“გაუძელ, როგორც ამან გაუძლო!“

ავტორი : გუგა სულხანიშვილი 

Зима тревоги нашей - ესეთი წიგნი წავიკითხე ჯეელობაში. ჩემს ძმას ედო საწოლის თავთან, დავინტერესდი და მირჩია. მე მაპატიეთ, ასეთი წიგნები მაშინ მხოლოდ რუსულად იშოვებოდა. The Winter of Our Discontent - ინგლისურად, თუ მაინცა და მაინც. ზამთარი ჩვენი მღელვარებისა, ასეთი სათაურით გამოცემულა ჯონ სტეინბეკის ეს წიგნი ქართულად 2023 წელს. სიმართლე გითხრათ, მაგ ნოველაში სულ სხვა მღელვარებებზეა ლაპარაკი, მაგრამ სათაური პირდაპირ აკვდება ამ ჩვენს ზამთარს.

შფოთები და მღელვარება არ მოგვკლებია ნამდვილად. არც ზამთრებში და არც წელიწადის სხვა დროს, მაგრამ ეს ზამთარი მაინც განსაკუთრებულია. და გეტყვით, რით: არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ამბები და პროტესტები ჩემთვის ისეთი პირადული, როგორიც ახლა, მათ შორის არც 1989 წლის აპრილში. ვიდექი ყოველთვის და ყველგან (ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ვამბობ), როდესაც მიმაჩნდა, რომ საქართველოს დასავლეთთან დაახლოვება ფერხდება ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო. ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ესა თუ ის ხელისუფლება შეიცვლებოდა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოვება ახალ ძალას მოიკრებდა. აი, ასე, აბსტრაქტულად - ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე ვფიქრობდი. ამ ზამთარს ჩემში მშობელმა გაიღვიძა. ჯერ ერთი, სრულიად კონკრეტული საფრთხე გაჩნდა, რომ ჩემს შვილებს „სპეცნაზის“ სახელით მოასპარეზე გავეშებული პირუტყვები ფიზიკურად გაუსწორდებიან, ამიტომ სახლში ვერ ვჩერდები. მეორეც, ვერ დავუშვებ, ჩემმა შვილებმა თავისუფლებადაკარ­გულ და პატივაყრილ ქვეყანაში იცხოვრონ. ისეთში, როგორშიც მე თვითონ 17 წლამდე ვიცხოვრე. ვერ დავუშვებ-მეთქი ვამბობ, აბა, მე საიდან მაგდენი შეძლება, ეგეთი რამე დავუშვა ან არ დავუშვა, მაგრამ ვიცი, რომ სულ სულ ბოლომდე უნდა დავიხარჯო, ჩემი პირადი მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ეს არ მოხდეს.

ზამთარი გრძელია, ცივი და ხშირად სველი. გინდება თბილ სახლში დარჩენა. კინოს ყურება, ფეხბურთის. ან რავი, არაფრის კეთება თუნდაც. დამღალა რუსთაველზე სამსახურივით სიარულმა. ადამიანურია ესეც. სულ მეტი და მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა ერთი ადგილის წამოსაწევად. საკუთარი სურვილი და მშობლის ინსტინქტი ვეღარ იყო საკმარისი. და სწორედ ამ დროს ჩემში შთამომავლის ინსტინქტმა გაიღვიძა. არსოდეს ვმდგარვარ რამე აქციაზე და არ მიფიქრია ჩემს პაპებზე, მშობლებზე, ძმაზე. ჩემთვის ვიდექი, დამოუკიდებლად იმისგან, რა უკეთებიათ მათ. და უცებ, ეს განცდა მოვიდა. შემრცხვა მათი. თითოეულმა მათგანმა, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლა. ყველამ თავისებურად, მაგრამ უკლებლივ ყველამ. და ამან ახალი, სრულიად უშრეტი ენერგია მომცა.

პაპაჩემი, სულხან სულხანიშვილი, 1904 წელს დაიბადა თელავში. მანდაური ტახტის აზნაურები იყვნენ და აწყურში ჰქონდათ მამულები. იქაური თავადაზნაურობა ძალიან მეგობრობდა ერთმანეთთან და მატნელი ქაქუცაც ხშირად სტუმრობდა თურმე ჩემებს. 1991 წელს მამამ აწყურში მოინდომა მამა-პაპის ადგილებში სახლის ყიდვა და შაბათ-კვირას დავდიოდით ხოლმე საძებნელად. ერთხელ ერთ ბერიკაცს გადავეყარეთ. რომ გაიგო, მამაჩემი სულხანის შვილია, ეგეთი ამბავი გვითხრა: 1921 წლის თებერვალში თქვენთან ბევრი სტუმარი იყოო, მათ შორის ქაქუცაც. კარგი ამინდები იდგა და აივანზე ისხდნენო.

 მიადგაო სულხანი ამ აივანს და მკვახე ლაპარაკები დაუწყოო: რუსები შემოდიან და თქვენ აქ უქმად სხედხართ, ღვინოსა სვამთო. ქაქუცას გადმოუძახია, ბალღო, გონზე მოდი, რაებსა ლაპარაკობ. წავიდაო სულხანი, შეკრიბა თავისი ტოლა ბიჭები და წავედი მე რუსებთან საომრადო. ქაქუცას და უფროსებს სასაცილოდ არ ეყოთო. პაპა მაშინ 16-17 წლის იყო. იმ დროს სტუმრობა რამდენიმედღიანი იცოდნენ. 3-4 დღეში მობრუნებულა პაპა. თავჩაქინდრული, დარცხვენილი. რაო, ქაქუცას გადაუძახია, გაყარე რუსებიო? ჭიანჭველებივით მოდიანო, უპასუხია პაპას.

მერე უკვე 24 წლის აჯანყებაში ქაქუცას გვერდში იყო სულ. ეგ ამბები ზაირა არსენიშვილს აქვს კარგად ნაამბობი „ვაჰ სოფელოში“ და აღარ დაგღლით. თელაველმა ისტორიკოსმა თენგიზ სიმაშვილმა ის დილეგიც მაჩვენა, საიდანაც სიკვდილმისჯილმა პაპამ გაქცევა მოახერხა. იქ, კახეთში, ყველაფერი წაართვეს - სახლი, კარი, მიწა, ისედაც აღარ დაედგომებოდა და თბილისში დაიწყო პროკლამაციების გაკვრა. აქაც ძალიან მოუჭირეს და უახლოეს მეგობარ ელიზბარ მაყაშვილთან ერთად ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა, ბათუმიდან. წასვლის წინა საღამოს დაიჭირეს ბესიკის ქუჩაზე, მორიგი პროკლამაციის გაკვრისას. დაკითხვის ოქმიც მაქვს, იმავ თენგო სიმაშვილისგან. მოკლედ, ყაზახეთში გადაასახლეს სამუდამოდ. იქ დაქორწინდა და მამაჩემიც იქ დაიბადა.  მერე რაღაცნაირად დაბრუნება მოახერხა. 1987 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა. მამას გაეცინა: მთელი ცხოვრება ვინც ყველაზე მეტად სძულდა, მათ დაბადების დღეზე გარდაიცვალაო. მისი ოთახის კედელზე მუდამ ეკიდა ჩარჩო, შიგ ოთხი ფოტოთი: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, საშა სულხანიშვილი, ქაქუცა და საშა ერთად და ქაქუცას საფლავი საფრანგეთში. თუ დამიჯერებთ, ქაქუცას ფოტოს გამოდება იმ დროებში პატარა ამბავი არ იყო.

ჰო, იმ 1924 წლის საღამოს, პაპა რომ დაიჭირეს, ელიზბარ მაყაშვილმა გაქცევა მოახერხა. პარიზში იცხოვრა. პირველი წერილი მისგან პაპას 1986 წელს მოუვიდა. იქ ვიყავი, რომ კითხულობდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოს­დიოდა.

მამამ სამეცნიერო ინსტიტუტის განყოფილების გამგედ იმუშავა. საბჭოთა დროს ასე იყო: მეტი თუ გინდოდა, კომუნისტურ პარტიაში უნდა შესულიყავი. ეგ გამორიცხული იყო ჩემებისთვის. დედაც სულ აკრძალული წიგნებით დაიარებოდა აქეთ-იქით: სოლჟენიცინი, რაღაც წიგნი კიდევ ისრაელის ექვსდღიან ომზე.

ერთ ზაფხულს სიონში ვისვენებდით. სახლი იქირავეს ჩემებმა. სააგარაკო ახლობლები გვესტუმრნენ ერთხელაც. ვიქნებოდი მაშინ 5-6 წლის. დასაძინებლად დამაწვინეს, მახსოვს, მამას ხმამაღალმა ტონმა გამაღვიძა: რატომ ვერ იცხოვრებ შენ, თუ ცხოვრობს ჰოლანდია, ბელგია, დანია?! მეორე დილით გავარკვიე, რომ სტუმრებს სკეფსისი გამოუთქვამთ, პატარა ქვეყანა ვართ და რუსეთისგან დამოუკიდებლად ვერ ვიცხოვრებთო. დიახ, მაშინ ეს იყო გამეფებული აზრი. ამაზე გამწარებულა მამა.

მეორე პაპა, ანუ დედის მამა დათიკო ფურცელაძე, ანტონ ფურცელაძის შვილიშვილი იყო. მისი მამა, ლევანი - ადვოკატი. პაპამაც 1919 წელს იურიდიულზე ჩააბარა სულ ახლად გახსნილ უნივერსიტეტში. რუსები რომ შემოვიდნენ, წინააღმდეგობაში გაწევრიანდა. მისი უახლოესი მეგობარი იყო შალიკო მაყაშვილი, მარო მაყაშვილის ძმა. პაპა რომ კოჯორში მიდიოდა, შალიკო ავად ყოფილა, ვერ უერთდებოდა და პაპასთვის უთქვამს, თუ მოგიხერხდეს, მაროზე თვალი გეჭიროს, ხომ იცი, თავქარიანიაო. მაროს ამბის ტრაგიკული დასასრული ყველამ ვიცით. სხვათა შორის, პაპას გვერდზე მარცხენა ხელში დაიჭრა ნიკო კეცხოველი. ვეღარასდროს ხმარობდა მერე მარცხენა ხელს.

პაპა დათიკოს 50-იან წლებამდე არ ღირსებია ნორმალური სამსახური. არც ეკვეხებოდა, არ იყო ეგეთი. დაჭერილიც ჰყავდათ 38-ში. 37-ის ადრე გაზაფხულზე, რომ მიხვდა, ვერ გადარჩებოდა, თუშეთში გაიქცა. ერთი წელი იყო იქ და როგორც დაბრუნდა, დაიჭირეს. 1940 წელს გამოუშვიათ. დედა ცრემლებით მიამბობდა, როგორ მობრუნდა სახლში.

ხმას არ იღებდა, მაგრამ პროტესტს თავისებურად გამოხატავდა: სამოციანებში აკადემიკოსობაზე უარი თქვა. ასევე, უარი თქვა ჩაის სახლთან აკადემიკოსების სახლში ბინის მიღებაზე.

როცა ჩემი ძმა აფხაზეთში დაიღუპა, ჯანზე იყო, 90 წლისა. მაგრამ მაგის მერე მოტყდა. მე ცოცხალი ვიყო და ის - არა, როგორი ამბავია, ეგ ვერ გავიგეო, ერთხელ მითხრა. 1994 წელს გარდაიცვალა. 
შალიკოსთან ბოლომდე მეგობრობდა, სანამ ის ცოცხალი იყო. მეც მახსოვს ძია შალიკო - ახოვანი, წარმოსადეგი, კარგი გარეგნობის კაცი.

ჰოდა, ახლა ვინმეს უნდა, რუსებს ბაბაია დავუძახო? არ გამომივა. არ გამოვა ეგ ამბავი და მორჩა. ჩემი დეენემია ეგა. ჩემი იდენტობის ნაწილია რუსეთთან ბრძოლა. ეგ კი არა, მე რომ რამე მომივიდეს, ზუსტად ვიცი, ჩემი შვილები იბრძოლებენ. იბრძოლებენ კი არა, იბრძვიან. „არა შეჯდა მწყერი ხესა“ ამბავია ეგ.

იმ დღეს მეგობარი იყო მოსული. ძალიან აქტიურია ამ ჩვენი პროტესტების ამბებში. ჩემზე გაცილებით მეტად. იშვიათად ვყვები, ტრაბახად რომ არ გამოვიდეს, მაგრამ მაგ დღეს ვუამბე ეს ამბები ვრცლად. მოულოდნელად მეკითხება, მე რომ ეგეთი წინაპრები არ მყოლია, სისუსტეაო ჩემი? მე სრულიად გულწრფელად ვუთხარი, რომ ისინი ჩვენი საერთო წინაპრები არიან. ყველა! ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი საერთო წინაპარია. მათ შექმნეს ჩვენი იდენტობა. დამარცხდნენ, მაგრამ შექმნეს. და ახლა ჩვენ ვდგავართ! და ჩვენ არ დავმარცხდებით. და მაგიტომაც გვინდა ევროპა, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ვინ ვისი შვილი და შვილიშვილია, განურჩევლად ამისა, ერთად შევქმნათ თანამედროვე, თავისუფალი, ცივილიზებული, ევროპული სახელმწიფო. ვიდგებით ბოლომდე.

P.S. ძია შალიკო მხატვარი იყო. ერთხელ პაპას თავისი ნახატი აჩუქა დაბადების დღეზე. უფლისციხის დეტალია. სულ, სულ ახლახანს გადმოვაბრუნე, 2-3 წელია ალბათ და უკან ასეთი მინაწერი დამხვდა: „გაუძელ, როგორც ამან გაუძლო. შ. მაყაშვილი. „ქვახვრელი“, უფლისციხე“.

ჩვენ არ გავუძლებთ, ძია შალიკო. ჩვენ გავი­მარჯვებთ. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა