რუბრიკა: არჩევნები

ჟურნალი: ნომერი 8




გამარჯვებაც მაშინაა შესაძლებელი

ავტორი : ანა ნაცვლიშვილი 

 

რთული დრო დგას საქართველოში. არ ვიცი, რა უფრო მტკივნეულია: იმის გააზრება, სად შეიძლება ყოფილიყო ქვეყანა ახლა - ახალი შესაძლებლობებით, რესურსებითა და ჩვენ წინაშე გახსნილი ახალი გზებით, რომლებიც ბოლოს და ბოლოს მოიტანდა სიმშვიდეს ქვეყანაში და ნამდვილობას იმისა, რომ აღარცერთი ბავშვი არ დაიძინებდა მშიერი, აღარცერთი მოხუცებული არ დაელოდებოდა ნაგვის ურნაში გადაყრილ თბილი ტანსაცმლის თუ საკვების ნარჩენებს, არცერთი მაღალჩინოსანი არ დარჩებოდა დაუსჯელი, თუ უკანონობას გაბედავდა, არცერთ აქტივისტს არ ექნებოდა ფიქრი, რომ სიმართლის თქმის გამო ციხეში გამოამწყვდევენ.... ამის გააზრება უფრო მტკივნეულია თუ რამდენად კარგად შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველო ახლა, მაგრამ არ არის და არ არის სრულიად განზრახი მოქმედებების გამო, თუ იმის გააზრება უფრო მტკივნეულია, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეს არ ესმის ან არ ადარდებს უფსკრული, რომელშიც შეიძლება მთელი ქვეყანა აღმოჩნდეს სულ რამდენიმე თვეში, ან იმდენად დაბეჩავებულია წლებით იგნორირების, სიღარიბის, დამცირების, მოტყუების გამო, რომ გადარჩენის პროცესში თავისი თავის და ხალხის რწმენა დაუკარგავს.

როდის დავშორდით ასე ძალიან ერთმანეთს, როდის და ვინ ოხერ-ტიალმა ააშენა ეს კედელი ჩვენ შორის, ვინ ჩაიფიქრა და განახორციელა ეს დიდი ბოროტება ჩვენ წინააღმდეგ, რომ მამას შვილის აღარ ესმის, დას - ძმის, მეგობარს - მეგობრის, ნათლიას - ნათლულის... როგორ ვერ შევამჩნიეთ ეს საშინელი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც თურმე ამდენი წელი მზადდებოდა, ხოლო ვინც შევამჩნიეთ, წინ ვერ აღვუდექით.

არჩევნების შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როგორც მთელი ქვეყნის: მარშიდან მარშზე, ღამიდან დილამდე, წამების საქმეებიდან უსამართლოდ დატყვევებული ადამიანების საქმეებამდე, იმედებიდან უიმედობამდე და ისევ ახალ იმედებთან.... წარმოუდგენელი ძალა, ერთობა, სიბრძნე, თავგანწირვა პირდაპირ ქუჩაშია გადმოღვრილი და ჩვენ ყოველ ღამე გავდივართ იქ, რომ სიცოცხლის ძალა დავიბრუნოთ, ერთმანეთი დავინახოთ და ვიგრძნოთ, რას ნიშნავს ოდესღაც წიგნის ფურცლებზე ამოკითხული და გამოუცდელი გონების მიერ ბოლომდე ვერგააზრებული სიტყვები - „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“.

ბევრი მარშიდან, რომლებზეც  ვიყავი, ერთი მაინც განსაკუთრებულად არ მასვენებს: 12 იანვარს თბილისში საბჭოთა რეპრესიების მხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართა. მე დავდიოდი და მონაწილეებს ვეუბნებოდი: ჩვენ უნდა გვერქვას გადარჩენილების მარში, დიახ, უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ჩვენი წინაპრები დახვრიტეს, გადაასახლეს, გააძევეს, სურათებიდანაც კი - და შესაბამისად - ისტორიიდან ამოშალეს, მაგრამ ისინი მაინც „გადარჩნენ“ და „გაგრძელდნენ“ - ჩვენ ვართ ამ გადარჩენის ცოცხალი მაგალითები და დღეს ვდგავართ აქ, კვლავ ბრძოლისთვის შემართულნი.

ზუსტად ასე ვგრძნობ თავს, მე რომ ვდგავარ ახლა ისტორიის ამ ქარიშხალში, ზუსტად ვიცი, რომ მარტო ჩემი სახელით და ჩემი ძალით აქ ვერ ვიდგებოდი, ბევრი თაობის სახელით ვდგავარ აქ, სადაც ახლა ვარ! ამას რომ ვამბობდი, ადამიანების თვალებში ვხედავდი სინათლეს და მხნეობას, დიახ, მართლაც გადარჩენილი ვართ და ეს ხმამაღლა უნდა ვიყვიროთო.

მაგრამ საკმარისია კი ეს? რატომ არ არის არსად, არსად საქართველოში ერთი ადგილი, ერთი მემორიალი, ერთი ქვა, ერთი კედელი, ერთი ქუჩა, ერთი ხე მაინც, სადაც შემიძლია მივიდე და ასობით რეპრესირებულის ხსოვნას და ღვაწლს ამ ქვეყნის წინაშე მივაგო პატივი? მივაგო პატივი სასამართლოს გარეშე განაჩენგამოტანილი და საბჭოეთის ტყვეობაში აღსრულებული ჩემი წინაპრის ხსოვნას, რომელსაც საქართველოს სულიერი და მატერიალური საგანძურის შეგროვებისა და მუზეუმის დაარსების, უღმერთოთა კავშირის მიერ შეურაცხყოფილი და ქუჩაში მიმობნეული წმინდანთა ნეშტების გადარჩენის და საეკლესიო იერარქებთან კავშირების გამო დაატეხეს თავს რისხვა, რომელიც სიკვდილიდან 20 წლის შემდეგ რეაბილიტირებულ იქნა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით „მის მოქმედებებში დანაშაულის შემადგენლობა არ ფიქსირდებოდა“, მაგრამ ის უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო, ხოლო მისი ოჯახი - სრულიად დაწიოკებული, გამოსახლებული, უნივერსიტეტებიდან გამოყრილი, კეთროვნად შერაცხული და გაუბედურებული... ის რეჟიმის ტყვეობაში გარდაიცვალა, მისი შთამომავლები ცხოვრობდნენ მუდმივი შიშით, რომელიც თანდათან „მოიშინაურეს“ და ჩვევად გაიხადეს  - რომ ოჯახის საკითხებზე არ ვსაუბრობთ არავისთან, ხოლო ოჯახში - ორი ტონით ხმადაბლა ვსაუბრობთ. მემკვიდრეობით წესად მერგო მეც ეს ჩვევა - ოთხი თაობის შემდეგაც მგონია, რომ ამ წესის დარღვევა უბედურებას მოიტანს.

რას ამბობს ეს ისტორია საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე, ჩვენს მომავალზე?

და იქნებ ასეთი ფაქტებით, რეპრესიების ისტორიებით, ამ სიცხადით რომ გაგვეჯერებინა ჩვენი წიგნები სკოლებში, ქუჩებით და სკვერებით - ქალაქები და სოფლები, ამ სიმართლით რომ დაგვეწერა კანონები, მემორიალებით გადაგვევსო ხალხმრავალი ადგილები მთელი ამ წლების განმავლობაში, იქნებ, იქნებ ვეღარ გაებედათ ისევ დასავლეთის აგენტის წოდება, თან კანონის ძალით (!) რეპრესირებულთა სულიერი მემკვიდრეების და შთამომავლებისთვის?! იქნებ ვეღარ შემდგარიყო ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ 100 წლის შემდეგ?!

ამ დღეებში ბევრი ამბობს, და მეც მაქვს განცდა რომ ახალი საქართველო იბადება, უნდა დაიბადოს. ეს მაიმედებს, მაგრამ თან ცოტა მაშინებს. დაბადების პროცესი ყოველთვის ერთნაირი შედეგით არ სრულდება...

არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ვიცი, რომ სანამ იბრძვი, ცოცხალი ხარ! სანამ წინააღმდეგობას უწევ უსამართლობას, ცოცხალი ხარ, სანამ ვერ მოგატყუეს, ვერ მოგისყიდეს, ვერ დაგაშინეს, ვერ გაცდუნეს, ვერ გაგაჩუმეს - ცოცხალი ხარ, შეიძლება ნაცემი, გაზით მოწამლული, ციხეში გამომწყვდეული, დროებით ემიგრანტი, მაგრამ  ცოცხალი, და როცა ცოცხალი ხარ, გამარჯვებაც მაშინაა შესაძლებელი. 

სტატიები

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა