რუბრიკა: საზოგადოება

ჟურნალი: ნომერი 8




“ზღაპრის ბოლო კეთილია“ - დისტოპიური ჩანახატი

ავტორი : თამუნა შენგელია 

ათასგვარ ანალიზსა და ინტერპრეტაციას ვისმენთ საკუთარი სიბრძნით გადაღლილი პროსახელისუფლებო თუ ოპოზიციური სპიკერებისაგან. ერთი რესპექტაბელური ანალიტიკოსისგან ისიც კი გავიგეთ, რომ ქართველთა ბრძოლა ნათელი მომავლისთვის სიმინდისთვის ფუჩეჩის მოშორების ფაზაში ყოფილა, რაც წინ უძღვის ოლიგარქის სიმინდივით გადატეხასა და ქვაბში ჩაყრას (არ ვხუმრობ!). სანამ გაფრცქვნის ფაზას გაივლის ოპოზიცია, მოდი, გადავხედოთ, რა მშრალი ფაქტების წინაშე ვდგავართ და რა ხელშესახები შედეგები დადო ივანიშვილმა 2024 წლის მიწურულს.

ოპოზიცია პრაქტიკულად განეიტრალებულია, პარლამენტი - ერთპარტიული და სრულიად მორჩილი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია - ჯიბეში, კონსტიტუცია - უგულებელყოფილი, ევროინტეგრაციისა და, მით უმეტეს, ნატოში გაწევრიანების თემა - დახურული. როგორც პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები თუ იურის­ტები ერთხმად აღნიშნავენ, სახელმწიფო და საკონსტიტუციო გადატრიალება უკვე შემდგარი ფაქტია.  

ერთადერთი ლეგიტიმური და საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფალი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ისე გავიდა საპრეზიდენტო სასახლიდან, რომ უმძიმეს კრიზისს არ მიანიჭა საკონსტიტუციო გადატრიალების კვალიფიკაცია, არ შეიწყალა რეჟიმის პოლიტპატიმრები, არ სცადა ახალი არჩევნების დანიშვნა, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, არ მოუხმო ჯარს, რათა კონსტიტუციური წყობილება აღედგინა და არაფორმალური შეიარაღებული მოძალადეებისაგან დაეცვა უდანაშაულო მოქალაქეები. ზურაბიშვილმა ვერ გააერთიანა ერთმანეთზე დაბოღმილი, ამბიციური და ამპარტავანი ოპოზიციური ლიდერები, რომელნიც ვერაფრით შეთანხმდნენ, თუ როგორ გადაინაწილონ არარსებული გავლენები.

სამაგიეროდ, გაზაფხულის პროტესტები, განსაკუთრებით კი, „არჩევნების“ შემდგომი განრისხებული ამბოხი, არაერთხელ შეაკავა და კრიტიკული პერიოდი გადააგორებინა დაჯგუფება „ქართუს“. 
სალომე ზურაბიშვილის წარმატებულ შედეგად შეგვიძლია ასევე მივიჩნიოთ ისიც, რომ თავადაც უამრავი კანონდარღვევით მოსული (გავიხსენოთ, არჩევნები, რომლის შედეგადაც ის პრეზიდენტი გახდა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც „თავისუფალი, მაგრამ უსამართლო“, შესაბამისად, მის ინაუგურაციაზე პრაქტიკულად არ ყოფილან მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრები), არაერთი მავნებლური განცხადებისა და ქმედების მიუხედავად (მარტო გარეჯის სპეცოპერაციაში მისი როლი რად ღირს!), იმაზე დიდი მხარდაჭერით წავიდა, ვიდრე მოსვლისას ჰქონდა (როგორც წესი, პირიქითაა ხოლმე).

ვადის მიწურულს მან საკუთარი რეპუტაციის რეაბილიტაცია მოახერხა, ის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს როგორც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, ისე კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ. ყველამ ერთად კი, შესაძლოა, „ჭამა“ ივანიშვილის მორიგი ტრიუკი. ფაქტია, ხალხი თავად გაეცალა იმ ტერიტორიას, სადაც ყაველაშვილის ინაუგურაცია უღრუბლოდ უნდა ჩატარებულიყო და ფოკუსი გაასწორა ზურაბიშვილის პომპეზურ გაცილებაზე.

ახლა ზურაბიშვილს წინ უდევს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, დასვენებასა და შთაბეჭდილებებს შორის, ინაუგურაციებსა და რაუტებზე დასწრება, შეხვედრები, ფოტოები, ტვიტები, პატივით ტკბობა, ტკბობა პრივილეგიებითა და საპატიო სტატუსით პასუხისმგებლობის გარეშე - მშვენიერი საპენსიო ცხოვრებაა.

ჩვენს გულებში რომ სალომე რჩება პრეზიდენტად, გამსახურდიას იმ მომხრეებს მაგონებს (ბოდიში უხეში შედარებისთვის), დაღუპული და დაკრძალული პრეზიდენტის დაბრუნებას რომ ელოდნენ მრავალი წელი.

მართალია, ხალხს დიდი ვერაფერი შედეგი მოუტანა, მაგრამ ხალხი ახლა მაინც ამ პრეზიდენტს მისტირის იმიტომ, რომ მისი შემცვლელი უვიცი მდაბიოა, სწორედ ისეთი, როგორადაც ტიპური ქართველი დაგვიხასიათა ივანიშვილმა მისი მმართველობის გარიჟრაჟზე.

როგორადაც მაშინ აღწერა ქართველი, ზუსტად იმის შესატყვისი „ელიტა“ შექმნა ივანიშვილმა. როგორადაც აღწერა საქართველო, ზუსტად ისეთი ქვეყანა (სახელმწიფოს განგებ არ ვწერ) ჩამოაყალიბა. 
კიდევ რა შედეგები გვაქვს?

ლარი ორჯერ გაუფასურებული, ცხოვრება კი - ორჯერ გაძვირებული. ჯერ არნახული მასშტაბის კორუფცია. ასეთივე არნახული მასშტაბის სიყალბე, ტყუილები და უტიფრობა. წაგებული ნაკრების გამარჯვების ზეიმი. გელათი გაპარტახებული. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გაზრდილი ნუსხა ქართული სუფრისა და მცხეთის „პერაშკების“ ხარჯზე.

„გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, თუმცა არც იმდენი. წვრილმან ხარვეზებს ოლიგარქი გაუმკლავდება.

სანქციები, რასაკვირველია, მძიმეა, მაგრამ მათი დაწესება მოულოდნელობა არ ყოფილა. თადარიგიც კარგა ხნის წინ დაიჭირა. ივანიშვილისა და მისი ოჯახის ფუფუნებას სანქციების პირობებშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.  

იზოლაცია? - ივანიშვილი არც მანამდე იკლავდა თავს მოგზაურობით. იზოლაცია მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. დანარჩენებისთვის კი შოპინგი - დუბაიში, დასვენება - მალდივებზე, ან - სეიშელის კუნძულებზე.  

რეპუტაცია? - არასოდეს ყოფილა მისი საზრუნავი. ქვეყნის შიგნით აღიარება, მით უმეტეს, არ აინტერესებს. გულის მოსაფხანად ჟურნალისტი „რუსო!“-ს რომ მიაძახებს კობახიძეს, ჟურნალისტურ ლექსიკაში დამკვიდრებული აუცილებელი პრეფიქსი „არალეგიტიმური“, „ეგრეთ წოდებული“, „თვითმარქვია“, ან ათასგვარი ენამოსწრებული ფეისბუქსტატუსი ხომ სასაცილოდაც არ უღირს. რუსული ვერ ისწავლა, მაგრამ პრინციპი „Собака лает – караван идет“ (ძღლი ყეფს, ქარავანი მიდის) კარგად აქვს ათვისებული, რაც არაერთხელ დაგვანახა. ვინ რა დაინახა, ეგ სხვა საქმეა.

რაც შეეხება იმ რეალობის აღქმას და აღიარებას, რომელიც დიდწილად თავად შექმნა საზოგადოებამ: არ გამოვტოვოთ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე - რუსთაველზე ახალი წლის შეხვედრა,  საშობაო ალილო, ექსტაზში ერთობის განცდა, სიმღერა, ცეკვა, კრეატიულობისა და ნიჭიერების გამოვლენის კი­დევ ერთი ასპარეზი.  კიდევ ერთხელ დავინა­ხეთ, რა კარგები და ნიჭიერები ვართ ქართველები. მერე, ტრადიციულად, დავიშალეთ და, ვიღაცის სიძულვილით თუ შურით გაერთიანებულნი, ისევ ჩვენ ჩვენს ბაბლებში გადავნაწილდით.    

ამასობაში კი დეფაქტო პრეზიდენტი ახალ-ახალ კანონებს აცხობს.  ვინც ჯიუტად არ აღიარებს თვითმარქვია პრეზიდენტს და არ დაემორჩილება მის ბრძანებებს, „ხარება“ მიხედავს, სანქციები მას ხელს არ შეუშლის. აქტივისტები და ზედმეტად აქტიურები, რომლებსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი არ შეაკავებთ, ციხეში ან ემიგრაციაში წავლენ, გულში სალომე ზურაბიშვილის ხატებით.  თუ საჭირო გახდა, რომელიმე მათგანი საეჭვო ვითარებაში დაასრულებს სიცოცხლეს.  დარჩენილი პოლიტიკოსები კი თვითონ დაჭამენ ერთმანეთს.  

მალე სრული სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. ნოშიკო ამოისუნთქავს. მაყუთი იმდენი გაკეთდება, დღემდე რომ არ გვინახავს. ბიტკოინების ქარხანა გუგუნებს…

ყველაფერი, რაც ივანიშვილმა თავად დაისახა მიზნად და რასაც დაჰპირდა თავის ამომრჩეველს 2012, 2016, 2018 და შემდგომ წლებში, ერთბაშად და ზედმიწევნით - ვერ, მაგრამ შეუსრულა. მართალია, ამ ამომრჩეველმა გზადაგზა შეცვალა საკუთარი მოთხოვნები თუ დაკვეთა (გააჩნია, ცალ ფეხზე დგას თუ ორზე), მაგრამ ეგრე სადაა?!   მთავარი და ყველაზე პრინციპული მოთხოვნა - „ოღონდ ნაცები მოგვაშორე“, 100%-ით შეუსრულა.

ქართველები და საქართველო? - ზღაპრის ბოლო კეთილია! ქართველები დარჩნენ ზღაპრის, ილუზიის, ზმანების, იმედის, ოცნების ანაბარა; გარედან დაწესებული სანქციების, უკრაინელების მოგებული ომის ან ღვთისმშობლის იმედად.…  თუ არც ერთმა არ გაჭრა, ბოლო-ბოლო რეჟიმი როდესღაც რამენაირად თავისით ჩამოიშლება, ამაში დარწმუნებული ვარ! მანამდე კი… ფაქტები ასეთია და ვინც ამას არ აღიარებს, იმ ძველ ანეკდოტს შევახსენებ - „ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!“.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა