ავტორი : თათა აქუბარდია
„რა ღირს?“ - ალბათ არ არსებობს ფრაზა, რომელიც ამ სიტყვათშეთანხმებაზე უკეთ გამოხატავს ქართულ რეალობას. ცნობილმა გამოთქმამ ქართულ ურბანულ ლექსიკონში მნიშვნელოვანი ადგილი გაციფრულების, კერძოდ კი ონლაინ გაყიდვების შექმნის შემდეგ დაიკავა. ვითარება მეტად კომიკურ ხასიათს მაშინ იღებს, როდესაც ადამიანები კითხულობენ იმ პროდუქტის ღირებულებას, რომელსაც ფასი გარკვევით აწერია. საბოლოო ჯამში, ამ ერთი შეხედვით უწყინარ კომენტარებს, რომლებსაც ყველა მოკვდავის თვალი მეტ-ნაკლებად მიჩვეულია, სევდიან დასკვნებამდე მივყავართ... სევდიან და სერიოზულ დასკვნებამდე, რომ ფილმის პოსტერის ქვეშ ფილმის სახელის, ფილიალების რუკის ქვეშ ადგილმდებარეობის და ვრცელი საინფორმაციო პოსტის ქვეშ ჯიუტად იმავე კითხვის დასმა, რაც უკვე ზემოთვე განხილულია, სხვა არაფერია, თუ არა მასშტაბური პრობლემის, წაკითხულის გააზრების უნარის არქონის წინაშე დგომა.
წერა კითხვის უცოდინრობიდან დაზუთხვის ეპოქამდე
,,გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ - ილია ჭავჭავაძე
საქართველოში განათლების დონის კრიტიკა რომ დაიწყო, „პატრიოტი“ ქართველი ვიკიპედიას სტატიას აგიფრიალებს, სადაც წერია, რომ საქართველო წერა-კითხვის ცოდნის დონით მსოფლიო ათეულში თუ არა ოცეულში მაინცაა. ქვეყანაში რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, წერა-კითხვის მასშტაბური გავრცელება გასაკვირი არ უნდა იყოს და კიდევ... ნუთუ არ გვიჩნდება კითხვა, ოცდამეერთე საუკუნეში რამდენად საამაყოა სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარების ქონა?
მეცხრამეტე საუკუნეში როდესაც საქართველოს რუკაზე ვერ იპოვნიდით, წერა-კითხვის ცოდნა იმაზე მეტ დატვირთვას ატარებდა, ვიდრე ახლა ვიკიპედიის სტატისტიკაში ქვეყნის რაც შეიძლება მაღლა გამოჩენა. წერა-კითხვის გაავრცელებელი საზოგადოების პერიოდში ეს უკანასკნელი უნარი ერის გადარჩენის იარაღი იყო. თუმცა ჩვენს ქვეყანას ბევრ პრობლემასთან ერთად ხშირად ერევა ეპოქები. სხვა რით უნდა იყოს გამოწვეული ფრაზები: „ახლა სტალინი გაგვიცოცხლა!“ „გოგებაშვილის დედაენა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში;“ „სად იყო ჩვენს დროს ინტერნეტი?“ და სხვა მრავალი. პრობლემაც ამან წარმოშვა, ადამიანებმა დაივიწყეს, რომ ეპოქას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სიახლეები, პრობლემებთან ბრძოლის მეთოდები კი იცვლება.
ისტორია საბჭოთა კავშირიდან იწყება. სამწუხაროდ, ვერ ავხსნი იმ ეპოქას, რომელშიც დაბადებულიც არ ვიყავი, თუმცა მაშინდელ სისტემას რომ რაც შეიძლება ნაკლები მოაზროვნე და პროგრესული ადამიანი სჭირდებოდა, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მაშინდელ სკოლებშიც შეიქმნა წმინდა ინსტიტუცია, რომელსაც ზეპირობა შეგვიძლია ჩვენსავე ენაზე ვუწოდოთ. როგორ უნდა გიყვარდეს „ვეფხისტყაოსანი,“ როდესაც მის ზეპირობას გაძალებენ და როდესაც შინაარსი არ გესმის? ზეპირობის სისტემამ, რაც შეიძლება ნაკლები კითხვის გაჩენის მცდელობამ, „დაშტამპული“ მოსაზრების დაზუთხვამ შექმნა დიდი შავი ხვრელი, რომელმაც თავის მხრივ ბევრი სხვა პრობლემა გამოიწვია. ერთ-ერთი, რაზეც თითქმის არავინ საუბრობს, წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების პრობლემაა. პრობლემა დომინოს პრინციპით გავრცელდა საბჭოთა კავშირში არდაბადებულ ბავშვებზეც. მარტივია, ის თაობა გაიზარდა და მომავალი თაობის გაზრდა იმავე მეთოდით დაიწყო, რითიც თავად იზრდებოდა. დღეს წაკითხულის გააზრების პრობლემის წინაშე არა მარტო წინა თაობა, არამედ ჩემი თანატოლებიც დგანან
რამდენიმე წლის წინ სკოლაში რაღაც ტესტირება ჩაატარეს, ვერ გეტყვით, ზუსტად რომელ კლასში ვიყავით. მაშინ არ ვიცოდი ეს რა ტესტირება იყო, მოსწავლეები ორი სხვადასხვა კლასიდან აარჩიეს. როგორც ბავშვებმა შემდეგ მითხრეს, დამკვირვებლებს შორის უცხოელებიც იყვნენ. შემდეგ გავიგე, რომ ამ ტესტირების შედეგები 2016 წელს გახდა ცნობილი, განათლების სამინისტრო კი ამ უკანასკნელს ორი წელი მალავდა. ბოლოს გაირკვა, რომ კვლევის მიხედვით საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეთა 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარებიც კი არ გააჩნდა. ეს თოთხმეტი პროცენტი 3,7 მილიონიანი ქვეყნისთვის უდიდესი მაჩვენებელია. სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე თვის წინ მომხდარ ამბავს მოგიყვანთ. 2022 წელს ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში დიდი აურზაური გამოიწვია მეორე ვარიანტის თემის თეზისმა. აბიტურიენტებმა ვერ გაარკვიეს, რას მოიაზრებდა წარმოდგენილი თეზისი. დავა გრძელდებოდა იმაზეც, დასახელებაში სიტყვა შეცდომა ეწერა თუ შეცოდება.
წაკითხულის გააზრების უნარის არქონა,
ანუ პრობლემა პრობლემაში
ხშირად ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება, რეალურად რამდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა კი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კომენტარების ველში ფასების კითხვა. პრობლემა გვიმტკიცებს, რომ ჩვენი მოტყუება, შეცდომაში შეყვანა, პანიკისა და უიმედობის დათესვა იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე ეს თავად წარმოგვიდგენია. რადგან დაწერილს არასწორად ვიგებთ, ან ისე ვიგებთ, როგორც ჩვენ გვინდა. არ გვიჩნდება კითხვა, ეს ასე რატომ არის? იმიტომ, რომ მივეჩვიეთ, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს და ზედმეტი კითხვები კარგი არასდროს არის.
პრობლემა ყველაზე საშიში იმიტომ არის, რომ მისი გამოყენება „ერთმორწმუნე“ მეზობელ ქვეყანას შეუძლია. რუსეთი საინფორმაციო ომს რომ აწარმოებს ყველგან და ყველაფერში, ამაში უკვე ნათლად დავრწმუნდით. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენიმე წლის წინ გავლენიანი მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი თავისი ყალბი ახალი ამბებით მადაგასკარის არჩევნებშიც კი ჩაერია. რა მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო რუსულ დეზინფორმაციას ნოყიერ ნიადაგს დაახვედრებს ფესვების გასადგმელად?
სისუსტეებით თამაში
ონლაინ მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ ანკესზე წამოგების მეთოდს, რომელიც თავის თავში კრიტიკული აზროვნებისა და წაკითხულის გააზრების უნარის პრობლემებს მოიაზრებს. ხშირად ისინი სტატიას აბსოლუტურად სხვა სათაურით, ბარბარიზმით რომ ვთქვათ „დასათრიგერებლად“ წერენ. მკითხველები სტატიას წაუკითხავად, მხოლოდ ზედაპირულად გადახედავენ და შესაბამისად არასწორ ინფორმაციას იღებენ. ამის მარტივი მაგალითი რამდენიმე საათის წინ ვნახე. ერთ-ერთი მედიასაშუალება წერდა ტრაგედიაზე, რომელიც 2003 წელს მოხდა. მიკროავტობუსის 16 მგზავრიდან 14 გარდაიცვალა. სათაურის გამო, რომელსაც თარიღი არ ეწერა, ხალხმა კომენტარების ველში სამძიმრის წერილები დაწერა, პრეტენზიები გამოთქვა მოუწესრიგებელ საგზაო სისტემაზე და ა.შ. თითქოს არაფერი შავდება, იმის გარდა, რომ ასე შეუსაბამოდ დაწერილ ინფორმაციებს შეიძლება ერთ დღესაც არასწორი შედეგები მოჰყვეს. გარდა იმისა, რომ მსგავსი ფაქტები ხალხს საშინლად სძაბავს, გვაფიქრებს ერთ რამეზე - რა მოხდება, თუ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელება მოუნდება? ფაქტია, სიყალბე ბევრად მარტივად გავრცელდება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა სტატიას მხოლოდ სათაურით და ისიც ნახევრად კითხულობს.
გამოუვალი მდგომარეობა? - მარტივი გამოსავალი!
პრობლემა ღრმა და მასშტაბური რომ არის, ამაში დარწმუნებული ვართ. თაობებს ვერ გამოვცვლით, თუმცა შეგვიძლია შევცვალოთ ისინი. განათლების სისტემას რომ ბევრი ხარვეზი აქვს, ამის დეტალურად ახსნას ცალკე სტატია სჭირდება. ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალი მედიაწიგნიერებაშია. ამ საგნის სკოლებში დანერგვა მომავალ თაობებს წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების ახალ უნარებს შესძენს. მედიაწიგნიერება არც უფრო დიდებისთვის იქნება ურიგო, სულ თუ არაფერი, საინფორმაციო ომს მაინც მოვიგებთ.
დროის გასვლასთან ერთად იცვლება პრორიტეტები, მიდგომები, პრობლემის გადაჭრის მეთოდები. დღეს საქართველო ბნელი წარსულისგან დატოვებულ მემკვიდრეობას, წაკითხულის გააზრების პრობლემას, ებრძვის. პრობლემა რომ გადამდები არ გახდეს, მას მოგვარება სჭირდება. ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ისეთ საქართველოში გავიღვიძო, სადაც კომენტარების ველში „რა ღირს?“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწერება, როდესაც პროდუქტს ნამდვილად არ ეწერება ფასი.