რუბრიკა: აფხაზეთი

ჟურნალი: ნომერი 2




ტყვარჩელის ტრაგედია

ავტორი : გიგი გიგინეიშვილი 

1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ტყვარჩელის ქართულ-აფხაზურ მოსახლეობასა და ქართული გვარდიის ნაწილებს შორის შედგა არაფორმალური შეთანხმება, რომლის შედეგადაც ქართული საჯარისო ნაწილები ტყვარჩელში აღარ შევიდნენ. შეთანხმების თანახმად, ქალაქს ნეიტრა­ლური პოზიცია უნდა დაეჭირა კონფლიქტში, თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში ტყვარჩელის ყველა შესასვლელი დაინაღმა და, რუს სამხედროთა აქტიური დახმარებით, ქალაქის აფხაზურმა მოსახლეობამ კარგად ორგანიზებული შეტევითი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა. სეპარატისტებმა ე.წ. ნეიტრალიტეტის შეთანხმება თავდასხმების მოსამზადებლად გამოიყენეს და მალევე დაარღვიეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ საქმისათვის მათ იარაღისა და საბრძოლო მასალების შეგროვება 1991 წლიდან ჰქონდათ დაწყებული. რუსი ოფიცრებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ ტყვარჩელის ზონაში შეიქმნა ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტი“. ამ საქმეს, სხვა პირებთან ერთად, ხელმძღვანელობდნენ აფხაზური ორგანიზაცია „აიდგილარას“ წევრები: ვლადიმერ ანცუპოვი (აფხაზეთში მცხოვრები რუსი ოფიცე­რი, ისტორიკოსი და კარატეს მასწავლებელი) და სეპარატისტი ასლან ზანთარია. ისინი იყვნენ მთავარი შემსრულებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართველი შინაგან საქმეთა მინისტრის, გივი ლომინაძის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმისა, მათვე ჩამოაყალიბეს დივერსიული ჯგუფი „კატრანი“, რომელიც სულ მალე მძლავრ, აგრესიულ დაჯგუფებად გარდაიქმნა. მათ პირველ რიგში მოაგვარეს „აღმოსავლეთის ფრონტის“ „თავდაცვითი“ (სინამდვილეში, თავდასხმითი) ზოლისა და ინფრასტრუქტურის გამართვის საკითხები და მალევე დაიწყეს მიმდებარე ოჩამჩირის რაიონის სოფლებზე სისტემატური, დაუნდობელი თავდასხმები. ისინი მიზანმიმართულად წვავდნენ ქართველების სახლებს და უმოწყალოდ, ეთნიკური ნიშნით, ხოცავდნენ მშვიდობიან, უიარაღო მოსახლეობას.    

                
საომარი მოქმედებების ზურგში ასეთი ვითარება დიდ პრობლემებს ქმნიდა ფრონტზე. თუმცა, ქართული მხარის სამხედრო და პოლიტიკური ხელმ­ძღვანელობის ქაოტური, ზერელე თუ, ხშირად, აუხსნელი ქმედებების გამო, ვერ ხერხდებოდა ტყვარჩელის მიმართულებიდან მომავალი შეტევების მოგერიება. გასათვალისწინებელია, რომ ქართული ჯარი საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს არ ახორციელებდა, ვინაიდან ქალაქში დი­დი რაოდენობით იყო მშვიდობიანი მოსახლეობა. საბო­ლოოდ, ქართულმა სარდლობამ გადაწყვიტა ტყვარ­ჩელის ზონა სამხედრო ბლოკადაში მოექცია, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის საჭიროებების უზ­რუნველსაყოფად, 1992 წლის ოქტომბრიდან, ბლო­კირებული ტყვარჩელისთვის შეიქმნა ჰუმანიტარული კორიდორი გუდაუთის მიმართულებით. შეთანხმების მიხე­დვით, ვერტმფრენებს, როგორც ტყვარჩელში შეს­ვლისას, ისე უკან დაბრუნებისას უნდა გაევლოთ სო­ხუმის აეროდრომზე რუსულ-ქართული ერთობლივი კომისიის კონტროლი და მხოლოდ ამის შემდეგ ეძ­ლეოდათ ნებართვა გაეგრძელებინათ გზა. ამ დროს უნდა შემოწმებულიყო ბორტზე მყოფ პირთა ვინაობა, ტვირთის სახეობა და, ზოგადად, რეისის შესაბამისობა ჰუმანიტარულ მიზნებთან. ასეთი შეთანხმებული წესითა და მარშრუტით, ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ტყვარჩელი სრულიად უპრობლემოდ. თუმცა, ცხადი იყო, რომ მსგავსი სამშვიდობო სქემა არ შედიოდა კრემლისა და აფხაზი სეპარატისტების ინტერესებში. ხშირი იყო ქართული საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, გუდაუთიდან პირდაპირ ტყვარჩელში და უკან განხორციელებული რეისები. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენებით სისტემატურად ხდებოდა ტყვარჩელში იარაღისა და საბრძოლო მასალების შეტანა, ცოცხალი ძალის გადა­ყვანა, საველე მეთაურებისა და სამხედრო ინსტრუქტორების გადასროლა, უკანა გზაზე კი დაჭრილი მებრძოლების გამოყვანა. ამრიგად, ე.წ. „ჰუმანიტარული მარშრუტი“ აქტიურად გამოიყენებოდა საბრძოლო ამოცანებისთვის. ცხადია, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ქართულ სპეცსამსახურებსაც.

1992 წლის ოქტომბერში გაგრაში ჩატარებული ბარბაროსული ეთნოწმენდის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთიდან მოვლენილმა დაქირავებულმა ბოევიკებმა და აფხაზებმა გეგმაზომიერად, გაუგონარი სისასტიკით ამოხოცეს გაგრის რაიონის ქართული მოსახლეობა, ქართული მხარე მიხვდა, რომ საქმე დაუნდობელ, წესების გარეშე მოქმედ ვერაგ მტერთან ჰქონდა. ტკივილთან ერთად, გაჩნდა შურისძიების ლეგიტიმური წყურვილი. ამის მიუხედავად, 1992 წლის 3 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამიოდე კვირაში დაიდო, ქართული მხარე ფაქტობრივად აღარ აწარმოებდა შეტევით ოპერაციებს და ქართული მოსახლეობით დასახლებული პუნქტების დაცვაზე იყო კონცენტრირებული. რუსეთიდან მართული სეპარატისტები კი სამშვიდობო შეთანხმებას იმთავითვე მხოლოდ გადასაჯგუფებლად, უკეთ შესაიარაღებლად და შეტევითი ოპერაციების დასაგეგმად იყენებდნენ. სანამ ქართული მხარე სამშვიდობო ხელშეკრულებით ხელმძღვანელობდა და გაჩერებული იყო, აფხაზური მხრიდან თავდასხმები არ წყდებოდა.

1992 წლის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე, რუსულ-აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა გუდაუთიდან ტყვარჩელში მორიგი „ჰუმანიტარული“ რეისი განეხორციელებინა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების ორ „მი-8T“ ტიპის ვერტმფრენს, საბორტო ნომრებით „02“ და „03“, რომლებსაც მართავდნენ მფრინავები რუსეთის ქალაქ სამარადან, ალექსეი პოდპრუგინის მეთაურობით, ოფიციალური განცხადებით, 6 ტონა ფქვილი გადაჰქონდათ ტყვარჩელში. არსებული შეთანხმების დარღვევით, რუსმა მფრინავებმა არ გაიარეს შემოწმება ქართულ საკონტროლო პუნქტში და, რუსული საბრძოლო ავიაციის ორი „სუ25“-ის თანხლებით, გუდაუთიდან პირდაპირ ტყვარჩელში ჩაფრინდნენ. სინამდვილეში, აღნიშნული რეისით, მათ ტყვარჩელში შეიარაღება და კავშირგაბმულობის უახლესი საშუალებები ჩაიტანეს, ასევე ჩაიყვანეს რუსეთიდან მოვლენილი სამხედროები, დაგეგმილი შეტევითი მოქმედებების კოორდინაციის მიზნით.

ვერტმფრენები დაახლოებით ორ საათში უნდა დაბრუნებულიყვნენ გუდაუთის ბაზაზე. ტყვარჩელში შეთანხმების დარღვევით ჩაფრენის მიუხედავად, მათ ჰქონდათ როგორც შესაძლებლობა, ასევე - ვალდებულება, უკანა მარშრუტი მაინც შეეთანხმებინათ ქართულ მხარესთან და გაევლოთ კონტროლი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკანა მარშრუტზეც იგეგმებოდა რეისის არაჰუმანიტარული მიზნებით გამოყენება, აქაც რუსულ-აფხაზურმა მხარემ სრულიად შეგნებულად გადაწყვიტა შეთანხმებული პროცედურისა და მარშრუტის დარღვევა, იმ იმედით, რომ რუსული საბრძოლო ავიაცია კვლავ უზრუნველჰყოფდა მათ უსაფრთხოებას და გააცილებდა ვერტმფრენებს. რუსმა სამხედრო მფრინავებმა კარგად იცოდნენ, რომ უკანა გზაზე რუსულ-აფხაზური მხარის მებრძოლები უნდა წამოეყვანათ, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ვიცე-პოლკოვნიკი, ფელიქს ბეკალდიევი („მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შტაბის უფროსი, რომელიც კონკრეტული სამხედრო დავალებით ჩასულიყო ტყვარჩელში რამდენიმე დღით ადრე), მისი თანამზრახველი, რუსლან შაოვი და მათ მიერ ტყვედ აყვანილი ქართული შეიარაღებული ძალების უკრაინელი მზვერავი, რომელიც გუდაუთაში უნდა გადაეყვანათ სამხედრო ხელმძღვანელობის მოთხოვნით; ასევე ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები რუსი მედესანტე, ვლადიმერ ანცუპოვი და არძინბას უახლოესი თანამებრძოლი ბოევიკი - ასლან ზანთარია. ჯამში, ვერტმფრენში თორმეტამდე შეიარაღებული ბოევიკი იმყოფებოდა.

მათ გარდა, ბლოკირებულ ტყვარჩელში უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ქალაქიდან გასვლა ეწადა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ორივე ვერტმფრენი გაივსო ქალებითა და ბავშვებით. მგზავრების დიდი ნაწილი შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახებიდან იყვნენ. ვერტმფრენში, შეიარაღებულ ბოევიკებთან ერთად აუშვეს 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი. ეს ამბავი 300-მდე ადამიანის თვალწინ ხდებოდა. სამწუხაროა, რომ ტყვარჩელში იმ მომენტში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც წინ აღუდგებოდა ბოევიკებს, დაატოვებინებდა მათ ვერტმფრენს და არ მისცემდა საშუალებას, ბავშვები და ქალები გამოეყენებინათ ცოცხალ ფარად. ამ შემთხვევაში, ვერტმფრენი უპრობლემოდ შეძლებდა იმ შეთანხმებული მარშრუტით გაფრენას სოხუმის გავლით, რომელიც უსაფრთხოც იყო და რომლითაც მანამდე ათასზე მეტი მშვიდობიანი ტყვარჩელელი გადავიდა გუდაუთაში.

გადაადგილების ასეთი მეთოდები, ძირითად შემთხვევებში, შეთანხმებული იყო სეპარატისტთა ლიდერებთან, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად ეს მარშრუტი შეთანხმდა თუ არა მათთან. ასევე ხაზგასასმელია, რომ პოლკოვნიკ ა.პოდპრუგინს, თავის მფრინავებთან ერთად, 14 დეკემბრის „ჰუმანიტარულ“ რეისამდეც და მას შემდეგაც არაერთი საბრძოლო გაფრენა ჰქონდა განხორციელებული, სწორედ იმ ბორტი #02 და ბორტი #03-ით და სწორედ იმ არეალში. ომის შემდეგ იგი დარჩა აფხაზეთში და ერთ-ერთი გამოძევებული ქართველის სახლში დასახლდა.

14 დეკემბერს, 17:10 წუთზე, ორივე სამხედრო ვერტმფრენი ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და, გააფთრებული საბრძოლო მოქმედებების არეალის გავლით, ჰუმანიტარული ფრენებისთვის შეთანხმებული მარშრუტის დარღვევით, გუდაუთისკენ აიღო გეზი. მფრინავის განცხადებით, ეს იყო ე.წ. უსაფრთხო სიმაღლის ნიშნული, რადგან ყველაზე შორეულ ვერტიკალურ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც აფხაზეთში მეომარ მხარეებს გააჩნდათ, მაქსიმუმ 1500 მეტრზე მოქმედებდა, მაგრამ ის ვეღარ გაითვალისწინეს, რომ 500-600 მეტრის სიმაღლის მთაზე ასვლის შემთხვევაში მსროლელს შეეძლო, მიწვდომოდა 1900 მეტრის ნიშნულს. ალექსეი პოდპრუგინის განცხადებით, რომელიც ბორტ #02-ს მართავდა, მხოლოდ აფრენის შემდეგ, უკვე ლათას სიახლოვეს, დაიწყო მან რუსული „სუ-25“-ის ეკიპაჟთან დაკავშირება, რომლებთანაც შეთანხმება ჰქონდა, რომ მათ უკანა გზაზე ვერტმფრენები უნდა გაეცილებინათ.

რუსული სადესანტო ჯარების საგამოძიებო კომისიის დასკვნით (რომლის სანდოობა იმთავითვე ეჭვქვეშაა), 17:39 საათზე გაისროლეს სოფელი ლათას მიმდებარე ერთ-ერთი მთის უმაღლესი წერტილიდან, „მიწა-ჰაერის“ ტიპის გადასატანი საზენიტო კომპლექსი „სტრელა-2“-დან. ჭურვი მოხვდა ბორტი #03-ს, რომელიც ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი: ბავშვები, ქალები, ხანდაზმულები, ბოევიკები, რუსი მფრინავები - ყველა. სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა 70-დან 87 ადამიანამდე.

ტრაგედიის პირველივე დღეებიდან, ქართული მხარე დაბნეულად გამოიყურე­ბოდა. ერთი მხრივ, დადასტურდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რეისი არ ყოფილა ჰუმანიტარული. თუმცა, ანცუპოვის, ზანთარიას, ბეკალდიევის და სხვა ბოევიკების სიკვდილი სრულიად დაჩრდილა დატრიალებულმა უბედურებამ.

რაკი ვერტმფრენიცა და მისი ეკიპაჟიც რუსული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედიოდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, მეორე დღესვე, კატასტროფის ადგილზე შევიდა რუსეთის სადესანტო ძალების მაშველთა ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა შემთხვევის ადგილი და ცხედრები გუდაუთაში გადაასვენა, უკვე წითელი ჯვრის სპეცნიშნიანი ვერტმფრენებით. მოგვიანებით, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, რუსმა მფრინავებმა დაადასტურეს, რომ ვერ აკონტროლებდნენ ბორტ #03-ში მგზავრთა ჩასხდომას (შედეგად, ვერტმფრენებზე მგზავრთა საერთო რაოდენობა დაშვებულს სამჯერ აღემატებოდა) და რომ იქ მართლაც იყვნენ მებრძოლები, რომლებიც აფხაზური სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოხვდნენ ბორტზე. ისინი ასევე გამოთქვამდნენ გულისწყრომას „სუ25-ის“ მფრინავების მიმართ, რომლებმაც დროულად ვერ შეძლეს რეისის „გაცილება“ და, ყველაზე საშიშ მონაკვეთში, უყურადღებოდ დატოვეს ვერტმფრენები.

ამ ტრაგიკული დღის შემდეგ 30 წელი გავიდა. ქართული მხარე აღნიშნულ საკითხზე დუმს, რიგითი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაფერი იცის ლათაში დატრიალებული უბედურების შესახებ. გაყინული კონფლიქტისა და რუსული ოკუპაციის პირობებში, ლათას ტრაგედია, რეალურად, გამოუძიებელი დარჩა. სეპარატისტებისთვის ისტორია რუსებმა დაწერეს, მაგრამ რეალურად, დღემდე დაუდგენელია, ვინ და რატომ გაისროლა ვერტმფრენის მიმართულებით, იყო თუ არა მსროლელი ქართული მხარის წარმომადგენელი (იქნებ რუსული პროვოკაცია იყო, შეურიგებელი განწყობების ჩასაქვიტკირებლად?). ანაც - ვინ მიიღო გადაწყვეტილება ჰუმანიტარული რეისი სამხედრო მიზნებისთვის გამოეყენებინათ, შეთანხმება დაერღვიათ და ფრენის მარშრუტი შეეცვალათ?

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სავარაუდო გასროლა ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიიჩნია საჭიროდ, ჩატარებულიყო გამჭვირვალე გამოძიება და იმპლიციტურად მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. თავის მხრივ, არც სეპარატისტული ხელისუფლება აქტიურობდა (არძინბას ჩვეულ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით). მიზეზი მარტივია: გლოვის დღეებში, სეპარატისტთა ლიდერებს პროცესები „ხელიდან გაექცათ“ - გამოაშკარავდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად გამოიყენებოდა, რომ რეისი ჰუმანიტარული არ იყო და შეთანხმების დარღვევით ხორციელდებოდა. ობიექტური მოკვლევის შემთხვევაში, ბევრი დამნაშავე გამოვლინდებოდა მათ რიგებშიც.

ამ პირობებში, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და მათთან სინქრონში მოქმედმა აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფებმა ქართველთა დუმილი სიძულვილისა და მტრობის შემდგომი გაღვივებისათვის გამოიყენეს და აფხაზურ საზოგადოებამდე მიიტანეს სრულიად ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს წითელი ჯვრის სპეციალური ნიშნით აღჭურვილ ვერტმფრენს ქართველებთან წინასწარი შეთანხმებით გადაჰყავდა ქალები და ბავშვები, რომ რეისი წმინდად ჰუმანიტარული ხასიათის იყო და „სისხლისმსმელმა ქართველებმა“ იგი განზრახ ჩამოაგდეს, ხოლო მოგვიანებით, უბედურების ადგილზე არ დაუშვეს მაშველთა ჯგუფები.

სინამდვილეში, დადასტურებულია, რომ სამხედრო ვერტმფრენს არანაირი წითელი ჯვრის ნიშანი არ ჰქონდა, რომ დაღუპულთა ყველა გამოქვეყნებულ სიაში ფიქსირდებიან სამხედრო პირები, რომ ქართულმა მხარემ დაუშვა კატასტროფის ადგილზე მაშველთა ჯგუფები, რომ უსაფრთხო კორიდორი არ გადიოდა ლათასთან, არამედ გადიოდა სოხუმის გავლით და იგი უამრავმა ტყვარჩელელმა აფხაზმა უსაფრთხოდ, შეთანხმების შესაბამისად, გაიარა ისე, რომ არავის მათზე თავდასხმა არ უცდია.

არსებობს კიდევ ერთი სავარაუდო ვერსია, რომელსაც არსებობის უფლება ნამდვილად აქვს და რომლის მიხედვითაც, ტყვარჩელიდან ვერტმფრენების აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქართულ „მილიციას“ ტყვარჩელიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ძებნილი კრიმინალები - ანცუპოვი და ზანთარია, სხვა ბოევიკებთან ერთად, აპირებდნენ რუსული სამხედრო ვერტმფრენით (კონკრეტული ბორტის ნომრის მითითებით) გუდაუთაში გადაფრენას. გასათვალისწინებელია, რომ ანცუპოვსა და, განსაკუთრებით, ზანთარიას ბევრი მტერი ჰყავდა თვითონ სეპარატისტთა შორის. არ არის გამორიცხული, რომ მათი თავიდან მოშორება წინასწარვე ყოფილიყო გადაწყვეტილი, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოევიკებთან ერთად ვერტმფრენში ქალები და ბავშვები იყვნენ, ქართული მხარისათვის არ მიუწოდებიათ. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ გასროლა განხორციელდა სწორედ და მხოლოდ იმ ვერტმფრენის მიმართულებით, რომელშიც ბოევიკები ისხდნენ (ბორტი #02 უვნებლად ჩაფრინდა გუდაუთაში). თუმცა, ეს ვერსია დაუდასტურებელ ინფორმაციებს ეყრდნობა, რის გამოც მოცემულ ეტაპზე მისი უფრო დეტალური განხილვა შეუძლებელია.

აფხაზეთში დღემდე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება ლათას ტრაგედიასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ღონისძიებები, რომელთა მთავარი მიზანი ქართველთა მიმართ სიძულვილის გაღვივება და შენარჩუნებაა. სიცრუემ, სიძულვილის პროპაგანდამ და ქართული მხრიდან აუხსნელმა დუმილმა თავისი შედეგი გამოიღო. დღეს ლათას ტრაგედია აფხაზური საზოგადოების მთავარ ომისდროინდელ ტრავმად რჩება. აფხაზებთან შერიგება ლათას ტრაგედიაზე კეთილსინდისიერი საუბრის გარეშე, შეუძლებელია (ისევე, როგორც ქართველებთან შერიგებაა ძნელი წარმოსადგენი გაგრისა და სოხუმის გენოციდების გააზრებისა და დამნაშავეთა დასჯის გარეშე). ამ პირობებში, რა გასაკვირია, რომ ომის ცხელი ფაზის დასრულებიდან ოცდაათი წლის შემდეგაც ვერ ხერხდება აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა.

იმედია, მალე მოვა დრო, როცა აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობისა და სახლებში დაბრუნებული დევნილების პირობებში, ქართული სახელმწიფო, ომის სხვა დანაშაულებთან ერთად, გამოიძიებს ლათას შემზარავ ტრაგედიას - დაადგენს მის გამომწვევ მიზეზებს და გამოავლენს დამნაშავეებს, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი. იმედია, არა მხოლოდ სოხუმში მიეგება სათანადო პატივი 1992 წლის 14 დეკემბერს ლათასთან დაღუპულ უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს. თავად ეს დღე და მისი გააზრება სჭირდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებას იმისთვის, რომ ომის ჭრილობები მოვიშუშოთ და ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. მანამდე კი... ნათელში ყოფილიყვნენ ლათასთან უდანაშაულოდ დაღუპულთა სულები!

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა