის შერეული, რუსებისთვის მაინც კარგია!“. რუსული საზოგადოება მტკივნეულად რეაგირებს, ღებულობს რა მას ეროვნულ შეურაცხყოფად. ქართველებისთვის კი ღვინის ბლოკადა არა მხოლოდ ეკონომიკის სასიცოცხლო ნერვს ეხება, არამედ ასევე პატრიოტულ სიმებს: საქართველოში ვაზი ეროვნულობის და რელიგიის სიმბოლოა. ამ დაპირისპირებით, რომელსაც ირაციონალიზმის და ემოციის სფეროში შევყავართ, ხდება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა.

2006 წლის სექტემბერში, რუსეთის დაზვერვის ოთხი ოფიცრის დაკავებით კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ამ აგენტებს აკავებენ და ექსტრადირებას უკეთებენ საჯაროდ, ანტირუსული რიტორიკის თანხლებით, რაც არ შეესაბამება იმ ჩვეულებას, რასაც მსგავსი საქმეების მოსაგვარებლად იყენებენ ხოლმე. მოსკოვი ამას პასუხობს ოთხასი ქართველის გამოძევებით, რომლებიც ქვეყანაში „საქონლის“ სატვირთო თვითმფრინავებით ჩამოჰყავთ. ეს არის რასისტული კამპანიის ყველაზე მკაფიო ფორმა, განხორციელებული ოფიციალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რომელიც იძენს „კავკასიელებზე ნადირობის“ სახეს რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში. ამას ემატება საჰაერო გზების ბლოკადა, ვიზების გაუქმება, ემბარგო ყველანაირი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და, ბოლოს, ელჩების გაწვევა.

დავაკვირდეთ - ზურაბიშვილს რუსეთის ყველა დანაშაულებრივი ნაბიჯი დახატული აქვს, როგორც პასუხი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებზე. არადა, შორს რომ არ წავიდეთ, დაკავებული ჯაშუშები საქართველოში ძირგამომთხრელი, დივერსანტული და ტერორისტული საქმიანობით იყვნენ დაკავებული (აქვე გავიხსენოთ მათ მიერ ორგანიზებული გორის ტერაქტი).

 

ეს ჯერ კიდევ არ არის ომი, მაგრამ ვუახლოვდებით ომს.

ვალში რომ არ დარჩეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იძლევა ხმაურიან დაპირებას: „2007 წლის პირველ იანვარს მე ცხინვალში შევხვდები“, რასაც ყველა დიდ პოლიტიკურ გარდატეხად აღიქვამს. საქართველო აღარ გამორიცხავს პრობლემიდან სამხედრო გამოსავალს. მით უმეტეს, რომ არავინ უარყოფს თავდაცვის მინისტრის სიტყვებს.

ესკალაციაში ორივე მხარეა ჩართული, თითოეული თავის პარტიას თამაშობს და ეფექტურად ისვრიან ბურთს ერთმანეთის მოედანზე. და ამით ორივე სარგებლობს. რუსეთის მოსახლეობა პუტინის მადლობელია იმისთვის, რომ თავისუფლებას ანიჭებს რასიზმს, რომელიც აქამდე ლატენტური ფორმით არსებობდა და გამოხატვაღა აკლდა. ყველაფერი, რაც საქართველოსთვის კარგი გაკვეთილის სწავლებას ჰგავს, პუტინის პოპულარობას ზრდის. თავის მხრივ, სააკაშვილიც თამაშობს პატრიოტულ განწყობებზე, ეხმიანება მოქალაქეების მოლოდინებს და, 2006 წლის 5 ოქტომბერს, იგებს ადგილობრივ არჩევნებს, გარკვეულწილად, რუსი ჯაშუშების წყალობით. ნერვების ამ ომში ყველა საშუალება მისაღებია. ორი არადემოკრატიული რეჟიმი სიმეტრიულ საშუალებებს იყენებს იმისთვის, რომ გამოაღვიძონ თავიანთი მოსახლეობის მიძინებული დემონები და ამ გზით სულ უფრო მეტი პოპულარობა მოიხვეჭონ. 2006 წელი წარმოადგენს კონფლიქტებში პროგრესის მიღწევის იმედების დასასრულს. და, ასევე, პირველ სერიოზულ ბზარს ნატოსთან და ევროპის კავშირთან საქართველოს დაახლოების კალენდარში. 

აქ ზურაბიშვილი საუბრობს, როგორც მესამე მხარის წარმომადგენელი ცინიკოსი „ექსპერტი“. მისი ვითომ დისტანცირებითა და მორალური ნეიტრალიტეტით ტოლობის ნიშანს სვამს აგრესორსა და მსხვერპლს შორის. რუსეთის მიზანიც ესაა - აჩვენოს, რომ საქართველოც დამნაშავეა, რომ სააკაშვილის საქართველოც (რომელსაც მსოფლიოში ბევრი „დემოკრატიის შუქურად“ და წარმატებული რეფორმების მაგალითად მიიჩნევს) ისეთივე „რეჟიმია“, როგორიც პუტინის რუსეთი. ზურაბიშვილი განგებ ერთ სიბრტყეში განიხილავს რუსეთის ფაშისტურ პოლიტიკას ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნისას და საქართველოს სუვერენული ხელისუფლების თუნდაც პოპულისტურ, მაგრამ ლეგიტიმურ მცდელობას, გამოავლინოს მტრული ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები... მაგრამ ვერც ერთი რუსი ჩინოვნიკის სიტყვები ვერ იქნება გარე სამყაროსთვის ისეთი სარწმუნო და დამაჯერებელი, როგორც ფორმალურად „ქართველი“ პოლიტიკოსის ტექსტი. სწორედ ამ როლს ასრულებს ზურაბიშვილი პირნათლად.

2007 წელს კიდევ ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით ღია კონფრონტაციას. რუსეთი აძლიერებს ორმაგი სტანდარტების გატარებისა და კონფლიქტის ზონებში თანდათანობით ფეხის მოკიდების პოლიტიკას. ოლიმპიური კომიტეტის მიერ სოჭის, როგორც ოლიმპიური თამაშების კანდიდატ ქალაქად მიღება ახალ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის. აფხაზეთის ცხვირწინ მასიურმა ინვესტიციებმა შესაძლოა მას რუსეთისკენ უბიძგოს. რუსეთი აძლიერებს თავის ყოფნას სეპარატისტულ ტერიტორიებზე.

ამ დაპირისპირებაში რუსეთზე წამახალისებლად მოქმედებს ის ცვლილება, რომელიც ძალთა ბალანსში შეიმჩნევა: ის გრძნობს, რომ საქართველო სუსტია რევოლუციის შედეგად გაჩენილი უთანხმოების გამო, რომ მისი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკური კრიზისით კიდევ უფრო მძაფრდება. რუსეთი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ძალთა გლობალური ბალანსის ცვლილების მიმართ: საქართველოს მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები, დასუსტებულია. ეს აღარ არის 2004 წლის ტრიუმფატორი ამერიკა, ეს 2007 წლის ამერიკაა, რომელიც ჩაფლულია ერაყსა და ავღანეთში, პრეზიდენტით, რომლის რეიტინგიც კლებულობს და რომელიც აღარ წარმოადგენს სანდო პროტექტორს. ამის საპირისპიროდ, რუსეთი საკუთარ ძალებში უფრო დარწმუნებულია, ნავთობსა და წიაღისეულზე ფასების ზრდა ზრდის მის შემოსავლებს და აძლიერებს მას.

ზურაბიშვილის მტკიცებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო დასუსტდა, რაც არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ სიცრუეა, რაც რიცხვებით არ დასტურდება. ყველა მონაცემით, საქართველო მნიშვნელოვან, გაზომვად, საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრესს განიცდის. იზრდება ეკონომიკა, მყარდება წესრიგი, საქართველო ხვდება საერთაშორისო რეიტინგებში, როგორც მოწინავე რეფორმატორი, მაღლდება ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობა და იმიჯი, რაც ითარგმნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაში, ინვესტიციები ხორციელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს უფრო დაცულს ხდის. არც ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩენილ ე.წ. უთანხმოებას დაუსუსტებია საქართველო. პირველ წლებში, პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან მაღალი ნდობის მანდატი ჰქონდა, რომელიც მართალია, 2007 წელს შესუსტდა, მაგრამ ის მაინც საკმარისად მაღალი იყო საიმისოდ, რომ ქვეყანაში სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო შენარჩუნებულიყო. ამდენად, ზურაბიშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ საქართველო რევოლუციის შემდეგ დასუსტდა. ასევე აბსურდულია იმის მტკიცება, რომ აშშ-ს თითქოს დასუსტებულ როლს უარყოფითი გავლენა აქვს დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე. სინამდვილეში, ამ პერიოდში, ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა, რადგან ის წარმოადგენს რეგიონში რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითს. აშშ-ის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, სადაც საკვანძო ადგილს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის გავრცელება და ხელშეწყობა იკავებს, ამ პერიოდში, საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა არის ისტორიულად მაღალი, რასაც საქართველო იყენებს კიდეც. ნიშანდობლივია, რომ ამ აბზაცში ზურაბიშვილი აშშ-ს „პროტექტორად“ მოიხსენიებს, რაც ტექსტში ჩაწნული მორიგი რუსული პროპაგანგისტული კლიშეა.

რუსეთს აქვს ცდუნება, ისარგებლოს საქართველოს სისუსტით და ნაკლები დანახარჯებით მოახდინოს ძალის და დაშოშმინების დემონსტრაცია, კვლავ მოიკიდოს ფეხი კავკასიაში, რომლის დაკარგვაც მას ვერ აუტანია და შური იძიოს დამცირებისთვის. ის საბაბს ეძებს. აწყობს პროვოკაციებს. მას სურს საქართველოს შეცდომისკენ უბიძგოს. ის ამას იმაზე ადვილად მიაღწევს, ვიდრე შეიძლება ამის იმედი ჰქონოდა.

ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთმა კავკასია დაკარგა, რაც, სამწუხაროდ, ტყუილია. რუსეთი კავკასიიდან ბოლომდე არასდროს გასულა, მას ჰქონდა რეგიონში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა და ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებსაც 2008 წლისთვის უბრალოდ ჯერ არ ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი, თუმცა, ფაქტობრივად ოკუპირებული იყო. ზურაბიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რუსეთს „დაბრუნებისთვის“ ქართული მხარის „შეცდომა“ სჭირდება. არადა, რუსეთს სულ ჰყავდა მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი როგორც აფხაზეთში, ასევე - ცხინვალის რეგიონში.

სააკაშვილი წინ უსწრებს მის მოლოდინებს შედის რა ამ თამაშში. რაც უფრო მეტად გრძნობს საქართველოს პრეზიდენტი მისი პოპულარობის კლებას, მით უფრო მეტი ცდუნება აქვს, რომ პატრიოტულ მოტივებზე ითამაშოს, გამოიყენოს სამხედრო რიტორიკა და გააკეთოს ტერიტორიების დაბრუნების დაპირებები.

რაც უფრო მეტად გრძნობს რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ძლიერების ზრდას და მისი მეზობლების, უკრაინის და საქართველოს ან მათი მფარველი ამერიკის სისუსტეებს და დასავლეთის ბანაკში განხეთქილებას ნატოში ამ ორი ქვეყნის მიღების თაობაზე, მით უფრო მეტი ცდუნება აქვს, რომ ისარგებლოს ამ განხეთქილებით და ხმას აუწიოს.

ზურაბიშვილი ისევ რუსულ პროპაგანდისტულ კლიშეს იყენებს, როცა ამბობს, რომ უკრაინას და საქართველოს (იგულისხმება ფერადი რევოლუციების შედეგად მოსული ხელისუფლებები) „მფარველები“ დასავლეთში ჰყავს.

ესკალაციის ამ დინამიკას კონფლიქტისაკენ მივყავართ და ამ გზაზე არცერთ მხარეს არ აქვს გაჩერების სურვილი. 2008 წლის დასაწყისში კადრი მზადაა, სცენარი დაწერილია და ეს არის დაანონსებული ომის სცენარი.

მაქსიმალური კონფრონტაციის ოფციას ზურგს უმაგრებს ის მოსაზრება, რომ დაძაბულობის სტრატეგია  ხელს უწყობს ამერიკელი მოკავშირეების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას და რომ ის ზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას. მაშ ბოლომდე რატომ არ უნდა გავყვეთ ამ ლოგიკას და არ უნდა ვეცადოთ, რომ თავშეკავებულმა ამერიკელებმა „ხელი გაანძრიონ“ რუსეთთან ღია კონფლიქტში მყოფი საქართველოს დასაცავად, რატომ არ უნდა ჩავაყენოთ ვაშინგტონი ისეთ სიტუაციაში, როცა ის ვეღარ შეძლებს მისი პატარა და ერთგული მოკავშირის მიტოვებას? უშედეგო და დროში გაწელილი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის მაგივრად, რომელიც ქვეყანას გამოფიტავს, უკეთესი არ იქნებოდა გაგვერისკა სიმსივნის ამოკვეთა? იმისთვის, რომ გამოჩნდეს რუსეთის ნამდვილი სახე და აგრესიულობა და იმისთვის, რომ საქართველო მსხვერპლად წარმოჩინდეს, რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ომი?

რუსეთის მიერ პოზიციების გამყარების, ტერიტორიების მუდმივი მიტაცების და პროვოკაციების წინაშე, სააკაშვილი ცდილობს არ ჩამორჩეს და არ გაუცრუოს მოლოდინები თავის მოსახლეობას. აქცია რა ტერიტორიების შემოერთება მთავარ საარჩევნო დაპირებად, დაიფიცა რა, რომ ხელისუფლებიდან ისე არ წავა, რომ არ აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მან უნდა აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ რუსეთის წინაშე კარგად უჭირავს თავი და წარმატებას აღწევს.

ნამდვილი გამარჯვებების ნაცვლად ცრუ მიღწევები და ტყუილები კვებავს პროპაგანდას. მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს მომავალში...

ამგვარად, საპოლიციო ოპერაცია აფხაზეთის მიმდებარედ, კოდორის ხეობაზე კონტროლის აღდგენის საშუალებას იძლევა, რომელიც 15 წლის მანძილზე ადგილობრივ ქართულ შეიარაღებულ ბანდებს[sic] ეკავათ. საქართველოს ხელისუფლება არ წყვეტს, წარმოაჩინოს კონტროლის აღდგენა, როგორც ტერიტორიის შემოერთება. ამ მოსაზრების გასამყარებლად მაღალმთიან ხეობას სახელად ერქმევა „ზემო აფხაზეთი“. სინამდვილეში ეს არის ტყუილი, ვინაიდან აღნიშნული ხეობა არასდროს ყოფილა აფხაზების და შესაბამისად მათ ვერ ჩამოერთმეოდა.

ეს ტყუილი ძალიან ძვირი დაჯდება: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აფხაზური და რუსული ძალები კოდორის ხეობაში შევლენ, გამოიჭერენ რა ერთგვარად საქართველოს სიტყვაზე. თუ კოდორის ხეობა აფხაზეთის ნაწილია, მისი დაბრუნებაც ლეგიტიმურია!

ეს პასაჟი გამაოგნებლად არაკომპეტენტური იქნებოდა ის რომ პოლიტიკური მეცნიერებების გრენლანდიელ პირველკურსელს დაეწერა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას მაღალი რანგის, გამოცდილი ფრანგი დიპლომატი წერს, აქ არაკომპეტენტურობის ვერსია ძნელი დასაჯერებელია. რჩება მხოლოდ ერთი ახსნა - ის, რომ ეს შეგნებულად, მიზანმიმართულად კეთდება, მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომაში შესაყვანად, „ისრების“ საქართველოზე გადმოსატანად და რუსეთის დაპყრობითი ომის გასამართლებლად. ფაქტია, რომ კოდორის ხეობა შედიოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომლის დიდ ნაწილს, 1992-1993 წლის ომის შემდეგ, რუსები და მათი სეპარატისტი მარიონეტები აკონტროლებდნენ. ის, რომ 2008 წლის ომის დროს რუსების მიერ კოდორის ხეობის დაპყრობის და იქიდან ქართველების გამოძევების საფუძველი მისი „ზემო აფხაზეთად“ მოხსენიება გახდა, ისეთი უტიფარი ტყუილია, რომ მისი გამეორება ყველაზე თავხედ რუს პროპაგანდისტსაც კი გააწითლებდა. მაგრამ არა სალომე ზურაბიშვილს.

სამხრეთ ოსეთი, იგივე ცხინვალის რეგიონი  ქართული დასახელებით, სხვაგვარი მანიპულაციის ადგილია. სააკაშვილი გადაწყვეტს, რომ შექმნას თბილისის მიმართ ერთგული ალტერნატიული სეპარატისტული მთავრობა იმისთვის, რომ მარცხი აწვნიოს სეპარატისტულ რეჟიმს, რომელსაც მართავს მოსკოვის მარიონეტი ედუარდ კოკოითი. გულუხვობის საჩვენებლად, ის ამ ლოიალურ მთავრობას აძლევს დედაქალაქს (ქურთა), ადმინისტრაციას, ბიუჯეტს (რამდენიმე მილიონი დოლარი), პრეზიდენტს (დიმიტრი სანაკოევი) და ტერიტორიას (ლიახვის და ახალგორის ხეობები, რომლებიც უპირატესად ქართველებით არის დასახლებული და რომლებიც 1992 წლის ომიდან მოყოლებული თბილისის კონტროლს ქვეშაა დარჩენილი). იმისთვის, რომ თავის სეპარატისტებს სასურველი ლეგიტიმაცია მიანიჭოს, სააკაშვილი თბილისის მიერ კონტროლირებად ნაწილში საპრეზიდენტო არჩევნებსაც კი ჩაატარებს. ამრიგად, მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაამყაროს ორი პრეზიდენტით ორი სეპარატისტული რეჟიმის სქემა, სააკაშვილი ამკვიდრებს სამხრეთ ოსეთის დასახელებას და წინასწარ უკეთებს ერთგვარ ლეგიტიმაციას იმ საზღვრებს, რასაც ხვალ რუსეთი დამოუკიდებელი ოსეთის საზღვრებად აღიარებს.

„გულუხვობის“ საჩვენებლად არა, სანაკოევის დანიშვნა ქართული ხელისუფლების პოლიტიკური სვლა იყო, რომლის მიზანშეწონილობაზე დავა შესაძლებელია. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ზურაბიშვილი ისევ საქართველოს აბრალებს რუსეთის უკანონო ქმედებებს, თითქოს სააკაშვილის შიდაპოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია რუსების მიერ ახალგორის რაიონის ოკუპაცია 2008 წლის ომის დროს. სინამდვილეში, რუსეთი ხელმძღვანელობდა რუსული და საბჭოთა რუკებით, რომლებშიც ახალგორის რაიონი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა და, როგორც ასეთი, „ექვემდებარებოდა“ ოკუპაციას.

 

მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკების მცდელობები

სააკაშვილმა იცის, რომ მისი პოპულარობა ეცემა და იგი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თემის გარშემო აგებულ პატრიოტულ პროპაგანდაზე. ის მოუთმენლობას ავლენს კონფლიქტის მოგვარების უიმედოდ გაყინული პროცესის და ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეების გადაჭარბებული სიფრთხილის მიმართ. ნატოში მიღების საკითხში სწრაფ პროგრესთან დაკავშირებული მოლოდინები, რასაც ის ასე ესწრაფვის უფრო საკუთარი პოპულარობის მოხვეჭის, ვიდრე სტრატეგიული ხედვის გამო,  შორეული ხდება.

იმის გამო, რომ ზურაბიშვილის თხრობის სტილი საკმაოდ ქაოტურია, ძნელია იმის გაგება, თუ რომელ აბზაცში რომელ პერიოდზე საუბრობს. წინა აბზაცებში ავტორი საუბრობს ომამდე არსებულ ვითარებაზე. თუ ამ აბზაცშიც იგივე პერიოდზეა საუბარი, მაშინ ზურაბიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ნატოში მიღების საკითხში სწრაფ პროგრესთან დაკავშირებული მოლოდინები შორეული ხდება. 2007-2008 წლებში საქართველოსა და ნატოს შორის ინტეგრაცია პიკს აღწევს და პირველი იმედგაცრუება მხოლოდ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ, როდესაც მერკელმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება დაბლოკა, მაგრამ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. ტყუილია ისიც, რომ ნატოში ინტეგრაცია სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო უფრო შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის, ვიდრე სტრატეგიული ხედვის გამო. სწორედ ენმ-ს მმართველობის პერიოდში მიიღო საქართველოს ევროატლანტიკურმა მისწრაფებებმა სისტემური სახე.

მოსკოვთან მოლაპარაკების წარმოების მცდელობა, რომელსაც ხელთ უპყრია კონფლიქტების გადაწყვეტის გასაღები და, აქედან გამომდინარე, ირიბად თბილისში ძალაუფლებისაც, ახსნადია. მით უმეტეს, რომ დემოკრატია მოიკოჭლებს და სააკაშვილი ძალიან კარგად იცნობს მის დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ არ იცოდეს, რომ მისი სვლა ავტოკრატიისკენ ერთ დღესაც მის მიმართ უმწვავესი კრიტიკით დამთავრდება. ამ დროს ხომ არ აქვს მას ცდუნება, რომ დაუახლოვდეს რუსეთს, რომლისგანაც დემოკრატიის გაკვეთილები ნაკლებად მოსალოდნელია? ეს დაახლოება საჯაროდ წარმოუდგენელია, რადგან რუსეთი, როგორც საფრთხობელა აუცილებელი საკვებია პოპულიზმისა, რომელშიც რეჟიმი ეფლობა. აქედან გამომდინარე, თუ შეთანხმება შედგება, ეს უნდა იყოს მხოლოდ საიდუმლო გარიგების გზით.  

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ დასავლეთი ავტოკრატიისკენ სვლას კრიტიკით უპასუხებდა, ამიტომ ლოგიკურია, რომ სააკაშვილს ჰქონოდა რუსეთთან დაახლოების მცდელობა, რომლის მხრიდანაც დემოკრატიასთან დაკავშირებით გაკვეთილები ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ერთადერთი რამ, რის გამოც სააკაშვილის ხელისუფლება შესაძლოა რუსეთს დაახლოვებოდა, ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის საკითხია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიხვდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა, რუსეთთან მოლაპარაკებების მცდელობები დასრულდა. ზურაბიშვილის თეზისი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ იხრება, არის უარგუმენტო, სპეკულაციური და, რუსულ პროპაგანდისტულ სტილში, მიმართულია მკითხველის დაბნევაზე. კიდევ უფრო გაუგებარია კონსპირაციული ვარაუდი შესაძლო საიდუმლო მოლაპარაკებაზე, რაზეც სრულიად არაფერი მიანიშნებს.

აგვისტოს კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე, სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2004 წელს პუტინთან მისი პირველი და ხანგრძლივი შეხვედრის დროს, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, პუტინმა სთხოვა, რომ ცოტა დრო მიეცა მისთვის აჭარის რევოლუციის „მოსანელებლად“, შემდეგ კი ის სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებითაც დაკავდებოდა „ერთ ან ორ წელიწადში“! თუმცა მხოლოდ ერთი პირობით: სააკაშვილმა არ უნდა სცადოს დაჩქარება.

თუ ეს სიმართლეა, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პუტინმა 2004 წლის ინციდენტი ამ ფარული გარიგებისთვის მიყენებულ დარტყმად ჩათვალა. აქაც კითხვებს ბადებს რუსული მხარის მიერ აღებული, მით უმეტეს საიდუმლო სახის ვალდებულებების სანდოობა.

ნიშანდობლივია, რომ ზურაბიშვილი პუტინის მიერ თითქოს ნათქვამ სიტყვებს, რომლის არც წყარო ვიცით და რომლებიც არაფრით დასრუდება, სანდოობის მაღალ ხარისხს ანიჭებს და დარწმუნებით გვთავაზობს ვერსიას, რომ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა პუტინი „გადააგდო“.

როგორ ვენდოთ რუსეთთან საიდუმლო შეთანხმებას, ან რატომ უნდა ვენდოთ, როდესაც ვიცით რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორია?

ზურაბიშვილი აქაც იგივეს აგრძელებს. გავიხსენოთ, რომ საიდუმლო შეთანხმების ფაქტი არაფრით დასტურდება. ერთი სპეკულაციული არგუმენტითაც კი. მხოლოდ მისი ვარაუდებითა და მის მიერვე მოყოლილი ჭორებით სულდგმულობს ეს კონსპირაციული ვერსია. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი ამ ჭორს უკვე მოცემულობად ასაღებს და მის მიერვე შექმნილ ფანტომს ესხმის თავს.

და ასევე, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ რუსეთი, რომელიც დიდი სახელმწიფოს სახელის აღდგენას ესწრაფვის, მზად იქნება, რომ, კონფიდენციალური შეთანხმების პირობებში, დათანხმდეს იმას, რაც მსოფლიოს მიერ აღქმული იქნება როგორც მისი უკან დახევა კავკასიაში, სადაც ის უკვე ათწლეულებია უკან იხევს? ამ კითხვებზე გარკვეულ პასუხს იძლევა 2007 წლის ოქტომბერში განმუხურის ეპიზოდი. პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც თან ახლავს რამდენიმე შეიარაღებული პირი, პირადად უპირისპირდება სამშვიდობო ძალების რუს ოფიცრებს და მათ „უკან ახევინებს“. შესაძლოა ეს სიმბოლური „უკან დახევა“ აჯერებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნაწილობრივ რუსული გასვლა, რომელსაც მას პირდებიან, რეალურია. მას ცდუნება იპყრობს.

ამ აბზაცში, ზურაბიშვილის კონსპირაციული ვერსია უკვე ახალ ელფერს იძენს. რეალურად, ვერსია სრულიად სპეკულაციური და ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აშკარაა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას დახურულ კარს მიღმა რა თემები განიხილებოდა პრეზიდენტების შეხვედრაზე. სრულიად გაუგებარია, თუ რას ეყრდნობა ზურაბიშვილი, როდესაც იგი სააკაშვილს პუტინთან საიდუმლო გარიგებაში ადანაშაულებს, საკუთარი ფანტაზიის გარდა, როცა ასეთი გარიგება არცერთი ფაქტით არ დასტურდება.

ქვეყნის შიგნით, 2007 წლის ნოემბრის აქციების და 7 ნოემბრის რეპრესიის შემდეგ, რომელიც „იმედის“ ტელევიზიაში შეჭრით მთავრდება, ჩქარდება სვლა ავტორიტარიზმისკენ. ამერიკელების ზეწოლით დანიშნული არჩევნების და მედიის ნაწილობრივ გახსნის შემდეგ, სააკაშვილმა იცის, რომ მისი „იძულებითი დემოკრატიზაციის“ წამზომი ჩართულია. საპრეზიდენტო და საპარლამენტი არჩევნები ვერ ახერხებს იმ კრიზისის გადაჭრას რომელშიც ქვეყანა ეფლობა. იმისთვის, რომ სახე აღიდგინოს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით კი პოპულარობა, ასევე აღადგინოს ოქროს ფასად ნაყიდი არჩევნების შემდეგ გამოლეული ფინანსები, მხოლოდ ერთი გამოსავალია: ომი. გაზაფხულიდან მოყოლებული იზრდება ინციდენტების რაოდენობა აფხაზეთში. მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ კატეგორიული ფორმით გაფრთხილება, რასაც თან ახლავს კონდოლიზა რაისის ვიზიტი 2008 წლის ივლისში, დროებით აჩერებს ამ მისწრაფებას. ასეთი მკაფიო გაფრთხილება ქართულ რეჟიმს მწვავე დილემის წინაშე აყენებს: სიფრთხილისკენ ამერიკელების მოწოდებები, დემოკრატიის ნაკლებობის შესახებ მზარდი კრიტიკა, კონფლიქტის ზონებში პროგრესის არარსებობა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინების გადავადება 2007 წლის დეკემბრის მინისტერიალსა და 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე, ყველაფერი ეს ადგილობრივ ხელისუფლებას არ უტოვებს მანევრირების არეალს იმისთვის, რომ შეძლოს კონსოლიდირება და გაძლიერდეს.

რა გახშირებულ ინციდენტებზე საუბრობს ავტორი? რით საბუთდება, რომ ეს ინციდენტები ქართული მხარის მიერ იყო ინსცენირებული და არა რუსული პროვოკაცია? მტკიცებულების გარეშე საუბარი არის სპეკულაციური და მიზნად ისახავს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას მკითხველისთვის, მისი გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მიზნით. ის, რომ თურმე სააკაშვილს ომი სჭირდებოდა, არის რუსული პროპაგანდისტული გზავნილის გამეორება, რუსეთის აგრესიის გამართლების მიზნით, არ დასტურდება ერთი მტკიცებულებითაც კი და არ არის გაზიარებული არც ერთი(!) ავტორიტეტული მკვლევარის, დიპლომატის ან პოლიტიკოსის მიერ.

სასწორი ჩრდილოელი მეზობლისკენ იწყებს გადახრას, რომელსაც რამდენიმე გასაღები უპყრია ხელთ: ეკონომიკური განვითარების, ვინაიდან უახლოეს პერიოდში ის არის ერთადერთი პოტენციური ბაზარი და ასევე ის არის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი ქართული აქტივების პრივატიზაციის საქმეში; კონფლიქტების მოგვარების; და ბოლოს, თბილისმა იცის, რომ ის არის ისეთი პარტნიორი ვისი შეგონებებისაც დემოკრატიის სფეროში  მას არ უნდა ეშინოდეს. ეს არის სერიოზული არგუმენტები ზოგიერთებისთვის ქართული ხელისუფლების შიგნით, რომლებიც სერიოზულად იწყებენ ფიქრს რუსულ არჩევანზე.

დასავლური აზროვნებისთვის რთული წარმოსადგენია თუ როგორ შეიძლება სააკაშვილსა და პუტინს ერთმანეთი სძულდეთ და, ამავე დროს, ამ ორ ლიდერს შორის ინტერესთა თანხვედრა არსებობდეს. არადა ასეთი ინტერესები არსებობს: სააკაშვილს სურს ტერიტორიების მცირე ნაწილი მაინც დაიბრუნოს და საკუთარ მოსახლეობაში ნდობა აღიდგინოს იმისთვის, რომ კვლავ გაიმყაროს თავისი პოზიცია. პუტინი კი ცდილობს, რომ სააკაშვილს გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რაც მას საბოლოოდ მოუჭრის გზას ნატოსკენ და დააკარგვინებს ამერიკელების უპირობო მხარდაჭერას. თითოეული მათგანისთვის საქმე ეხება საკუთარი ძალაუფლების გამყარებას.

ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად ხდის  გასაგებს იმას თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. გვიჭირს წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი ამ ავანტიურაში ისე გადაეშვა, რომ გვერდი აუარა ვაშინგტონის მხრიდან საჯაროდ გამოხატულ მოწოდებას და რომ იცოდა, ვერ დაეყრდნობოდა ამერიკელების და ევროპელების მხარდაჭერას, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტობის პირობებში, რომლის სიმპატიები საქართველოს მიმართ სუსტია პარიზის ტრადიციული პრორუსული განწყობების გამო.

დაეყრდნო საკუთარ სამხედრო ძალას რუსებთან ბრძოლაში - წარმოუდგენელია! ათასიდან ერთი შანსიც კი არ არის. ქართულ არმიას არ შეუძლია რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე გამარჯვება მიუხედავად მნიშვნელოვანი დანახარჯებისა შეიარაღების შესყიდვაზე და მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელიც მიღწეულ იქნა ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის წყალობით. ამ ყველაფრის მიუხედავად ქართული არმია რჩება ჩანასახოვან მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს მისი დიდი ჩრდილოელი მეზობლისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. მას ასევე არ შეუძლია გათვლა გააკეთოს რეზერვისტებზე, ვინაიდან ამ ახალგაზრდებს გავლილი აქვთ, არც მეტი არც ნაკლები, ორ კვირიანი წვრთნა. ორი აზრი არაა, მას ასევე არ შეუძლია, გათვლა გააკეთოს მოულოდნელობის ეფექტზე. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის დასაწყისიდან კონფლიქტურ ზონებში ინციდენტებმა იმატა და ყველას გამახვილებული აქვს ყურადღება. და თუ ოფიციალური ქართული რიტორიკა არ მალავს მის სამხედრო ამბიციებს, მეორე მხრიდანაც, რუსული საფრენი აპარატების უწყვეტი რეიდები და დიდი მასშტაბის სამხედრო სწავლება „კავკაზ“, რომელიც ივლისის თვეში საზღვრის რუსულ მხარეს, ასობით ტანკის და ათასობით სამხედროს მონაწილეობით გაიმართა, აჩვენებს, რომ მოსკოვი ყველაფერზეა წამსვლელი.

როგორ უნდა შეფასდეს წამოწყებული ოპერაცია მაშინ, როცა ნათელია, რომ ის ვერ დაეყრდნობა ვერც უპირატესობის ეფექტს, ვერც სიურპრიზის ეფექტს, ვერც ვერავის მხრიდან დახმარებას, და რომლის შეფარდება ძლიერების თვალსაზრისით ერთი ოცდაათთანაა? ან საქმე გვაქვს თვითმკვლელ ოპერაციასთან, რაშიც მხოლოდ შეშლილ პრეზიდენტს შეეძლო საკუთარი ქვეყნის გახვევა, ან ოპერაციასთან, რომელიც სხვა რამის დასაფარად არის გამიზნული, მაგალითად, საიდუმლო გარიგების.

ზურაბიშვილი ამ აბზაცშიც მთელ პასუხისმგებლობას ომის დაწყებაზე სააკაშვილს აკისრებს, რომელმაც თითქოს რაციონალური, პირადი მოტივაციით დაგეგმა და განახორციელა ქმედებათა მთელი სერია, რომელიც 2008 წლის ომში კულმინირდა. იგი კვლავ მის მიერ გამოგონილ „საიდუმლო გარიგებაზე“ საუბრობს, რომელიც მონაგონად რჩება, ვინაიდან ასეთის არსებობა არც მის და არც სხვა რაიმე გარემოების მიერ არც ერთ ეტაპზე არ დადასტურებულა.  საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ქვეყნის ხელისუფლების საპასუხო რეაქციას „თვითმკვლელ ოპერაციას“ უწოდებს, იყენებს რა ტრადიციულ რუსულ კლიშეს, რომ ქვეყანას ჰყავს „შეშლილი პრეზიდენტი“ (შეგახსენებთ - ზვიად გამსახურდიაზეც იმავე ჭორს ავრცელებდნენ. კლიშე არ გამოუცვლიათ - რაში ჭირდებოდათ, როცა პირველადაც „იმუშავა“, ქართველებს კი 2-3 წელზე მეტის მეხსიერება არ აქვთ?).  მაშინ, როცა ის აგვისტოს ომზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს, ერთი სიტყვით არ ახსენებს რუსეთის პასუხისმგებლობას. ის არ ახსენებს დასავლეთის 2008 წლის დასაწყისში დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებას, რაზეც პუტინმა არათანაზომიერი პასუხის დაპირება გასცა. ის რატომღაც ვერ იხსენებს დსთ-ს ხელსეკრულებიდან რუსეთის გამოსვლას, აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების დემონსტრაციურლ შეყვანას, ქართული სადაზვერვო დრონის ჩამოგდებას რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, რუსეთის მიერ ყველა სამშვიდობო წინადადების (მათ შორის, შტაინმაიერის გეგმის) უარყოფას... ეს ყოველივე არა მხოლოდ ეჭვს და კითხვებს აჩენს ავტორის კეთილსინდიესიერების მიმართ, არამედ ერთადერთ, თავისთავად და გასაგებ პასუხსაც მოიცავს ამ კითხვებზე:  ზურაბიშვილის ეს წიგნი ემსახურება რუსულ ინტერესებს.

ოფიციალურ განცხადებებში ბევრია ისეთი მინიშნება, რაც სწორედ ამგვარ რამეს გვაფიქრებინებს. მაგალითად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია ფიგაროსთან ინტერვიუში აღიარებს: „ჩვენ გავაფრთხილეთ რუსული ძალები, რომ ჩვენ საქმე გვექნებოდა უკანონო ფორმირებებთან. მათ ჩვენ მწვანე აგვინთეს ინტერვენციისთვის(...) არ გვიფიქრია, რომ რუსები ასე შორს წავიდოდნენ.“ სხვა ქართველი ოფიციალური პირებიც აღიარებენ, რომ „არ ელოდნენ“ რუსეთის ასეთ რეაქციას. გამოდის, რომ სხვა რამეს ელოდნენ!

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის საოცრად შემრიგებლური მიმართვა რუსებისადმი 7 აგვისტოს სატელევიზიო გამოსვლაში, როდესაც ის რუსებს მის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის გარანტორობას სთავაზობს. სახელმწიფოს მეთაური მიმართავს რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალს, კულახმეტოვს, ავიწყდება რა, რომ თვეების მანძილზე საქართველო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სამშვიდობო ძალების ლეგიტიმურობას და ითხოვდა მის გასვლას. 

შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ერთგვარ გარიგებას, რომ თუ ქართველების ოპერაცია იქნებოდა სწრაფი და ცხინვალით შემოფარგლული, რუსები მყისიერ პასუხს არ გასცემდნენ. ამ თეზისს ამყარებს ის ფაქტი, რომ ოსური მმართველობის მიერ ცხინვალი დაიცალა მისი სამოქალაქო მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ქართველების შეტევის წინა დღეებში, თითქოს ადგილი ჰქონოდა ადგილის მოსუფთავებას და ქართველების დარწმუნებას, რომ იქ შესულიყვნენ. ასევე ამბობენ, რომ სარდალმა კულახმეტოვმა 4 მილიონი დოლარი აიღო მისი „ჩაურევლობის“ სანაცვლოდ.

ისევ დაუდასტურებელი ჭორები, და ისევ რუსული უშიშროების სამსახურების სტილში. გარიგების არანაირ მტკიცებულებას ზურაბიშვილი არ გვთავაზობს. ის, რომ კულახმეტოვმა თითქოს 4 მილიონი დოლარი აიღო ჩაურევლობის სანაცვლოდ, ასევე მხოლოდ ჭორია. როგორც ჩანს, ასეთი ქმედება ზურაბიშვილისთვის ჩვეული მოდუს ოპერანდია. გავიხსენოთ 2007 წლის 6 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტისას რუსეთის მიერ წითელუბნის რადარის დაბომბვა, რაზეც, მაშინ უკვე ოპოზიციონერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა ქართული ძალოვანი უწყებების მიერ მოწყობილი სპექტაკლი იყო რუსეთის „გასაშავებლად“. ამით მან აშშ-ის მიმართ რუსული მუქარის ქართული მხარის პროვოკაციად მონათვლა სცადა. ასეთი რამ საქართველოსთვის გენერალი გრაჩოვის მერე არავის ეკადრებინა, რომელიც აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის დროს ამბობდა, ქარველები თავად ღებავენ სამხედრო თვითმფრინავებს რუსულ ფერებში და საკუთარ პოზიციებს ბომბავებ, რომ ჩვენ დაგვაბრალონო. რეალურად კი, კრემლი საქართველოში დაწყებულ რეფორმებს ვერ შეეგუა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია გამოიწვია.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმებები, საჯარო თუ ფარული, ერთი რამ აშკარაა: შემდეგში რუსეთმა თავისი სიტყვა აღარ შეასრულა. მან მოახერხა თავისი იმპულსური ხასიათით ცნობილი ქართველი პრეზიდენტის ხაფანგში შეტყუება.

ვინაიდან სცენარი კატასტროფულად ვითარდება: საქართველო სამ დღეში ყველაფერს კარგავს: კარგავს ტერიტორიების 10%-ს, ნაცვლად მათი დაბრუნებისა; ჰყავს ასობით მსხვერპლი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად დათვლილი; ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დიდი ხნით იხურება; იხდის ეკონომიკურ საფასურს, რაც მისი ეკონომიკის მამოძრავებელ სექტორებს არტყამს (ტურიზმი, ტრანზიტი, უცხოური ინვესტიციები). ის ასევე კარგავს საერთაშორისო ნდობას: კერძოდ, ის ვერსია, რომ საქართველომ მხოლოდ რუსულ აგრესიას უპასუხა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი დაგვიანებით და არასწორად წამოსწევს, ვერ უძლებს ფაქტებით გამოცდას. ეს არის სააკაშვილის პირადი სანდოობა და მისი, როგორც უმწიკვლო დემოკრატის სურათი, რაც ზიანდება.

ცხადია, რუსეთი ხმამაღლა არის დაგმობილი, გაკრიტიკებულია მისი გადაცდომების, უკანონო და გაუმართლებელი წინსვლის გამო საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ქართველების შეცდომები გარკვეულწილად ამსუბუქებს მის ბრალეულობას.

აქაც აშკარაა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს რუსული ნარატივის გამყარებას და მისი ბრალეულობის შემსუბუქებას საქართველოს დადანაშაულებით. რომელ „შეცდომებზე“ საუბრობს ზურაბიშვილი, როცა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად საქართველოს აკისრებს?  ქართველების მხრიდან შეცდომებზე საუბარი უადგილოა, რადგან ომს ვერცერთ შემთხვევაში ავირიდებდით, რაც კარგად აჩვენა უკრაინის ომმაც. და რომც ყოფილიყო საქართველოს შეცდომები, ვერცერთი ეს შეცდომა ვერ შეამსუბუქებდა რუსეთის ბრალეულობას, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა და მისი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა.

გაზვიადებული განცხადებები იწვევს ნდობის დაკარგვას ორივე პროტაგონისტის მიმართ: ნგრევა არ არის ისეთ მძიმე ფორმებში, როგორც ამას დასაწყისში ქართველები ამტკიცებდნენ, რუსების მხრიდან კი გენოციდის ბრალდება ჯერ კლებულობს, შემდეგ კი ქრება.

რუსებს სურდათ შთაბეჭდილების მოხდენა და დაშოშმინება. მათ მოახდინეს გასული საუკუნის ომის დემონსტრირება, რაც შოკში აგდებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს, გამოიყენეს რა ტანკები და არქაული სცენარი, რისი საჭიროებაც მათ საერთოდ არ ჰქონდათ, ვიდრე ომის თანამედროვე სახეობა, როგორის არის ქვეყნის სტრატეგიული და ეკონომიკური ცენტრების განადგურება. რუსებმა თადარიგი დაიჭირეს, რომ სამხედრო ობიექტების გარდა სხვა მნიშვნელოვანს არაფერს შეხებოდნენ: არც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, არც პრეზიდენტის სათავო რეზიდენციას შავნაბადაზე, არც რკინიგზას და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო მაგისტრალს ან თბილისის სამოქალაქო აეროპორტს, რომელიც მთელი ომის მანძილზე გააგრძელებს ფუნქციონირებას და საშუალებას მისცემს საერთაშორისო დელეგაციებს შეუფერხებლად ჩამოვიდნენ. ხელშეუხებელს ტოვებენ ქვეყნის ეკონომიკურ აპარატს. იმიტომ ხომ არა, რომ მისი დიდი ნაწილი უკვე მათ ეკუთვნის?

ამ აბზაცში ზურაბიშვილი ორ ტყუილს და ერთ პროპაგანდისტულ ჭორს გვთავაზობს: პირველი ისაა, რომ რუსებს სამხედრო ობიექტების გარდა არაფერი დაუბომბავთ. გორში დაბომბილი სამოქალაქო შენობები, სენაკში დაბომბილი თეატრი და არაერთი სხვა სამოქალაქო ობიექტი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. რუსები ბომბავდნენ სამოქალაქო ნაგებობებს და მშვიდობიან მოსახლეობას. რაც შეეხება იმას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რკინიგზა და საგზაო მაგისტრალი არ დაბომბეს, ამას სხვა მიზეზები აქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დაბომბვა გაცდებოდა ქართულ-რუსულ კონფლიქტს და დააზარალებდა სხვა აქტორებსაც, რომელთან ურთიერთობების გაფუჭებაც კრემლის ინტერესებში არ იყო. ალოგიკურია საგზაო მაგისტრალის დაბომბვაც. რუსებს სჭირდებოდათ მაგისტრალი შეუფერხებლად გადასაადგილებლად. მაგისტრალს, როგორც წესი, აზიანებს ის ვინც თავს იცავს, რათა მტერს საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუზღუდოს. იგივე ლოგიკა მოქმედებს რკინიგზის შემთხვევაშიც. მას რუსები მხოლოდ მაშინ დაბომბავდნენ, თუ მას ქართული არმია ლოჯისტიკური ამოცანების შესასრულებლად ეფექტურად გამოიყენებდა. მეორე ტყუილი ისაა, თითქოს საერთაშორისო დელეგაციები შეუფერხებლად ჩამოვიდნენ. სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსები მათ ჰაერში მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდნენ, რის გამოც მათი უსაფრთხოდ ჩამოსვლა თბილისში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. რაც შეეხება პროპაგანდისტულ ჭორს, ეს ისევ რუსების მიერ ქართული ეკონომიკის დაუფლებას ეხება, რაც უბრალოდ ტყუილია. თუმცა, ის, რომ სალომე ზურაბიშვილის ეკონომიკური ცოდნა საშუალო სკოლის ბავშვის დონეზეც არაა, 2008 წლის არჩევნების წინ ლადო გურგენიძესთან მისი სატელევიზიო დებატებიდანაც ემახსოვრება ბევრს, რომელშიც პრემიერობის კანდიდატმა(!) ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არც იცოდა და არც აინტერესენდა კონკრეტული ეკონომიკური ტერმინები და მაჩვენებლები. ცხადია, როცა შეგიძლია მხოლოდ ჭორებითა და მტრის პროპაგანდისტული კლიშეებით გახვიდე ფონს, იქ ფაქტები და რიცხვები რა საჭიროა?

ერთი სიტყვით, ეს ომი იქნება შედეგი სიცრუის ლაბირინთისა, სადაც, საბოლოო ჯამში, არავინ იცის ვინ ვის ღალატობს და ვინ ვის ატყუებს. არ ვიცით რა უფრო რეალურია - კონფრონტაცია, შესრულებული და უარყოფილი გარიგებები, თუ ტყუილები ტერიტორიების დაბრუნებაზე. ეს ომი, რომელიც ტყუილებით დაიწყო, სიცრუის აპოთეოზით მთავრდება: საკუთარი მოსახლეობის დარწმუნება, რომ მოვიგეთ ომი, რომელიც ეს ესაა, წაგებულ იქნა. და 12 აგვისტოს თბილისი თავისუფლების მოედანზე ზეიმობს „გამარჯვებას“, რასაც მწარე გემო ახლავს.

მე არცერთ შემთხვევაში არ ვისურვებდი, რომ მოსკოვისა და თბილისის ამ ორმხრივ პასუხისმგებლობაში, ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე აქცენტი ინტერპრეტირებული იქნეს, როგორც რუსული მხარის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება. ეს სწორედ, რომ პირიქით არის. მაგრამ, რუსეთმა რაც ჩაიდინა, რაც არ უნდა უპატიებელი იყოს ის, არაფერი მასში არ ყოფილა გასაკვირი ან გაუთვალისწინებელი იმისთვის, ვინც მის ბუნებას, ისტორიას და ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიას იცნობს. ამის საპირისპიროდ, ქართული მხარის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ იცოდა რა, რომ მოსკოვი მის შეცდენას ცდილობდა, საქართველოს მთავრობამ ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას. 

მაშინ, როცა ამ აბზაცში ზურაბიშვილი ცდილობს წარმოჩინდეს, როგორც ობიექტური და კეთილშობილი არბიტრი, იგი იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ რუსეთის ქმედების მიუხედავად საქართველო პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა, თითქოს მას სხვა არჩევანი ჰქონდა. აბზაცის პირველ წინადადებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ომის გაჩაღებაში პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად, ქართულ მხარესაც ეკისრება. ამ აბზაცშიც კი იგი არათანმიმდევრულია, როცა წინა გვერდებზე ამბობდა, რომ ომი სააკაშვილმა დაგეგმა და წამოიწყო, რადგან ეს მისივე ინტერესებში იყო.

გაზიარებული პასუხისმგებლობა არსებობს ამ ორი პროტაგონისტის მიღმა.

და პირველ რიგში ბუშის ადმინისტრაციის. მაგრამ არა იმისთვის, რომ „მწვანე შუქი“ აუნთეს რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაციას, როგორც ამას ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ რუსები და სააკაშვილთან დაახლოებული ზოგიერთი პირი. მე პირიქით მოწმე ვიყავი არაერთგზის გაფრთხილებისა, რაც ყველა ამერიკელი სტუმრის ლეიტმოტივი იყო. ასევე არანაირი ეჭვი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ ოდესმე უბიძგა ან წაახალისა ქართველი მმართველები, რომ ეოცნებათ კონფლიქტების სამხედრო გზით გადაწყვეტაზე ან იმედი ჰქონოდათ, რომ მათ მხარს დაუჭერდნენ. რაც ხელს არ უშლის იმას, რომ მათ საკუთარი სურვილები რეალობად მიეღოთ. ისევე, როგორც ომის შემდეგ სააკაშვილმა, მასპინძლობდა, რა მის პოლონელ კოლეგას, შეძლო ეოცნება, რომ ახალგორში ინციდენტის პროვოცირებით მას შეეძლო ევროპა ჩაერთო ქართული მიწების დაცვაში.

ამერიკელების ნამდვილი პასუხისმგებლობა აქ არაა. პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური: ის მდგომარეობს სიჩუმეში, რომელსაც ინარჩუნებდნენ სხვა გადაცდომების და წარუმატებლობის მიმართ, რომელიც უშუალოდ უსწრებდა ომს. დემოკრატიის დეფიციტია ის, რაც ქართული ქაოსის საფუძველში მდებარეობს. დემოკრატიული რეჟიმი ომში არ ჩაეფლობოდა: პრეზიდენტის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება განხილვის საგანი გახდებოდა, პრესაში გაცხადდებოდა, პარლამენტში კითხვები დაისმებოდა, ბარიერები წარმოიქმნებოდა. არ არსებობს რა დემოკრატიისთვის დამახასიათებელი დამაბალანსებელი სისტემა, ვერავინ გაბედა ამ პიროვნული გადაწყვეტილების გაპროტესტება. არანაირი უშიშროების საბჭოს სხდომა, არანაირი დისკუსია საპარლამენტო კომიტეტში. ეს არის იზოლირებული და ტოტალური ძალაუფლება (ხელისუფლება), რომელიც წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს, მართავს მოლაპარაკებებს და არავის წინაშე არაა პასუხისმგებელი. სწორედ ეს უნდა აეცილებინათ ამერიკელებს გამომდინარე მათი აქტიური ჩართულობიდან საქართველოში დემოკრატიის სასარგებლოდ.

ადგილი აქვს ასევე ამერიკული სისტემის ფუნქციონალურ სისუსტეს: როგორ მოხდა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ასეული თანამშრომლით წარმოდგენილი საელჩოს, „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში მყოფი სამხედრო მრჩევლების, პრეზიდენტისთვის USAID-ის მიერ დაქირავებული და მასთან დაახლოებული მრჩევლის (დენიელ კუნინი), მეთიუ ბრაიზას ხშირი ვიზიტების მიუხედავად, არავინ ჩამოჰკრა განგაშის ზარს, როცა მოხდა ძალების მობილიზება, როცა გადაიცა პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა? რატომ არავინ დაგმო სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით ერთი მესამედით აღემატებოდა 2007 წლის დანახარჯებს? რატომ არ გამოიყენა ვაშინგტონმა თავისი გავლენა იმისთვის, რომ უფრო მკაფიოდ აღეკვეთა სამხედრო მისწრაფებანი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა? საქმე გვაქვს დაუდევრობით (როცა წინასწარ ხედავ შედეგებს და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ თავიდან აიცილო ის) და სისუსტით გამოწვეულ სისტემის შეცდომასთან, როცა მან გადაწყვიტა მხარი დაეჭირა პერსონებისთვის და არა ქვეყნის ინსტიტუტებისთვის. ამერიკელები სტაბილურობას უფრო ესწრაფვოდონენ, ვიდრე დემოკრატიას. დემოკრატიამ და სტაბილურობამ ამის ფასი გადაიხადა.

ამ აბზაცში ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა იყო იმის მანიშნებელი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთთან ომის დაწყებას აპირებდა, არადა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ცდილობდა. რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ ამონარიდში, არის ის, რომ ზურაბიშვილი აქ რუსულ პროპაგანდისტულ მთავარ გზავნილებს იმეორებს და განავრცობს. იგი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოაჩენს ომის თანამონაწილედ. ამასთან იგი აშშ-ის სახელმწიფო და უსაფრთხოების სისტემის დაკნინების მიზნით, მას წარმოაჩენს როგორც არაკომპეტენტურს, რომელმაც ვერ შეძლო ამოეცნო მოკავშირის რეალური ზრახვები. დაბოლოს, ავტორი ტრადიციულად არათანმიმდევრულია, როცა აცხადებს, რომ ამერიკელებმა ვერ დაინახეს ომის საფრთხე, მაშინ, როცა რამდენიმე აბზაცით ზევით ზურაბიშვილი საუბრობს ამერიკელების არაერთ გაფრთხილებაზე, რომელსაც, როგორც ამბობს, თავადაც ესწრებოდა. რა არის ეს - საკუთარ ტყუილებში აბლანდვა, არაკომპეტენტურობა თუ მტრის ინტერესებში გამიზნული მოქმედება, მკითხველმა თავად განსაზღვროს.

ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი, ODIHR-ი, რომლებმაც ხმა არ ამოიღეს და აღიარეს არჩევნები, როგორც „საკმარისად დემოკრატიული“ საქართველოსთვის, ასევე თავიანთ წილ პასუხისმგებლობას ატარებენ. როდესაც საქართველოს უჩერდება თავისი უფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ეს ამავე დროს არის ხელიდან გაშვებული შანსი იმისა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ომი. პრეზიდენტი სააკაშვილი დემოკრატიულად ჩატარებული მეორე ტურის შედეგად რომ ყოფილიყო არჩეული, არ იქნებოდა იგივე პრეზიდენტი, ნამდვილად აღარ წავიდოდა იმ ავანტიურაზე, რასაც მისი არალეგიტიმური გამარჯვება გარდაუვალს ხდიდა.

ამ აბზაცში ზურაბიშვილი ძირს უთხრის საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების რეპუტაციას (რაც, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის ფონზე, უკვე გასაკვირი ნამდვილად აღარ არის)  და ეჭვი შეაქვს მათ ობიექტურობაში (რაც საეჭვოდ ემთხვევა პუტინის რუსეთის თანმიმდევრული პოლიტიკასა და რიტორიკას ამავე საკითხზე). ზურაბიშვილი კვლავ ადანაშაულებს ყველას, რუსეთის გარდა.

ამერიკელებმა აშკარად მოინდომეს თავიანთი პროტეჟეს შეწყალება. პრეზიდენტ ბუშის გამაოგნებელი სიჩუმე პირველი სამი დღის მანძილზე ხსნის ასევე რუსების წინსვლას დედაქალაქის მიმართულებით. რუსული გეგმა, რომელიც მდგომარეობდა თბილისის შეცდომაში შეყვანასა და შემდეგ სააკაშვილისთვის ჭკუის სასწავლებლად ძალის გამოყენებაში, ნამდვილად არ ცდებოდა ცხინვალზე კონტროლის დამყარებას სამშვიდობო მისიის სახელით. მაგრამ, ვინაიდან ამერიკელების მხრიდან აკრძალვის ნიშნად წითელი შუქი არ ანთებულა, რუსულ სამხედრო მანქანას, უბედნიერესს იმით, რომ მის ფავორიტ საქმეს აკეთებდა, არანაირი მიზეზი აღარ ჰქონდა იმისთვის, რომ დედაქალაქამდე შეჩერებულიყო.

ევროპა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და სწრაფად იმოქმედა შეათავსა რა ერთმანეთთან პრინციპულობა და შერიგება. სარკოზიმ  გამოავლინა მოქნილობა და შეუვალობა და მიღწეული შედეგი დიდწილად მისი დამსახურებაა. ევროპის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ შეტევის დასასრულს ასახავს, არამედ ნამდვილ დარტყმას აყენებს რუსეთის ამბიციას, აღადგინოს ექსკლუზიური უფლებების ზონა კავკასიაში. ზოგიერთებმა გააკრიტიკეს მიღწეული შეთანხმებები, რაც უკავშირდება ზოგიერთ საკითხში ორაზროვნებას... ამ მოლაპარაკებას არ შეეძლო ომის თავიდან არიდება, არც მისი უშუალო შედეგების გამოსწორება ან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. მან გადაარჩინა ძირითადი: საქართველო და მისი დამოუკიდებლობა. დანარჩენი გასაკეთებელია.

აქ ზურაბიშვილი ცდილობს აშშ-ისა და ევროპის ერთმანეთისგან დისტანცირებას, წარმოაჩენს რა აშშ-ს, როგორც ავანტიურის არაკომპეტეტენტურ თანამონაწილეს, ხოლო ევროპას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში, რითაც დისონანსის შეტანას ცდილობს ევროატლანტიკურ ერთობაში. ამასთან გაუგებარია, თუ აშშ-ი თავის პროტეჟეს წყალობდა, როგორც ამას ავტორი აღწერს, რა ლოგიკით არ დაეხმარა მას ომის თავიდან არიდებაში, უფრო მეტიც - „მწვანე აუნთო“ რუსებს რათა დაწინაურებულიყვნენ?“. გარდა ამისა, რით აიხსნება, რომ სწორედ ბუშის მოწოდების შემდეგ შეჩერდა მოსკოვი და აღარ მოვიდა დედაქალაქამდე? ბოლოს, აქაც მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ ზურაბიშვილი კვლავ ყველას პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რუსეთის გარდა, რომელის პასუხისმგებლობას ერთი-ორგან გაკვრით და მსუბუქ ხარსხში ახსენებს. მაგრამ არსად მოიხსენიებს ამ სახელმწიფოს, როგორც აგრესორსა და ოკუპანტს. აშშ-ისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პასუხისმგებლობას მთელი გვერდი ეთმობა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობას მთელი თავი. ამავე დროს, რუსეთის პასუხისმგებლობაზე პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი.

თუმცა, რუსეთთან გარიგების, უფრო კონკრეტულად კი გაყოფის იდეა არ გამქრალა. ის კვლავ იჩენს თავს ამჯერად აფხაზეთთან დაკავშირებით და გულისხმობს კვიპროსის მოდელის ფორმით ტერიტორიის გაყოფას. გაყოფა, რომელიც საქართველოს მისცემდა, ასე ვთქვათ, სამხრეთ ნაწილს გალის რეგიონით, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილს დაუტოვებდა აფხაზებს. მოგვიანებით სააკაშვილი დაადასტურებს, რომ მან მართლაც გაუგზავნა წერილი მის რუს კოლეგას, რომელიც ამგვარი გამოსავლისკენ იძლეოდა მინიშნებებს.

მოსკოვთან გარიგების მცდელობა წყლის ნაყვაა. ეს არის მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების ბოლო მცდელობა. ქართველებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსი სამხედროები კორუმპირებულები არიან და მათი მოსყიდვა შესაძლებელია. რუსეთთან ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ იქნებ შეიძლება მათთან მოლაპარაკება ლიმიტირებულ კონფლიქტზე ისეთი გარიგებით, რომლითაც ორივე პროტაგონისტი იხეირებს: საქართველო მიიღებს ტერიტორიებს, რუსული მხარის სარგებელი კი ის იქნება, რომ ნატოში საქართველოს გაწევრების პერსპექტივა ნულამდე დავა და დასავლეთთან მისი კავშირები შეწყდება (ტერიტორიების დაბრუნება საქართველოსთვის, ნატოში გაწევრების პერსპექტივის ნულამდე დაყვანა და დასავლეთთან კავშირების გაწყვეტა რუსული მხარისთვის).

ამ წიგნის გამოცემიდან 14 წელი გავიდა. 2014 წელს, შემდეგ კი 2022 წელს რუსეთის მიერ განხორციელდა არაპროვოცირებული, უსაფუძვლო თავდასხმა სუვერენულ უკრაინაზე. ღია სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთი აღიარებულ იქნა აგრესორად, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს ესხმის თავს მათი დასავლური ვექტორისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო. რუსეთის პრეზიდენტი აღიარებულია როგორც ომის დამნაშავე, ხოლო პუტინის რეჟიმი შერაცხულია ტერორისტულ რეჟიმად მრავალი სახელმწიფოს მიერ. ყველა ეჭვი გაქარწყლებულია, რომ აგვისტოს ომში რაიმე ბრალეულობა მიუძღვოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. სამაგიეროდ, დასტურდება, რომ რუსეთი იყო აგრესორი, რომ ომი სწორედ მან დაგეგმა და დაიწყო, რომ აგრესია იყო არალეგიტიმური, რომლისგანაც საქართველო თავს იცავდა სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით. წიგნის გამოცემიდან 14 წლის თავზე, არაფრით დასტურდება რაიმე სახის საიდუმლო გარიგება პუტინსა და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას შორის. მეტიც, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც კი, არსად, არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში, არაფერია ნათქვამი ზურაბიშვილის ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლების პუტინთან ფარული გარიგების და ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფის თაობაზე. შედეგები და ფაქტები მხოლოდ საპირისპიროს მოწმობს და მიუთითებს იმაზე, რომ ზურაბიშვილი შეგნებულად ტყუოდა და მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

დღეს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია. ფორმალურად, ის იყო „დამოუკიდებელი კანდიდატი“, თუმცა, მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგებით, მან წააგო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ოლიგარქმა ივანიშვილმა კარტი გახსნა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე მის „პრინციპულ არჩევანს“ წარმოადგენდა. სწორედ ამ არჩევანის შესაბამისად გაიმართა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურად წოდებული სპეცოპერაცია - სახელმწიფო, ადმინისტრაციული, ფინანსური, კრიმინალური და სხვა რესურსების ტოტალური მობილიზებით. ეს არჩევნები ეუთო-ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, როგორც „თავისუფალი, მაგრამ უსამართლო“.  

თარგმანი დავით ნატროშვილისა

 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა