კიევის რუსეთიდან კიევის რუსეთამდე

ავტორი : ზაზა ბიბილაშვილი 

ქრისტეშობიდან 2022 წელი ხილული და არც თუ ისე მცირე მართლმადიდებლური სასწაულით დასრულდა: სასწაულით, რომლის შემოქმედი გმირი უკრაინელი ერი და, ამ ისტორიული განსაცდელის ჟამს, მის სათავეში აღმოჩენილი ლიდერთა ჯგუფია. ვინ წარმოიდგენდა, რომ 24 თებერვლის გამთენიისას პუტინის მიერ დაწყებული, რამდენიმედღიან ბლიცკრიგად ჩაფიქრებული ბარბაროსული ომი იმგვარად შემოტრიალდებოდა, რომ 10 თვის თავზე აგრესორს უკვე საკუთარ ტერიტორიაზე მოუწევდა უკრაინელთა შეტევების მოგერიება?

ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია. როგორც 1943 წლის ბოლოს ეჭვს აღარ იწვევდა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხება და გასარკვევი მხოლოდ სამომავლო მშვიდობის კონტურები რჩებოდა, ზუსტად ასევე, დღეს ინტრიგა ისაა, რა პირობებით ჩაბარდება მოსკოვი დასავლეთს და როგორი იქნება ახალი, ბოროტების იმპერიის ნარჩენებისგან თავისუფალი სამყარო. როგორც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, მართლაც უანალოგო V-2 ბალისტიკური რაკეტის გამოგონებამ ვერ უშველა ჰიტლერს (რომლისგან თავდასაცავი იარაღი მაშინდელ მსოფლიოს არ გააჩნდა), ისე ვერანაირი აგონიური ნაბიჯი ვეღარ შეცვლის ამ ომის საბოლოო ბედს. რუსული სახელმწიფოს მიმართ შედგა საერთაშორისო კონსენსუსი - ცივილიზებულ ერთა კოალიცია პუტინის ხელისუფლებას ტერორისტულ რეჟიმად მიიჩნევს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ოქროს ურდოდან აღმოცენებული სასტიკი მოსკოვია, რომელიც საკუთარ მითოლოგიურ ფესვებს კიევის რუსეთში ეძებდა, სწორედ კიევში ასრულებს თავის არსებობას.

გავა დრო და რომელიმე ისტორიკოსი გამოაქვეყნებს ვრცელ მონოგრაფიას სახელწოდებით The Rise and Fall of the Russian Empire. სქელტანიან წიგნში მშრალად ეწერება, რომ იმპერია, რომელმაც ტერიტორიული ექსპანსიის პიკს XIX საუკუნეში მიაღწია, ამავე პერიოდში იწყებს ლპობას. მერე მოდის 1917 წელი, რევოლუცია, გადატრიალება, დაშლის პირველი ტალღა, სამოქალაქო ომი, საბჭოთა კავშირად წოდებული ბოლშევიკური რეინკარნაციის 70 წელი (რაც, ისტორიული გადმოსახედიდან, არაფერია და საიდანაც თითქმის ნახევარი(!) სტალინიზმის ეპოქა იყო), 1980-იანების ბოლოდან განახლებული რღვევა, 1991 წელი და „XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ წოდებული „ერთა საპყრობილის“ ნგრევა, 1990-იანების ქაოსი, ჩიაპუტინის სისხლიანი ზეობა, როგორც იმპერიის უკანასკნელი გაბრძოლება, და ბოლოს, ყველაფრის ლოგიკური დასასრული - იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

ჩვენდა სამარცხვინოდ, პუტინმა დასავლურ დემოკრატიას აქილევსის ქუსლი უპოვა და პროპაგანდის, მანიპულაციისა თუ მოსყიდვის ვერაგი კომბინაციით, 20 წელი თავის ჭკუაზე ატარა დასავლეთი - ის ევროპელებსა და ამერიკელებს თვალს ახუჭინებდა ისეთ ბარბაროსობაზე, როგორიცაა საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება მოსკოვში, ვოლგოდონსკსა და ბუინაკსკში (რაც ბოროტი ზრახვებით მართულ ჩია არარაობას მეორე ჩეჩნური კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა), „კურსკის“ მეზღვაურთა სასიკვდილოდ გაწირვა, „ნორდ ოსტისა“ და ბესლანის ტრაგედიები, ლიტვინენკოს, იანდარბიევის, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკისა და ნემცოვის ცივსისხლიანი მკვლელობები, საქართველოში შემოჭრა, ყირიმის ანექსია, ბავშვებით სავსე სამოქალაქო ავიალაინერის ჩამოდგება (MH17)... გააზრებაც კი შემზარავია - ქვეყანა, რომელმაც ეს ყოველივე ჩაიდინა, 2022 წლის იანვრის ჩათვლით, მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, მისი მანიაკი ლიდერი კი - სამიტებისა და დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებთან გულითადი შეხვედრების დაფასებული მონაწილე იყო.

„ვიურთიერთოთ, რომ არ გაუცხოვდეს,“ „ვითანამშრომლოთ, რომ ვაკონტროლოთ“, „ვივაჭროთ, რომ ბერკეტი არ დავკარგოთ“ - ამ, უკეთეს შემთხვევაში, სულელურ, უარესში კი, დანაშაულებრივ (და არა ყოველთვის უანგარო) ილუზიებს ასიათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ იმპოტენტმა თავი ომნიპოტენტად წარმოიდგინა, ლუზერი მაჩოს როლში შევიდა, ჯაყვიან ბანდიტს წარმატებული შანტაჟების სერიამ თავბრუ დაახვია და პუტინმა უკრაინაში ქრესტომათიული შეცდომა დაუშვა. მან ჩათვალა, რომ ყველაფერი ისევ გაუვიდოდა. „შენელებული“ ბაიდენის დამაბნეველი გზავნილებისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ახლადარჩეული ლიდერების ფონზე, მან ჩათვალა - ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ - რომ თუ ომს მალე დაასრულებდა, დასავლეთი ისევე მიიღებდა „ახალ რეალიებს“, როგორც ეს მანამდე არაერთხელ გაეკეთებინა.

მაგრამ პუტინმა არ იფიქრა უკრაინელებზე - ამ, მისი გადმოსახედიდან, არარსებულ ერზე, რომელსაც არა მხოლოდ საარაკო სიმამაცე და თავდადება, არამედ ჭკუა, სიდინჯე, იუმორი და, რაც მთავარია, გამარჯვების დაუოკები ნება აღმოაჩნდა ბარბაროსებისგან სამშობლოს დასაცავად. ერზე, რომლის ლიდერები გვეუბნებიან, რომ არ აქვთ უფლება, რუსული პრობლემა შვილების თაობას დაუტოვონ. 
მაშ, ვუსურვოთ მათ გამარჯვება. ვუსურვოთ ის, რასაც საუკუნეთა მანძილზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოწრთობილი და დღეს ოდნავ მოდუნებული ქართველები ყოველი შეხვედრისას ვუსურვებთ ერთმანეთს.

გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა. 
გამარჯვება, როგორც თავისუფლების, მშვიდობისა და ბედნიერების ყველაზე მყარი საფუძველი. 
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
გაუმარჯოს საქართველოს!
გაისად სოხუმში!

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა