რუბრიკა: პოლიტიკა

ჟურნალი: ნომერი 2




რამდენიმე სიტყვა ნეიტრალიტეტის მომაკვდავ კონცეფტსა და პრაქტიკაში დამკვიდრების შეუძლებლობაზე

ავტორები : გია ჯაფარიძეირინა გურგენაშვილი 

2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რომლის ვიწრო მიზანი უკრაინისთვის დამოუკიდებლობის წართმევა და მისი სრული ოკუპირება, ხოლო ფართო - გავლენის სფეროების მონიშვნა და რუსეთის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენაა, საერთაშორისო სისტემაში არსებული წესრიგი პრაქტიკულად მოარღვია. ამ ფონზე კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ისედაც მომაკვდავი ნეიტრალიტეტის კონცეფტი, კიდევ უფრო უფუნქციო, უტოპიური რეალობაა. მით უმეტეს, დიდი კითხვის ქვეშ დადგა ის ცალსახად მოწყვლადი პოზიცია, რომ სახელმწიფოს მიერ თვითგამოცხადებული, სხვათა მიერ არგაზიარებული ნეიტრალიტეტი, თითქოს რაიმე სახის საერთაშორისო გარანტიას წარმოადგენს ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით, სუსტი და დაუცველი ერთეულებისთვის.

შვეიცარიამაც კი, რომლის ნეიტრალიტეტიც საუკუნეებს ითვლის და აღიარებული და გაზიარებულია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ, საკუთარი პოზიციების გადახედვაზე გააკეთა განცხადება. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, 2022 წლის ფორს-მაჟორული მოვლენების გათვალისწინებით, შვეიცარიამ, შესაძლოა, ინტერპრეტაციები შეიტანოს არსებულ ნეიტრალიტეტში და სხვა ცვლილებებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს ნატოს საერთო წვრთნებსა და იარაღის მარაგის შევსებაში. ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა კი ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. სწორედ მსგავსი შემთხვევები ცალ-ცალკე და მათი ერთობლიობა, ასევე წარსულში სხვა სახელმწიფოების, მათ შორის მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს გამოცდილება, გვარწმუნებს, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე მოვლენების, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის რევიზიონისტული მისწრაფებების გათვალისწინებით, რეალური ნეიტრალიტეტის დამკვიდრების მცდელობა მიუღწეველ და სახიფათო პერსპექტივად გამოიყურება.

ნაცვლად იმისა, რომ ისტორია საქართველოსთვის კარგი გაკვეთილი იყოს და საბოლოო წერტილი დაესვას საზოგადოების ერთ ნაწილში არსებულ ილუზიას ნეიტრალიტეტის შესახებ, ომის შიშითა თუ ხელისუფლების რიტორიკით დაძაბუნებულ საზოგადოებაში, ცალკეული აქტორების და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული წრეების მხრიდან არ ნელდება ნეიტრალიტეტის, „რუსეთის არ გაღიზიანების“ და აგრესორ ძალასთან მიტმასნების შესახებ პროპაგანდა და მოწოდებები. ნეიტრალიტეტის გამოცხადება არ არის გამოსავალი, ცალმხრივმა ნეიტრალიტეტმა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ვერ დაიცვა ვერც საქართველო, ვერც მოლდოვა, ვერც უნგრეთი და ა.შ. ჩამონათვალი ამ კონცეფტის პრაქტიკაში მიუღწევლობის შესახებ საკმაოდ გრძელია. ხოლო იმ შემთხვევაში კი, როდესაც ნეიტრალიტეტი „მუშაობს“, ქვეყანა სპეციალურ პირობებს აკმაყოფილებს და გარემოებებიც უწყობს ხელს, საქართველოში ამისთვის არც პირობები არსებობს და არც ხელშემწყობი გარემოებები. შესაბამისად, არსებულ მოცემულობაში და იმ საერთაშორისო წესრიგში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ნეიტრალიტეტზე ფიქრიც კი, ყველაზე მინიმუმ, სიტუაციის ვერ აღქმა და გააზრებაა, რომლის საფასურიც ძალიან მძიმე - ისტორიული მტრის წინაშე მარტო, მოკავშირეების გარეშე დარჩენაა. საქართველოს სამარტოო საგარეო პოლიტიკის წარმოების რესურსი და შესაძლებლობა არც ახლა აქვს და არც არასდროს ჰქონია.

ნეიტრალიტეტი სახელმწიფოს საერთაშორისო სამარ­თლებრივი სტატუსია, რომლის პირობებშიც ქვეყანა არ ერთვება საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე კონ­ფლიქტებში, სხვა ქვეყნებს შორის არსებულ საო­მარ მოქმედებებში და ეს პოზიცია აღიარებული და გაზიარებულია მეომარ მხარეთა მიერ. ნეიტრალიტეტის დროს ქვეყანა ვალდებულია არ შევიდეს საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსებში, კონფლიქტის მხარეთა მიმართ მუდმივად და განგრძობითად შეინარჩუნოს მიუმხრობელი დამოკიდებულება. ლიბერალური წეს­რიგის გაგებით, ნეიტრალური სახელმწიფო მსოფლიო მშვიდობის გავლენის აგენტია და „ამსუბუქებს ადამიანთა ტანჯვას“ ომის დროს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ პირობებში, როცა მეომარი მხარეები არ აღიარებენ ნეიტრალიტეტს, მისი დამკვიდრება შეუძლებელია. მაგალითად, 1956 წელს უნგრეთმა ანტისაბჭოთა ამბოხის შემდგომ განაცხადა, რომ ნეიტრალური ქვეყანა უნდა გამხდარიყო, თუმცა, აღნიშნული იდეა „ცივი ომის“ არც ერთი ბანაკის ლიდერმა - არც საბჭოთა კავშირმა და არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - არ გაიზიარა, შესაბამისად, უნგრეთის სურვილი სურვილად დარჩა და ამ ქვეყნის, როგორც საბჭოთა ბანაკის გავლენის სივრცის, არათუ საგარეო პოლიტიკური მისწრაფება, დამოუკიდებლობაც კი სათუო გახდა. ამ განცხადებიდან მალევე, საბჭოთა ძალებმა უნგრული ანტიკომუნისტური მოძრაობა სისხლში ჩაახშეს და ქვეყანაში კვლავ საბჭოთა რეჟიმი დაამყარეს.

ნეიტრალიტეტი კოლექტიური შეთანხმების პროდუქტია, რომელსაც მაქსიმუმ ყველა ქვეყანა აღიარებს, მინიმუმ ჩნდებიან სხვა დიდი ძალები, რომლებიც ნეიტრალიტეტის გარანტორები ხდებიან. მაგალითად, 1839 წლის ლონდონის კონფერენციამ და შეთანხმებამ ბელგია ცნო სუვერენულ სახელმწიფოდ და მუდმივი ნეიტრალიტეტი მიანიჭა, რომლის გარანტორად მოგვევლინა ინგლისი. 1914 წელს გერმანიამ ბელგიის ნეიტრალიტეტი დაარღვია და მის ტერიტორიაზე შეიჭრა, ინგლისმა, როგორც ბელგიის ნეიტრალიტეტის გარანტორმა გერმანიას ომი გამოუცხადა. აქვე უნდა გავიხსენოთ ავსტრიული ნეიტრალიტეტიც, რომელიც თავსმოხვეული, იძულებითი ნეიტრალიტეტის მაგალითია, 1955 წელს ავსტრია საბჭოთა კავშირის ზეწოლით, იძულებული გახდა ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ საბჭოთა საოკუპაციო ჯარებს დაეტოვებინათ ავსტრიის ტერიტორია.

ნეიტრალიტეტის მძიმე ისტორიული გამოცდილება აქვს ფინეთსაც. იმპერიული რუსეთის ზეწოლით 1917 წელს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, 1939 წლის სსრკ-ფინეთის ზამთრის ომით დასრულდა, თუმცა ასევე, იძულებითი არჩევანით 1948 წელს ფინეთს კვლავ მოუწია ნეიტრალიტეტის გამოცხადება. საბჭოთა კავშირმა იმდენად მძიმე პირობები წაუყენა ფინეთს, რომ ის იძულებული გახდა, მათ შორის, უარი ეთქვა ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამაში (მარშალის გეგმა) მონაწილეობაზე. რუსეთი იმთავითვე არ ასხვავებდა ერთმანეთისგან ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ფინეთი გაწევრიანდა ევროკავშირში, თუმცა, არ გამოუთქვამს ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი. მიმდინარე წელს რუსეთის ხელახალმა აგრესიამ უკრაინაში, ფინეთში ერთგვარი „განგაშის სიგნალი“ ჩართო, მან უარი უთხრა ნეიტრალიტეტს და ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დაიწყო. რაც შეეხება შვედეთს, მისი შემთხვევა განსხვავებულია, რადგან მას ჰქონდა უფრო მეტად ტრადიციული ნეიტრალიტეტი, ვიდრე თავსმოხვეული, თუმცა, უკრაინის მოვლენებმა და რუსეთისგან მომდინარე შეუქცევადმა საფრთხეებმა, შვედეთიც, ფინეთის მსგავსად, იძულებული გახდა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიეღო.

მუდმივი ნეიტრალიტეტის საუკეთესო პრაქტიკულ გამოხატულებად, შვეიცარიის კონფედერაცია მიიჩნევა. თუმცა, შვეიცარია ე.წ. აუთლაიერია ნეიტრალიტეტის კვლევაში, ამ ქვეყნის „თავბრუდამხვევი წარმატება“ ნეიტრალიტეტის დამკვიდ­რებაში, რაც ბევრი ხელშემწყობი ფაქტორით იყო განპირობებული, ხელს უშლის ნეიტრალიტეტის სირთულის აღქმაში ე.წ. ახლად ნეიტრალურ ქვეყნებს. გარდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა, შვეიცარული ნეიტრალიტეტის წარმატება ნეიტრალიტეტის ხანგრძლივმა ტრადიციამ, სწორმა დრომ, სხვა ქვეყნების კონსოლიდირებულმა შეთანხმებამ და თავად ამ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობამ განაპირობა. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი 1815 წლის ვენის კონგრესზე დამტკიცდა, სადაც ნაპოლეონის დაპყრობითი ომების შემდგომ დაზიანებული ევროპა აყალიბებდა ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას. ამ კონგრესზე შვეიცარიამ მიიღო ყველა სახელმწიფოს თანხმობა გამხდარიყო ერთგვარი ბუფერული ზონა ევროპის კონტინენტზე, რომელიც მომავალში შეითავსებდა დაპირისპირებულ მხარეთა მოლაპარაკების ცენტრის როლს. თუმცა ამ კონგრესამდე შვეიცარიას უკვე ჰქონდა ორ საუკუნოვანი ნეიტრალიტეტის ტრადიცია. მე-16 საუკუნიდან ნეიტრალიტეტი იყო შვეიცარული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ის არ ერთვებოდა კონფლიქტებში, არ აწარმოებდა დაპყრობით ომებს, არ ჰქონდა სადავო ტერიტორიები. რაც შეეხება პოზიციის დამოუკიდებლად დაცვის შესაძლებლობას, შვეიცარული თავდაცვის სისტემა ღრმად არის ინკორპორირებული მათი ცხოვრების წესში. შვეიცარიამ როგორც პირველ, ისე მეორე მსოფლიო ომში ძალიან მოკლე დროში მოახდინა თავდაცვითი ძალების მობილიზება (თითქმის ნახევარ-მილიონიანი არმია) და ორივე ომის დროს მზად იყო დამოუკიდებლად დაეცვა ნეიტრალიტეტი. შედეგად, თავიდან აიცილა თავდასხმა და სამომავლოდ ნეიტრალიტეტის კიდევ უფრო მეტი გარანტია მიიღო.

საქართველოსთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს მოლდოვის ნეიტრალიტეტის საკითხიც. 1994 წელს მოლდოვის სახელმწიფომ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრა­ლიტეტი. ყველაზე სახიფათო და პირდაპირი საფრთხე მოლდოვის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის იყო (დღემდე რჩება) დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაციის დისლოცირებული სამხედრო ძალები მოლდოვის ტერიტორიაზე. კიშინოვის ხელისუფლების მცდელობამ გამოეყენებინა ნეიტრალიტეტის სტატუსი, რომ „იძულებული გაეხადა“ მოსკოვი გაეყვანა საოკუპაციო ჯარები და, შესაბამისად, დაეჩქარებინა ტირასპოლის ადმინისტრაციასთან დავის პოლიტიკური მოგვარების პროცესი, კრახი განიცადა. სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების ერთ-ერთი ლოგიკური მიზანი შეიძლება იყოს მომავალ სამხედრო კონფლიქტებში ჩართვის თავიდან აცილება და საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არ ჩაყენება, მაგრამ პრაქტიკაში არ არსებობდა და არც ახლა არსებობს პრეცედენტი, რომ აღნიშნულს უკუქცევითი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, შესაბამისად, ჯარების გაყვანისა და სუვერენიტეტის მთელ ტერიტორიაზე აღსადგენად ნეიტრალიტეტის გამოყენება მოლდოვის მხრიდან, იმთავითვე მარცხისთვის განწირული ნაბიჯი იყო.

ისტორიული მეხსიერებისთვის - 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აქტით თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის 1921 წელს ჯერ ქვეყნის ოკუპაცია, ხოლო 1922 წელს ანექსია მოეხდინა. აქვე უნდა გავიხსენოთ 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება საბჭოთა რუსეთთან, რომლის მე-5 მუხლის მიხედვითაც, საქართველომ პრაქტიკულად უბლოკო სტატუსი გამოაცხადა და რუსეთს მისცა პირობა, რომ საკუთარ მიწაზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს არ განალაგებდა, თუმცა არც ამ ხელშეკრულებაში დადებულმა პირობებმა შეაკავა რუსეთის აგრესიული მისწრაფება მოესპო საქართველოს დამოუკიდებლობა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის განხილვისას და კონკრეტულად ნეიტრალიტეტის მუხლთან მიმართებით გამართულ დებატებში, პირველი რესპუბლიკის მესვეურნი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ ვერ შეძლებდნენ ამ პოლიტიკის დამოუკიდებლად დაცვასა და ამავდროულად, მის საერთაშორისოდ აღიარების მოპოვებას. „...ნეიტრალიტეტის დასაწესებლათ, საერთა­შორისო უფლებაში, არ კმარა ნეიტრალობის მოსურნე სახელმწიფოს განცხადება - ნეიტრალური ვარო... ცალმხრივად გამოცხადებული მუდმივი ნეიტრალიტეტი ცოტა რამეს ნიშნავს, თუ იგი არ იქნა აღიარებული აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა მიერ... ნეიტრალური სახელმწიფოს და კერძოთ საქართველოს რესპუბლიკას თავის დასაცავად ეყოლება და უნდა ჰყავდეს შეიარაღებული ძალა ამა თუ იმ სახით...ნეიტრალურ სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი ნეიტრალიტეტი დაიცვას სამხედრო ძალით, თუ კი ვინმე მოძალადე გაბედავს მათ შელახვას...“ - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის შესწორებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის დათქმა აბსოლუტურად სწორად იყო გაგებული, პრაქტიკაში მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, დამფუძნებლებმა ბევრი იცოდნენ თეორიულად, მაგრამ არ ჰქონიათ შესაძლებლობა ფართო პრაქტიკაში ენახათ რამდენად მოწყვლადი და შეუთავსებელი მდგომარეობაა ნეიტრალიტეტი რუსულ ამბიციებთან.

ბოლოსიტყვისთვის - საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავს მარტივი კითხვა უნდა დაუსვან - თუ ერთხელ არ შეუშალა ხელი რუსეთის ფედერაციას საქართველოს ნეიტრალიტეტმა ქვეყნის ანექსიაში, რატომ შეუშლის დღეს? ამის გათვალისწინებით და მიუხედავად იმისა, როგორ დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, აქვს კი საქართველოს ევროპის კავშირისა და ნატოს მიმართულებით სვლის შენელების ფუფუნება?

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა