გმირები ყოველთვის იმარჯვებენ

ავტორი : ზაზა ბიბილაშვილი 

„ახალი ივერიის“ მერვე ნომერი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე უნდა გამოსულიყო, მაგრამ ნომრის მომზადებამ და გამოცემამ ძალიან დაიგვიანა. მიზეზი ადვილი გამოსაცნობია: არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციის შემდეგ - რომლის მთავარი გაკვეთილიც ის იყო, რომ რუსეთი საქართველოზე კონტროლის დაკარგვას და 13 წლის წინ არჩევნებით მოგებულის არჩევნებითვე დათმობას არ აპირებს - საქართველოში ყველანაირი რუტინა დასრულდა და ახალი ეპოქა დაიწყო: ეპოქა საყოველთაო გამოღვიძების, ეპოქა გააზრების და გაცნობიერების, ხანდახან - აღიარებისაც. მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ფაქტობრივი უარი განაცხადა, რამაც გააქარწყლა კანტიკუნტად შემორჩენილი ილუზიები „ოცნების“ მიზნებისა და მოტივების შესახებ, ქართული საზოგადოების ცხოვრება ერთ დიდ, დაუსრულებელ ფორსმაჟორად იქცა. მუდმივი, სადღეღამისო შფოთი, აღტყინება, ორომტრიალი, ფიქრები გაცოცხლებულ ისტორიასა და ბუნდოვან მომავალზე... 

ამ ვითარებაში ვის სცალია გრძელი ტექსტების საწერად, ან ვის სცხელა მათ წასაკითხად? 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ ისევ დადგა მომენტი, როდესაც ინტელექტუალური, შორეულ შედეგზე გათვლილი ბრძოლის მეთოდები თავისუფლებისთვის - სწორედ თავისუფლებისთვის და არა ევროინტეგრაციისთვის ან უბრალოდ ახალი არჩევნებისთვის - ფიზიკურმა ბრძოლამ უნდა ჩაანაცვლოს. შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ჩვენი ისტორიის ის ეპიზოდი, როდესაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა თავის სტუდენტებს წიგნის გვერდზე გადადებისა და იარაღით ხელში სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა. რეალისტებისთვისაც კი მოულოდნელად, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, რომ აზრებსა და ემოციებს წინადადებები კი არა, შორისდებულები გადმოსცემენ. როგორც ერთმა კეთილსინდისიერმა ქართველმა ინტელექტუალმა ამოთქვა, ამხელა უსამართლობის შემყურემ, „დღეს ყველა წესიერი ქართველი იგინება“. მართლაც, დღეს იმდენად აშკარაა ყველაფერი, რომ ტრადიციული, კონვენციური წესები აღარ მოქმედებს. თითქოს დებატებმაც აზრი დაკარგა, რადგან რაციონალურ მსჯელობას უშუბლისძარღვო, გლუვი პროპაგანდა უპირისპირდება, რომელიც ერთსა და იმავე დაზეპირებულ სიშლეგეს იმეორებს, ყველანაირი მაგალითის თუ კონტრარგუმენტის პასუხად.  

მანამდე კი... მანამდე იყო მონუმენტური მასშტაბის პოლიტიკური და მოქალაქეობრივი კრახი, როდესაც პარტიული, მედია და არასამთავრობო „ელიტები“ კამპანიურად, დასპონსორებული ვიდეორგოლებითა და ყოვლისმცოდნე სახეებით გაკეთებული კომენტარებით გვიმტკიცებდნენ, რომ დაქუცმაცება სჯობს საერთო საქმისთვის გაერთიანებას (მიუხედავად იმისა, რომ, მათივე თქმით, ეს არჩევნები კი არა, რეფერენდუმი იყო) და რომ თურმე რეჟიმი არჩევნებს „ვერ გააყალბებს“ (რითიც ნებსით თუ უნებლიეთ რეჟიმის გასაკეთებელი საქმე კეთდებოდა). რა აძლევდათ ამის მტკიცებისა და მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფაზე ფიქრის საფუძველს? არც არაფერი. სრულიად არაფერი! როცა საშუალოსტატისტიკური მოქალაქე ამაზე მიუთითებდა (მესმის, რომ ასეთების ხმა „ელიტების“ ოლიმპიურ სიმაღლეზე ყოველთვის ვერ აღწევს, თანაც, ეს უკანასკნელნი ხომ „კვლევებით“ ხელმძღვანელობენ, რასთანაც რიგითი მოქალაქის აზრი, ისტორიის ცოდნა და საბაზისო ეთნოფსიქოლოგია, განა, რა მოსატანია?), მათ პასუხობდნენ - აბა, ხალხს ხომ არ ვეტყვით, გაყალბდებაო?! ნუთუ მარტო თქვენი მონა-მორჩილი ხედავს ამ პასუხში ინტელექტუალურ არაკეთილსინდისიერებას? არა, არ უნდა უთხრა, რომ გაყალბდება! მაგრამ არც ის უნდა უთხრა, ვერ გაყალბდებაო. როგორ უნდა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ნულოვანი კონტროლი გაქვს? გარდა ამისა, „ვერ გაყალბდება“ იმთავითვე ან ტყუილია (თუ იცი, ვისთან და რასთან გაქვს საქმე), ან - სიბეცე (თუ მართლა ასე ფიქრობ, რა შემთხვევაშიც რეალობის აღქმისა და კრიტიკული აზროვნების უნარი გქონია დაკარგული და არც ამ ბრძოლისთვის ხარ მარგი). მაგრამ ეს ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ „ხალხზე“ უფრო ჭკვიანები არიან, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ემპირიულად არ დასტურდება... 

როგორც ერთი, არც თუ ისე პოპულარული, ამერიკელი პოლიტიკოსი იტყოდა ორი ათეული წლის წინათ, თუ ერთი პროცენტი შანსი მაინც არსებობს, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ცუდი აუცილებლად მოხდება. მართლაც, ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანის (მით უმეტეს, ისეთის, რომელსაც ქვეყანაზე ზრუნვის პრეტენზია აქვს) ვალია, უარესი სცენარისთვის მოემზადოს და გეგმა „ბ“ ეგულებოდეს შავი დღისთვის. ჩვენ კი მოწმენი გავხდით სრული მოუმზადებლობისა, რაც, უკეთეს შემთხვევაში, დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა იყო და რაზეც დღემდე არავის აუღია პასუხისმგებლობა. ალბათ ძალიან ეცინებოდათ ამის შემხედვარე ცესკო-ს თავმჯდომარესა და მის კურატორებს სუსსა თუ პარტიაში (აქ ისიც აღვნიშნოთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე ერთპარტიული დიქტატურაა, შესაბამისად, როცა „პარტიას“ ვახსენებთ, იქ მხოლოდ „ოცნება“ იგულისხმება). 

შემდეგ იყო დაუნდობელი დარბევები და ასობით პროტესტანტის სისტემური წამება (რამაც ყველას დაანახა, რაოდენ აბსურდული იყო ივანიშვილის რეჟიმის შედარება წინა ხელისუფლებასთან, რომელმაც 9 წლის განმავლობაში სულ ორჯერ დაშალა შეკრებები ძალის გამოყენებით, მაშინ, როდესაც ამჟამინდელი, „ჰუმანური“ და „ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლების“ პირობებში, სათარეშოდ აშვებული ზონდერები ხანდახან დღეში რამდენიმე საჩვენებელ დარბევას აწყობენ).

ამას მოჰყვა თანამდებობასთან ინტელექტითა თუ პიროვნული თვისებებით გამორჩეულად შეუსაბამო ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა ოლიგარქი ივანიშვილის მიერ, ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამცირებისა და იზოლაციის მიზნით, ავტორიტარული კანონების მთელი კასკადის დაჩქარებული წესით მიღება თვითმარქვია პარლამენტის მიერ თავისუფლების შემორჩენილი კერების ამოსაქოლად, ახლადშემოღებული კაბალური, რეპრესიული სანქციების ტოტალური გამოყენება ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეთა დასაშინებლად და ეკონომიკურად წელში გასატეხად და ამ პროცესების თანმდევი, რუსული სტილის, ცინიზმით განმსჭვალული პროპაგანდა... 

როდესაც ადამიანებმა ოდნავ ამოისუნთქეს და ამ მოვლენებზე წერის ემოციური მზაობა ოდნავ დაბრუნდა, მსოფლიო ბევრად უფრო დიდი და პოტენციურად დამანგრეველი საფრხის წინაშე დადგა. მიკერძოება რომ არ დამწამოთ, აქვე ვიტყვი, რომ ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მითქვამს და კრიტიკა მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე, როდესაც მისი კატასტროფული რიტორიკისა თუ სვლების კასკადი მსოფლიო წესრიგს დაემუქრა. განა საერთაშორისო სამართლის რღვევა (კანადა ამერიკის შტატი უნდა გახდესო, გრენლანდია ამერიკული ტერიტორია იქნებაო, პანამის არხს დავიბრუნებთ და ღაზიდან 2 მილიონ ადამიანს გავასახლებთ დაბრუნების უფლების გარეშეო) ზუსტად ის არ არის, რაც რუსეთს სწადია? რუსული აგრესიის მიმართ მორალურად და პრაგმატულად გაუგებარი დამოკიდებულება და გაეროში უკრაინის წინააღმდეგ ხმის მიცემა - რუსეთთან, ბელარუსთან და ჩრდილო კორეასთან ერთად! - არანაირ გონივრულ ახსნას არ ექვემდებარება. იგივე ითქმის ყველა ტრადიციული მოკავშირის გაუცხოებაზე, რაც ამერიკულ რბილ ძალაზე ნებაყოფლობით უარის თქმის ტოლფასია და რუსეთთან საუდის არაბეთში შეხვედრაზე - ევროპის დემონსტრაციული იგნორიებითა და მაგიდასთან უკრაინის არმიწვევით. მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო კურიოზად შევა აშშ-ის მიერ მოლაპარაკების დაწყებამდე წინასწარ იმაზე საუბარი, რომ უკრაინამ „ძველ საზღვრებზე“ არ უნდა იფიქროს (რას ნიშნავს „ძველი საზღვრები“?), რომ აღარც ნატოში გაწევრიანების საკითხია აქტუალური და რომ თურმე ერთადერთი სამშვიდობო გეგმა პრეზიდენტ ზელენსკის გადარჩევა და, ამ გამაღიზიანებელი ფაქტორისგან გათავისუფლების შემდეგ, პუტინთან „დალაგება“ ყოფილა (განა ზუსტად ეს არ მოხდა საქართველოში 2012 წელს, თუნდაც ბევრად უფრო ელეგანტური ფორმით?). რას იგებს ამერიკა ცალმხრივი დათმობების პოლიტიკითა და მოლაპარაკების დაწყებამდე აგრესორის ყველა საკვანძო მოთხოვნის გაზიარებით? ამგვარი დამოკიდებულება ხომ ყველა იმ იდეალს ეწინააღმდეგება, რომელსაც ამერიკა ოდითგანვე განასახიერებდა? ეს ვითარება ხომ ამერიკის დაბრუნებულ სიდიადეზე კი არა, ტრამპის ადმი­ნისტრაციის სისუსტესა და საგარეოპოლიტიკურ არაკომპეტენ­ტურობაზე მეტყველებს? შეგნებუ­ლად არ ვეხებით ამერიკის შიდა პოლიტიკას. ეს ჩვენი საქმე არ არის. ვსუბრობთ მხოლოდ იმაზე, რაც პირდაპირ აისახება ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე. 

ამერიკის, როგორც თავისუფლების შუქურის, საძირკველში, თომას ფეინის ეპოქალური პამფლეტი - „საღი აზრი“ იდო. დღეს, ამ პამფლეტის გამოქვეყნებიდან 250 წლის შემდეგ, დონალდ ტრამპისა და ელონ მასკის სატელევიზიო შოუების შემყურე, სოციალური მედიისა და პოსტსიმართლის ხანაში, შემზარავად ახლოს ვართ საღი აზრის ეპოქის დასასრულთან. და თუ ასე მოხდა, მაშინ ეს ამერიკის ოქროს ხანა კი არა (როგორც ამას ტრამპი აანონსებს), ამერიკული საუკუნის დასასრულისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლური წესრიგის ნგრევის საწინდარი იქნება.

მოვლენები სწრაფად ვითარდება. „არჩევ­ნების“ თემა რა ხანია, გადაიფარა. „რუსული კანონი“ ახალი, უფრო დრაკონული კანო­ნით ჩანაცვლდა (დიქტატურის პირო­ბებ­ში დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებ­ლობის მექანიკური გადმოწერაც ჩაგვრის ბერკეტია)… „ოცნება“ რუსული მესიჯბოქსით გველაპარაკება: სიტყვა-სიტყვით ერთსა და იმავეს ამბობენ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული კაგებეს გენერალი, იგორ გიორგაძე და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ოკუპანტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხელ გალუზინი და „პრემიერი“ ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით... ფონად, პოლიტიკური პარტიები სულს ღაფავენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თვალსადახელშუა უქმდება, ხოლო ყველა პატრიოტი ქართველი ციხეში ჩასმის კანდიდატია, უზურპატორთა ახალი კანონმდებლობით. ამ ვითარებაში, ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრიც კი უზენაესი არაადეკვატურობა ან პოლიტიკური ახლომხედველობაა. დღეს საქართველოს დაკარგული აქვს არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქვეყანა რუსული სამყაროს დე ფაქტო ნაწილად, მოსკოვიის ვასალად არის ქცეული... 

ბევრი ამბობს, დრო იწურებაო. ფატალისტები იმასაც კი ამბობენ, რომ დრო უკვე ამოიწურა. მაგრამ ნუ ვიქნებით აპოკალიპტურნი და დასასრულ დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის, სიტყვები გავიხსენოთ, რომლებიც მან თებერვალში, კიევში ვიზიტისას, წარმოთქვა: „ბოლოს გმირები ყოველთვის იმარჯვებენ. და თუ ისინი არ იმარჯვებენ, ესე იგი ეს ჯერ ბოლო არ არის.“

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა