ავტორი : ტიმოთი ბლაუველტი
ეროვნული არქივი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო დოკუმენტების შენახვა და დაცვა, შედარებით თანამედროვე კონცეფციაა. ბიუროკრატიის, როგორც სახელმწიფოს ადმინისტრირებისთვის საჭირო ინსტიტუტის, განვითარებასთან ერთად დოკუმენტები, პირველ ყოვლისა, ბიუროკრატების მიერ ინახებოდა და გროვდებოდა მათი ადმინისტრაციული მიზნებით გამოსაყენებლად. პირველი ეროვნული არქივი შეიქმნა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საფრანგეთის რევოლუციის დროს, ბასტილიის აღებიდან მალევე. თანდათანობით, მე-19 საუკუნის განმავლობაში, სახელმწიფო დოკუმენტების შენახვის იდეა საზოგადოებისა და ისტორიკოსების მიერ მათი გამოყენების მიზნით ევროპაში ფართოდ გავრცელდა. კონსტიტუციონალიზმის, დემოკრატიული მმართველობის, სამართლის უზენაესობის, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლების ცნებებთან ერთად ასეთ ქვეყნებში სახელმწიფო არქივები წარმოადგენდა საჯარო სივრცეს, სადაც მეხსიერება და ცოდნა პირდაპირ შეიძლება გაზიარებულიყო მმართველებსა და მართულებს შორის. კანადის საჯარო დოკუმენტების მცველის, სერ არტურ დოთის, 1924 წლის სიტყვებით: „ყველა ეროვნულ სიმდიდრეს შორის არქივი ყველაზე ძვირფასია, ის ერთი თაობის მიერ მეორესთვის მირთმეულ საჩუქარს წარმოადგენს და მასზე ჩვენი ზრუნვის ხარისხი ჩვენი ცივილიზაციის დონეს განსაზღვრავს.“
იქიდან გამომდინარე, რომ „ცოდნა ძალააა“, XX საუკუნის ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოები მკაცრად ზღუდავდნენ თავიანთ არქივებზე წვდომას და განზრახ მანიპულირებდნენ ისტორიით. როგორც ორუელის 1984-ში ო’ბრაიენი უინსტონ სმიტს ამ უკანასკნელის დაკითხვისას ეუბნება: „ჩვენ, პარტია, ვაკონტროლებთ ყველა ჩანაწერს და ყველა მოგონებას, მაშასადამე, ჩვენვე ვაკონტროლებთ წარსულს, ასეა არა?!“ აქედან გამომდინარე, პარტიის სლოგანი და, შესაძლოა, წიგნში ყველაზე ცნობილი ხაზი არის: „ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის აკონტროლებს წარსულს და ვინც აკონტროლებს წარსულს, ის აკონტროლებს მომავალს.“ აღნიშნული არასდროს ისე ზედმიწევნით არ ასახულა პრაქტიკაში, როგორც საბჭოეთში, სადაც ოფიციალური არქივი, ლენინის ბრძანებით, 1918 წლის 1 ივნისს შეიქმნა. ბოლშევიკები, რომლებიც თავიანთ თავს ახალი ისტორიის შემქმნელებად მიიჩნევდნენ, დაწვრილებით აღწერდნენ საკუთარ საქმიანობას. თუმცა, მათი ხედვით, არქივები მხოლოდ პარტიისა და სახელმწიფო აპარატისთვის განკუთვნილ საცავებს წარმოადგენდა, რომელთაც ეს ძვირფასი ცოდნა საზოგადოებისგან უნდა დაეცვათ და ეკონტროლებინათ მისი ინტერპრეტაციის პროცესი.
„პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ ეგიდით, გორბაჩოვის ახალი „ღიაობის“ ფონზე ბერლინის კედლის დანგრევასა და, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაცემასთან ერთად, ცივი ომის შემდგომი დემოკრატიზაციის ტალღის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა სახელმწიფო, პარტიული და საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნა იყო, რაც დემოკრატიის გზაზე ახლად შემდგარ ბევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანასა და, გარკვეულ დონეზე, აწ უკვე დამოუკიდებელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ე.წ. „ისტორიის დასასრული“ არსებითად ისტორიის დაბრუნებასაც გულისხმობდა. მიუხედავად 1990-იანი წლების „საარქივო ოქროს ციებ-ცხელებისა“, როდესაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მთავარმა სახელმწიფო და პარტიულმა არქივებმა მკვლევრებს კარები გაუღეს და საკუთარი კატალოგების გამოქვეყნება (და ზოგ შემთხვევაში გაყიდვა) დაიწყეს, პოსტსაბჭოთა სივრცეში საარქივო გახსნილობა არა მხოლოდ ხანმოკლე, არამედ არათანაბარი და ნაწილობრივი აღმოჩნდა. ყველაზე სრულყოფილად არქივები ბალტიის სახელმწიფოებში გაიხსნა, სადაც, დღევანდელი მდგომარეობით, საარქივო მასალებთან წვდომისა და გამჭვირვალობის ხარისხი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნებისმიერ ქვეყანას გაუწევს კონკურენციას. ცენტრალური აზიის რესპუბლიკების უმეტესობას არასდროს უფიქრია საკუთარი არქივების გახსნაზე ან, საუკეთესო შემთხვევაში, მცირედით გახსნა ისინი. რუსეთში ზოგიერთი მთავარი ცენტრალური ისტორიული არქივი, როგორებიცაა საბჭოთა სამხედრო და საიდუმლო პოლიციის არქივები, მკვლევრებისთვის დახურული დარჩა. მაგრამ მანამდეც კი, სანამ პუტინის ეპოქაში ავტორიტარიზმის დაბრუნებასთან ერთად არქივებზე წვდომა ისევ შეიზღუდებოდა, არქივარიუსების უმეტესი ნაწილის მენტალობა საბჭოური ყაიდისა იყო და მათ საკუთარ დანიშნულებად დოკუმენტების - ანუ წარსულის ცოდნის - ხალხისგან დაცვა მიაჩნდათ, ნაცვლად მკვლევრებისა და საზოგადოებისთვის წვდომის ხელშეწყობისა.
გვიან 2000-იან და 2010-იან წლებში, ყოფილ საბჭოთა „პერიფერიაში“ არსებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები, როგორებიცაა სომხეთი, მოლდოვა და, განსაკუთრებით, უკრაინა 2004-2005 წლების „ნარინჯისფერი რევოლუციიდან“ მალევე და საბოლოოდ, 2013-2014 წლების „ევრომაიდნის“ შემდეგ, საარქივო ღიაობის ახალი ეპიცენტრები გახდა. არქივების დასაცავად და შესანარჩუნებლად შეიქმნა არაპოლიტიკური საჯარო ორგანიზაცია - ეროვნული მეხსიერების უკრაინული ინსტიტუტი. უკრაინული კაგებეს სრულად გახსნილი არქივები (Haluzevyi derzhavnyi arkhiv Sluzhba Bezpeky Ukrainy - ცნობილი, როგორც SBU-ს არქივი) საბჭოთა საიდუმლო პოლიციისა და მთლიანად სისტემის ფუნქციონირების შესასწავლად მთავარი რესურსი გამოდგა. მიმდინარე ომის პირობებშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ კიევში SBU-ს არქივის სამკითხველო დახურულია, რადგან ის სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს, მოთხოვნის შემთხვევაში, არქივის თანამშრომლები მოთხოვნილ დოკუმენტებს ასკანერებენ და მკვლევრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ უგზავნიან. უკრაინელმა არქივარიუსებმა ასევე გმირული ძალისხმევა გასწიეს რუსული აგრესიისგან უკრაინული არქივების დასაცავად და რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან არქივების სხვა ადგილებში გადასატანად.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ, საარქივო ღიაობის მხრივ, რეგიონში სამაგალითო ქვეყნად ქცევის ნიშნები გამოავლინა. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ საქართველოს ეროვნულ არქივში პროცედურები გამარტივდა. ეროვნული არქივი მოიცავს ისტორიის არქივს, სადაც დაცულია ჩანაწერები ცარისტული რეჟიმისა და 1918-21 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ასევე თანამედროვე ისტორიის არქივს, რომელიც საბჭოთა პერიოდის ჩანაწერებს ინახავს. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით, სააპლიკაციო წერილის წარდგენიდან 10 წუთში უკვე სამკითხველო დარბაზში ვმუშაობდი, მოთხოვნილი ფაილები იმავე დღეს მბარდებოდა და არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფაილების ნახვა დაიშვებოდა.
პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებულებით, საქართველოს ყოფილი კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი ფორმალურად გაიხსნა საზოგადოებისთვის და „იმელის“ შენობის სარდაფიდან, სადაც ის ფუჭდებოდა, გადატანილ იქნა მუხიანის სატელეფონო სადგურის უფრო ახალ შენობაში. ფაილები მოათავსეს ახალ ყუთებში და, ეროვნული არქივის ექსპერტთა დახმარებით, დაიწყო დაზიანებული მასალების სარესტავრაციო სამუშაოები. იმავე ბრძანებულებით, საქართველოს ყოფილი კაგებეს არქივები გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა ის დარჩა შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოდულის“ შენობაში, საიდანაც მოგვიანებით გადაიგზავნა პოლიციის აკადემიაში. როგორც პარტიული, ისე კაგებეს მასალები ორგანიზაციულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაციის ქვეშ გაერთიანდა და გამოიყო რესურსები მათი შენახვისა და საჯაროდ გავრცელებისთვის. პოლკოვნიკ ომარ თუშურაშვილის შთამაგონებელი ხელმძღვანელობით, არქივის ადმინისტრაცია ცდილობდა, ამ ეროვნული საგანძურის მიმართ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. გამოიცემოდა ჟურნალი „არქივის მოამბე“ და სხვა პუბლიკაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს, სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქმნებოდა პროგრამები, მასპინძლობდნენ ადგილობრივ და უცხოელ მკვლევრებს.
საქართველოში საარქივო ღიაობის ამ „ოქროს ხანაშიც“ კი ბევრი რამ იყო გასაუმჯობესებელი, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით. საქართველოს კაგებეს არქივის დიდი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა ე.წ. „თბილისის ომის“ დროს, 1991-92 წლებში. ოფიციალური დათვლით, გადარჩა არქივის მხოლოდ 20%. ასევე ოფიციალური ვერსიით, ხანძრის დროს განადგურდა „ინფორმატორებთან“ დაკავშირებული ყველა ფაილი და გადარჩა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული საქაღალდეები. მიუხედავად იმისა, რომ, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც მიიღო ე.წ. „ლუსტრაციის“ კანონები, კანონმდებლობამ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უმნიშვნელო გავლენა იქონია, რადგან საყოველთაო კონსენსუსის თანახმად, „ინფორმატორთა“ ფაილები და კარტოთეკა მთლიანად განადგურებულიყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხანძრები იშვიათადაა ასეთი შერჩევითი და რომ კაგებეს, სავარაუდოდ, მსგავსი დოსიეები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მდებარე ოფისებშიც ექნებოდა შენახული. სახელმწიფოს ყველა არქივში - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ ეროვნულ არქივსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ კაგებეს არქივში - საკუთარი საშუალებებით დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება ან მათი სკანირება (რაც უმეტეს დასავლურ არქივებში რეგულაციებისა და საკუთრების უფლების გათვალისწინებით დაშვებული და უფასოა), საქართველოში ან აკრძალულად დარჩა, ან - ხშირად, ხელმიუწვდომელი საფასური დაედო, განსაკუთრებით, ადგილობრივი მკვლევრებისა და სტუდენტების სტანდარტებით. იმ კანონების მიღებამ, რომლებიც ზღუდავდა არქივებიდან 75 წელზე ახალ პერსონალურ მონაცემებთან წვდომას, საფრთხე შეუქმნა უახლესი ისტორიის კვლევას, თუმცა ამ კანონმდებლობის აღსრულება თანმიმდევრული არ იყო.
ამ საკითხების მიუხედავად, საქართველო წლების განმავლობაში რეგიონში საარქივო ღიაობის შუქურა იყო და ამ პერიოდში ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერების მიერ საქართველოსა და კავკასიის ისტორიის კვლევა ახალ სიმაღლეზე ავიდა. შემდეგ ეროვნულ არქივში დაიწყო ცვლილებები და საარქივო მასალებზე წვდომის პროცედურები საბჭოურ სტილს დაუბრუნდა, რაც გულისხმობდა: 10-დღიან ვადას მკვლევრის მიერ მასალებზე წვდომის მოთხოვნის დასამუშავებლად (თუმცა პრაქტიკაში ეს ვადა ხშირად კვირებისა და თვეების განმავლობაშიც კი გრძელდებოდა); 2-დღიან მოსაცდელ პერიოდს მოთხოვნილი დოკუმენტების მოსამზადებლად; და იმ დოკუმენტების რაოდენობრივ შეზღუდვას, რომელთა არქივიდან გამოთხოვაც მკვლევარს შეეძლო. კიდევ უარესი იყო ის, რომ, ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, უცხოელი მკვლევრების მიერ მასალებზე წვდომის მოთხოვნა არაფორმალური განხილვისთვის ეგზავნებოდა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც წყვეტდა, დაეკმაყოფილებინა თუ არა ის.
უცხოელი მკვლევრების მზარდი რაოდენობა უარს იღებდა წვდომის უფლებაზე, თუმცა - პირდაპირ არა: მათ ეუბნებოდნენ, რომ ეროვნული არქივი არ ფლობდა მკვლევრის სამუშაო თემისთვის რელევანტურ მასალებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა მკვლევრებმა ასეთი დოკუმენტები უკვე გამოიყენეს, ან ეუბნებოდნენ, რომ რელევანტური მასალები არ იყო ხელმისაწვდომი მისი რესტავრაციის ან გაციფრულების პროცესის გამო. ხშირად ეს მაშინაც ხდებოდა, როდესაც მკვლევარს არ ჰქონდა მითითებული, თუ რომელი კონკრეტული მასალის გამოყენება სურდა.
სხვა შემთხვევებში, ცნობილი იყო, რომ ეს ფაილები უკვე გაციფრულდა. ერთ განსაკუთრებით აღმაშფოთებელ შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელზეც მკვლევარს უთხრეს, რომ არცერთი ფორმით არ იყო ხელმისაწვდომი, რამდენიმე წლის წინ არქივის ვებგვერდზე განთავსებული აღმოჩნდა. ხშირად უცხოელი მკვლევრების არქივებზე წვდომის მოთხოვნის წერილები „იკარგებოდა“, როდესაც ისინი ქვეყანაში ჩამოდიოდნენ კვლევის დასაწყებად და ზოგჯერ საბოლოო თანხმობაზე დასტური (სრულიად შემთხვევით) ზუსტად მკვლევრის ქვეყნიდან გამგზავრების წინ მოდიოდა. ცოტა ხნის წინ, მკვლევრებმა ფოტოზე აღბეჭდეს სამკითხველო დარბაზის მორიგის მაგიდის უკან არსებული სია ისტორიული არქივის იმ ფონდებისა, რომლებზეც, როგორც ჩანს, უცხოელ მკვლევრებს წვდომა ეზღუდებოდათ, მათ შორის, კავკასიაში ცარისტული ადმინისტრაციის შესახებ არსებულ მთავარ კოლექციებზე. ასევე, ეროვნულ არქივში მკვლევრებისთვის გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა შეიცვალა და შემცირდა ერთი კალენდარული წლიდან (ანუ ადრე იანვრის დასაწყისში გაცემული ნებართვა დეკემბრის ბოლომდე მოქმედებდა) სამ თვემდე, რაც ადმინისტრაციას მასალებზე წვდომაზე უარის თქმის უფრო ხშირ შესაძლებლობას აძლევს. ზოგჯერ მკვლევრებს, რომლებიც ნებართვის განახლებას ითხოვდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მასალები, რომლებსაც ისინი წინა დღეს იყენებდნენ, უკვე აღარ იყო ხელმისაწვდომი. არ არსებობდა აშკარა, ცხადი ლოგიკა, ვის მიმართ და რატომ უნდა გამოეყენებინათ მსგავსი მიდგომა, თუმცა ეს შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო საქართველოში პოლიტიკურად მგრძნობიარე/საკამათო ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა ისლამი და სახელმწიფო საზღვრები. ჩანდა, რომ დე-ფაქტო უარს ყველაზე ხშირად თურქი მეცნიერები იღებდნენ (თუმცა, მსგავსი რამ ასევე მომხდარა ამერიკელ, რუს და გერმანელ მკვლევრებთანაც).
ბოლო პერიოდამდე, გარკვეულწილად პარადოქსულადაც, წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საქართველოს პარტიულ და კაგებეს არქივებზე ღია და შეუფერხებელი იყო. წვდომაზე განცხადების წერილები სწრაფად (ჩვეულებრივ, იმავე დღეს) დასტურდებოდა და დოკუმენტები მოთხოვნიდან რამდენიმე წუთში გამოჰქონდათ. ჩემი პირადი გამოცდილებით, უარი არასდროს უთქვამთ ჩემ მიერ მოთხოვნილ არცერთ დოკუმენტზე. ძირითადი ფონდების ყველა ინვენტარი (იმ დახმარებების მოძიება, რომლებშიც ჩამოთვლილია ცალკეული ფაილის სათაური) ხელმისაწვდომი იყო PDF ფორმატში საარქივო ადმინისტრაციის საიტზე, რაც მკვლევრისთვის მოსახერხებელი იყო, რადგან ის არქივში ვიზიტამდე მოსამზადებელ სამუშაოებზე დიდ დროს ზოგავდა. თუმცა, სავარაუდოდ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, 2021 წელს საარქივო ადმინისტრაციის ვებგვერდი რეკონსტრუქციისთვის დაიხურა და მას შემდეგ აღარც გახსნილა. შემდეგ, 2023 წლის ბოლოს, როგორც პარტიული, ისე კაგებეს არქივები მოულოდნელად საზოგადოებისთვის დაიხურა. ბუნდოვანი განმარტებები გაკეთდა ვებსაიტის უსაფრთხოებასთან, სავარაუდო „ხელახალ ინვენტარიზაციასა“ და ამ არქივების ეროვნულ არქივთან გაერთიანების პოტენციურ გეგმებთან დაკავშირებით. არქივის თანამშრომლებიც კი დაბნეული ჩანან დახურვის მიზეზებთან დაკავშირებით და უძლურნი არიან, გასცენ ინფორმაცია, თუ როდის და რა ფორმით გაიხსნება ის. არქივების ადმინისტრაციის საგამომცემლო და სხვა საქმიანობა თითქმის სრულად შეჩერდა, ხოლო საერთაშორისო დონორების რამდენიმე საგრანტო პროექტი, რომლებიც არქივს გამოცემებში, სარესტავრაციო სამუშაოებსა და გაციფრულებაში უნდა დახმარებოდა, დაიბლოკა და საბოლოოდ, როგორც ჩანს, გაუქმდა.
ამგვარად, მოცემული მომენტისთვის, 2025 წლის დასაწყისში, ეროვნულ არქივებზე დაშვებისა და წვდომის საკითხი სრულიად ბუნდოვანია, განსაკუთრებით უცხოელი მკვლევრებისთვის, ხოლო საქართველოს ყოფილი პარტიული და კაგებეს არქივები, მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის შესასწავლად საჭირო ძირითადი წყაროები, საზოგადოებისთვის სრულიად მიუწვდომელია. ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა საელჩოების თხოვნა-მოწოდებები უპასუხოდ რჩება. უცხოელ მკვლევრებს დიდი ხნის დაგეგმილი კვლევითი ვიზიტების გაუქმება, ხოლო მაგისტრატურის საფეხურის ზოგიერთ ჩემს სტუდენტს მათი სათეზისო პროექტების იძულებით გადადება მოუწიათ. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა არის არქივებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარი მოტივი და რა დონეზე მიიღება ამგვარი გადაწყვეტილებები. ისტორია და, როგორც ჩანს, განსაკუთრებით საბჭოთა წარსული, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ვიღაცისთვის საშიშად მიიჩნევა.
ისეთ საკითხებთან შედარებით, როგორებიცაა არჩევნების გაყალბება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვები, სასამართლოს გარეშე დასჯა-დაკავებები, საარქივო მასალებზე წვდომის შეზღუდვა, თითქოს შედარებით რბილ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ, მაინც, ის ადრეული გაფრთხილების რბილი, თუმცა მძლავრი ინდიკატორია. ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ დერიდას სიტყვებით, „ქმედითი დემოკრატიზაცია ყოველთვის ფასდება ამ ძირითადი საზომით: არქივში თანამონაწილეობითა და მისი ხელმისაწვდომობით, მისი შექმნითა და ინტერპრეტირებით.“
ბოლო დროს საქართველოში ხშირად გამოითქმება სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო დონეზე რეფორმების ყველა მცდელობის მიუხედავად, სასამართლო და შიდა უსაფრთხოების სტრუქტურები მმართველი ძალის პოლიტიზებულ საყრდენებად დარჩა. არქივარიუსებისა და არქივების რიგითი თანამშრომლების კეთილსინდისიერი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს ძირითადი არქივების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე პირდაპირი დაქვემდებარება ნიშნავს, რომ ისინი დაუცველნი არიან ხელისუფლებაში მყოფთა ახირებების მიმართ. რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურას, როგორც ასეთს, სამომავლოდ საჭიროა არქივებისთვის აპოლიტიკური და დამოუკიდებელი სააგენტოს ან ინსტიტუციის შექმნა, რათა მათ სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ის შესაძლო როლი, რომელიც მათ ეკისრებათ, როგორც საჯარო სივრცეს, რომელშიც მეხსიერება და ცოდნა პირდაპირ იქნება გაზიარებული მმართველსა და მართულს შორის დემოკრატიულ გარემოში.