ავტორი : ზურაბ ჭიაბერაშვილი
რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ნების აღმსრულებელმა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მისატაცებლად და ძალაუფლების უზურპაციისთვის საარჩევნო მანიპულაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოიყენეს (დეტალები იხილეთ ჰანს გუთბროდის სტატიაში). ამ სქემის განხორციელებაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტი: სუსი, პოლიცია, განათლების სისტემა, მუნიციპალური ორგანოები, სასამართლო. ტრადიციულად, სუსმა და პოლიციამ აქტიურად დაიხმარა კრიმინალური სამყარო.
ძალაუფლებაში მყოფმა ჯგუფმა დაარღვია ხმის ფარულობა და, მეტიც, კამპანია აწარმოა, რომ ხმა არ იყო ფარული, რათა მოსყიდულ და/ან დაშინებულ ამომრჩეველს ვერც კი გაებედა, „41“-ის გარდა, სხვა ნომრის გაფერადება; სრული კონტროლი დაამყარა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, საარჩევნო უბანზე პრაქტიკულად მოშალა მარკირების პროცედურა და საარჩევნო რეგისტრატორების მეშვეობით შესაძლებელი გახადა სხვისი პირადობებით და/ან პირადი ნომრებით (მეტწილად უცხოეთში მყოფი პირების) ხმის მიცემა; ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციებით საარჩევნო უბნების შიგნით თავი მოუყარა „ქართული ოცნების“ აქტივს, რომელიც ხელს უშლიდა მიუკერძოებელ დამკვირვებლებს, დაჰკვირვებოდნენ საარჩევნო პროცედურებს და რეაგირება მოეხდინათ მასობრივ დარღვევებზე.
საარჩევნო მანიპულაციის ასეთი მასშტაბი ქართველ ამომრჩეველში აძლიერებს მანამდე ისედაც ფესვგადგმულ რწმენას, რომ არჩევნების გზით უზურპატორი ოლიგარქის ძალაუფლებიდან ჩამოცილება შეუძლებელია. თუმცა მანიპულაციის ეს მასშტაბი ახალ გამოწვევას წარმოშობს: ევროკავშირში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მიმართ სკეპტიკოსებს არგუმენტი ეძლევათ, არის თუ არა კანონიერების ევროპული კულტურა საზოგადოებაში, რომლის ათიათასობით წევრი საარჩევნო მანიპულაციის ასეთ მასშტაბურ სქემაში მონაწილეობს.
ივანიშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაცია ასევე შეიცავს საფრთხეს, ისე წარმოჩინდეს „არჩევნების“ შედეგი, თითქოს „ქართული ოცნების“ რუსულმა ნარატივმა გაიმარჯვა, თითქოს ქართველმა ამომრჩეველმა ევროპულ კეთილდღეობას რუსული ჭაობი არჩია. შესაბამისად, თუ უზურპატორი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, საქართველოში რუსული გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება: ევროპული საგარეო-პოლიტიკური კურსის დასრულება ოფიციალურად გაფორმდება, ქვეყნის შიგნით კი მართვა კიდევ უფრო ავტორიტარული და რეპრესიული გახდება. ივანიშვილი ჩათვლის, რომ მას ყველაფერი გაუვა - საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატიდან დაწყებული, მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სრული განადგურებით დამთავრებული.
მოვლენათა განვითარების ამ ჯაჭვში ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევაა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დე ფაქტო დარღვეულია, მაგრამ დე იურე ის ურღვევია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთშორისო ლიბერალური წესრიგისა და ამ წესრიგის გარანტორების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საქართველოსადმი გაწეული პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის გამო.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს, ეფექტიანად განახორციელოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა. არის „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების ნაწილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ზეწოლას, აღიაროს აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“, რომ ანგარიშს უწევს დასავლეთის პოზიციას. თუ საქართველო დასცილდება დასავლეთს და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა გაქრება, ასეთ ქვეყნებს აღარაფერი შეაკავებს, დაჰყვნენ რუსეთის ზეწოლას.
მეტიც, თუ რუსეთს დასავლეთი საპირწონედ აღარ ეგულება საქართველოში, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას (რომც დავუშვათ ის აბსურდი, თითქოს რუს ოლიგარქ ივანიშვილს საქართველოს ეროვნული ინტერესი ადარდებს) რუსეთისადმი წინააღმდეგობის რესურსი აღარ რჩება; მოსკოვი შეძლებს, თბილისი ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის ისეთ სამართლებრივ ხაფანგში შეიყვანოს, რომ საქართველომ დაკარგოს სუვერენიტეტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.
ასეთ პირობებში სრულიად დაუშვებელია ივანიშვილის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ლეგიტიმაცია ე.წ. პარლამენტში შესვლით. ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩააქრობს უზურპატორისადმი წინააღმდეგობის ყველა ნაპერწკალს, არამედ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაღიარების პოლიტიკას გამოაცლის საფუძველს და გრძელვადიანად საქართველოს პატრიოტულ ძალებს დაუკარგავს მოკავშირეებს დასავლეთში.
ე.წ. პარლამენტში არშესვლა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ საქართველომ და მისმა მეგობრებმა პუტინის მოკავშირე უზურპატორს, ბიძინა ივანიშვილს, წინააღმდეგობა გაუწიონ. მოსალოდნელი ეროვნული კატასტროფისგან მხოლოდ ეროვნული ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა გვიხსნის. როცა ეს ვერ შევძელით და 1991 წელს სამოქალაქო ომი დავუშვით, ამას არა მხოლოდ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული ეროვნული მთავრობის დამხობა, არამედ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე დე ფაქტო კონტროლის დაკარგვა, ქვეყნის ჩაბნელება და მასობრივი ემიგრაცია მოჰყვა.
1991-1993 წლების „სამოქალაქო ომი“ და კონსენსუსის შეუძლებლობა ჩვენი პოლიტიკური ცნობიერების არქეტიპია. „კობახიძის კონსტიტუციაც“ ისეა აგებული ან/და რეჟიმის მიერ ისეა ინტერპრეტირებული, რომ ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის არ საჭიროებს კონკურენტი პოლიტიკური პარტიების თანხმობას: 76 დეპუტატის შეკრება საკმარისია, პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს. რეჟიმს ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსი რომ მიეჩნია საჭიროდ, არჩევნების გაყალბების ასეთ მასშტაბურ სქემას არ დაგეგმავდა.
ეროვნულ ერთიანობასა და სამოქალაქო თანხმობას ინსტიტუციური გაფორმება სჭირდება, მით უმეტეს ახლა, გაფორმებული ავტორიტარიზმისა და მოსალოდნელი რეპრესიების ფონზე. უზურპატორის მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტის ხელში ჩაგდების მაღალი ალბათობა ასევე აძლიერებს არგუმენტს საიმისოდ, რომ ხალხის მანდატით აღჭურვილმა ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩამოაყალიბოს ერთიანი სტრუქტურა და ერთ ხმაში ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. სამომავლოდ, დემოკრატიულ სისტემაში დაბრუნების შემდგომ, ეს კოალიციების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანი მაგალითი იქნებოდა.
2024 წლის არჩევნებზე პირველად დაირღვა 12-წლიანი პრაქტიკა, როდესაც ერთმანეთს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უპირისპირდებოდა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი მრავალსუბიექტიანი გახდა და, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, კიდევ სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო ამომრჩევლის ნდობის მანდატი. დემოკრატიულ სისტემაში ეს ბუნებრივი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ძალაუფლების უზურპაციისა და რუსული ტიპის მოსალოდნელი რეპრესიის ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია იმის განხორციელება, რაც არ განხორციელდა არჩევნებამდე - ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება. გასახსენებელია, რომ ვარდების რევოლუციამ წაშალა ზღვარი იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 2003 წლის არჩევნებზე ცალ-ცალკე გავიდნენ, მაგრამ „წვიმაში დგომა“ ერთად მოუწიათ. იმ პარტიებმა კი, რომლებმაც საერთო ფერხულიდან განზე გადგომა არჩიეს, შეუქცევადად დაკარგეს ელექტორალური მხარდაჭერა.
პარტიული პოლიტიკის გვერდზე გადადება ნამდვილად არაა სიკეთის ნიშანი. რაც უნდა ვიძახოთ - „დროებით!“, „უზურპატორის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე!“, ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც სამართლიანად აღშფოთდებიან: არაფერია ისე მარადიული, როგორც „დროებითი“ ზომები. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თუ ივანიშვილის რეჟიმმა პოსტსაარჩევნო რყევას გაუძლო, ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფისა და მათი მხარდამჭერებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება 26 ოქტომბერს, თუნდაც ასე მასშტაბურად გაყალბებულ არჩევნებში, ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მიღებული მანდატის ფორმალიზაცია „პარლამენტის“ ალტერნატიულ სტრუქტურად.
უზურპატორ ივანიშვილის საჯარო გამოსვლებიდან ერთ-ერთი საკვანძო ფრაზა „მე ამოვხსენი ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“ თავის თავში შეიცავს რეჟიმის თვითგადარჩენის მექანიზმსაც. ეს მექანიზმი ეყრდნობა იმედს, რომ რეჟიმთან მებრძოლი ძალები ვერ შეძლებენ გაერთიანებას. თუ უზურპატორი ამ მთავარ მოლოდინში მოტყუვდა, მისი ძალაუფლებიდან ჩამოცილების შესაძლებლობა ერთიორად გაიზრდება.