რუბრიკა: ეკონომიკა

ჟურნალი: ნომერი 2




ჩვენი ფული

ავტორი : სოსო ბერიკაშვილი 

„საქართველოს ხელისუფლების წყაროა ხალხი“, ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლში, რომელიც დემოკრატიას ეხება. კონსტიტუციურად, ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა გვაქვს, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები ხალხის ბედს განაგებენ და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე განკარგავენ მათ ქონებას.

თითქოს ძალიან მარტივია ეს ყველაფერი აღსაქმელად და გასააზრებლად, თუმცა პრაქტიკაში ასე მარტივად არ ხდება - ადამიანებს უჭირთ საქართველოს კონსტიტუციის ამ უმნიშვნელოვანესი პოსტულატის გაცნობიერება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე - და არცთუ უმნიშვნელოზე - მინდა ვისაუბრო: ხალხს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ ბიუჯეტის ფული, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი პირები საკუთარი ნება-სურვილისამებრ განკარგავენ, რეალურად, მათი ფულია!

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, დიდწილად, გადასახადებით ფორმირდება (ასევე, დასავლეთის დახმარება და ვალებიც არის, მაგრამ ამაზე სხვა დროს). გადასახადებს კი ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ვიხდით. ვიხდით ყოველი ჩვენგანი, ყოველთვის და უპირობოდ, მიუხედავად იმისა, ვიცით ამის შესახებ თუ არა.

თუ ჩვენ ჩავატარებთ გამოკვლევას და ადამიანებს ვკითხავთ, რამდენი აქვთ ხელფასი, 100-დან 99 შემთხვევაში პასუხად მოგიგებენ იმ თანხას, რასაც უშუალოდ იღებენ ხელზე და არა რეალურ ხელფასს, რომელიც ამ (ხელზე ასაღებ) თანხაზე 25%-ით მეტია (სიმარტივისთვის, აქ შეგნებულად გამოვტოვე საპენსიო ფონდში წასული 2%).

დავუშვათ, ადამიანი დასაქმებულია მედდად და ყოველთვიურად, ხელფასის სახით, 400 ლარს იღებს (ასეთი დაბალშემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა, სამწუხაროდ, ძალიან დიდია ჩვენს ქვეყანაში). ასეთი ადამიანი, წლის განმავლობაში, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში იხდის 1200 (ათას ორას!) ლარს.  თუ მას სახელმწიფო წინასაარჩევნოდ 200 ლარს აჩუქებს, ის ბედნიერი იქნება, რადგან ეს თანხა მისი ყოველთვიური ანაზღაურების ნახევარია. არადა, ექვსჯერ მეტი აქვს გადახდილი ბიუჯეტში, რაც, უბრალოდ, არ იცის.

აქედან გამოსავალი მარტივია და ეს გზა ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა - თუ ადამიანებს ჯერ ჩავურიცხავთ სრულ თანხას და მხოლოდ მერე გადავახდევინებთ საშემოსავლო გადასახადს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის იმის აღქმას, რომ ისინი გადასახადის გადამხდელები  არიან. ეს პრობლემის გადაჭრის შედარებით რადიკალური ფორმაა და, ამ შემთხვევაში, ადმინისტრირება არცთუ მარტივი საქმე იქნება, მაგრამ ამ გზით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება იმხელა სარგებელს მიიღებს, რომ ცდად ღირს!

შედარებით უფრო „მსუბუქი“ ფორმებიც არსებობს. მაგალითად, შეიძლება საბანკო აპლიკაციის ხარჯვით ნაწილში გაჩნდეს გრაფა „ბიუჯეტში გადარიცხული თანხები“. მერწმუნეთ, იპოთეკურის სესხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს თანხა ხარჯებში პირველ ადგილს დაიკავებს. ან შესაძლოა, როცა ხელფასის ჩარიცხვის მახარობელი სმს მოგვდის ბანკიდან, ასევე იგზავნებოდეს ბიუჯეტში შესაბამისი გადარიცხვის შესახებაც ინფორმაციაც. მაგალითად: „2022 წლის სექტემბერში თქვენი შრომის ანაზღაურება იყო 1250 ლარი, აქედან, თქვენ გერიცხებათ 1000 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს - 250 ლარი“. 
ამ ყოველივეს გაკეთება სახელმწიფოს მარტივად შეუძლია, მაგრამ სახელმწიფო არ თვლის, რომ ეს შედის მის ინტერესებში, რადგან თუ მოქალაქეები გააცნობიერებენ, რომ ბიუჯეტის ფული მათი ფულია, ნებისმიერ ხარჯვაზე პასუხს ბევრად უფრო მკაცრად მოითხოვენ.

სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, დასაწყისისთვის, კონკრეტულ დამსაქმებლებს შეუძლიათ დასაქმებულების ინფორმირება მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

ადამიანები, რომლებიც „არაფორმალურ“ სექტორში არიან დასაქმებული ან ხელფასს „ხელზე“ იღებენ (ასეთი ადამიანი, მოგეხსენებათ, ბევრია ამ ქვეყანაში) ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი არ იხდიან გადასახადებს, რადგან მათი დამსაქმებელი არ აკავებს საშემოსავლო გადასახადს. ცხადია, ისინი ცდებიან. საშემოსავლო გადასახადი არც ერთადერთი და არც ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადია საქართველოში. გაცილებით მნიშვნელოვანია დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), რომელზეც მოდის ბიუჯეტში საგადახადო შემოსავლების ნახევარზე მეტი. დღგ არაპირდაპირი გადასახადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადს ბიუჯეტში სხვა იხდის, თუმცა საგადასახადო ტვირთი საბოლოო მომხმარებელზე, ანუ უბრალო ადამიანებზე მოდის. მაგალითად, თქვენ ყიდულობთ სკამს 118 ლარად, გამყიდველი ბიუჯეტში იხდის 18 ლარს დღგ-ს სახით, თუმცა, რეალურად, ეს 18 ლარი თქვენ გადაიხადეთ. დღგ რომ არ არსებობდეს, ამავე სკამს 100 ლარად იყიდდით. მართალია ყველაფერი არ იბეგრება დღგ-ით, მაგრამ, უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ მიერ მოხმარებული პროდუქციის 80%-ში დღგ შედის.

გვაქვს სხვა არაპირდაპირი გადასახადებიც. კერძოდ, აქციზი და იმპორტის გადასახადი, რომლებიც ასევე შედის ჩვენ მიერ ნაყიდი უამრავი პროდუქტის ფასში და მას ვიხდით ჩვენ, არაპირდაპირ.  ამ შემთხვევაშიც კარგი იქნებოდა თუ პროდუქციის ღირებულებაში გამოყოფილი იქნებოდა გადასახადები და გვეცოდინებოდა, რამდენს ვიხდით რეალურად. ამ პრაქტიკას საქართველოში მხოლოდ რესტორნები იყენებენ, ოღონდ მათ უფრო მარკეტინგული მიზნები ამოძრავებთ, ვიდრე ცნობიერების ამაღლების სურვილი.

ცნობიერების ამაღლებას წაადგება თუ, მაგალითად, მოგვივა მოკლე ტექსტური შეტყობინება ბენზინგასამართი სადგურიდან, რომ როცა ჩვენ ავტომობილში საწვავი ჩავასხით, ამ ბენზინის ღირებულებაში შედიოდა დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი. 
საგადასახადო წნეხი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის საქონელს მოვიხმართ (მაგალითად, თუ აქციზური საქონლის, როგორიცაა თამბაქო და ალკოჰოლი, მომხმარებლები ვართ, ჩვენი საგადასახადო წნეხი იზრდება), ამისი გამოთვლა მეტნაკლები სიზუსტით საქსტატის კალკულატორით (http://mytaxes.geostat.ge/mytaxes/) არის შესაძლებელი. ჩემი შეფასებით, თუ თქვენი შემოსავალი თვეში საშუალოდ ხელზე ასაღები 1000 ლარია, მაშინ გადასახადების სახით სახელმწიფოს დაახლოებით 500 ლარს უხდით. არც ისე ცოტაა, არა?

ვფიქრობ, ჩემ მიერ შემოთავაზებული რომელიმე მექანიზმის ამოქმედება დაგვეხმარება იმის გააზრებაში, რომ სახელმწიფოს მმართველები ანგა­რიშვალდებულნი მხოლოდ ხალხის, ანუ ჩვენ წინაშე არიან და, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ, რაში დაიხარჯება ჩვენი ფული, იქნება ეს გზების მშენებლობა, რთველის სუბსიდირება, გელათის გადახურვა თუ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება. არ ვამბობ, რომ არ უნდა დავეხმაროთ გლეხს, რომელსაც სეტყვამ ვენახი დაუზიანა, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ სუბსიდირების შემთხვევაში მას ჩვენ ვეხმარებით და არა პრემიერი ან მმართველი პარტია.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა