ავტორი : ზაალ სამადაშვილი
შენა და, რა გაიხსენე, იცი?
მეიდანში, ოქრომჭედლების რიგში რომ ჩავედით ბეჭდის გასაყიდად, ასოცი მანეთი რომ გვინდოდა და ოთხმოცი რომ მოგვცა კინკრიხოზე უზბეკურ ქუდდაკოსებულმა ბერიკაცმა, ცოტათი ფეიჯინს რომ ჰგავდა მიუზიკლ „ოლივერიდან“.
ვინმეს ვინმესთან მიმსგავსებისას სულ კინომსახიობებს რომ ვიშველიებდით, წიგნებს არ ვკითხულობდით და სხვას რას მივადგებოდით კინოს გარდა...
ცეტოც ჯონ უეინივით რომ დადიოდა ჩვენი ჭკუით, „კოსმოსში“ ნანახ „დილიჟანსის“ რინგო კიდივით - წელში გამართული, გრძელი ნაბიჯებით.
ჩვენი ძმაკაცი ცეტო, ტვინი რომ ეკეტებოდა კარგად ჩაცმაზე, ხო ვარ მაგარი „ზმანიო“, რომ იტყოდა ხოლმე, როგორც კი რაიმე ახალს და მოდურს მოირგებდა ტანზე...
მოდური კი მაშინ, როდესაც „ბითლზის“ სიმღერები რენტგენის ფირებისგან დამზადებული „დისკებით“ ვრცელდებოდა - „ბატენის“ პერანგი რომ იყო, ჩვეულებრივისგან საყელოების წვეტებთან მიკერებული ციცქნა ღილებით განსხვავებული, ოთარასთან, ავლაბარში შეკერილი შარვალი სწორად ჩაჭრილი ჯიბეებით და „აფშლაგით“ – „შტატსკი“ რომ ერქვა და ყველაფერი „ტვიდის“ ნაჭრის - კეპი, პალტო, პიჯაკი...
ერთი გაჩხინკული გოგო რომ უყვარდა, რომელიც კი არ იყურებოდა, ანათებდა შუბლზე ჩამოშლილი თმის ქვემოდან თავისი დიდი, მოელვარე თვალებით. ყველაზე ლამაზი რომ ეგონა და ჩვენც მასავით რომ ვფიქრობდით, თუმცა, მოგვიანებით, სხვა გოგოებმაც რომ დაიწყეს მოკლე კაბების ჩაცმა, სიგარეტის მოწევა და ბიჭებთან ერთად „დინამოს“ სტადიონზე სიარული ფეხბურთის საყურებლად, მივხვდით რომ გარეგნობაზე მეტად, მისი სითამამე გვხიბლავდა...
ქუჩის ბიჭებად რომ ვითვლებოდით, შარების მაძიებელ ხალხად, მილიციონერების საკბილოებად. ეს უკანასკნელები ცეტოს რომ ერჩოდნენ ყველაზე მეტად, დღეს რომ არ აგდებდნენ მის გაუჩხრეკავად, დასაკეც დანას ან „ბალახით“ შევსებულ პირმოკრულ პაპიროსს რომ დაეძებდნენ მის ჯიბეებში. მეტსახელის გამოც რომ ხდებოდა ეს, ცეტოსგან უფრო რომ ელოდნენ საფრთხეს - თავქარიანი, ცხელი გულის მქონე, წინასწარ განუჭვრეტელი ადამიანისგან...
ჩვენი თაობის გოგოებს ქუჩის ბიჭები რომ მოსწონდათ - კინოებშიც რომ დაჰყვებოდნენ ნახევრადცარიელი დარბაზების ბოლო რიგებში განსამარტოებლად, ჩახუტებულებიც რომ ეცეკვებოდნენ დაბადების დღეებზე დაუპატიჟებლად „ამოსულებს“, კოცნის ნებასაც რომ აძლევდნენ...
იშვიათად, მაგრამ მაინც, ეს ფლირტი მოულოდნელად რომ წყდებოდა და გოგოები ვიღაც „პრიალა“ ტიპებთან რომ იწყებდნენ „სიარულს“... „პრიალებში“ ჩვენგან განსხვავებულ ბიჭებს რომ არ ვგულისხმობდით მხოლოდ - ხიფათებში თავის ამოყოფას რომ უფრთხოდნენ და საათობით რომ არ იდგნენ უბნის რომელიმე გზაჯვარედინზე, „პრიალები“ სხვა სამყაროს ბინადრები რომ იყვნენ, მათი მშობლების ძალაუფლების მპყრობელი ადამიანების მიერ შექმნილი, რეალობას განრიდებული სამყაროსი, სადაც კეთილდღეობა სუფევდა და მომავალი მათთვის სასარგებლოდ იყო დაგეგმილი და გათვლილი.
ცეტოსაც რომ გაუწყვიტეს ფლირტი, „მისმა“ გოგომაც ერთ გაპრიალებულ ტიპთან რომ დაიწყო „სიარული“... იხტიბარი რომ არ გაიტეხა, რომ არ შეიმჩნია თავიდან, მაგრამ მერე და მერე, შეხვედრებზე უარმა, უპასუხოდ დატოვებულმა სატელეფონო ზარებმა თავისი რომ გაიტანა, დააფიქრა, შეაშფოთა და ბოლოს რომ ათქმევინა როგორმე უნდა მოვიხელთო, უნდა ვნახო სადმეო... რომ ვიფიქრეთ, ალბათ გოგოს სადარბაზოსთან აპირებს ყურყუტს დილიდან დაღამებამდეო და სულ სხვა რამე რომ გვითხრა - იმასთან, იმ ტიპთან ერთად მინდა ვნახო, თანაც ვითომ შემთხვევითო...
ვერაფრით რომ ვერ დავადგინეთ, სად უნდა გადავყროდით ამ წყვილს „შემთხვევით იმ ადგილებში, სადაც პრიალა ტიპს დაჰყავდა ცეტოს გოგო, ჩვენი გამოჩენა ისეთივე არაბუნებრივი იქნებოდა, როგორიც მისი, ან რომელიმე მისნაირის აღმოცენება და დაყუდება უბანში, დიდხანს დგომისთვის „განკუთვნილ“ ადგილას, მაგალითად, ფოტოატელიესთან, რომლის ვიტრინაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების პორტრეტები იყო გამოფენილი...
თავად შემთხვევა რომ დაგვეხმარა „მოულოდნელი“ შეხვედრის მოწყობაში, სწორედ ფოტოატელიეს წინ რომ ვიდექით იმ დღეს, როცა ცეტო დაგვადგა და გვამცნო, რესტორანში უნდა გავიჩითოთ საღამოსო, პრიალა ტიპს „ივერიის“, ახალაშენებულ სასტუმროს მეთექვსმეტე სართულზე მდებარე რესტორანში რომ დაეპატიჟებინა გოგო...
ეს რესტორანი არც უბნის რომელიმე დუქანი და არც „ზემელის“ „ყაზბეგი“ რომ არ იყო, სადაც ყველაფერი მანეთი ღირდა - ერთი ტაფა შემწვარი კარტოფილიც, ერთი თეფში სალათიც და ერთი ბოთლი ღვინოც... მაყუთიო? რომ ვკითხეთ და პასუხად ხელი რომ ამოიღო ჯიბიდან, არათითზე წამოცმული ბეჭედი რომ გვაჩვენა, ოქროს წვრილი რგოლი...
დეიდაჩემის ნაჩუქარიაო, რომ გვითხრა და ეგრევე რომ დავუჯერეთ, კეთილზე კეთილი ქალი რომ იყო დეიდამისი, დედობას რომ უწევდა ადრე დაობლებულ ცეტოს... ცოტათი რომ შევეჭვდით, როდის იყო ბეჭდებს ჩუქნიდნენ ბიჭებსო, მაგრამ რომ არ შევიმჩნიეთ.
რომ ვუთხარით, მოიძრე ერთი, ვნახოთ რამსიმძიმეა, რამდენს მოგვცემენო... იმანაც ცერა და საჩვენებელი თითები წაავლო ბეჭედს, გამოსწია და წინააღმდეგობას წააწყდა, ვერ მოიძრო. ბეჭდიანი თითის დასველება რომ გადავწყვიტეთ და იქვე ქუჩის გადაღმა ეზოში რომ შევედით, სადაც ონკანი გვეგულებოდა. არც დასველებამ რომ გაჭრა და არც საპნის წასმამ, ონკანთან მოფუსფუსე ქალმა რომ გამოგვიწოდა დასახმარებლად, ესეც სცადეთო. ბეჭდის ამდენ გამოქაჩვასა და მიტრიალ-მოტრიალებაში, რომ გაწითლდა და გაიბერა თითი...
გაჭრის გარეშე არაფერი რომ არ გამოდიოდა, ამ საქმეს კი, ოქრომჭედელი რომ სჭირდებოდა. მეიდნისკენ რომ დავგაზეთ, ჯერ ტროლეიბუსით, მერე ტრამვაით და ბოლოს, ავლაბრიდან, ფეხით. უზბეკურქუდიანმა ბერიკაცმა წამში რომ გაუთავისუფლა ცეტოს შესიებული თითი და მგონი, სულიც რომ შეუბერა დასაამებლად. სასურველზე ნაკლები თანხა რომ მოგვცა და აგვიხსნა, რახან გავჭერით, ნივთად აღარ ვარგა, მხოლოდ წონის საფასურს გიხდითო... რასაც გვიხდიდა, ისიც რომ გვყოფნიდა იმ რესტორნისთვის და დიდად რომ არ გვანაღვლებდა...
უბანი რომ ჩამოვიარეთ გასაზმანად, ჯინსის ქურთუკი რომ დავითრიეთ ერთისგან - „ვრანგლერის“, მეორისგან პულოვერი, „მზიურის ველის სერენადის“ ბიჭებს რომ ეცვათ ისეთი და საათმა საღამოს რვა რომ ჩამოკრა, „ივერიის“ მეთექვსმეტე სართულზე რომ გავიჩითეთ ცეტოსთან ერთად...
„მაგარ“ ხალხთან რომ იჯდა ცეტოს გოგო, ლაპლაპი რომ გაუდიოდა სუყველას, რომ დაგვინახა თავისი მანათობელი თვალებით და არ შეგვიმჩნიასავით. შორიახლოს რომ დავსხედით, ოთხი ბოთლი ღვინო რომ მოვატანინეთ და დავიწყეთ სმა. ცეტო რომ ამბობდა სადღეგრძელოებს და ყოველი ჭიქის გამოცლის შემდეგ მალულად რომ იყურებოდა თავის გოგოსკენ...
სიკვდილამდე ძმობის, ოთხ კედელში გამომწყვდეული ბიჭების, ჩვენ-ჩვენი „ნეტას“ ასრულებისა ნათქვამი რომ გვქონდა, როცა ცეტომ ის მოიმოქმედა, რასაც არავინ ელოდა კი არადა ვერავინ წარმოიდგენდა.
რომ წამოდგა, ბოთლს დასწვდა, აიღო და აივნის კარისკენ დაიძრა. გარეთ რომ გავიდა, მარჯვენა ხელი აივნის ბოძს მოჰკიდა, ჯერ ერთი ფეხი რომ შედგა მოაჯირზე, აიწია, მერე მეორე... სიყვარულს გაუმარჯოსო რომ დაიძახა და ღვინით სავსე ბოთლი მიიყუდა... საშინელ სიმაღლეზე, ათიათასი ნათურით აციმციმებული ქალაქისკენ ზურგით მდგარმა ბოლომდე რომ ჩაცალა...
იმავე წამს ჩამოვარდნილი სამარისებული, შიშით გაჟღენთილი სიჩუმე მხოლოდ მაშინ რომ დაირღვა, როცა ცეტო მოაჯირიდან ჩამოხტა. კივილმა რომ გააპო ათეულობით ადამიანის გარინდება, გოგო რომ მიეჭრა, მისი გოგო, მომუშტული ხელები დაუშინა მკერდზე და თვალით აღარ დამენახო, შე საზიზღარო, შენაო, რომ უყვირა და უყვირა ატირებულმა...
ეგრევე რომ დავტოვეთ იქაურობა, დანახარჯი რომ გადავიხადეთ და წამოვედით. ხმა არც ლიფტში რომ ამოგვიღია და არც გარეთ, „ზემელიდან“ ქვევით, ვერის ხიდისკენ მიმავლებს, რომ ველოდებოდით ცეტო რას იტყოდა... ის კიდევ, წინ რომ მიაბიჯებდა და დუმდა... ხიდზე რომ გადავედით და დიდ უნივერმაღს გავუსწორდით, მერეღა რომ მოგვიტრიალდა და გვითხრა, ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მინდოდაო...
გაკვირვება რომ არ დაგვიმალავს, პირდაპირ რომ ვკითხეთ, ეგ როგორო? რომ გაცხარდა - ჩემთან მორბენა და ტირილის ატეხვა რას ნიშნავს, ვერ უნდა ხვდებოდეთო?.. ამის პასუხად მხრები რომ ავიჩეჩეთ, მართლა რომ გაბრაზდა და ხმას აუწია - რასა და იმას, რომ ძველებურად ვუყვარვარ, ეგრე რომ არ იყოს, არაფრად ჩამაგდებდა, არც გამოიხედავდა ჩემსკენ, გინდა მოაჯირზე შევმხტარიყავი და გინდა სახურავზეო...
თანხმობის მსგავსი ვერაფერი რომ ვერ ამოიკითხა ჩვენს თვალებში, ხელი რომ ჩაიქნია და გამოგვიცხადა - თქვენა ძმაო, არაფერი გაგეგებათ ქალებისო... ქალებისა ბევრი რამ გაგვეგებაო, ნაღდად რომ ვერ დავიბრალებდით, მაგრამ ის კი გვეგონა რომ ცეტოს ვიცნობდით კარგად და რომ ვიფიქრეთ, მისი ნათქვამი თავის მოტყუებას უფრო ჰგავს, ვიდრე იმის ცოდნას, რა ტრიალებს გოგოს გულშიო...
ამის მერე სულ იმის მოლოდინში რომ ვიყავით, ახალს რას მოიფიქრებდა ცეტო შეყვარებულის კიდევ ერთხელ სანახავად, ანდა როდის ჩაიქნევდა ხელს და გვეტყოდა, სიბრაზის ყოფილა ის ცრემლები და შეკივლება, სიყვარული არა-ისაო...
ორ კვირაზე მეტხანს რომ არ მოგვიწია ლოდინი და ერთ საღამოსაც, გორკის ბაღის შესასვლელთან აყუდებულებმა, გადაღმა ტროტუარზე, მიხეილის საავადმყოფოს გასწვრივ მიმავალი ცეტო და მისი გოგო რომ დავინახეთ, რომ მისეირნობდნენ და ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ ირგვლივ...
გაოცებისგან თვალები შუბლზე აგვივიდა, რომ დავმუნჯდით და მხოლოდ ამის შემდეგ რომ გავიხარეთ. საგონებელში ჩავარდნილებმა ცეტოს ქალთა გულების მესაიდუმლეობა რომ ვაღიარეთ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენთვისაც რომ მოიცალა, მაინც რომ ვკითხეთ, შენ თუ უყვარდი, იმ გაპრიალებულ ტიპთან რაღას დაიარებოდაო...
რომ არ გააბრაზა ამ შეკითხვამ, პირიქით, გულიანად რომ გააცინა და ძალიან უცნაური რამე რომ მოაყოლინა, რომ ათქმევინა, თურმე იმ საღამოს, მეთექვსმეტე სართულზე ისე მოვქცეულვარ, როგორც გოგოს საყვარელი ფილმის გმირი, ერთი შფოთისთავი სამხედრო, რომელსაც ჩვევად ჰქონია სიკვდილთან შეთამაშება დიდებული სასახლეების ბოლო სართულზე გამოღებულ ფანჯარაზე შედგომით და ღვინით სავსე ბოთლის ძირამდე გამოცლითო...
ეს მსგავსება სრულიად საკმარისი რომ აღმოჩენილა იმისათვის, რათა ახალი ძალით ეფეთქა მინავლებულ, გაქრობის პირას მისულ სიყვარულს, გამოწვეულს ისეთი თაყვანისმცემლის გამოჩენით, რომელიც ზომიერებასა და კეთილგონიერებას ასხივებდა ყოველ ფეხის ნაბიჯსა და წარმოთქმულ სიტყვაში...
კიდევ ერთხელ რომ გაგვიყოლა ცეტომ მეიდანში, კიდევ ერთხელ რომ ამოვყავით თავი ფეიჯინივით ოქრომჭედლის ციცქნა სახელოსნოში, ბეჭედი რომ აღადგენინა, გადაჭრილი, ოთხმოც მანეთად ჩაბარებული, ასოცი მანეთი რომ გადაუხადა, დოღზე მოგებული ფული, რომ გვეგონა თავის გოგოსთვის უნდაო და შევცდით, მეიდნიდან „ფოსტამტში“ რომ გამოგვატარა, დეიდამისთან, იქ უბნის ყველაზე ლამაზ, ძველისძველ შენობაში რომ მუშაობდა ტელეფონისტად, იმის სათქმელად, რომ შენი ნაჩუქარი ბეჭედი, დაკარგული რომ გვეგონა - ვიპოვეო...
************
P.S. „ჩვენ“ ვინა ვართ ისიც რომ თქვა, გუჯა და მე - გარსიკა, გარსევანი, შენს ძველ მოთხრობებში აღწერილი, შენთან ერთად დაბადებული ორი ბიჭი, ცეტოს გაცოცხლება რომ მოვინდომეთ ამ ამბის გახსენებით და გიკარნახეთ ის...