შიში ვეღარ ნთქავს სულს

ავტორი : დავით ბუხრიკიძე 

თეატრი, სინამდვილეში, ყველა დროში პოლიტიკური, სოციალური და თანამედროვე ხელოვნება იყო: ბერძნული თეატრიდან დაწყებული, მოლიერის მოხეტიალე დასით გაგრძელებული და შექსპირის „გლობუსითა“ თუ ფრანგული კლასიკური დრამებით გამყარებული. კიდევ უფრო მწვავე, პოლიტიკური და აქტუალური გახდა მეოცე საუკუნის თეატრი, როდესაც ბერტოლდ ბრეხტის, ანტონინ არტოსა თუ სამუელ ბეკეტის ტექსტებმა რადიკალურად შეცვალეს თეატრის ენა, მნიშვნელობა, სათქმელი. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰუმანიტარულმა კრიზისმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა გაბედული და ექსპერიმენტული ფორმის თეატრის არსებობა. ეს მოთხოვნა ემყარებოდა კლასიკური ტექსტუალური ჩარჩოს დაძლევას და ადამიანებთან დაახლოებას, მძაფრ და კონკრეტულ ამბებზე საუბარსა და თანაგრძნობას. ერთგვარად პარადოქსია, მაგრამ ასეთი თეატრი ევროპის მიერ გადატანილი ომებისა და ტრავმების შემდეგ ამერიკაში დაიბადა.

„ჩვენ ვართ მსახიობთა გუნდი, რომელსაც სურს მოახდინოს არაძალადობრივი და ულამაზესი ანარქისტული რევოლუცია!... მაყურებელი ამბობს: დიახ, სამყარო საშინელ მდგომარეობაშია! ირგვლივ მუდმივი ომებია, პოლიტიკური, სოციალური კონფლიქტები თუ კატასტროფები. მაგრამ ვინ ვარ მე და სად ვართ ჩვენ; ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ სამყარო შევცვალოთ? ზუსტად იმიტომ, რომ ხალხს ამის გაგება და ძალა მივცეთ, ჩვენ ვაარსებთ „ცოცხალ თეატრს“...

ეს არის ფრაგმენტი გერმანიაში, პოლონელი ებრაელების ოჯახში, დაბადებული მსახიობის, მწერლისა და რეჟისორის, სახელოვანი ერვინ პისკატორის სტუდენტის, ჯუდიტ მალინას მანიფესტიდან. მან მეუღლესთან, ამერიკელ მხატვარსა და პერფორმერთან, ჯულიან ბეკთან ერთად 50-იან წლებში ნიუ-იორკში რადიკალური პოლიტიკური თეატრალური დასი - The Living Theatre („ცოცხალი თეატრი“) დააარსა. 

ეს სრულიად ახალი  მიმართულების თეატრი იყო, რომელმაც ტრადიციული შენობებიდან სხვადასხვა სივრცეში გადაინაცვლა - ავტობუსის მოსაცდელებში, მიტოვებულ შენობებში, სკვერებსა თუ მოედნებზე. ჯულიან ბეკი და ჯუდიტ მალინა პოლიტიკური და სოციალური რეალობის შესატყვის ტექსტებს თხზავდნენ და ამგვარი ფორმით საზოგადოებრივი თუ სოციალური იმპულსების გამოცოცხლებას ცდილობდნენ. მართლაც, 50-იანი წლების დასაწყისში „ცოცხალი თეატრი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსპერიმენტული თეატრი გახდა და, თანაც, არამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

„ცოცხალი თეატრი“ თავისი არსითა და კონცეფციით მიმართული იყო საზოგადოებაში ძალაუფლების გარდაქმნისაკენ. იერარქიული სიტემის ნგრევა და ჰორიზონტალური ურთიერთობების დამყარება აუდიტორიასთან მისივე პრობლემების პროვოცირებით „ლივინგ თეატრის“ ერთ-ერთ მთავარ იდეას წარმოადგენდა. ცხადია, ბეკისა და მალინას დასი ეწინააღმდეგებოდა ბროდვეის სპექტაკლების კომერციულ ხასიათს. ადგილის გათვალისწინებით დგამდა სოციალური, ექსპრესიონისტული თუ პოლიტიკური შინაარსის პერფორმანსს და მუდმივად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გამართულ დემონსტრაციებსა თუ საპროტესტო აქციებში.

„ლივინგ თეატრის“ მსგავსი  გამოცდილება ქართულ თეატრს ნაკლებად ჰქონდა, რადგან, ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა სისტემაში ჩაბეტონებული, მაინც ნომენკლატურულ ჩარჩოებში ქადაგებდა შექსპირის, მოლიერისა თუ კლდიაშვილის ტექსტებს. ამდენად, როდესაც მიუზიკლი „მე გადავცურაც ზღვას“ (რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ის ჯერ კიდევ 2023 წელს დადგა „ახალ თეატრში“) იანვრის საპროტესტო დღეებში რეალურად გათამაშდა ქუჩაში, თეატრის წინ, მაყურებელი, ფაქტობრივად, საპროტესტო მანიფესტისა და სპექტაკლის მოდენიზებული ვერსიის მოწმე გახდა.

ეს იყო ცხადი პოლიტიკური მესიჯებით, შთამბეჭდავი მოქალაქეობრივი პოზიციითა და სოციალური თეატრით შთაგონებული წარმოდგენა. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და ტექსტი, რომლებსაც ეყრდნობა ბასა ჯანიკაშვილის დრამატურგია და დავით დოიაშვილის რეჟისორული  აქცენტები, სრულიად ახალ, ცოცხალ და პოლიტიკურ ჟღერადობას იძენს. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გამოსული „ახალი თეატრი“ თავისი გაბედულებითა და კონკრეტული მესიჯებით სწორედ ძალიან წააგავდა ჯულიან ბეკისა და ჯუდიტ მალინას „ცოცხალი თეატრის“ (The Living Theatre) სოციალურ და პოლიტიკურ განაცხადს.

ქვეყანაში შექმნილმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა,  კონკრეტულად კი, თეატრის დასის წევრებისა და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებამ აიძულა მსახიობები, შენობიდან გარეთ გამოსულიყვნენ და საპროტესტო ფორმისთვის მიემართათ.

პროპაგანდისტული მედიები და ტროლები ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს „ახალი თეატრი“ ფონდმა „ქართუმ“ შეაკეთა. სინამდვილეში, ის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი  თანხით, ანუ ჩვენი გადასახადებიდან დაფინანსდა. ამდენად, ივანიშვილის ქველმოქმედებაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია, ხოლო, რა თანხაც სხვადასხვა თეატრის რეაბილიტაციასა და შეკეთებისთვის ფონდმა „ქართუმ“ გაიღო, დიდი ხანია წარმატებით სხვადასხვა გზით აინაზღაურა. 

„ახალი თეატრის“ რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ  ყოფილი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, დროს დამტკიცდა. გარემონტებული თეატრის გახსნის პატივი უკვე თეა წულუკიანს ერგო, რომელიც შემდეგ ამ თეატრში აღარც მისულა. უხილავი  დაძაბულობა სამინისტროსა და „ახალ თეატრს“ შორის წულუკიანის ხანაში ყოველთვის იგრძნობოდა, ხოლო „რუსული კანონის“ მიღებისა და აქციების შემდეგ ხილული და თვალსაჩინო გახდა...

„ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს! ეს ჩვენი ბრძოლა იყო, მაგრამ მეგობრები, სხვა თეატრები და მსახიობები აუცილებლად შემოგვიერთდებიან. აქვე ვაანონსებ - ახალი თეატრი გადის რეგიონებში! ყველგან მივალთ და ყველას დაველაპარაკებით, ერთდროულად გავიშლებით სხვადასხვა რეგიონში და სდიეთ ქართულ თეატრს!“ - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის, ეს ხმამაღალი და ემოციური განაცხადი სახელისუფლებო ტროლფაბრიკის „მუშებისთვის“ სიგნალის ჩართვას უფრო ჰგავდა. ისინი ისეთი ორგანიზებული ლანძღვა-გინებით შეესივნენ თეატრის მსახიობებსა და რეჟისორს, გეგონება თვეების წინ თავად არ იხვეწებოდნენ, ეგებ, ორიოდე ბილეთი გვიშოვოთო.

„საპროტესტო მანიფესტის“ ფარგლებში წარმოდგენები გაიმართა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში... ღია ცის ქვეშ გამართულ იმპროვიზებულ მიუზიკლს  უამრავი ხალხი ესწრებოდა, თუმცა სახელისუფლებო მობილიზაციაც სათანადო იყო. ყველაზე ამაღელვებელი, მაინც, მზია ამაღლობლის ციხიდან გამოგზავნილი წერილი იყო, რომელიც მისმა ნათესავმა გოგონამ სცენიდან წაიკითხა... ფერად ლაბადებსა და თბილ სამოსში გამოწყობილი მსახიობების ეგზალტაციური რეფრენი - „მე გადმოვცურავ ზღვას!“ - ელექტროენერგიასავით მიეწოდება ძველი თუ ახალი თაობის მაყურებელს. მსახიობთა არტისტული თუ მუსიკალური ენერგია თითქოს ხელახლა გვაიძულებს შევხედოთ „ცოცხალ თეატრს“, როგორც შთამბეჭდავი, გულწფელი პროტესტის გამოხატულებას.
ენერგიული მოძრაობები და ჟესტები, ოდნავ დაღლილი, მაგრამ გაუბზარავი ხმები ფინალში იკრიბება მთავარი გზავნილით - „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჟღერს ტოტალური პოლიტიკური სიშლეგისა და პოლიციის ძალადობის ფონზე.

სიმბოლურია, რომ მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის ერთგვარი შეჯამებაა და ის ჟღერს დღეს ქუჩაში, მოედნებზე; ჟღერს გაბედულად, საპროტესტო სცენაზე და თან ცოცხლად... ბედის ირონია იქნება ირაკლის ბაბუის, 50-იან წლებში საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის აჩრდილი  დამცინავად, კომანდორივით გამოეცხადოს ქოცხელისუფლების ოლიგარქს და სანიმუშოდ გაუძღვეს იქ, „საიდანაც არცერთი მგზავრი უკან არ დაბრუნებულა“ (რამე ცუდი არ იფიქროთ, უბრალოდ ციტატაა „ჰამლეტიდან“).

მიუზიკლი საინტერესოა იმითაც, რომ  მასში ზუსტად იკითხება გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა საქართველოს, ანუ „ზასტოის“ ეპოქის, ნიშნები. საინტერესოა, რომ წარმოდგენა იწყება კონკრეტული დროის მინიშნებით - 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის აღლუმისთვის მზადებით და მთავრდება ასევე კონკრეტულ დროს - 1989 წელს, ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისა და მანიფესტაციების პერიოდით.

დავით დოიაშვილის ინტერპრეტაციით, მიუზიკლის მთავარი პერსონაჟები თავის თავში ატარებენ არა იმდენად საბჭოთა საქართველოს „უძრაობის“ დროის ნიშნებს, არამედ დღევანდელი ახალგაზრდების საპროტესტო მზერას, თავიანთი პიროვნული დრამებითა და პრობლემებით. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და ქეთათო პოპიაშვილის კომპოზიციები თითქოს ამ „უძრაობის“  მთავარი ამაჩქარებელია, გარდასული დროის ერთგვარი ესთეტიკური კატალიზატორი, რომელიც დაახლოებით ოცამდე მუსიკალურ ნომერსა და სიმღერას მოიცავს და, გარდა ამისა, მთავარ სიუჟეტურ ხაზებს უკარნახებს რეჟისორსა და დრამატურგს. 

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თითქმის 70 წლის დაგვიანებით გაცოცხლებული „ლივინგ თეატრი“ საქართველოში დღეს ბევრად უფრო შთამბეჭდავად, ზუსტად აირეკლავს მოვლენებს, ვიდრე წლების წინ დისიდენტურად შერაცხული ბრეხტი და შექსპირი სამუზეუმო სივრცედ ქცეულ რუსთაველის თეატრში. იმიტომ, რომ გარდასული თაობების შიში იქ  რეაქციულ სოციალურ ჭაობად დაგუბდა, ხოლო „შიში ნთქავს სულს“ (ეს დიდი გერმანელი კინორეჟისორის, რაინერ-ვერნერ ფასბინდერის, ფილმის სათაურია). 

საბედნიეროდ, „ახალი თეატრისა“ და ახალი თაობის დღევანდელი საპროტესტო მანიფესტი აღარ სცნობს შიშს, რადგან წარსულში დაბრუნება გამორიცხულია და დაუშვებელიც. „ცოცხალი თეატრი“ არა მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არღვევს საზღვარს კონფორმიზმსა და მეამბოხეობას შორის, არამედ სრულიად კონკრეტულად მიუთითებს სისტემის კრიზისსა და კვდომაზე... ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ ბევრი არტისტი, მხატვარი თუ მწერალი ისევ ციხეში რჩება. ხოლო „ახალი თეატრი“ ისევ ქუჩაში და ცოცხალი პერფორმანსით აპირებს გაამხნევოს და საბოლოოდ გამოიხსნას რეჟიმის ტყვეები...

ჩვენ გადმოვცურავთ ზღვას, ხოლო შიში ვეღარ შენთქავს სულს.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა