ავტორი : თამარ ალავიძე
რა სარგებელი მოაქვს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს? ინტერნეტწყაროებს თუ დავუჯერებთ, პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს, სამეფო რეზიდენციებიდან და ქონებიდან (ე.წ. Crown Estate) ხაზინის მიერ მიღებული შემოსავალი 410 მილიონ ფუნტს აღემატებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეფო ოჯახის წყალობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უფრო მეტი შემოსავალი შევიდა, ვიდრე სამეფო ოჯახზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ციფრები და პრაგმატულობა იქით იყოს და მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ბრიტანელების უდიდესი ნაწილისთვის სამეფო ოჯახი, მისი თითოეული წევრი და, ზოგადად, მონარქის ინსტიტუტი, ბრიტანული ყოფის ორგანული ნაწილი იყო. გვირგვინის გარეშე დარჩენას ფიქრადაც კი ვერ გაივლებდა თავმოყვარე ბრიტანელი. სამეფო ოჯახის წევრზე, მით უფრო, მონარქზე, აუგი და ხუმრობა, ხომ, საერთოდ რა მოსატანია.
ახლა, წარმოიდგინეთ ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფის სესილ ბიტონის მიერ გადაღებული ახალგაზრდა, სათნო დედოფალ ელისაბედ მეორეს პორტრეტი, თვალებზე მიხატული ფაშისტური „სვასტიკებით“, პირზე მიკერებული ქინძისთავით, პორტრეტის თავზე კი წარწერით - God Save the Queen! ასე გამოიყურებოდა მაისური, რომელიც ბრიტანული პანკ-როკ ჯგუფის Sex Pistols-ისთვის შეიქმნა 1977 წელს. ამ მაისურში შეასრულა ჯგუფმა ახალი, ანტი-ისტებლიშმენტური სიმღერა “God Save the Queen”. „ავადსახსენებელი“ მაისური Sex Pistol-ის მენეჯერის მალკოლმ მაკლარენის მეგობარი გოგონას დიზაინით შეიკერა.
მეგობარ გოგონას ვივიენ ვესტვუდი ერქვა.
მიხვდით, ალბათ, ვივიენი დაბადებით მეამბოხე რომ იყო. მოდის დიზაინიც იმიტომ აირჩია პროფესიად, საკუთარი ამბოხისთვის მატერიალური გამოხატულება რომ მიეცა. პირველი დიდი „აჯანყება“ ყოფილ პარტნიორ მალკოლმ მაკლარენთან ერთად 1960-იანების მიწურულს წამოიწყო: Let It Rock – პირველი, ერთობლივი მაღაზია ლონდონში, კინგს როუდზე. რას არ ნახავდით ამ მაღაზიაში: ტანსაცმელი, აქსესუარები, სამკაულები ნაცისტური სიმბოლიკით და ფეტიშის ელემენტებით; ქინძისთავებით გაწყობილი სამოსი; უმსხვილესი ნაქსოვის მოთელილი, სრულიად გამჭირვალე სვიტერები. თუმცა, ვესტვუდის დიზაინით შემქნილ ანარქისტულ ნივთებში იმვდროულად შეხვდებოდით შოტლანდიურ კუბოკრულს, ბრიტანულ იუნიონ ჯეკს და მონარქების პორტრეტებს. ვესტვუდი იხსენებდა, როგორ მოსდევდა ხოლმე ყოველ ახალ კოლექციას მაღაზიის სახელის ცვლილება: ჯერ Too Fast To Live, Too Young To Die, მოგვიანებით - SEX, პანკის პერიოდისთვის კი - Seditionaries.
ანარქია, შეუგუებლობა, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ტაბუების და სტერეოტიპების ნგრევის სურვილი - ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი ბრიტანულ პანკში, რომლის ერთ-ერთ სულისჩამდგმელებად ვესტვუდს და მაკლარენს მიიჩნევენ. ჭეშმარიტი პანკი გმობდა უფროს თაობას და პოლიტიკურ სისტემას: პირველს პასუხისმგებლობის მოხსნისა და მისი უმცროსი თაობისთვის გადაბარების, მეორეს კი - გამეფებული უსამართლობის, ტანჯვისა და სიკვდილის გამო. ასე სწამდა ვესტვუდს. მიმდინარე ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, პანკის ტალღა იდეალური გამოსავალი იყო იმედგაცრუებული და უმუშევრობაში გადაშვებული ბრიტანელი ახალგაზრდებისთვის „ორთქლის გამოსაშვებად.“ ემოციების სრული სიმძაფრისთვის, მათ შესაფერისი ტანსაცმელი და აქსესუარები სჭირდებოდათ. ამისთვის კი, ვესტვუდის და მაკლარენის მაღაზია არსებობდა.
მაღაზიის პოპულარობამ დიდწილად შეუწყო ხელი ვივიენის, როგორც დამოუკიდებელი მოდის დიზაინერის, ჩამოყალიბებას და პოპულარიზებას. დიდი წარმატება და აღიარება 1981 წელს, „მეკობრეების“ კოლექციის შედეგად მოვიდა. ამ დროისთვის, მაკლარენი და ვესტვუდი ერთად აღარ იყვნენ, ამიტომაც, მაკლარენის რჩევით, ვესტვუდმა კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე საკუთარი სახელით წარადგინა. „მეკობრეები“ ერთგვარი კულტურული თამაში იყო: ტოვებ შენს კუნძულს და გადიხარ ისტორიული წარსულის და მესამე მსოფლიოს აღმოსაჩენად. ნაპოლეონისდროინდელი ქუდები, მარია-ანტუანეტას ფუშფუშამკლავებიანი კაბები, ამერიკის აბორიგენი ტომებით შთაგონებული ქსოვილებისგან შეკერილი ფართხუნაუბიანი შარვლები, ფერების ეკლექტიკა. თითოეული სამოსი სხვადასხვა პერიოდის ისტორიული კოსტიუმის თარგს იმეორებდა. თუმცა, არ იფიქროთ, რომ კოლექცია სამუზეუმე ექსპონატების ნაკრებს წარმოადგენდა: თითოეული კოსტიუმისთვის ქსოვილი იმგვარად იყო შერჩეული, რომ სამოსი ცოცხალი და აქტუალური იყო. ეს კოლექცია არაფრით ჰგავდა სხვებს, რომელთაც, იმ დროს, წამყვანი დიზაინერები პარიზისა და ლონდონის მოდის კვირეულების ფარგლებში წარადგენდნენ.
ესეც ერთგვარი პროვოკაცია იყო ვივიენის მხრიდან, გალაშქრება ყოველივე მოდურის და ბანალურის წინააღმდეგ. ერთ-ერთ ჩანაწერში ვესტვუდი იხსენებდა, რომ, ეს იყო მისი ამბოხი მეოცე საუკუნის დოგმის წინააღმდეგ, თითქოს წარსული დასრულდა და ახლა ახლის კეთების დროა. ამის საპირისპიროდ, ვივიენი ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება სრულყოფილი და უკვდავია და დღეს შთაგონება წარსულიდან უნდა მივიღოთ: „ფესვების და ხელოვნების გარეშე, ვერ გვექნება ლაბორატორიები და მეცნიერება. კულტურა აუცილებელია ადამიანების უკეთეს არსებებად გარდასაქმნელად.“
ხელოვნების მეშვეობით დოგმასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა კიდევ უფრო წინ წასწია ვესტვუდმა 2005 წლის კოლექციაში „AR“ (Active Resistance - აქტიური წინააღმდეგობა), სადაც კულტურისთვის მებრძოლი გმირის სახით მაისურებზე რემბრანტი დაბეჭდა, თავზე შავი ბერეტით. „ხელოვნების მოყვარული თავისუფლებისთვის და უკეთესი სამყაროსთვის მებრძოლია. მას სწამს, რომ თუ ის წარსულს შეისწავლის, ეს მას აწმყოში საკუთარი აზრის ფორმირებასა და ქმედებაში დაეხმარება.“
ამ იდეით გულანთებული ვივიენი, ბერლინში თავის სტუდენტებს დავალებას აძლევდა, მოენახულებინათ სამხატვრო გალერეები და ერთიდან მეორე დარბაზში გადაადგილებამდე, აერჩიათ კონკრეტული ნამუშევარი, რომელსაც გადაარჩენდნენ. ვესტვუდის აზრით, თუ ამ „თამაშს“ სისტემატურად ითამაშებდნენ, ექვსი თვის თავზე, უკვე სხვა ნამუშევრის გადარჩენა ენდომებოდათ, ვინაიდან ამ პროცესში განსჯის და დისკრიმინაციის უნარი კარგად გაუვარჯიშდებოდათ.
AR კამპანიის ფარგლებში, ვესტვუდმა 2007 წელს სახელოვნებო კითხვის მცირე საღამოები მოაწყო ქვეყნის მასშტაბით: ვივიენის მეგობრებმა ოცი ცნობილი პერსონაჟი (მათ შორის, პინოქიო, ალისა, არისტოტელე) განასახიერეს და თვრამეტ სხვადასხვა ქალაქსა თუ უნივერსიტეტში, ხელოვნების შესახებ ორმოცი წუთის განმავლობაში უყვებოდნენ დამსწრეებს.
ცხოვრების ბოლო ათწლეული, ვესტვუდი მეტწილად ეკოლოგიური აქტივიზმით იყო დაკავებული და მიზნად სამყაროს გლობალური კატასტროფისგან გადარჩენას ისახავდა. გლობალური დათბობის შესაჩერებლად, აუცილებელი ქმედებები ზუსტად ჰქონდა განსაზღვრული და Climaterevolution.co.uk პლატფორმის დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით, ხალხში ცნობიერების ამაღლებას ცდილობდა. 81 წლის ასაკშიც, ყოველ პარასკევს, ლამაზად გამოეწყობოდა, კამერის წინ მოკალათდებოდა და ინსტაგრამის მეშვეობით, მილიონობით გულშემატკივარს გლობალურ პრობლემებზე უსაუბრებოდა: „ჩემი ვალია, ეს სამყარო შევიმეცნო. გავუგო მას. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია იმის სანაცვლოდ, რომ სიცოცხლე მოგვეცა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი. თუ ამ იდეების კვალდაკვალ ფიქრს იწყებ, ეს შენს ცხოვრებას ცვლის და თუ შენ საკუთარ ცხოვრებას ცვლი, შენ სამყაროს შეცვლა შეგიძლია.“
ვივიენ ვესტვუდი 2022 წლის 29 დეკემბერს, ლონდონში გარდაიცვალა.