ასოცირებული ტრიოდან ბოსნია-ჰერცეგოვინას უკან გადანაცვლებული საქართველო

ავტორი : ხატია დავლიანიძე 

2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყე­ბული ომის შემდეგ, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რამაც ევროპის კავშირის გაფართოების პოლიტიკაზე გავლენა იქონია და გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისთვის შესაძ­ლებლობის ფანჯარა გახსნა.

ისტორიული შანსის დადგომისთანავე, 2022 წლის თებერვალში უკრაინამ, ხოლო მარტში საქართველომ და მოლდოვამ ევროპის კავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთეს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოცირებული ტრიოს ორი წევრისგან - უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა თუმცა, კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინაპირობად 12 პუნქტის შესრულება დაასახელა.

სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკვანძო ეტაპია, რადგან სწორედ მისი მოპოვების შემდეგ იწყება გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ქვეყანას ეძლევა წინაპირობა, რომ გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ ის შესაბამის პირობებს შეასრულებს.
ქართული დიპლომატიის მრავალწლიანი წარმატებული მუშაობით, შესაძლებელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარე საქართველო, რომელსაც ევროპის კავშირთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, უკრაინისა და მოლდოვას გვერდით აღმოჩენილიყო. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი ზემოაღნიშნული მონაპოვარი წყალში ჩაყარა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯი უკან გადადგა.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იმპულსი იქნებოდა ხელისუფლების მიერ ძირეული რეფორმების გასატარებლად. ამას გარდა, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების წინაპირობაა. განვითარებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობასთან ერთად, ის ევროპის კავშირის მხრიდან გაზრდილ ფინანსურ მხარდაჭერასაც გულისხმობს.

კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოდ აქცევ­და, რაც ეკონომიკური პრობლემების თანდათანობით აღმოფხვრასა და მოქალაქე­ების კეთილდღეობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს. ეს იქნებოდა ერთგვარი შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და მეორე მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, რომელსაც თბილისი დროებით ვერ აკონტროლებს, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრასტი მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, რაც ქვეყანას აფხაზებისა და ოსებისთვის უფრო მიმზიდველს გახდიდა.
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შემდეგ, ბრიუსელმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროინტეგრაციის პროცესი ერთმანეთისგან გააცალკევა და საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას გვერდით აღმოჩნდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინა 2003 წელს თესალონიკის ევროპული საბჭოს სამიტზე, დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროპის კავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად დასახელდა. 2016 წლის თებერვალში ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროპის კავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. 2019 წელს ევროკომისიამ განაცხადის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, ქვეყანას 14 ძირითადი პრიორიტეტი განუსაზღვრა.

დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით, ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე სერბული რესპუბლიკა - სრპსკა და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია (აერთიანებს 10 კანტონს) შეიქმნა. ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება ბოსნიელებს, სერბებსა და ხორვატებს შორის არის გადანაწილებული. სამი ეთნიკური ჯგუფის ლიდერსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ეთნო-ნაციონალისტური დაპირისპირება სახელმწიფო ინსტიტუტებს გამართულად მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რაც ბოსნიას დისფუნქციურს ხდის.

ბოსნიელ, სერბ და ხორვატ ლიდერებს, ფაქტობრივად, მიტაცებული აქვთ ხე­ლისუფლება და მათი საერთო მიზანი სამთავრობო ინსტიტუტებზე მონოეთნიკური კონტროლის კონსოლიდაციაა, რაც საბოლოო ჯამში, სისტემის კოტროლისა და ბალანსის შესაძლებლობას ძირს უთხრის. დისფუნქციურ პოლიტიკურ ინს­ტიტუტებთან ერთად, თვალშისაცემია სახელმწიფოს დაშლის საფრთხე. სრპსკას ლიდერი, მილორად დოდიკი სერბული რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გასვლასა და სერბეთთან გაერთიანებას უჭერს მხარს. დოდიკი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას ღიად ეწინააღმდეგება და სრპსკაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსება სურს. ის ჯერ კიდევ 2018 წელს გეგმავდა სრპსკას ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას, თუმცა, დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკისა და ზეწოლის გამო რეფერენდუმი აღარ ჩატარებულა.

2021 წლის სექტემბერში სერბული რესპუბლიკის პარლამენტმა ბოსნია-ჰერცეგოვინას შეიარაღებულ ძალებთან, უზენაეს სასამართლოსა და საგადასახადო ადმინისტრაციასთან კავშირის გაწყვეტაზე მუშაობის დაწყებას მხარი დაუჭირა. დოდიკის განცხადებით, მისი მისწრაფებები უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეაფერხა, თუმცა მხოლოდ დროებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას დაშლის საფრთხე რეალურია და ის დისფუნქციური სახელმწიფოდან ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქცეს ვერშემდგარ სახელმწიფოდ.

2022 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საქართველოს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირებული ტრიოს წევრებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებდა და მისი პროგრესი ყველასთვის თვალშისაცემი იყო, ჯერ ბოსნია და ჰერცეგოვინას გვერდით აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ამ ქვეყანასაც კი, რომელიც დისფუნქციური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს, მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა ევროპის კავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა, რაც მოლდოვამ და უკრაინამ გამოიყენა, საქართველოს ხელისუფლებამ კი ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

მაშინ როდესაც ევროპის კავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი და ინსტი­ტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები ასოცირებული ტრიოს ორი წევრისთვის ეტაპობრივად გაიხსნება, საქართველომ 12 პუნქტის შესრულებასთან ერთად, ევროპის კავშირის ნდობა ხელახლა უნდა მოიპოვოს.

ევროპის კავშირის ისტორიაში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც გაფარ­თოების ტალღა მხოლოდ ერთ სახელმწიფოს შეეხო - 1981 წელს საბერძნეთს და 2013 წელს ხორვატიას. საქართველოს ევროპულ გაერთიანებაში არ ჰყავს ისეთი მხარდამჭერ(ებ)ი, როგორიც ზემოაღნიშნულ ორ სახელმწიფოს ჰყავდა, შესაბამისად, EU-ს კარის გახსნას მხოლოდ თვითონ ვერ შეძლებს.

იმის ნათელი მაგალითი, რომ ევროპის კავშირი ცალკე აღებული ერთი სახელმწიფოს გაწევრიანების შესაძლებლობას არ განიხილავს, ალბანეთია, რომლის ევროპული პერსპექტივაც მეზობელ სახელმწიფოსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ ბულგარეთი EU-ს და სკოპიეს შორის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებს ბლოკავს, ევროპის კავშირის კარის მხოლოდ ალბანეთისთვის გახსნის შესაძლებლობა არ განიხილება, შესაბამისად მისი გაწევრიანების პროცესიც ფერხდება.

საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მმართველ ძალაზე, როგორც მოსახლეობის, ასევე ევროპის კავშირის მხრიდან, წნეხის გაზრდის შესა­ძლებლობა იქნებოდა, რაც ძირეული რეფორმების განხორციელებას უზრუნ­ველყოფდა. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვნად დახია უკან ასოცირებული ტრიოდან ამოვარდნამ და ისეთი პრობლემების მქონე სახელმწიფოსთან დაწყვილებამ, რომლის პოლიტიკური ლიდერებიც თავად აყენებენ ეჭვქვეშ სახელმწიფოს ლეგიტიმურობას, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება იქცეს ვერშემდგარ სახელმწიფოდ, სადაც სუბსახელმწიფოებრივი ინსტიტუტების პარალელური გაძლიერება სისტემას დისფუნქციურს ხდის და სადაც ქვეყნის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ევროკომისიის მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შემდეგ, ცხადია, რომ ევროპის კავშირის ხედვით, ეს უკანასკნელი უფრო იმსახურებს ევროპულ გაერთიანებაში ყოფნას, ვიდრე საქართველო.

კანდიდატის სტატუსის ვერმოპოვება, ასოცირებული ტრიოდან ამოვარდნა და ბოსნია-ჰერცეგოვინას უკან გადანაცვლება, რაც საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ნიშნავს ნაკლებ პოლიტიკურ სტაბილურობას, ნაკლებ უსაფრთხოებას, ნაკლებ დაცულობას, ნაკლებ განვითარებას, ნაკლებ რეფორმებს, ნაკლებ პროგრესს, ნაკლებ ფინანსურ მხარდაჭერას, ნაკლებ ინვესტიციას, ნაკლებ კეთილდღეობას...

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა