„პუტჩი“

ავტორი : დოდონა კიზირია 

2022 წლის 22 დეკემბერს შესრულდა 30 წელი შეიარაღებული გადატრიალების დაწყებიდან. გადატრიალებისა, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდიას კანონიერად არჩეული ხელისუფლება და, სულ რაღაც ორიოდ კვირაში, ქვეყანა რამდენიმე ათწლეულით უკან გადაისროლა. საქართველო, რომელიც 1991 წლამდე პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მეწინავე ქვეყანა იყო და რომელიც ბალტიის რესპუბლიკების შემდეგ პირველი იდგა დასავლური ინტეგრაციის რიგში, ლამის მყისიერად იქცა ამავე სივრცის ყველაზე ჩამორჩენილ, ყველაზე უპერსპექტივო, ნახევრად ველურ ტერიტორიულ წარმონაქმნად.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე მალე - და ასეთი შემზარავი სიზუსტით - ახდებოდა ზვიად გამსახურდიას რამდენიმე კვირისწინანდელი წინასწარმეტყველება, რომელშიც მან ის აპოკალიფსური სურათი დახატა, მისი მოწინააღმდეგეების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რომ ელოდა ქვეყანას („სახელმწიფოებრივი მთლიანობის დარღვევა“, „სრული ანარქია, პირველ რიგში, თბილისში“, „უბნებად დანაწევრებული ქალაქი“, სადაც ხელისუფლება „შეიარაღებული ბანდების“ ხელში იქნებოდა, „მოსახლეობის არნახული ძარცვა და დარბევა“, ელექტროენერგიის, გაზის, კომუნიკაციების, სურსათის მომარაგების, სამედიცინო მომსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების სრული მოშლა). პუტჩმა ეს საზარელი ხედვა რეალობად აქცია. რეალობად, რომელმაც სხვადასხვა დოზით 2003 წლის 23 ნოემბრამდე გასტანა და რომელიც ვერასდროს გაიმარჯვებდა ჩვენი აქტიური მონაწილეობის, უგუნურებისა თუ მიამიტობის გარეშე. 

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ერთ-ერთი ღონისძიებისას, რომელიც სამოქალაქო მეხსიერებას ეძღვნებოდა, ერთმა მაშინდელმა ოპოზიციონერმა დანანებით გაიხსენა - თბილისური „ელიტის“ განწყობებს ვიყავი აყოლილი და მხოლოდ 1991 წლის 22 დეკემბრის დილას ქაშუეთიდან უზენაესი საბჭოსკენ მიშვერილი ქვემეხების გუგუნის ფონზე მივხვდი, რომ მომატყუეს და ჩემი ახალგაზრდული იდეალიზმი ბოროტად გამოიყენესო. 
დღეს არავინ საუბრობს კონკრეტული ფაქტების გამოძიებაზე (მაგალითად, ვინ ხვრეტდა დამხობილი ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიან მიტინგებს მომდევნო თვეებში, რამაც ათობით უდანაშაულო დემონსტრანტის სიცოცხლე შეიწირა). არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი (ან კი როგორ იქნება - პუტჩის მონაწილენი პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ფლანგზე გაბნეულან, ზოგი - ბუნებრივად, ზოგიც - ისევ ვირეშმაკურად მიმოუფანტავს „მშობლიურ“ რუსულ უშიშროებას).

საუბარი ოდენ იმაზეა, რომ ვიცოდეთ. ვიცოდეთ, რათა გვახსოვდეს. გვახსოვდეს, რათა იგივე არ გავიმეოროთ და „ერთსა და იმავე წრეზე“ არ ვიაროთ. რათა მტერმა მომავალში მაინც ვეღარ შეძლოს ჩვენით მანიპულირება და ჩვენი მიამიტური იდეალიზმის გამოყენება ჩვენივე ქვეყნის დასანგრევად (როგორც ეს, სულ მცირე, ერთხელ უკვე გააკეთა საბედისწერო 1991 წლის შემდეგ, ამჯერად უკვე უიარაღოდ).  საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უტრაგიკულესი თარიღის 30-ე წლისთავზე, წარმოგიდგენთ ნაწყვეტს დოდონა კიზირიას წიგნიდან „პუტჩი“ (გამომცემლობა „არტანუჯი“, 2018). 

ზაზა ბიბილაშვილი

 

პირველი დღე

1991 წლის 21 დეკემბერს გვიან ღამით ჩამოვედი თბილისში. იმ ღამეს დაიწყო გადატრიალება, რომელსაც შემდგომ საქართველოში პუტჩით მოიხსენიებდნენ. იმ პერიოდში ამერიკის ხმასთან ვთანამშრომლობდი და მათგან დაახლოებით ვიცოდი, რა ხდებოდა თბილისში. როცა ამ ორგანიზაციის დირექციამ გაიგო, რომ აქეთ მოვემგზავრებოდი, დამავალეს, თუ შესაძლებლობა მექნებოდა, მომეგროვებინა მასალები მიმდინარე მოვლენებზე და ეგებ ორიოდე ინტერვიუც ჩამეწერა.

მეორე დილით რუსთაველის გამზირს მივაშურე. ის, რაც დავინახე, რაღაც სურრეალისტურ სურათს წარმოადგენდა - მთავრობის სასახლის წინ იდგა ტანკი, შეიარაღებული მამაკაცები, რომლებსაც სამხედრო ფორმა არ ეცვათ, ჯგუფად იდგნენ ქაშვეთის ეკლესიის წინ, მიდი-მოდიოდნენ ტანკის მახლობლად. დროდადრო ისმოდა სროლის ხმა, უმთავრესად, ქაშვეთის ეკლესიის შენობიდან, სადაც, როგორც მერე შევიტყვე, თენგიზ კიტოვანის გვარდიელები იყვნენ ჩასაფრებულები. ეკლესიის ეზოში კი მთავრობის სახლისკენ ლულამიშვერილი ორი ქვემეხი იდგა. მიუხედავად ამისა, შორიახლოს, ტროტუარებზე, საკმაოდ ბევრი ხალხი იდგა. უმეტესობა ჩემსავით გაოგნებული შეჰყურებდა ამ წარმოუდგენელ სანახაობას - ისროდნენ დღისით, მზისით, ისროდნენ ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე! ერთ-ერთ იქ მდგომს შევეკითხე, ვინ ხელმძღვანელობდა ამ აქციას და მიპასუხეს, მგონი სასტუმრო „თბილისშია“ შტაბიო.

სასტუმროში დაუბრკოლებლად შევედი, არავის გავუჩერებივარ, არავის უკითხავს ჩემი საბუთები. შესასვლელთან ხალხი კი ირეოდა, მაგრამ ვერავინ დავინახე ისეთი, ვინც უფლებამოსილებით აღჭურვილი ჩანდა და მეორე სართულზე ავედი. იქ, ფართო დერეფანში, იდგა რამდენიმე მაგიდა, გარშემო ისხდნენ ახალგაზრდა კაცები და ქალები; ზოგი ლაპარაკობდა, ზოგი იცინოდა, ერთ მაგიდასთან კი კარტს თამაშობდნენ. თითქმის ყველა ეწეოდა და საკმაოდ მძიმე ჰაერი იდგა. მათი უდარდელი გამომეტყველება სრულიად პარადოქსული მომეჩვენა იმ კონტექსტში, რაც გარეთ ხდებოდა. რატომღაც არ ჩავთვალე, რომ მათ შეეძლოთ, ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მოეცათ და დერეფანს ჩავუყევი. ერთ-ერთი ოთახის კარი ღია იყო, მის სიღრმეში ორი თავჩაღუნული, სრულიად ახალგაზრდა, 18-19 წლის ბიჭი იჯდა. მესამე, რომელსაც ეტყობოდა, კარგა-მაგრა ნასვამი იყო და მთლად მყარად ვერ იდგა ფეხზე, ღია კარის გარეთ, დერეფნიდან, უყვიროდა: „თქვენ სვანები ხართ?! სვანები კი არა ბოზები ხართ! სვანი იმ ნაბიჭვართან არ დადგებოდა. მოგიტ--ნთ გამჩენი!“ ბიჭები ხმას არ იღებდნენ.

მე უხმოდ ჩავუარე. დერეფნის ბოლოს, კუთხის ოთახის კარი ოდნავ შეღებული იყო. დავაკაკუნე და, როცა არავინ გამომეხმაურა, გამოვაღე და შევედი. ოთახში არავინ იყო, თუმცა დაულაგებელი ლოგინის, მაგიდაზე დაყრილი პაპიროსის ნამწვავების და ნახმარი ჭიქების მიხედვით იქ ვიღაცას, ან ვიღაცებს უნდა გაეთია ღამე. ღია ფანჯრიდან მოჩანდა მთავრობის სახლი, პირველი სკოლის შენობა და მთელი ის აბსურდის თეატრი, რაც იქ ხდებოდა. გეხსომებათ, სასტუმრო „თბილისის“ კედელი, რომელიც „ალექსანდროვის,“ ამჟამად „9 აპრილის“, ბაღისკენ არის მიქცეული, ირიბადაა ჩამოჭრილი და სწორედ იმ ოთახის ერთა­დერთი ფანჯარა იყო ღია.

ერთხანს ვიდექი და ვუყურებდი, რა ხდებოდა ქუჩაში. თავი სიზმარში მეგონა! დროდადრო ავტომატების კაკანი, ყვირილი და გინება ისმოდა. ორჯერ თუ სამჯერ ყუმბარის აფეთქების ხმაც გავიგონე. სხვათა შორის, ტყვიები არ ზუზუნებენ, ტყვიები უსტვენენ - წსტ, წსტ, - რაღაც ამდაგვარ ხმას გამოსცემენ. ერთი-ორმა ფანჯარასთან ძალიან ახლოს, თითქმის ჩემს ცხვირწინ ჩაიფრინა. ეს მერე გავიაზრე, როცა გვიან ღამით სახლში დავბრუნდი, მაშინ ისე ვიყავი გაბრუებული, თავი სიზმარში მეგონა. უეცრად ვიღაცის ხმა მომესმა: „ეი, რა გინდა მანდ, ვინა ხარ?!“ მოვტრიალდი და დავინახე, ოთახში ახალგაზრდა ბიჭი შემოსულიყო. მე მაშინვე დავუწყე ახსნა-განმარტება - მე ამერიკის ხმიდან ვარ, აი, ჩემი საბუთები. მინდა ვნახო, ვინ ხელმძღვანელობს ამ საქმეს და ჩავიწერო-მეთქი.

სიტყვა ამერიკის გაგონებაზე თვალები ფართოდ დააღო, სახეზე სიხარული თუ აღტაცება გამოეხატა: „ამერიკიდან? მართლა? მე ეხლავე დავუძახებ ჩვენს უფროსს“ - ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდა და ხუთი თუ ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა დღეს პოლიტიკაში ექსპერტად ცნობილ მამუკა არეშიძესთან ერთად. ერთმანეთს თავი გავაცანით. როცა პროფესია ვკითხე, ტელევიზიიდან ვარ, ტელესტუდიაში ვმუშაობო. ინტერვიუს მიცემაზე მაშინვე დათანხმდა და ჩავიწერე. დამშვიდობებისას ფანჯარასთან ახლო ნუ მიხვალთ, საშიშიაო, მითხრა და ოთახიდან გავიდა. ახალგაზრდა, რომელმაც ის მოიყვანა, ოთახში დარჩა და მომმართა: „რამე მინდა გთხოვო, რა. მე ერთი კარგი ბიზნესი მინდა გავხსნა აქ, თბილისში, რა. თუ ამერიკიდან დამიფინანსებენ, წილში შეგიყვან. აი, ძალიან კარგი ბიზნესი იქნება, რა. ეხლა ჩვენ გავიმარჯვებთ და მაშინვე შემიძლია დავიწყო.“ ძალიან დიდი ბოდიში, მე ამ სფეროში სამწუხაროდ არავის ვიცნობ და ვერ დაგეხმარებით-მეთქი, ვუთხარი და დერეფანში გავედი.

იქ მთვრალი მეციხოვნე აღარ იდგა. იმ ოთახის კარი, სადაც მისი ორი ტუსაღი სვანი იჯდა, მიხურული იყო. მაგიდასთან ისევ ისხდნენ ახალგაზრდები და იმავე საქმეს აგრძელებდნენ - იცინოდნენ, ეწეოდნენ, კარტს თამაშობდნენ. უეცრად რომელიღაც ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვიდნენ თენგიზ სიგუა, ელდარ შენგელაია და ჩემთვის რამდენიმე უცნობი პირი. ერთი პირობა გადავწყვიტე, უკან დავდევნებოდი და ინტერვიუ მეთხოვა, მაგრამ ისინი უკანმოუხედავად კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით დაეშვნენ და სადღაც გაუჩინარდნენ. მეც მათ მივყევი და სასტუმროდან ქუჩაში გავედი.

გარეთ ისევ გრძელდებოდა სურრეალისტური სანახაობა. მაყურებლები შეთ­ხელებულიყვნენ. მთავრობის სახლის წინ ორი თუ სამი ხე ბოლავდა. ნანახით და მოსმენილით დათრგუნული დავუყევი ქუჩას რუსთაველის მეტროსკენ. არავითარი ტრანსპორტი არ მუშაობდა, მაგრამ იქედან ტელეფონით ნაცნობს დავურეკე, თუ შეგიძლია, სახლში წამიყვანე-მეთქი.

„მთელი სვეტი აქ არის“
დეკემბრის 23-24 რიცხვებში ნათლად გამოიკვეთა პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეკრების ადგილები. პირველნი 21 დეკემბრამდე მთავრობის სასახლის წინ იყვნენ დაბანაკებული კიბეებზე და კარვებში. როგორც კი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ისინი გაიფანტნენ და თბილისის სხვადასხვა ქუჩებში და მოედნებზე იკრიბებოდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციების მოსაწყობად.

ოპოზიციის და კიტოვან-იოსელიანის მომხრეთა მთავარი შტაბი სასტუმრო „თბილისი“ და ტელევიზიის სახლი იყო მაშინდელი ლენინის, ამჟამად კოსტავას ქუჩაზე. ოპოზიციის მომხრეთა კიდევ ერთი დიდი ჯგუფი რესპუბლიკის (ამჟამად ვარდების) მოედანზე იკრიბებოდა შემდგომ მონგრეული უმახინჯესი თაღების წინ, რომელსაც ხალხში ანდროპოვის ყურებს ეძახდნენ. მართლაც ჰგავდა სასმენად მზადყოფ, გრძლად აჭიმულ, დაცქვეტილ ყურებს.

მე უმთავრესად ტელესტუდიის შენობიდან ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირსა და მის მიდამოებში დავდიოდი და სადაც კი ვახერხებდი, ვცდილობდი, ინტერვიუები ჩამეწერა, ან უბრალოდ მესმინა, ვინ რას ამბობდა, გამეგო, როგორი იყო საერთო განწყობა. ერთი ჩემი კარგი ნაცნობის კარგმა ნაცნობმა ჯიპი - „კალხოზნიკი“ მათხოვა და იმით დავქროდი აქეთ-იქით.

ერთ საღამოს, ექვსი თუ შვიდი საათი იქნებოდა, როცა მანქანა „გეპეის“ (ადრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) პირველ კორპუსთან გავაჩერე და ტელევიზიის შენობისკენ დავეშვი. გზად ორ მამაკაცს ჩავუარე, ერთი ჩაფსკვნილი, ჯმუხი ტანისა იყო და სამხედრო ფორმა ეცვა. ორივე პაპიროსს ეწეოდა და ორივე რაღაცაზე გულიანად იცინოდა. ხილიანის ქუჩამდე ვიყავი მისული, რომ ჩემს უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა მომესმა. მივიხედე, მე ხომ არ მომდევს ვინმე-მეთქი და დავინახე ის ჯმუხი ტანის კაცი ისეთი ქშენით მიახლოვდებოდა, თითქოს კილომეტრები ერბინოს. არ შემშინებია, რადგან ტელევიზიის სახლი იქვე იყო, მოჩანდა შენობის წინ კიბეებზე შეგროვილი ხალხი. ვიღაც მიკროფონთან იდგა და მსმენელებს ბრძოლისა და ტი­რანიისგან განთავისუფლებისკენ მოუწო­დებდა. რკინის ღობის გასწვრივ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი იჯდა და ლაზღანდარობდა. მე ჩემი პორტატიული მაგნიტოფონის და მანქანის გასაღების მეტი არაფერი მქონდა. რა უნდა დამაკლოს-მეთქი, ვიფიქრე.

რამდენიმე წამში აღმოჩნდა, რომ იმ კაცს მე სულაც არ ვაინტერესებდი. გვერ­დ­ზე ჩამირბინა, ტელევიზიის წინ შეკრე­ბილ ხალხს გვერდიდან მოუარა, ორა­ტორს მივარდა, ყურში რაღაც უთხრა და მიკროფონი გამოართვა: „ხალხო, ამ მკვლელებმა იქ შავნაბადაზე ჩვენი ბი­ჭები ჩახოცეს! 60 ვაჟკაცი სიცოცხლეს გამოასალმეს ზვიადისტებმა! შური უნდა ვიძიოთ!“ პასუხად გაისმა აღშფოთებული ყვირილი: „უნდა დავამხოთ! დიქტატორი! სისხლისმსმელი!“ ეს კაცი სულ რამდენიმე წუთის წინ მოხითხითე რომ არ მენახა, შეიძლება დამეჯერებინა, რომ მართლაც რაღაც უბედურება მოხდა. ისეთი განწირული ხმით გაჰყვიროდა და მკერდზე მუჭს ისე იბრაგუნებდა, რომ იმ პერფორმანსში ნამდვილად ოსკარი ეკუთვნოდა. მსმენელებმა ერთხანს იყაყანეს: „ეგ უნდა დაიჭიროთ და ჩამოახრჩოთ, ეგ ჩაუჩესკუ, ეგ ნაძირალა“, მაგრამ მალე გული მოიოხეს და ორიოდე წუთის შემდეგ უკვე სხვა ორატორს უსმენდნენ. ეს იყო ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის შავგვრემანი ქალი, შავი თმები მხრებს ქვემოთ ჰქონდა ჩამოშვებული. ისიც პრეზიდენტსა და მის „კომუნისტურ“ მეთოდებს ლანძღავდა, მაგრამ უფრო ელეგანტურად, თუმცა მეტი ემოციური ეფექტებით.

ლაპარაკის დამთავრების შემდეგ ეს ქალბატონი კიბეებიდან დაბლა ჩამოვიდა, ქუჩას მოაშურა და ის-ის იყო ჩემს გვერდით უნდა ჩაეარა, რომ მომიბრუნდა და გამიღიმა: „თქვენ დოდონა ხართ, დოდონა კიზირია?“ დიახ, ვუთხარი გაკვირვებულმა. „მე თქვენი ლექსები მაქვს წაკითხული, „ლიტერატურულ საქართველოში“ იყო დაბეჭდილი. სურათით გიცანით. მეც პოეტი ვარ,“ - მითხრა მან და ხელი გამომიწოდა. „მიხარია, რომ ჩვენს გვერდით დგახართ,“ - ამ სიტყვებით დამემშვიდობა და ზოოპარკის მიმართულებით წავიდა. ორიოდე წლის შემდეგ ის ქალბატონი კიდევ ერთხელ ვნახე ლიტერატურის ინსტიტუტში, როდესაც ბატონი როსტომ ჩხეიძის მოპატიჟებით მოხსენება გავაკეთე გიორგი სააკაძის შესახებ. რაღაც აფექტური კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ ჩემს სიტყვებში მან სიყვარული და ჩვენი ისტორიით სიამაყე ვერ დაინახა. ჩემი პასუხის შემდეგ კი ადგა და დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა. მისი სახელი და გვარი არც მაშინ მახსოვდა და არც ახლა მახსოვს.

იმ საღამოს გვიანობამდე ვიდექი ტელევიზიის შენობის წინ, ვუსმენდი ორატორებსაც და ერთმანეთთან მოსაუბრე მსმენელებსაც. მათ შორის ასეთ დიალოგს მოვკარი ყური: ერთი 20-22 წლის ახალგაზრდა ქალი თავის თანატოლს ეუბნება: „მოდი, რუსთაველზე წავიდეთ, ვნახოთ, იქ რა ხდება.“ მეორე პასუხობს - „იქ რა გვინდა, მთელი სვეტი აქ არის.“

აქ მართლაც ყოველდღე ნახავდით ცნობილ და დამსახურებულ რეჟისორ-მსახიობ-მწერალთა სახეებს, მაგრამ იმ საღამოს ჩემი შავგვრემანი კოლეგა პოეტის გარდა სხვა არავინ შემიმჩნევია. ზატო „სვეტის“ მხარდამჭერები ბლომად იყვნენ

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა