ნაბრძანებია დაივიწყოთ!

ავტორი : დავით ხვადაგიანი 

„ნურასოდეს დაივიწყებ, რომ რაც იყო, იგივე არის და რაც არის, იგივე იქნება მარად. მიიქეც მთელი დრამებისა თუ ცალკეული სცენარების ჭვრეტად, რომელთაც პირადი ცდითა თუ მემატიანეთა გადმოცემით იცნობ; წარმოიდგინე, მაგალითად, ჰადრიანეს, ანტონიუსის, ფილიპეს, ალექსანდრესა თუ კრეზუსის სასახლის კარნი: სპექტაკლი ყველგან ერთი და იგივეა, იცვლებიან მხოლოდ მსახიობები.“ 
მარკუს ავრელიუსი, „ფიქრები“ (X, 27)

ათასწლეულებმა გაიარა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მარკუს ავრელიუსის სალაშქრო კარავში მისი „ფიქრები“ იპოვეს, მაგრამ განმანათლებელი იმპერატორის „სპექტაკლს“ არათუ მნიშვნელობა დაეკარგა, არამედ მსგავსი სიზუსტითა და შინაარსით ვერავინ შეძლო, ზუსტად აღეწერა ისტორიისა და ისტორიული მეხსიერების არსი. 

ისტორიული მეხსიერება, განსაკუთრებით კი, უახლესი ისტორიის სწავლა და გააზრება, ევროპული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშანი და უპირატესობაა. 2014-2018 წლებში ასი წელი შესრულდა პირველი მსოფლიო ომის (მაშინ „საერთაშორისო ომად“, „დიდ ომად“ წოდებული) დაწყება/დასრულებიდან. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა საუკუნის წინ ჩართული იყო მსოფლიო ომში, რომელმაც კაცობრიობის განვითარების კურსი შეცვალა. ამ ომმა დაასრულა დიდი იმპერიების ეპოქა და დასაბამი მისცა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ წესრიგს. ასი წლის თავზე ამ ქვეყნებმა ეს ომი სათანადოდ გაიხსენეს და არაერთი სამეცნიერო კონფერენცია და ღონისძიება გამართეს.

    ევროპა პირველი მსოფლიო ომის დასაწყისსა და დასასრულს

საქართველოსთვის 2010-იანი და 20-იანი წლები, ისევე, როგორც სხვა ბევრი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვან მეხსიერების თარიღებთან იყო დაკავშირებული, თუმცა საქართველოში არსებულ რუსულ რეჟიმს აზრადაც არ მოსვლია, ისტორიული მეხსიერების აღდგენის პროცესი დაეწყო - პირიქით, რეჟიმმა, 2012 წლიდან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო საარქივო სივრცეებზე წვდომის შეზღუდვა, რაც საზოგადოებას მუდმივად ყურადღების მიღმა რჩებოდა და მკვლევართა მცირე ჯგუფების პრობლემად დარჩა.

2023 წელს საარქივო პოლიტიკის პერმანენტული გაუარესება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ჩაკეტა შსს აკადემიის არქივი, რომელშიც გაერთიანებულია სუკ-ისა (КГБ) და საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივები და რომელთა კვლევის გარეშეც წარმოუდგენელია საბჭოთა წარსულისა და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამოაშკარავება.
ასევე უკიდურესად გართულებულია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, განსაკუთრებით, უახლესი ისტორიის არქივის, ფონდებზე წვდომაც. რაც მთავარია, 2023 წლის ოქტომბერში გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა ეროვნული არქივის კინოსაცავი, რაც უდიდესი დანაკარგია  უახლესი ისტორიის კვლევის პერსპექტივისათვის. ამ საკითხზე დღემდე დუმს სისტემა და გამოუძიებელია, რამ გამოიწვია ხანძარი.

 
საქართველოს დამოუკიდებობის აქტი 1918 წ. და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1991წ. 

მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა და შენობა-ნაგებობები არ გააჩნია ამ უმნიშვნელოვანეს, „კაგებესა“ და კომპარტიის არქივებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ სტრუქტურულ კუთვნილებაზე, როდესაც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, მით უმეტეს, აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითს თუ ვნახავთ, რომელთაც ტოტალიტარული წარსული და საბჭოთა რუსული ოკუპაცია აქვთ გამოცდილი - საარქივო ფონდები ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტების დაქვემდებარებაშია. ის გამჭვირვალე სისტემაა და უმნიშვნელოვანეს კვლევებს აწარმოებს, მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში საარქივო ფონდები ყველაზე გაუმჭვირვალე და რეპრესიულ სისტემას, იუსტიციისა და შს სამინისტროებს ექვემდებარება.

 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კოალიციური მთავრობა. მარცხნიდან-მარჯვნივ: 
შალვა ალექსი მესხიშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი და გიორგი ჟურული

ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები, რომლებიც ძირითადად წინა საუკუნის ათიან, ოციან და ოცდაათიან წლებში ვითარდებოდა და ჩვენს დღევანდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე ისევ ახდენს საბედისწერო გავლენას, შეიძლება ვთქვათ, რომ  ჩვენი თანამედროვეობის ათვლის წერტილია. ეს ისტორია პირველი მსოფლიო ომის მსვლელობიდან და მისი შედეგებით იწყება; საქართველო, როგორც რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებებში. საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე გადიოდა პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების თეატრი - ამიერკავკასიის ფრონტი. როგორც ამიერკავკასიის ფრონტზე, ისე დასავლეთის ფრონტზე ომში რუსეთის არმიაში გაწვეული ათობით ათასი ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობდა, რომელთა შორის წარმოუდგენლად დიდი იყო მსხვერპლი, თუმცა ეს უზარმაზარი დანაკარგი დღეს სრულიად წაშლილია ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან და მხოლოდ პრესისა თუ საარქივო საცავების გაყვითლებულ დოკუმენტებშია ჩაკარგული. საზოგადოებას დღემდე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს კატასტროფული ადამიანური დანაკარგები ახსოვს. თუმცა ეს ზეპირი და ზედაპირული მეხსიერებაც დავიწყებისა და წაშლის პირასაა, არასათანადო კვლევებისა და მეხსიერების პოლიტიკის არარსებობის გამო.

 გაზეთი “კომუნისტი” N3, 1921 წლის 4 მარტი

პირველი მსოფლიო ომის ისტორია საქართველოსთვის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა და შემდეგ პარიზის საზავო კონფერენციამ გა­დაწყვიტა პატარა ერების დამოუკიდებლო­ბის ბედი, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. მაგალითისთვის, საინტერესოა პატარა ექსპერიმენტი - თუ ევროპის 1914 წლის  და 1918 წლის რუკებს მოვძებნით გუგლის საძიებო სისტემით, ევროპის სრულიად განსხვავებულ ორ პოლიტიკურ რუკას აღმოვაჩენთ; 1914 წელს დიდი იმპერიების და უკვე 1918 წელს - ბევრი დემოკრატიული რესპუბლიკით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ზუსტად ამ პერი­ოდს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს და დიდი იმპერიების ნგრევას უკავშირდება, როდესაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დაამხო რუსეთის იმპერია, მალე საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა ხდება. 1918-1921 წლების საქართველოს ისტორია საგულდაგულოდ წაშალა და გააყალბა საბჭოურმა რუსულმა პროპაგანდამ, რამდენიმე თაობის, თუნდაც განათლებულ და ინტელექტუალურ ნაწილს, ამის გამო ან ზერელე წარმოდგენა აქვს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდზე, ან პროპაგანდის მიერ დამახინჯებული და გაყალბებული ვერსია აქვს ჩაბეჭდილი ცნობიერებაში. დღესაც ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია 1918-1921 წლების ისტორია, როდესაც ფეოდალური ეპოქის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, პირველად იქმნება თანამედროვე, მოდერნული, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო, სახელმწიფო რომლის სამართალმემკვიდრეებიც დღეს ვართ.

ხშირად სოციალურ თუ სხვა სადისკუსიო სივრცეში დღემდე მიდის უშინაარსო კამათი, თუ რომელია საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი თუ 9 აპრილი? 100 წლის სახელმწიფო გვაქვს თუ 34? მაშინ, როდესაც ორივე დამოუკიდებლობის აქტის ვიზუალური აღქმისას პასუხი მარტივი ხდება - 1918 წელს შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რაც ძალადობრივად შეწყდა 1921 წელს საბჭოთა რუსული ოკუპაციით, რომელიც არ უღიარებია ქართველი ხალხის კანონიერ წარმომადგენელ მთავრობას და დამფუძნებელ კრებას, ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე და ემიგრაციაში ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა  რუსული ოკუპაციის არაღიარებისთვის, რის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს კანონიერად აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დავიწყებასაა მიცემული ან ასევე დამახინჯებულადაა აღქმული 1917-1918 წლების განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები სამხრეთ კავკასიაში, რაც 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის მოწვევასა (რომელმაც იურიდიულად გააფორმა ამიერკავკასიის რუსეთიდან ჩამოშორება) და ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის (ადფრ) არსებობასთანაა დაკავშირებული, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ გაერთიანებული. მითებისა და ლეგენდების თანახმად, რომლებსაც შემდგომ, რა თქმა უნდა, საბჭოთა პროპაგანდა ახალისებდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკა მაშინდელი დომინანტი პოლიტიკური პარტიის, სოციალ-დემოკრატების, ლიდერებმა თითქოსდა იმიტომ შექმნეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ ჩქარობდნენ. თუმცა სინამდვილე სულ სხვაგვარია, რადგან ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური ცენტრი თბილისში იყო და ადფრ მთავრობაშიც ქართველი სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ - მთავრობის თავმჯდომარე ქართველი აკაკი ჩხენკელი იყო, ხოლო სეიმის თავმჯდომარე - ასევე ქართველი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე გახლდათ. ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო და პოლიტიკური პროექტი იყო სამხრეთ კავკასიის ერთიანობისა და ბაქო-ბათუმის სტრატეგიული მაგისტრალის შენარჩუნების საკითხში, რაც დასავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოების მუდმივ ინტერესს უზრუნველყოფდა რეგიონში, თუმცა განსაკუთრებით სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებამ ადფრ ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა და მალე დაასრულა მისი არსებობა.

 
კოტე ანდრონიკაშვილი
დამკომის თავმჯდომარე

დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი გამოწვევა საგარეო მფარველისა და ორიენტირის პოვნა იყო, რაც გარდამავალ, მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის ფონზე ახლად შექმნილ ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს საგარეო აგრესიისგან დაიცავდა. ასეთი გერმანია გამოდგა, რომლის მხარდაჭერითაც რეალისტური გახდა დამოუკიდებლობის გამოცხადება და ოსმალეთის არმიის აგრესიის შეჩერება, თუმცა მალე, 1918 წლის ნოემბერში, მსოფლიო ომი დამთავრდა, გერმანია დამარცხდა, რამაც საქართველოს მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი ისევ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. აქ ჩნდება დამოუკიდებლობის აქტში ჩაწერილი „ნეიტრალიტეტი საერთაშორისო ომიანობაში“, რაც რეალურად დიდი ევროპული იმპერიების ომში მიუმხრობლობას ნიშნავდა და არა ნეიტრალიტეტს რუსეთის ფაქტორის გამო, რაც დღემდე არასწორად აღიქმება. ზუსტად ამ კონტექსტში გამარჯვებული ბრიტანეთი ცუდი თვალით უყურებდა დამარცხებული მოწინააღმდეგის - გერმანიის ყოფილ მოკავშირე საქართველოს, 1918 წლის  სომხეთ-საქართველოს ტრაგიკული ომიც ამ კონტექსტის გამოძახილი იყო, რადგან სომხეთის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა ბრიტანეთის მოკავშირე იყო. მისი და  ბრიტანელების ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა.


კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია

საქართველოს მაშინდელი მთავრობის, პოლიტიკური ელიტისა და დიპლომატიის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ მათ შეძლეს ბლოკადის გარღვევა და 1920 წლის იანვარში საქართველო დე-ფაქტო იქნა აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რასაც ერთ წელიწადში, 1921 წლის 27 იანვარს, მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების უმაღლესი საბჭოს მიერ (სადაც წამყვან როლს ბრიტანელები და ფრანგები ასრულებდნენ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულფასოვანი იურიდიული - დე-იურე აღიარება მოჰყვა. ამაში დიდი წვლილი საფრანგეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრმა, არისტიდ ბრიანმა, შეიტანა, რომელიც აქტიურად განიხილავდა რუსეთისგან მომავალ საფრთხეს და მის შესაკავებლად „სანიტარულ კორდონად“ რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებული ერების დახმარებას. ის მათი სახელმწიფოებრიობის გამაგრებასა და მათთვის იარაღის მიწოდებაში ხედავდა გამოსავალს. იურიდიული აღიარების შემდეგ საქართველოს ერთა ლიგაში მიღება უკვე რეალისტური გახდა და მცირე დროის საკითხი იყო, რაც კარგად ესმოდა საბჭოთა რუსეთს, ვლადიმერ ლენინს და განსაკუთრებით რუსეთის ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისარ იოსებ სტალინს, რადგან საქართველოს თავისუფლება და ევროპული კურსი მისთვის პირად საფრთხეს წარმოადგენდა მოსკოვში დაწყებულ სამკვდრო-სასიცოცხლო პოლი­ტიკურ თამაშში. ზუსტად ამ მომენტში შეძლო სტალინმა ლენინის დარწმუნება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის დასაწყებად და ინტერვენციის გადაწყვეტილებაც ზუსტად იმ დღეს, 1921 წლის 27 იანვარს, მიიღეს მოსკოვში, რა დღესაც ევროპის მიერ საქართველო დე-იურედ იქნა აღიარებული.

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე დემოკრატიულმა საქართველომ რამდენჯერმე შეძლო როგორც რუსეთის მოხალისეთა არმიის („თეთრი რუსეთი“) შეჩერება აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად, რომელთანაც 1919 წელს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, ისე საბჭოთა რუსეთის („წითელი რუსეთი“) 1920 წლის თავდასხმის მოგერიება, რასაც მუდმივად თან ახლდა საბჭოთა რუსეთის მიერ ორგანიზებული აჯანყებების განეიტრალება და აგენტურასთან შეუწყვეტელი ბრძოლა. თუმცა 1921 წლის საბედისწერო ომში საქართველო დამარცხდა. რუსეთმა ერთი ნაბიჯით დაასწრო ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ დე-იურე აღიარებასთან ერთად საფრანგეთმა საქართველოსთვის უკვე იარაღის მოწოდება დაიწყო და რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას შავ ზღვაში მყოფი ფრანგული სამხედრო ფლოტი საარტილერიო მხარდაჭერასაც უწევდა ქართულ ჯარს აფხაზეთში რუსეთის ყუბანის მე-9 არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში.


გაზეთი “მუშა”, 1924 წლის სექტემბერი

რუსეთ-საქართველოს ომის პარალელურად, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, ორწლიანი შეუწყვეტელი მუშაობის შემდეგ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის პროგრესულობას დღემდე აღნიშნავენ საერთაშორისო ექსპერტები. კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა, რაც საქართველოს განვითარებისა და ევროპეიზაციის სიმბოლური მოვლენა იყო, თუმცა კონსტიტუციამ რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე კვირა იმოქმედა, რამდენიმე კვირაში საქართველოში საბჭოთა რუსული ოკუპაციის პირობებში, პირიქით, სიკვდილი და ადამიანების მასობრივი განადგურება გახდა ჩვეულებრივი მოვლენა.

საბჭოთა პროპაგანდის მიერ დამუშავებული მითის მიხედვით, რაც შემდგომ გავრცელებულ ლეგენდად იქცა, „საქართველოს მთავრობა გაიქცა და ქვეყანა მიატოვა“. სინამდვილეში, მაშინდელი მთავრობისა და დამფუძნებელი კრების მცირე ნაწილი წავიდა ემიგრაციაში, რაც 1921 წლის 17 მარტს ბათუმში გამართულმა დამფუძნებელი კრების უკანასკნელმა სხდომამ დაადგინა, რათა მთავრობის მეთაურის ხელში ჩაგდებით მტერს მთავარი მიზნისთვის არ მიეღწია, არ მოეხდინა ოკუპაციის იძულებით ლეგიტიმაცია. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, ხელი არ მოაწერა კაპიტულაციას. მთავრობისა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. მაგალითისთვის, საბჭოთა რუსულმა რეპრესიებმა ფიზიკურად გაანადგურა (დახვრიტა) დამფუძნებელი კრების 51 დეპუტატი, 11 მათგანი 1924 წლის აჯანყებისას, სხვები 1937-1938 წლების დიდი ტერორისას, დანარჩენების უმრავლესობა კი რეპრესირებული იყო - არაერთხელ დაპატიმრებული და გადასახლებული (იხ. სქემა).

1921 წლის დიდი დემონსტრაციებით, რომელთაც გამუდმებით არბევდა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, სვანეთის აჯანყებით დაწყებული, 1922 წელს ხევსურეთის აჯანყებით გაგრძელებული, წინააღმდეგობის მოძრაობა თანდათან ძალას იკრებს, ორგანიზდება და მრავალრიცხოვანი ხდება, რაც 1922 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტის (დამკომი) შექმნით გრძელდება, სადაც ქართული პოლიტიკური პარტიები; სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები, სოციალ-რევოლუციონერები, ეროვნულ-დემოკრატები და სხიველები თანხმდებიან საბჭოთა რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან ერთობლივ ბრძოლაზე. 
1922-1923 წლებში ხდება ისეთი ისტორიული მოვლენები, რომლებიც მაშინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ, თუმცა დღეს საგულდაგულოდ დავიწყებული და ამოშლილია ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან: ქართული დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების „თვითლიკვიდაციის“ პროცესი, რომელიც საოკუპაციო ხელისუფლებისა და მისი ტერორის მანქანის - „ჩეკას“ მიერ იყო იძულებით ორგანიზებული, განხეთქილება საქართველოს კომუნისტურ პარტიაში, რაც „ნაციონალ-უკლონისტების“ მოძრაობის სახელითაა ცნობილი, როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ელიტა აუმხედრდა სერგო ორჯონიკიძისა და კავბიუროს (რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს, შემდეგ - ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი) ფაქტობრივ არაფორმალურ მმართველობას, რომელიც მოსკოვიდან სტალინის დახმარებით გაანეიტრალა ორჯონიკიძემ, რასაც საბჭოთა საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა პროტესტის ნიშნად და შემდეგ რეჟიმის მიერ მათი „წმენდით“ გაგრძელდა.

პოლიტიკური კრიზისის კულმინაციად იქცა 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება, რომელიც დამარცხდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი მძლავრად შეარყია. ამ აჯანყებას რუსული საოკუპაციო რეჟიმისგან მძიმე რეპრესიები მოჰყვა. ფიზიკურად განადგუ­რებული იქნა დაახლოებით 5 000 აჯანყებული, რაც დიდი დანაკლისი იყო წინააღმდეგობის მოძრა­ობისთვის. თუმცა წინააღმდე­გობის მოძრაობა მაინც არ შეწყვეტილა და გადარჩენილი მებრძოლები და აქტივისტები შემდგომშიც იბრძოდნენ არალეგალური ორგანიზაციების აღდგენა-გამაგრებისთვის.

1926 წლიდან გრძელდება საქართველოს კომუნისტური პარტიის შიდა განხეთქილება, რაც ძირითადად ტროცკისტული მოძრაობის სახით ვითარდება. მასში ყოფილი ნაციონალ-უკლონისტებიც აქტიურად არიან ჩართული, რაც ისევ მასობრივი რეპრესიებითა და დაპატიმრება-გადასახლებით მთავრდება.

ჩვენი კოლექტიური მეხსიერე­ბიდან ამოშ­ლილია და არ არსებობს არცერთი ფუნდა­მენტური ნაშრომი ისეთი კატასტროფული მოვლენის შესახებ, რომელმაც 1920-იან წლებში დაშვებული „ნეპის“ პოლიტიკის შემდეგ მთლიანი ეკონომიკური განვითარების მოდელი შეცვალა და ფაქტო­ბრივად დღემდე მის ნეგატიურ შედეგებს ვიმკით, როგორიც იყო კოლექტივიზაცია. საგულ­დაგულოდაა დავიწყე­ბული კოლე­ქტი­ვიზაციის 1920-იანი წლების ბოლოდან 1930-იანი წლების შუამდე მძიმე წინააღმდეგობის პროცესი, როდესაც მოსახლეობა მასობ­რივად აუმხედრდა კოლმე­ურნეობების შექმნას. ამ პროცესს არანაკლები მსხვერ­პლი და შეტაკებები მოჰყვა, ვიდრე 1920-იანი წლების წინააღმდეგობის დროს.

რეალურად, 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები და ტერორი, გარდა კომუნისტური პარტიის ძველი კადრებისა და ინტელიგენციის წმენდისა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ნაშთების განადგურებისა, ძირითადად იყო შეძლებული გლეხების ფენის წმენდა-განადგურება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა რეჟიმის მტაცებლურ პოლიტიკას, რაც მეტწილად მთლიან კოლექტივიზაციაში გამოვლინდა. 1937-1938 წლების ტერორმა დაასრულა მთელი ეპოქა, დამოუკიდებლობიდან დაწყებული, რუსული ოკუპაციით გაგრძელებული, და ფიზიკურად გაანადგურა იმ ადამიანების თაობა, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოს ქმნიდნენ, ასევე ისინი, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს განადგურებასა და ოკუპაციაში მონაწილეობდა.

1917-1921 და შემდეგ 1921-1938 წლების ისტორია, შეიძლება ითქვას, რომ სახელმძღვანელოა, სახელმძღვანელო დამოუკიდებლობისა და რუსული ოკუპაციის პროცესის, რომელიც დღემდე მივიწყებულია და არქივებშია საგულდაგულოდ გამოკეტილი. ზემოაღნიშნული პრობლემების გამო განადგურების საფრთხის წინაშეა უთვალავი ისტორიული დოკუმენტი, რომლებითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ვისწავლოთ, როგორ დაიწყო ის ისტორიული პროცესი 1918 წელს, რომელიც დღემდე გრძელდება და კარგად გავაცნობიეროთ, როგორი იყო დასაწყისი, სად ვართ დღეს და რა სამომავლო ამოცანები გვაქვს, რაც თანამედროვე აქტიური მოქალაქისთვის იქნება ფაქტობრივი სოციალური იმუნიტეტის ტოლფასი, რითაც მარტივად შეძლებს რუსული პროპაგანდისტული ანკესების არიდებას და განეიტრალებას, რადგან რუსული პროპაგანდა, რომელიც ძირითადად უახლესი ისტორიის გაყალბების პროცესზეა დაფუძნებული, ამ პროცესის მართვით ხშირად ახერხებს მოწინააღმდეგეების დეზორიენტაციასა და მანიპულირებას.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა