თანამედროვეობის ილუზია ნაწილი 1: წარმატებული ადამიანი

ავტორი : ირაკლი ლაითაძე 

როდესაც მესმის - წარმატებული ადამიანი - მიჩნდება მსუბუქი გაუგებრობის გრძნობა. და, რადგან ხშირად მხვდება ასეთი დახასიათება, გადავწყვიტე გამეაზრებინა, რა დგას ამ ემოციის უკან. 
იქ, სადაც ითქმება - წარმატებული ადამიანი - იქვე იგულისხმება, რომ არიან სხვებიც, წარუმატებლები. ჩემთვის მიუღებელია სოციალური დარვინიზმი. შესაბამისად, არ ვფიქ­რობ, რომ მართებულია ადამიანების ასეთი დაყოფა. ძალიან ხშირად ეს იარლიყი მძიმეა „წარუმატებლებისთვის“ და ტოქსიკურად მათრობელი - „წარმატებულებისათვის“.

რა არის წარმატება? Merriam Webster-ის ლექსიკონის თანახმად, წარმატება შესაბამისი ან სასურველი მიზანის მიღწევაა, აგრეთვე, სიმდიდრის, სტატუსის და/ან საჯარო სახელის მოხვეჭა. სწორედ ამ ორი განმარტებით იწყება განსხვავება. მოდით, ვიმსჯელოთ: ვთქვათ, ადამიანი ფილატელისტია და იყიდა/აჩუქეს იშვიათი საფოსტო მარკა, რომელიც მან სიხარულით შემატა თავის კოლექციას. ეს საფოსტო მარკა მისთვის და მხოლოდ რამდენიმე ფილატელისტისთვის წარმოადგენს ღირებულებას. წარმატების პირველი განმარტების მიხედვით, ჩვენი ფილატელისტი  წარმატებულია, რადგან მან მოიპოვა სანუკვარი საფოსტო მარკა. მეორე განმარტების მიხედვით, ის  წარუმატებელია, რადგან მან ვერ იშოვა ფული ან ვერ გაითქვა სახელი. რას ფიქრობთ,  უკანასკნელი დასკვნა მცდარია თუ არა? ჩემი აზრით, მცდარია, დეფექტურია. მიუხედავად ამისა, ჩვენ წარმატებულის განსაზღვრისას ვხელმძღანელობთ სწორედ ფულის, სტატუსის და/ან საჯარო სახელის კრიტერიუმ(ებ)ით. მასმედია და სოციალური ქსელები ხშირად პირდაპირ გვჩრიან „წარმატებულ“ ადამიანებს და მათ მელოდრამებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს ბიზნესის აწყობა ნასესხები 1 000 დოლარით ან თუ როგორ დაეცნენ და ფენიქსივით ფერფლიდან აღდგნენ. ამავე დროს, იგივე მასმედია და სოციალური ქსელები, თითქმის ყოველთვის საზოგადოებაში არსებული, გაბატონებული  შეხედულებების თუ აზრების ამრეკლავია. არსებობს ბევრი ცოცხალი თუ online კურსი, სადაც თურმე შეგიძლია ისწავლო, როგორ გახდე წარმატებული. მსგავსი კურსების არსებობა და მათზე მოთხოვნილება კიდევ ერთხელ ადასტურებს წარმატებულობის პრიმატს საზოგადოებაში. ადამიანი სოციალური არსებაა, ის არ ცხოვრობს უკაცრიელ კუნძულზე რობინზონ კრუზოსავით. შესაბამისად, ძნელია შეეწინაღმდეგო  წარმატების გამეფებულ კულტს და დიდი უმრავლესობა ვიწყებთ გაუთავებელ, ქანცგამომცლელ მარათონს „წინსვლისთვის“ და სიმდიდრისთვის. ამ რბოლაში ჩაბმით, სიცოცხლის ბოლომდე ციყვივით ბორბალში სირბილი პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს. გარდა ამისა, იწყება საკუთარი თავის შედარება სხვებთან. რადგან სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიით ჩვენ აფიშირებას ვუკეთებთ ჩვენი  პროფესიული, პირადი თუ გასართობი ცხოვრების მხოლოდ საუკეთესო ნაწილს - ისიც ხშირად შეფერადებულ-შელამაზებულს - შემდარებლის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არასდროს მთავრდება, რადგან ყოველთვის იქნება ვიღაც უფრო მაგარი, ვიღაც უფრო ძლიერი, ვიღაც უფრო ლამაზი და ვიღაც უფრო მდიდარი. ცალკე ამბავია, როდესაც ადამიანები სოციალური ქსელებით თუ მასმედიით მუდმივად ცდილობენ გამოჩენას (ცხადია, არ ვგულისხმობ მათ, ვისი პროფესია მასმედიაში მუშაობაა, იქნება ეს ჟურნალისტი თუ გადაცემის წამყვანი და ა.შ.) და სისტემატურად ყურადღების ცენტრში ყოფნას. ზოგიერთი დაუფარავად თავისი თავის დემონსტრირებას და პრომუოშენს ახდენს, ზოგიერთი კი უფრო ეშმაკურად, რამე კეთილშობილ კონტექსტს ამოფარებული, შეფარვით აკეთებს იმავეს. სხვებისგან მუდმივი შექების და თავისი საქმიანობის შესახებ გარედან მიღებული დადებითი დადასტურების დაუოკებელი და მუდმივი წყურვილი არასრულფასოვნების კომპლექსის ნაირსახეობაა. თუ მე გულწრფელად ბედნიერი ვარ საფოსტო მარკების შეგროვებით, მაშინ ასეთი ემოციური სისავსის ფონზე საკმაოდ უმნიშვნელო ხდება „წარმატების“ სიმბოლოების ქონა (მაგ., ძვირფასი მანქანა ან მაჯის საათი) ან „წარმატებულ“ ადამიანებთან ურთიერთობა (ხშირად, ცალმხრივი ურთიერთობა). ასეთ დროს, იმასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენს ფილატელისტს მარტო მეზობლები იცნობენ თუ კორესპონდენტები ესევიან. მუდმივ სწრაფვას ე.წ. „წარმატებისკენ“, სხვებთან განუწყვეტლივ თავის შედარებას მიაქვს დიდი ენერგია, აჩენს ისეთ გამომფიტავ ემოციებს, როგორებიცაა შური, ბრაზი, დარდი. ეს ემოციები  ქრონიკულ ხასიათს  იღებს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. თუმცა სირბილი იმათთვისაც არ სრულდება, ვინც „წარმატებას“ მიაღწია. მათ გაუთავებლად უნდათ უფრო მეტი და მეტი, იქნება ეს ფული თუ სტატუსი. გარდა ამისა, საზოგადოებას შეუძლია ამ „წარმატებულობის“ უშნო პედალირება: თუ წარმატებული ბიზნესმენი და მილიონერია, მაშინ რატომ არ არის მულტიმილიონერი ან მილიარდერი? თუ ასეთი კარგი მწერალია, მაშინ რატომ არ აქვს პრემია საბა? ან თუ საბა აქვს, მაშინ რატომ არ აქვს აქვს ბუკერის პრიზი? ჭკვიანი ფიზიკოსია? მაშინ რატომ არ აქვს ვულფის პრიზი და ა.შ. ჩამონათვალი გრძელი გამოგვივა და აზრს მოკლებული. აზრს მოკლებული, რადგან ნობელის პრემია ლიტერატურაში არ მიუღიათ ფრანც კაფკას, ჯეიმს ჯოისს, ფედერიკო გარსია ლორკას, ლევ ტოლსტოის, ხორხე ლუის ბორხესს, მარსელ პრუსტს, ჯორჯ ორუელს თუ რიუნოსკე აკუტაგავას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან მათ და ან მათ წიგნებს რამე დააკლდათ ნობელის პრიზის მიუღებლობით? არა, არაფერი დაჰკლებიათ.  

წარუმატებელის იარლიყის პირდაპირი თუ ირიბი დაკვრა ფსიქოლოგიურად გადატეხს ჩვენს ისედაც დამძიმებულ, “წარუმატებელ“ მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს. ამის პარალელურად კი, საკუთარ თავზე და საკუთარ ზომაზე მორგებული წარმატება გროტესკულია. ფუნდამენტურ დონეზე ჩვენ, ყველანი, თანასწორნი ვართ.

რაც მოგახსენეთ, მხოლოდ ჩემი აზრია. Als ich kan, როგორც იტყოდა პიტერ ბრეიგელ უფროსი. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა