ავტორი : ზურაბ მეძველია
1965 წლის 4 ივლისი
სსრკ-ს დედაქალაქში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები ჩავიდა... და დაიძრა უამრავი ქართველი მოსკოვისკენ, რათა საკუთარი თვალით ენახა ეს საოცარი გუნდი და თვით პელე. და ნახეს. და აღფრთოვანდნენ. ზოგმა მასთან ფოტოს გადაღებაც კი მოახერხა, ზოგმა - ავტოგრაფის აღება. და ჰყვებოდნენ მერე დიიიდი ხანი იმ ბრაზილიელების მიერ 3:0 მოგებულ მატჩზე და პელეზე, ფეხბურთის მეფეზე.
აი, ხომ წაიკითხეთ ზედა აბზაცი და საინტერესოა, დაფიქრდით თუ არა ერთ ამბავზე:
ეს ახლაა, რომ თუნდაც არც მთლად ხეირიანად განვითარებულ ქვეყანაშიც კი ნებისმიერ საფეხბურთო მატჩს უყურებს დაინტერესებული კაცი გინდ ტვ-ში, გინდ პლანშეტ-ლეპტოპებში, გინდ ტელეფონებში და გინდ საათებშიც კი. და თუ გინდა და შესაძლებლობაც გამონახე (მინდოდა და მოვიწყე კიდეც კვარატური „ნაპოლის“ სამ თამაშზე ოქტომბერში), მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია საყვარელი გუნდის თუ ფეხბურთელის ხილვა.
ეს კი 1965 წელია, საბჭოთა კავშირი... პირველად ბრაზილია და პელე ჩემპიონები გახდნენ 1958-ში და იქიდან მოყოლებული 8 წელი საბჭოთა ადამიანები კითხულობდნენ და ისმენდნენ, რა მაგარია პელე, რა ძალიან მაგარია პელე, რა მაგარი გოლი გაიტანა პელემ...ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ: 8 წელი რომ გესმინათ და გეკითხათ, რა მაგარია მესი, რა ძალიან მაგარია მესი, რამდენი კაცი მოატყუა მესიმ, რა მაგარი გოლი გაიტანე მესიმ - ცაციით, მარჯვენათი, თავით... მხოლოდ გესმინათ და გეკითხათ. და ნანახი არ გქონოდათ...
აი ამიტომ დაიძრა უამრავი ქართველი მოსკოვისკენ იმ 1965-ში და ამიტომ ჰყვებოდნენ მერე დიიიდი ხანი იმ ბრაზილიელების მიერ 3:0 მოგებულ მატჩზე და პელეზე, ფეხბურთის მეფეზე. იმ სსრკ-ში საჯარო ადგილას რაიმე ფოტოს ვინ გაგაკვრევინებდა და გამონაკლისი, სადაც ამაზე თვალს ხუჭავდნენ, პროფილაქტიკა და მეწაღის ფარდული იყო. ჰოდა არ იყო ეგეთი მეწაღე თუ ხელოსანი, პელეს სადღაციდან ნაშოვნი ფოტო არ ჰქონოდა გაკრული. სტალინი მეორე ადგილზე იყო...
მერე, 1966-ში, იკადრა სსრკ-მ მსოფლიო ჩემპიონატის ტელე-რეპორტაჟები. მაშინ პელე დაამტვრიეს. აი 1970-ში კი მოიგო პელემ და მისმა - ბევრის აზრით, ისტორიაში საუკეთესო - გუნდმა. მესამედ. ამის მერე ქართულ ენაში „პელე“ თავის საქმეში საუკეთესოს სინონიმად იქცა.
1960-იანების ბოლო
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ არ მომწონდა ეს ტყე-ღრეში ვიღაც მგლებთან თუ სხვა გარეულ მხეცებთან ერთად ბორიალი და ვინაიდან ჯერ კითხვა თავად არ ვიცოდი, დედაჩემს ვთხოვე, არ მინდა ეს ზღაპრები, აი, ის წამიკითხე, ბურთი რომ ახატია-მეთქი. და მიკითხავდა მაგის მერე გამოთქმით, როგორ მოუგო პატარა ურუგვაიმ დიდ ბრაზილიას 1950-ში, როგორ იპოვა პატარა ძაღლმა მსოფლიო თასი 1966-ში და ეგეთებს. ამათ შორის იყო ორი ავტობიოგრაფიული წიგნი: ერთი სერ სტენლი მეტიუზის „35 წელი მარჯვენა ფრთაზე“ და მეორეც პელესი - „მე, პელე“. უკვე მერე, დიდობაში, გავიგე, რომ ამ მეორე წიგნის გამო ბრაზილიაში მილიონობით ადამიანმა დაიწყო წერა-კითხვის სწავლა...
მე წერა-კითხვა ამის გამო არ მისწავლია - მითხრეს, ისწავლეო და ვისწავლე. და სანამ ახალ წიგნებს ჩავუჯდებოდი, უკვე ჩემით წავიკითხ-გადავიკითხე საყვარელი წიგნები. სადღაც 5 წელიწადში ერთხელ მივუბრუნდები ხოლმე ამ ორ წიგნს და ცოტა ხნით გადავეშვები ხოლმე იმ უდარდელ დროში, სიტყვა „მეფის“ გაგონებაზე ეგრევე შორეულ ბრაზილიაში მობურთალი შავი ბიჭი რომ მახსენდებოდა.
1990-იანები
ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარს შემიყვარდა ეს ფეხბურთი და მერე და მერე ხომ საერთოდ. ჰოდა რაღაა გასაკვირი, რომ საფეხბურთო ჟურნალისტი გავხდი. „სარბიელში“ ვწერდი ბლომად წლები. მთავარ რედაქტორადაც ვიყავი რაღაც ხანი...
ჰოდა, ამ ჩემი სივის ამონარიდის გამომზეურება იმად დამჭირდა, რომ ჩვენს ერთ იმდროინდელ ტრადიციაზე მეთქვა - ერთი შეხედვით, არცთუ საამაყოზე, რადგან ეს ორი სიტყვა - პელე და მოკვდა - თითქმის ყოველი ნომრის მომზადებისას ისმოდა რედაქციაში. უფრო სწორად მაშინ, როცა ნომერი მზად იყო. თან „თუ“ უძღოდა წინ და შუაში კიდევ „არ“. მოკლედ, რებუსი რომ არ გამოვიდეს, ნომერზე მუშაობის დამთავრებას რედაქტორს ასე ვატყობინებდით: თუ უახლოეს წუთებში პელე არ მოკვდა, შეგვიძლია სტამბაში გავუშვათ.
ტრადიცია რაღაც ახალ ტრადიციასაც შობს ხოლმე და ამანაც კიდევ ერთი და უფრო სასტიკი ტრადიცია შვა: როცა თითქმის ყველაფერი მზად იყო, ოღონდ საპირველგვერდოდ ნუ აი არაფერი შესაფერისი არ გვქონდა და მიდიოდა ბოლო რეკვები და ტელექსის აპარატთან ჩამოჯდომა რაიმე ღირებული ამბის მოლოდინში, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ, აი მაშინ ვინმე ჩვენთაგანი აუცილებლად იტყოდა - შენა და პელე როგორ არის ნეტა, ხო არ მოგვეკითხა?
ცოდვა გამხელილი სჯობსო და აგერ ბატონო, გავამხილე. იმედია ამ შავ იუმორს გვაპატიებთ. მითუმეტეს, იმ ბნელი, ცივი და შავი დროისას.
2000 წლის 2 ივლისი
ევროპის ჩემპიონატის ფინალი: საფრანგეთი - იტალია. მატჩამდე ორი საათით ადრე პრეს-ცენტრში ვარ და უცებ, სრულიად მოულოდნელად, შემოდის პელე. მიჰყავთ მომცრო ტრიბუნის მაგვართან. ყველა სატელევიზიო კამერა ცხადია იქაა. იქ ვარ მეც.
არაა ეს ჩემთვის პირველი ჩემპიონატი ჟურნალისტის რანგში. ვიცი პრეს-ცენტრში მოქცევის წესები, მაგრამ ბრახ და გადამეკეტა უცებ - ისევ იმ წერა-კითხვის უცოდინარ ბიჭად ვიქეცი, დედა რომ უკითხავდა „მე, პელეს“. მიუღწეველი და მოუხელთებელი ფეხბურთის მეფე აქაა, ჩემს წინ, ოღონდ ცოტა მაღლა - ისე, რომ მისი ხელები სადღაც ჩემს სახესთანაა.
აღარ ვარ ჟურნალისტი. არ მესმის რას ეკითხებიან და რას პასუხობს. ერთ ხელში საწერი კალამი მიჭირავს და მეორეში - ბილეთი. ევრო 2000-ის ფინალის ბილეთი. თან როტერდამში, რომელიც აქამდე 7 წლით ადრე, 1993-ში ჩემი პირველი ქალაქი გახდა თავისუფალ სამყაროში და, ამის გამო, ისედაც დიდი ადგილი დაიჭირა ჩემ ბიოგრაფიაში. ჰოდა ახლა ეს ჩემთვის ისტორიული ბილეთი თუ მეფის ავტოგრაფით დამშვენდა... თბილისში დაბრუნებული ვანახებ ამას დედაჩემს და გავიხსენებთ იმ დროს და იქნება ერთი რას მოვესწარით და ვინ წარმოიდგენდა... ეგ კი არა, უკვე ძალიან უიმედოდ მყოფი მამაჩემიც - რომელიც ხანდახან მეც ვეღარ მცნობს, მაგრამ მაგ 1970-ის ბრაზილიის შემადგენლობას გინდ წაღმა ჩამოგითვლის და გინდ უკუღმა - დიდად გაიხარებს. ასეთი ფიქრები მაქვს თავში და ამ საწერ კალამს ვაჩეჩებ პელეს დაჟინებით... არ რეაგირებს... იყურება მხოლოდ კამერებში და ცოცხალი თავით ქვემოთ არა... ჩამოიხედე რა... პელე! პელე! სადღაც 2 წუთამდე გრძელდება მცდელობა და რომ ვხვდები, ინტერვიუ მთავრდება და მალე წავა აქედან, გაწბილებული ამ საწერ კალამს ხელში ვურტყამ, ნუ, ასე ვთქვათ საშუალო სიძლიერით - რომ ეტკინება, ხომ ჩამოიხედავს? არა, შენც არ მომიკვდე. მეორედაც, ცოტა უფრო ძლიერად... მაგრამ არა - მისი ხელებიც ისევე მედგრად იტანენ ამ ტკივილს, როგორც მისი ფეხები იმ უდიდესი და შესანიშნავი კარიერისას, სპორტის ეს სახეობა რელიგიად რომ აქცია... ბოლოს ხელი ჩამოვართვი - ცხადია, ცალმხრივად.
ახლა რომ დავწერო, მეძველიამ პელე სცემაო, ძაან გაზვიადებული იქნება? - მეკითხება ცოტა ხანში ნაცნობი ჟურნალისტი და ვიცინით... რას მოვესწარი?!
... მამაჩემსაც ჩამოვუსწარი (თითქოს მაცალაო ფეხბურთით ტკბობა და ჩამოსვლიდან ერთი თვის მერე გარდაიცვალა). მიცნო, მოვუყევი ჩემი და პელეს „ჩხუბის“ ამბავი. რას მოვესწარითო და ჯერ იცინა და მერე იტირა.
2022 წლის 29 დეკემბერი
მეფე მოკვდა. პელე გარდაიცვალა.
ხოდა რავი, თუ რამე არსებობს, ზის ახლა მამაჩემი მილიარდობით სხვასთან ერთად რომელიმე ზეციურ სტადიონზე და, ისევე როგორც 1965 წლის 4 ივლისს, აღფრთოვანებული უყურებს პელეს, ფეხბურთის მეფეს.