ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე
„იმ დროს, როცა მთელი საქართველოს რესპუბლიკა სატუსაღოთ არის გადაქცეული – ადვილი წარმოსადგენია, თუ რაღა იქნება თვით ამ სატუსაღოში გამართული სატუსაღო... ბრალდებას თითქმის 80%-ს ვერავითარს ვერ უყენებენ – ან რა უნდა წაუყენონ… მოპყრობა პოლიტიკურ ტუსაღებს უფრო მკაცრი გვაქვს, ვიდრე სისხლის სამართლის ტუსაღებს... ჩვენ პირობებში. ადმინისტრაცია არამც თუ არავითარ სამართლიან მოთხოვნილებას შეძლების ფარგლებში არ ასრულებს, პირიქით ცდილობს, რომ გამოგვიწვიოს, რაც აიხსნება იმით, რომ პოლიტიკურ ტუსაღთა შევიწროებაზე ისინი მადლობას იღებენ... აქ დიდ დახმარებას უწევენ ციხის ადმინისტრაციას კომუნისტები დატუსაღებულნი სხვა და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც 150 კაცამდის არის.. ამ ქურდ-ბაცაცებს მექრთამეებს და ყაჩაღებს თავისი შავი წარსული დაბეზღება-დასმენით უნდათ გამოასწორონ… ზემო აღწერილიდგან ადვილათ წარმოიდგენთ ჩვენ მდგომარეობას.“
ეს არის ამონარიდი პოლიტპატიმრის წერილიდან, მეტეხის ციხიდან გამოგზავნილი 1921 წელს. არადა, როგორ თავზარდამცემად თანამედროვედ ჟღერს დღეს, როცა საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტპატიმრებითა და სინდისის პატიმრებით...
ყველაფერი 2012 წელს რუსული სპეცოპერაციის მეშვეობით ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლით დაიწყო. მაშინ ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ, უკეთესი მომავლის იმედით აღტკინებულს, რეპრესიებთან, ძალადობასთან, გაუგონარ კორუფციასთან, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებასა და რუსულ დიქტატურასთან მოუწევდა ბრძოლა, ამის გამო კი დევნა, ძალადობა, სამსახურიდან დათხოვნა და პატიმრობაც კი ელოდა. არ ეგონა მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში გადასული წინა ხელისუფლების ლიდერები სატუსაღოში გამოამწყვდიეს, არც მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი პიჯაკებისა და საპნის შეძენის ბრალდებით გაასამართლეს, არც მაშინ, როდესაც გავრილოვის ღამეს ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს და არც მაშინ, როდესაც რუსული კანონი ვითომდაც სამუდამოდ უკან გაიწვიეს.
არადა, თითქოს ამ საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია წიგნიერებაზე, განათლებულობაზე, პროგრესულობასა და ჰუმანიტარულ კულტურაზე. ასე ხდება, როდესაც ბევრისთვის ეს ღირებულებები არა ორგანული, არამედ ფორმალური ხასიათისაა, კრიტიკული აზროვნებისა და სიღრმისეული თვითშემეცნების დეფიციტის გამო. ან კი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს განათლების იმ სისტემას, რომელიც მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არა ანალიზის, მორალური დილემების გადაჭრის თუ სოციალური უნარების ჩამოყალიბებაზე? ამას ემატება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ნაკლებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს ხშირად ჯგუფურ კონფორმიზმს ან პოპულისტურ ნარატივებს აფუძნებენ. ამიტომაც არის ჩვენი საზოგადოების ჰუმანიზმი ასეთი მყიფე და ყალბი და არა საყოველთაო და უნივერსალური. დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება იმდენად ცხადია, რომ ბევრი ამ ტიპის ადამიანი დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან, თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ამ რეჟიმის დამყარებაში საკუთარი წვლილის გააზრება არ სურს, მეტიც, დოსტოევსკის რასკოლნიკოვივით ცდილობს, თავისი საბედისწერო შეცდომის გამართლებას, რადგან მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც რუსულ რეჟიმს მხარს უჭერდა, დემოკრატიისა და უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა. ასე ფიქრობს რასკოლნიკოვიც, მის თვალში მევახშე ქალი საზოგადოების უსარგებლო წევრია, რომლის სიკვდილი გამართლებული შეიძლება იყოს, თუ ეს „დიად მიზანს“ ემსახურება.
ამ მოტივით ჩაება ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ეგზისტენციალურ „პროცესში“, რომელიც პუტინის რუსეთმა ქართველი კოლაბორაციონისტების ხელით წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ. მართლაც, ფრანც კაფკას რომანის, „პროცესის“, რეალობაში აღმოვჩნდით: გვაპატიმრებენ და არ ვიცით, რატომ, ბრალს გვდებენ და ვერ ვიგებთ, რისთვის. და როდესაც არ არსებობს დანაშაული, არ არსებობს შესაბამისი არგუმენტებიც მის გასაბათილებლად. სწორედ ეს არის კაფკასეული სამართლისა და სასამართლოს აბსურდულობა - სისტემის ხელთ არსებული დაუმარცხებელი იარაღი. და ეს სამართალიც ძალიან ჰგავს საქართველოში დამკვიდრებულ რუსულ სამართალს, რომელიც დიდი ხანია გასცდა ინსტიტუციურ ჩარჩოებს და, შეიძლება ითქვას, ქვეყნის ფარგლებსაც კი, რადგან დღეს საქართველოში სასამართლო პროცესები მიჰყავთ დასანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებიც ასევე რუსეთთან თანამშრომლობისთვის დასანქცირებული ოლიგარქის დავალებებს ასრულებენ, ოლიგარქი კი, თავის მხრივ, ჰააგის სასამართლოს მიერ ომის დამნაშავედ ცნობილი დიქტატორის ბრძანებებს. აი, ასეთი გაუკვალავი ლაბირინთის ტყვეობაშია ახლა ყველა, ვინც განაჩენს ელოდება საკანში ან საკნის მიღმა, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში „თავისუფლების აღკვეთამ“, როგორც იურიდიულმა ტერმინმა, ხოლო ციხემ, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებამ, დაკარგა თავისი ინსტიტუციური მნიშვნელობა და ეგზისტენციალური ხასიათი შეიძინა.
ნუთუ ასეთი ძნელად სავარაუდო იყო ჩვენი განათლებული საზოგადოებისთვის, რომ ორუელისეული დისტოპიური რეალობა გველოდა? ერთი მხრივ, ორუელის პოპულარობა ქართველ ახალგაზრდებში ბევრად აჭარბებს „ვეფხისტყაოსნისას“, მეორე მხრივ კი, ორუელისეული ტოტალიტარული მმართველობისადმი ოლიგარქის ტრფობა იმთავითვე გაცხადებული იყო, ყოველგვარი მეტაფორული მინიშნებების გარეშე. და მაინც, რა იყო დაუჯერებელი - არ იკადრებდა, ვერ გაბედავდა, თუ მართლა ეგონა ხალხს, რომ არ მოგვეწონებოდა და გადავირჩევდით? არა, რასაკვირველია. თითქმის ყველამ წინასწარვე იცოდა, ვინც მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგრამ ფიქრობდა, რომ მას არ შეეხება, რომ ოლიგარქის მიერ დანიშნული პენსია მუდმივია, რომ, როგორც ოცნების ამომრჩეველს, ყველაფრის უფლება ექნება, შეზღუდვები და დევნა კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების ხვედრი გახდება.
პირველ ეტაპზე ასეც მოხდა, თუმცა დიქტატურის დასამყარებლად საკმარისი არ არის ოპოზიციური პარტიების დისკრიმინაცია, საჭიროა ტოტალური ცენზურა და ყოველგვარი განსხვავებულის აღმოფხვრა, რეჟიმისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველი ფაქტორების განადგურება და სრული მორჩილება.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გაშავებული ნაციონალური მოძრაობა და დემონიზებული მესამე პრეზიდენტი უსამართლოდ და უკანონოდ იდევნებოდნენ. გულწრფელად სჯეროდათ, რომ ბუნებაში არსებობს 26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი, ადამიანების ორგანოებით მოვაჭრე პრეზიდენტის ცოლი, ძალოვანი მინისტრის აივანზე დაბმული კაციჭამია მგელი, ყოფილი ხელისუფლების მიერ „ჩაბარებული“ აფხაზეთი და 2008 წელს ქართველების ტყვიამფრქვევების გუგუნით გაღვიძებული „მძინარე ცხინვალი“. სჯეროდათ იმიტომ, რომ მათთვის არასდროს არავის აუხსნია, რა მოხდა 1991-1992 წლებში, როგორი ქვეყანა ჩაიბარა ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ, რა გამოწვევების წინაშე იდგა, რა შეცდომები დაუშვეს რეფორმატორებმა და რატომ აგეს ასე მწარედ პასუხი. ზოგს სახლში ესმოდა ზემოთ ჩამოთვლილი მითები, ზოგს - მეგობართა წრეში, ამ მაკომპრომეტირებელი ნარატივების გამყარება კი „ოპოზიციის ოპოზიციამ“ დაიწყო და გატრენდდა კიდეც - „ნაციონალებისა და სააკაშვილის მხარდაჭერა გოიმობაა.“
ამ პარადიგმით მოვედით დღემდე და, იმისდა მიუხედავად, რომ დასავლურ კურსს გადავუხვიეთ, რუსული დიქტატურა დავამყარეთ, ციხეები პოლიტპატიმრებით გავავსეთ, მაინც უცილობლად გვესმის ახლა უკვე ოპოზიციაში გადასული და საპროტესტო აქციების რამის ავანგარდად ქცეული სამოქალაქო აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ლიდერებისგან, დაპატიმრებული და ნაწამები მომიტინგეებისგან, ახლად შექმნილი ოპოზიციური მოძრაობებისა და დემოკრატიის შუქურად ქცეული მეხუთე პრეზიდენტისგან - „ოცნება ისე იქცევა, ცოტა ხანში ნაციონალების ხელისუფლებას დაემსგავსება“. ანუ ჯერ მთლად ასეთი სასტიკიც არ არის, მაგრამ მალე იქნებაო. ჰოდა, თუ ეს ნაწამებ-ნაბეგვი ადამიანები ასე ფიქრობენ, რა გასაკვირია, სახლში თბილად მოკალათებული, რუსული რეჟიმისგან ნაპატივები „იმედის“ მაყურებელი ნეტარებას განიცდიდეს. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - დიდი რეპრესიების ჟამია დამდგარი და ვისაც თავის დროზე ასე სძულდა ნაციონალური მოძრაობა, ახლა მათ რუსული რეჟიმი კოლექტიური ნაცმოძრაობის კონტექსტში მოიხსენიებს და ზუსტად ისევე ექცევა, როგორც ავთენტიკურ ნაცებს. დღეს ჩვენ ვიმკით რუსული რეჟიმის ძალადობის პირად და საზოგადოებრივ შედეგებს: უკანონო პატიმრობა ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა და სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფა.
როგორი უნდა იყოს საზოგადოების ეთიკური დამოკიდებულება სინდისის პატიმრების მიმართ, როცა აშკარაა, რომ სისტემა ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას ფეხქვეშ თელავს? ახლა საზოგადოების ერთი ნაწილი შიშის ან გულგრილობის გამო დუმს, ხოლო მეორე ნაწილი ამ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ, ცხადია, რაც ახლა საქართველოში ხდება, მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს კი არ ეხება და არ აზიანებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, რადგან სამართლიანობა ყველას პასუხისმგებლობაა, ყოველი უსამართლოდ დაპატიმრებული კი - საერთო საზოგადოებრივი სინდისის ტვირთი.
კოლექტიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ალბათ ყველაზე ზუსტი მაგალითი ისევ რუსთაველმა მოგვიყვანა: წარმატებით და ბედნიერად მცხოვრები ადამიანები უარს ამბობენ პირად კომფორტზე, ტოვებენ ყველას და ყველაფერს და მთავარი მიზნისთვის ერთიანდებიან. ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი, ფატმანი, ასმათი კორპორაციულად იბრძვიან ქაჯეთიდან ნესტან-დარეჯანის - „ვეფხისტყაოსნის“ სინდისის პატიმრის გამოსახსნელად. ნესტანის პატიმრობა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღეს, როდესაც ვხედავთ, როგორ აქცევს სისტემა ადამიანებს მორალურ და ფიზიკურ ტყვეებად, რადგან ეს ადამიანები თავიანთი იდეებისა და ღირებულებების ერთგულნი არიან.
სინდისის პატიმრობა მორალური პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, როდესაც მზად ხარ აიტანო ტკივილი, ტანჯვა, საყვარელ ადამიანებთან განშორება, ძალადობა, გამოკეტვა, მაგრამ არ დათმო თავისუფალი არჩევნის უფლება. ნესტან-დარეჯანი ასეთი მორალური დილემის წინაშე დგება - ის ან მამის ნებას უნდა დაემორჩილოს და გათხოვდეს უცხოტომელ სასიძოზე, რომელიც არც კი უნახავს, ან მამის სურვილი უგულებელყოს და თავისუფლებისთვის იბრძოლოს. მან თავიდანვე იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ფარსადანთან დაპირისპირებას - სამშობლოს დატოვება, დევნა, მიჯნურთან განშორება, ცრემლი და ტკივილი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის, ერთი მხრივ, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, სამართლის აღსრულება, რომ ის კონფრონტაციის გზას ირჩევს და არა კონფორმიზმისას, რადგან სიყვარული მისთვის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია და არა უბრალოდ რომანტიკული გრძნობის გამოხატულება ან მამისთვის სასურველი პოლიტიკური თუ სოციალური მისწრაფების აღსრულება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნესტანის ორი წერილი, რომლებსაც ის ქაჯეთიდან აგზავნის. ერთი ფატმანისთვისაა, და ეს სამადლობელო წერილია თანამონაწილეობისთვის, მეორე კი - სატრფოსათვისაა განკუთვნილი, რომელშიც ჩანს, რომ პატიმრობა მისთვის გამოწვევაა, რომელიც საბოლოოდ მათ სიყვარულს კიდევ უფრო გააძლიერებს. ტყვეობაში განცდილი ტკივილი კი იმედისა და მიზნისთვის შეწირული მსხვერპლი.
ნესტან-დარეჯანის ამბავი თანამედროვე საქართველოს მორალურ გაკვეთილად იქცა, რომელიც გვასწავლის, რომ თავისუფლება და ღირსება იმდენად მაღალი ღირებულებებია, რომ მათთვის ბრძოლა ამართლებს ნებისმიერ მსხვერპლსა და ტანჯვას. დღეს ჩვენი სინდისის პატიმრები ამას საერთო კეთილდღეობისთვის პიროვნული თავგანწირვით ამტკიცებენ და ეს იმ ღირებულებების შენარჩუნებას ემსახურება, რომლებსაც ნებისმიერი ერის თავისუფლება ეფუძნება.
დაბოლოს, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა: ჩიტი ზეცაში თავისუფლების მხოლოდ აბსტრაქტული სიმბოლოა, ნამდვილი თავისუფლება ციხეში ჩნდება, ციხის კედლებთან ბრძოლის დროს.