რუბრიკა: ფერადი ისტორიები

ჟურნალი: ნომერი 8




სტრიქონებში ჩაკარგული სიმართლე - აქა ამბავი დავით აღმაშენებლის გამეფებისა

ავტორი : ბუბა კუდავა 

აირია ქვეყანა და გიორგი II მიხვდა, რომ მართვის ძალი აღარ შესწევდა, ტახტიდან გადადგა და სეფეგზა 16 წლის შვილს დაუთმოო, დავითს კოჭებში ეტყობოდა, რაც იყო და ამიტომ სუსტმა მამამ ენერგიით სავსე ჭაბუკი თავადვე გაამეფა, ამან კი, დახეთ, რარიგ გაამართლა, ერთადერთი ხეირიანი, რაც უნიათო მეფე გიორგიმ გააკეთა, სწორედ ეს იყო, მომავალ აღმშენებელს აწმყო რომ დაულოცაო – კარგა ხანს ასე ვსწავლობდით საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო პერიოდის დასაწყისს. კარგა ხანს კი არა, ბევრს ახლაც ასე სწამს. თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო მეტს უჩნდება კითხვები და ეჭვები, რომ აქ რაღაც ისე არ არის.

როგორც ჩვენში ფესვგამდგარი ბევრი თეზა, დავით აღმაშენებლის გამეფების ეს ვერსიაც „ქართლის ცხოვრებიდან“ იღებს სათავეს. მაგრამ იქ რომ ასე წერია, მაშ, მართლაც ასე იყო თუ თხზულების ავტორს სურს, ასე ვიცოდეთ – ეს ხომ ის კითხვაა, ყოველ ჯერზე რომ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს მატიანეთა ფურცვლისას.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენში მსგავსი პრეცედენტი არ გვქონია. ასე, საღსალამათმა კაცმა, მოიხსნა სამეფო გვირგვინი და საკუთარი ხელით საკუთარ შვილს დაადგა თავზე. არც თანამეფედ, თანამოსაყდრედ უკურთხებია (ასეთები გვქონია), არც მონასტერში წასულა (აგეთებიც იყო) და არც სასიკვდილო სარეცელზე წოლილა. აი ასე, ერთხელაც, გაიაზრა რა უსუსურიც იყო და გადადგა! გადადგა და წავიდა. წავიდა და ტახტი შვილს დაუტოვა. დაახლოებით 50 წლის კაცმა 16 წლის ჭაბუკს!

გავაგრძელოთ იმით, რომ ასეთი შემთხვევები არც მსოფლიო ისტორიაში შეგხვდებათ მრავლად. ტრადიცია და გამოცდილება ასეთი გახლავთ: მეფე მემკვიდრეს ან თანამოსაყდრედ ისვამს, ან კვდება, ან მას კლავენ, ან ატუსაღებენ, ან სასულიერო მოღვაწეობას ირჩევს და ამა სოფელს ეცლება. რად არ უტოვებენ ჭარმაგი თუ მოღალული მეფენი მშვიდად და თვისითა ნებითა ენერგიულ მემკვიდრეებს ტახტს – ეს კიდევ ცალკე საკითხავია. მრავალ მიზეზთაგან (ძალაუფლების ჟინი, უგვირგვინო მეფეყოფილის მყიფე უსაფრთხოება და მისთანანი) უმთავრესი ალბათ ესაა: პრეცედენტები საშიში რამაა, ვინძლო ტენდენციად იქცეს, მადას რომ აღუძრავს ყოველ მომდევნო უფლისწულს. ამიტომ კეთილი ინებე და დაელოდე საკუთარ ჯერს და სვეს – ამგვარი იყო სამეფო ფილოსოფია.

მივუბრუნდეთ ჭაბუკი დავითის გამეფების შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ (!) წყაროს და ყური მივუგდოთ მემატიანეს:
მას ჟამსა იყო დავით ჰასაკითა თექვსმეტისა წლისაო, ხოლო ქორონიკონი იყო სამას და ცხრაო (ანუ 1089 წელიო). და მას თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისაო. და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, თვით ზეციურმა მამამან ჰპოვა დავით და აკურთხა იგიო. ამას მოსდევს ციტატები ფსალმუნებიდან და ირიბი თუ ცხადი მინიშნებანი, რომ ვითარცა ბიბლიური დავით მეფე გამოირჩია უფალმა, სწორედ ასევე დასდო ხელი ამ ჩვენს დავითსაცაო. ანუ ღვთის ნება იყო და გიორგი მხოლოდ ამ ნების აღმსრულებელი იყოო – დაახლოებით ასე.

სულ ეს არის. არადა, რამდენი რამ იცის ამ ოჯახდალოცვილმა ანონიმმა და რა სიტყვაძუნწია! რამდენი დეტალი გვაინტერესებს, რომლებზეც კრინტს არ ძრავს: მაინც, რას მიჰყავს გიორგი II ამ გადაწყვეტილებამდე? რამ აიძულა, ვინ აიძულა? სად წავიდა მეფეყოფილი? სად ცხოვრობს ამის შემდეგ და რას საქმიანობს? ეხმარება შვილს სახელმწიფოს მართვაში თუ გარიდებულია მეფისკარს? რა დამოკიდებულება აქვს ამის შემდეგ მამა-შვილს? როდემდე ცოცხლობს გიორგი და სად იკრძალება ბოლოს?

რჩება შთაბეჭდილება, რომ დავითის მემატიანე წმინდა წერილის ციტატების მოშველიებით ოსტატურად უვლის გვერდს ამ და სხვა კითხვებს. ეჭვებს ისიც ემატება, რომ „დავითის ცხოვრების“ ავტორი დავითის გამეფების შემდეგ დავითის მამას ერთხელაც კი არ ახსენებს! მეფეზე სამეფო ისტორიას წერს და გვირგვინის დამლოცველი მამის გარდაცვალებაც კი აღარ აინტერესებს. და ეს მაშინ, როცა გიორგი ჭყონდიდლის, მეფის მარჯვენა ხელის, მიცვალებას მთელ პასაჟს უთმობს. და იქვე დასძენს – ძაძით შეიმოსა მეფე დავითი და იგლოვა ვითა მამა, და უმეტეს მამისაო. ქვეტექსტებში მოკირკიტეებს არ გამოეპარებათ, რომ ეს „უმეტეს მამისა“ მხოლოდ აღმზრდელ-თანამებრძოლის შესამკობად როდი წერია აქ.

არადა, გიორგი II, რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრების ძეგლისწერის (დადგენილების) ბოლოში დართულ მოსახსენებლებში, არათუ ცოცხლებს შორის, არამედ ამ ცოცხლების თავში, თვით დავით აღმაშენებლის წინ წერია! კრებას დავითი გამეფებიდან 15 წელიწადში ატარებს და წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში მამამისი ცოცხალია და დავითის მემატიანე არსად, გაკვრითაც კი არ ეხება ამ ამბავს. მეტიც, სხვა წყაროთი თითქოს დასტურდება, რომ გიორგი მეფედყოფილი ტახტის დათმობიდან 23-ე წელს მიიცვალა!

მაშ, რატომ არ ანაღვლებს გიორგის არსებობა დავითის მემატიანეს? არ ჩანს შემთხვევითი ეს დუმილი და მაშ, რას გვიმალავს სამეფო კარის ამბებიდამ?

იმას ხომ არა, რომ გიორგი აიძულეს; რომ მეფეს არსადაც არ სურდა წასვლა და რომ ის უბრალოდ გადააყენეს, ან აიძულეს გადამდგარიყო; რომ მოხდა შეთქმულება და შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება.
შვილს საკუთარი ხელით დაადგა გვირგვინიო – აი, ეს კი შესაძლოა სიმართლეს ჰგავდეს, თუმცა ლამაზად შეფუთულს. „საკუთარი ხელით“ არ ნიშნავს, რომ საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით. თუკი გიორგი II ძალაუფლებიდან იძულებით ჩამოაშორეს, საქმეს ალბათ ბოლომდე მიიყვანდნენ და გვირგვინის გადაცემის რიტუალის ოფიციალურად აღსრულებასაც მოსთხოვდნენ. არჩევანს არ მისცემდნენ, რადგან ჭაბუკ მეფეს ლეგიტიმაცია დასჭირდებოდა და შეთქმულნი არ დატოვებდნენ სათქმელ-საფიქრალად – ეგ მეფე კი არა, ტახტის მძლავრებით მიმხვეჭელიაო.

თვისითა ნებითა ტახტის დათმობის ამბავს დღეს უკვე მეტი და მეტი მეისტორიე უყურებს იჭვით და სახელმწიფო გადატრიალების ვერსიაც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, მაგრამ ამ თეორიის თანახმად, შეთქმულნი კარგები არიან, პროგრესულნი და ქვეყნის ავადობით შეწუხებულნი. დავითში ხედვენ გზას ხსნისას და ამიტომ იღებენ ხელთ ინიციატივას. შემდგომშიც გვერდში უდგანან და მერე რაც ხდება, კი მოგეხსენებათ. ერთი მოსაზრებით, ამ დასს სათავეში მწიგნობართუხუცესი გიორგი უდგას, მერმე დავითისგან ჭყონდიდლადაც დადგინებული და დავითის პირველი ვაზირი და ყოველთა დიდთა საქმეთა თანამდგომი და წინამდგომი.

საფიქრალია დავითის როლი და წონა 1089 წლის რყევებში. იმ ჟამის 16 წლისა აწინდელი 16-ისგან კი განსხვავდება ზრდასრულობის აღქმებით, მით უფრო, როცა საქმე სამეფოდ გაზრდილ სეფეკაცს ეხება, მაგრამ მაინც პატარა ჩანს დავითი იმისთვის, თავად ეწინამძღვრა ბუნტისთვის. წინა პლანზე უფრო დიდნი უნდა ვიგულისხმოთ – გამოცდილებითა და ჰასაკითა. მაგრამ ამასაც იფიქრებენ დავითის მყვარებელთაგანნი – რატომაა გამორიცხული, თვით დავითს ედავითა ჯერ კიდევ ჭაბუკობისას და თავად ჩასდგომოდა სათავეში ახალ მოძრაობასო. დავითის შესაძლებლობების ადამიანისგან აბა რა გაგიკვირდესო!

ბოლოს, ამასაც ჩავეძიოთ აუცილებლად და მოვიკითხოთ ერთი, ვინ იყვნენ იმ დავითის დასში და მართლა დავითისა იყო თუ არა დასი... რა დიდი სჯა უნდა, ფეოდალები იქნებოდნენ და ჟანრის კანონიც თითქოს გვიჩურჩულებს, ძლიერნი ამა ქვეყნისანი საკუთარი გავლენების გაზრდისთვის უფრო ირჯებოდნენ და დავითიც მარიონეტად სურდათო. ზოგჯერ ასეთი გათვლა ხომ არ ამართლებს. ჰოდა, მოძლიერდა ეს ჩვენი დავითიც და იმავე კანონისა თანახმად, პირველი სწორედ მათ მიუბრუნდა, ვინაც იგი მეფედ მოიყვანა. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, დავითის გამეფების ინიციატორთა ბანაკში იმ ოპოზიციონერებსაც დავინახავთ, რომლებსაც დავითი მეფობის პირველ პერიოდში დაუნანებლად დაერია.

ღმერთო ჩემო, ნუთუ ლიპარიტ ბაღვაში და მსგავსნი მისნი უნდა ვიგულისხმოთ დავითის პირვანდელ დასში? მათ მომატებულ მადას და არასწორ გათვლებს უნდა ვუმადლოდეთ დავითის ასე ადრეულ გვირგვინოსნობას?

კითხვებს რა დალევს. ამ კითხვებს განა სხვა არ დაემატება და განა რომელიმე გადაწყდება იმპერატიულად, მაგრამ ისტორია ხომ შედეგით სჯის, შედეგებით სწონის და ასე რომ, ნებით დაადგა მამამ თუ ნების გარეშე, თვით გაიწია გვირგვინისკენ თუ გარემოცვამ იყოჩაღა, ჭაბუკ უფლისწულზე აგეთ იმედს ამყარებდნენ თუ იგეთს,  ეს ყოველივე სრულად დაჩრდილა ერთმა უმთავრესმა:
გაამართლა იმ 16 წლის ბიჭმა, იმარჯვა და მერე როგორ. ისე, როგორც არავინ ელოდა 309-ე ქორონიკონს – არც მოწინააღმდეგეთაგან და არც მომხრეთაგან, არც სკეპტიკოსთაგან და არც ოპტიმისტთაგან, არც ახლომხედველთაგან და არც შორსმჭვრეტელთაგან.

ვერც ის შეთქმულნი გაიაზრებდნენ ბოლომდე, რა კაცი მოიყვანეს ქვეყნის თავკაცად. ვერც ჭაბუკი მიხვდებოდა, რა დიდგორები ელოდა წინ.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა