Author : Nika Vacheishvili
გელათის ისტორიული და მხატვრული ღირებულება - ტევადობა და სიღრმე, მრავალწახნაგოვნება, გამორჩეულობა ჩვენი ისტორიისა და მომავლის წინაშე - სრულიად უნიკალურია და მისი აღწერა უბრალო სიტყვებით შეუძლებელიც კია. დასავლეთ ევროპაში მსგავსი ღირებულების ანსამბლები დიდი ხნის რეაბილიტირებულია, სიძველის პრობლემები კერძო და სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუციების რეგულარული შრომით დაყვანილია ყოველდღიური მართვის თუ წინასწარ დაგეგმილი საკონსერვაციო პროცესის მიმდინარეობამდე, არათუ წარსული დაზიანებები, სამომავლო რისკებიც დიაგნოსტირებულია და მისი ნიველირება ძეგლის მენეჯმენტის პროცესის მთავარი ამოცანაა.
2008 წელს, როცა გელათის ანსამბლის რეაბილიტაციაზე დავიწყეთ მუშაობა, აქ წლების განმავლობაში დაგროვილ მრავალ პრობლემას მოეყარა თავი: ბოლო (საბჭოთა) რესტავრაციიდან მესამედი საუკუნე იყო გასული, ამ ხნის განმავლობაში ძეგლის მდგომარეობის შემფასებელი არათუ რეგულარული, ეპიზოდური მონიტორინგის მასალაც არ არსებობდა, აქა-იქ გაბნეული საერთაშორისო რეპორტები ასახავდა ძალზე ზოგად, საკონსერვაციო სტრატეგიისთვის გამოუსადეგარ, სურათს და პირიქით - წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის „წერტილოვანი ჩარევა“ (მაგ., კონქის მოზაიკის მშვენივრად შესრულებული უკანასკნელი კონსერვაცია მე-20 საუკუნის 80-იანი წლებისა თუ, პირიქით, უკიდურესად კუსტარული ჩარევა გელათის აკადემიაში „ობსერვატორიის“ მოწყობისას 2002 წელს) სიძველის მდგომარეობას - კიდევ უფრო „ჭრელს“, მოვლის სტრატეგიას კი ბუნდოვანს ხდიდა. არ არსებობდა გენგეგმაც -მზარდი ტურისტული ნაკადებისა და სამონასტრო ცხოვრების სიმყუდროვის ურთიერთშემთავსებელი, ანსამბლის წინა ტერიტორიის დაგეგმარება - ქაოსური და უსახო სავაჭრო ჯიხურების რიგიანი ინფრასტრუქტურის ჩამნაცვლებელი, გელათის არქეოლოგიის ექსპონირების -კონსერვაციისა და ანსამბლის მთელში მისი მონაწილეობის - შესახებ ხედვა და სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ანსამბლის შედარებით „უჩინარ“, მაგრამ არსებით შემადგენლებზე - მიმდებარედ გაშლილ ულამაზეს „სოხასტერის“ კომპლექსზე თუ უფრო ადრეულ, გელათის ფერდზე შეფენილ დღემდე თითქმის უცნობ სამონასტრო ინფრასტრუქტურაზე (ტყეგადავლილი სენაკები, ბუხრიანი შენობები, კედლები, ზღუდეები), ამავე ფერდზე შეფენილ წმ. ნინოს, წმ. საბას, წმ. ელიას ეკლესიების არქიტექტურასა და კედლის მხატვრობაზე, სრულებით გამორჩეულ დავითის კოშკზე...
თვალნათლივ ჩანდა წლების განმავლობაში დაგროვილი ფიზიკური გასაჭირიც: სახურავის დაჟანგული თუნუქი, ხის ნივნივების დაზიანებისგან ჩაზნექილი ადგილები, რომლებიც ქარის დროს იალქანივით მოძრაობდნენ და კედლის ზედა ნაწილებს (კარნიზებს) ამსხვრევდნენ, დიდი ხნის წყლით დახავსებული ჩუქურთმა, გამოქარული კედლები და სხვა. არასახარბიელო იყო კედლის მხატვრობის მდგომარეობაც ანსამბლის ორივე მოხატულ ტაძარში - წმ. გიორგისა და ღმრთისმშობლის ეკლესიებში.
პრობლემათა ამგვარი გროვა გულისხმობდა, ერთი მხრივ, სწრაფად ქმედების, მეორე მხრივ, აუჩქარებელი ფიქრისა და სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას. მსგავსი სიძველეების განახლება ხომ არა მხოლოდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, არამედ მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ცოცხალი ავთენტიკის“ შენარჩუნება და განახლებაა, ისტორიული (მატერიალური და არამატერიალური) ღირებულების გაფრთხილება, როდესაც განახლების „თანამედროვე ავთენტიკა“ ორგანულად ამოიზრდება „წარსული ავთენტიკის“ ღია კონტექსტიდან.
პროექტირება 2008 წელს დაიწყო, იგი მოიცავდა თანამედროვე ტექნოლოგიებით ადრეულზე გაცილებით სრული და ზუსტი ანაზომის მომზადებას (სპეცანაზომების მოსამზადებლად მოვიწვიეთ გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე ქართველებთან ერთად მუშაობდნენ), დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენას, დაზიანების სახეობებისა და მიზეზების დადგენას, ნიველირების მეთოდს, გენგეგმას, ზონირებას, ტურისტული და სამონასტრო სივრცეების თავსებადობას, საერო ნაგებობების რესურსის შეფასებასა და ძველი და ახალი ფუნქციის გამოკვეთას, სამუშაოების რიგითობის დადგენას, გელათის მისასვლელი მოედნის პროექტირებას თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის... პროექტირების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი თანხმდებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, ასევე, იუნესკოს ყველა საერთაშორისო მისია ადგილზე ეცნობოდა პროექტს და სამუშაოთა მიმდინარეობას, პროექტის მაღალი საკონსერვაციო სტანდარტის მისაღებად ქართველ სპეციალისტთათვის, მნიშვნელოვან ინსტიტუციებში - ბრიტანეთში, შვეიცარიასა და საქართველოში - ჩატარდა რამდენიმეეტაპიანი ვორქშოპიც.
ჩემთვის არსებითი ის იყო, რომ პროექტის მიმიდინარეობაში ჩართული იყვნენ ის უცხოელი კოლეგები, რომლებიც გელათის პროექტის პარალელურად საქართველოში ნერგავდნენ მოწინავე საკონსერვაციო გამოცდილებას - მაგ., როგორ უნდა დავადგინოთ რა ხდება გელათის კედლებში, რაც თვალისთვის უხილავია და ძეგლისთვის კი დაზიანების ფაქტორი შეიძლება იყოს, ეროზირებულია თუ არა სტრუქტურა (ენდოსკოპიური კვლევა), რატომ იცვლის ფერს ფასადები, როგორ უნდა დავუბრუნოთ მათ პირვენდელი სახე, როგორ დგინდება მავნებელი მიკროორგანიზმების სახეობა და მასალა მათ გასაქრობად, როგორია საფასადო ქვის კონსერვაციის ექსპერიმენტებზე გამავალი მეთოდიკა, მეთოდისა და დიზაინის საბოლოო შერჩევით და სხვა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარ რესტავრატორებთან ერთად რუტინულ სამუშაოზე (მაგ., ბზარების შევსების მრავალრიცხოვანი ტესტირება და შერჩეული დიზაინით ამოგოზვა) ბაზრის შეთავაზებით მიღებული რომელიმე „შპს“-დან ერთჯერადად აყვანილი ხელოსნები კი არ მუშაობდნენ, არამედ სამხატვრო აკადემიისა და ახალციხის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ამისთვის საგანგებოდ გაწაფული სტუდენტები. ამ გამოცდილებით, პროექტის რამდენიმე ახალგაზრდა სპეციალისტი საკონსერვაციო ცენტრებმა და საერთაშორისო პროექტებმა მიიწვიეს ევროპასა და აზიაში მსგავს პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
კომპლექსზე სამუშაოების თანმიმდევრობა ასე დაიგეგმა: ზოგადიდან და „იოლიდან“ (რისი გამოცდილებაც გვქონდა) რთულისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმ რგოლებში, რომელთა შესახებ ნაკლები ვიცით - დასავლელი კოლეგების სისტემატური მონაწილეობა და შემსრულებლის გადამზადება აქ და ევროპაში (იტალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია) ხარისხის შესანარჩუნებლად.
ფიზიკური სამუშაო „პერიფერიული“, ანსამბლის გარშემო განლაგებული მე-19 საუკუნის შენობებით დაიწყო, გაბრიელ ეპისკოპოსის დროინდელი სახლების რესტავრაციით. პარალელურად დავიწყეთ არქეოლოგიური დაზვერვები გელათის ისტორიის ცალკეული საკითხის დასაზუსტებლად - რითი იყო, ისტორიულად, მაღალი შუა საუკუნეების განმავლობაში ტაძარი გადახურული? როგორი იყო შემდგომი დროის შეკეთება? რას შეიცავდა ანსამბლი კიდევ, რაც დღევანდლამდე არ მოვიდა ან არ ჩანს? (მაგ., წყალამრიდის სისტემა, წყაროს მომარაგება, სამონასტრო ინფრასტრუქტურა და სხვა). კვლევების ერთი მთავარი საკითხი გელათის აკადემიის უსახურავო, კედლებდეფორმირებული შენობა გახდა - დიდი ხნის ფუნქციადაკარგული ნაგებობა არა მხოლოდ უნდა გამაგრებულიყო, არამედ ახალი ცხოვრება დაეწყო განახლებულ ანსამბლში.
საწყის ფაზაში წარიმართა ანსამბლის გარშემო შედარებით მცირე გაბარიტების შენობების რესტავრაცია:
1. გაბრიელ ქიქოძის მე-19 საუკუნის შენობები;
2. დავით აღმაშენებლის საფლავისზედა კარიბჭის დალექილი მიწისგან გაწმენდა, დასუსტებული კედლების აღდენა და გადახურვა;
3. მონასტრის ქმედითი, მორყეულგადახურვიანი კარიბჭის აღდგენა;
4. გელათის აკადემიად ცნობილი შენობის არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა, სრული რესტავრაციისთვის მომზადება. ამ დროს გაითხარა ინტერიერი და მიმდებარე ნაწილი, გამოჩნდა შთამბეჭდავი არტეფაქტები - დერეფნები, განაშენიანების პირველი სართული, ქვევრები... გადახურვის ალტერნატივების მოსინჯვით შენობა შეიკრა და იქცა კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილად;
5. აღდგა და შესაბამისი მეთოდით კონსერვირდა და გამაგრდა მთავარი ტაძრისა და სხვა ეკლესიების დალეწილი საფასადო ქვები, წყობები, გათავისუფლდა გვიან შეკოწიწებული უვარგისი ცემენტის მასისგან;
6. უცხოელი კონსულტანტების მეთვალყურეობით, სპეციალური ხსნარით გაიწმინდა და დამუშავდა ბაქტერიებით გაშავებული და გამწვანებული ფასადები;
7. დაკონსერვდა ანსამბლის წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკები.
2008 წლის მთავარი გამოწვევა მაინც გელათის აკადემიის „ახალი სიცოცხლე“ იყო, რომელმაც მოიცვა კომპლექსური სამუშაო არქეოლოგიურად გამოჩენილი მერხი-დასაჯდომლების, მიწისქვეშა სამეურნეო ნაწილის, გამაგრებული კედლებისა და ხის რთული კონსტრუქციის გადახურვა, რის შედეგადაც მონასტრის ცენტრში დაზიანებული, უფუნქციო შენობის ნაცვლად მივიღეთ ტევადი, სასულიერო და საერო პირთა შესაკრებელი.
ამ პერიოდში მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე, სპეციალურად ამისთვის ჩატარებულმა, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა აჩვენა ანსამბლის კონსერვაცია-რეაბილიტაციისათვის არსებითი საკითხებიც: თუ რითი იყო გადახურული თანადროული და გვიან შუა საუკუნეებში გელათის მონასტერი. სხვადასხვა დროის მოჭიქულმა კრამიტებმა ცხადყო, რომ გელათი (ისევე, როგორც გაერთიანებული საქართველოსა და შემდგომი ხანის ბევრი ხუროთმოძღვრული შედევრი) ფერადი სახურავით, მოჭიქული კრამიტით იყო გამშვენებული.
„გადათუნუქებული“ საბჭოთა დროის შენობებისგან ტრადიციული წითელი კრამიტის სახურავები პირველად მონასტრის საერო და პერიფერიულ შენობებზე აღდგა - ბუნებრივად გამოიკვეთა ზღვარი მათსა და საკრალურ ნაგებობებს შორის, რომლებიც მშენებლობის დროსვე ფერადი კრამიტით დაბურეს.
თუ სახურავების კონცეპტუალური ხედვის პირველი, საერო ნაწილი უფრო იოლგადასაწყვეტი იყო და წითელი თიხის კრამიტის გამოსაყენებლად ბუნებრივად შეირჩა პერიფერიული და საერო შენობები - აკადემია, კარიბჭეები, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები - გუმბათიანი საეკლესიო ნაგებობები სხვა მიდგომას ითხოვდა.
აქ კიდევ ერთხელ დავდექით ალტერნატივის წინაშე: ტაძრები დაიბუროს „სტანდარტულად“ (თუნუქით) თუ შევიდეთ ჩვენი ქვეყნის სიძველეთდაცვის ახალ ფაზაში და ვიფიქროთ ძველი არქტექტურის კვლავ ფერადოვნად აჟღერებაზე, ფერადოვნებაზე, რომელიც გვიან და შემდგომ, განსაკუთრებით საბჭოთა ხანამ, შავ-თეთრ ტონალობად აქცია.
ახალ გზას დიდი სიფრთხილით შევუდექით. სირთულე რამდენიმე მიმართულებით იყო დასაძლევი: დასადგენი და შესაჯერებელია ფორმა, რომელიც გადახურავს ტაძრებს - თავად საბურველის მოყვანილობა და ცალკეული კრამიტის სპეციფიკაცია. დასადგენ-შესარჩევია ფერადოვნების გამა და მისი მოძრაობის ამპლიტუდა - რა ფარგლებში უნდა იყოს, რომ არ გასცდეს ტრადიციულ, სადა ფერადოვნებას და როგორც ტექნოლოგიური, ისე მხატვრულად სასურველი შედეგი მივიღოთ. და მთავარი: ტექნოლოგიური საიმედოობა, რასაც ხელოსნობის შესაბამისი ხარისხი განაპირობებს.
სიახლე მონასტრის მცირე ნაგებობებზე ფრთხილი მოსინჯვით დავიწყეთ. ცალკეული კრამიტის ფორმა, საბურველის ერთიანი დიზაინი და ფერადოვნება, რა თქმა უნდა, ტაო-კლარჯეთში შემონახული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ანალოგს დაეფუძნა. სამხატვრო აკადემიის სახელოსნოში დიდი ყურადღებით დამზადებული კრამიტის სხვადასხვა ვარიანტიდან შეირჩა ის მასალა, ფორმა, სისქე და ფერადოვნება, რომელიც ოპტიმალური იყო და ძველი კრამიტების მონაცემებს ითვალისწინებდა. ახლის თავშეკავებული ფერადოვნება ადრეული მასალის სხვადასხვა ელფერს მოიცავდა, რაც, თავის მხრივ, საშუალებას იძლეოდა, მომზადებულიყო მთავარი ამოცანის - ცენტრალური ტაძრის სახურავების ფერის „მიგნება“ და განსაზღვრა, ამით კი მთელი ანსამბლის ერთიანობისა და მრავალფეროვნების მიღწევა.
მცირეგუმბათიანი ტაძრების (წყარო, წმ. ნიკოლოზის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია) მქრალი მწვანე-ზურმუხტისფერი, რომელსაც აგურისფერიც ეხამება, კარგ „საბაზისო“ სარკეს იძლეოდა მათგან მთავარი ტაძრის მონუმენტური, სხეულიანი მოცულობის გადახურვის ფერადების ამოსაძერწად. მთავარ ტაძარზე შეიძლებოდა, საბოლოო გამად გაჟღერებულიყო - ამ ელფერიდან ბუნებრივად ამოზრდილი (და არა მასთან კონტრასტული) ფერადოვნება. პირადად მე სამომავლოდ გადასახურ მთავარი ტაძრებისთვის ტაო-კლარჯული მეწამულ-ღვიძლისფერ ღრმა შინდისფერი მედგა თვალწინ - უფლის ჯვარცმისა და ამაღლების მაუწყებელი, რომ საიმპერატორო, თბილი მეწამული უნდა ყოფილიყო სამომავლო გელათისათვის ძირითადი ფერადოვანი „სათქმელი“. თუმცა ამგვარი არჩევანი არ გამორიცხავდა და აუცილებელსაც ხდიდა მრავალ ცდას - გუნდურ მუშაობას და ალტერნატივების მოსინჯვას.
ასე მივედით 2012 წლამდე: გელათში აღდგენილი კარიბჭეებით, აკადემიით, კონსერვაციის ძირითადი მიმართულებების რეალური აპრობირებით, როდესაც მრავალმხრივი სამუშაოს ყველა მიმართულება მოსინჯულია, განხორციელებულია, გზაზე დგას და ამაში საერთაშორისო მრჩევლები მონაწილეობენ.
2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, 2008 წლის პროექტით განსაზღვრული საკითხები დიდწილად უკვე განხორციელებული იყო. 2013-2014 წლებში კვლავ გამოიყო თანხა არსებული პროექტის განსაახლებლად და ახალი სამუშაოების დასაზუსტებლად. ამის შემდეგ, სამუშაოები სწორედ ამ რედაქციის მიხედვით მიმდინარეობს. თვალში საცემია, რომ 2013 წლიდან პროექტს ნელ-ნელა ემშვიდობებიან დასავლელი ექსპერტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ წამოჭრილი საკითხების ხარისხიან საერთაშორისო ექსპერტიზას, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი რესტავრატორების ტრენინგს. თვალში საცემია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში საკითხებზე მუდმივად აღარ მსჯელობენ და მათზე პასუხის მიღების მექანიზმს არ აუმჯობესებენ - მაგალითად, მთავარი საკითხის, ტრადიციული ფერადოვანი კრამიტის წინა კონცეფციები, ხაზგადასმულია და კარდინალურად იცვლება მიდგომა. შედეგად, გადახურვების ფერი, მასალა, მომზადების ტექნოლოგია და კრამიტი „მწვანდება“, აღწევს ღრმა და ნიუანსირებული შესაძლებლობების მონო, ხელოვნურ ნიშნულს, ეს განსაკუთრებით ეტყობა სახურავების ძირითადი ტაძრის გადახურვების კიდეებს - უფუნქციო სამშვენისებივით ჩამოკიდებულ თაღნარს.
არ მუშავდება ტაძრებზე არსებითი - მკლავებზე კრამიტის დაფენის მეთოდოლოგია (2012 წლამდე კრამიტი მხოლოდ გუმბათებზე განლაგდა, ადრინდელი, მშრალ ზედაპირზე, ტრადიციული მეთოდით), ძველი თუნუქი იხსნება ისე, რომ მოქმედების გეგმა დამუშავებული არაა, პასუხგაუცემელია ძირითადი კითხვები. საუკუნეთა განმავლობაში გელათში, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისპირეთის შესაბამის, ცხელი და ნესტიანი კლიმატის, ზოლში, ისტორიულად გადახურვები კეთდება მშრალ საფუძველზე, ჰაერის იზოლაციით. ასე იყო გელათშიც - გადახურვის ქვეშ აფსიდა-მკლავების ზედა სივრცეები რჩებოდა ამოუვსებელი, სიმშრალისათვის. ახლა კი ამ „პატარა“ ნიუანსის გაუთვალისწინებლად იწყება მათი ამოვსება. ადგილობრივები ჰყვებიან, საბარგო მანქანებით რა დიდი ოდენობის მასალა შემოდის მონასტრის ეზოში და ადის ზემოთ აქამდე თავისუფალი სივრცეების ამოსავსებად. სამწუხაროდ „ადგილობრივების მონაყოლი“ აქ არსებითია, რადგან განახლებულ პროექტში ტაძრის სივრცეებში საიზოლაციო მასალის რაობა და ოდენობა დამუშავებული არაა - ზეპირსიტყვიერი გადაწყვეტილებები ხდება პროექტის მართვის მთავარი პრინციპი. მკლავთაზედა სივრცეების სიდიდე განაპირობებს „საიზოლაციო“ მასალის დიდ ოდენობას, რამაც, ჩანს. გამოიწვია მისი ნებისმიერობა - დასავლელი ექსპერტების შემდგომ შეფასებებში აღნიშნულია, რომ შემავსებელი სხვადასხვანაირია, ძეგლისთვის არათავსებადი, ოდენობა კი - დიდი...
სამწუხაროა, რომ ისტორიულად ცარიელი, ჰაერის საიზოლაციო ფუნქციის შეცვლისას, ამოვსებული ადგილები იფარება კვლავ არაერთგვაროვანი მასალის ზედაპირებით (მუშები იხსენებენ ცემენტს, არმირებას, ცემენტ-კირს, სხვადასხვა პროპორციით და სხვა)... სწორედ ეს შევსებები იქცა შემდგომ სხვა შეცდომებთან ერთად გელათის მთავარ პრობლემად.
ეკლესიების ზედა ნაწილების ტრადიციულად ცარიელი უბეების ამოვსების პარალელურად, პროექტის მენეჯმენტი იწყებს კრამიტის დამზადების და შესყიდვის პროცესს. ძველი, პირველი ეტაპის, თიხის დაწნეხილი კრამიტის ნაცვლად, მზადდება თაბაშირნარევი თუ თაბაშირის კრამიტი, რომელიც ფურცელზე დაწერილი დასკვნის საპირისპიროდ არც ყინვაგამძლე აღმოჩნდა და არც სიცხემედეგი, მყიფე სიმკვრივისა, ის ტაძრის ეზოში დასაწყობებისთანავე იწყებს დაზიანებას.
ამასთან ერთად, კრამიტის დაგებისთვის ხელოსნების მოუმზადებლობა აძნელებს რთულ ზედაპირებზე მის ხარისხიან დაგებას. გაჩენილ ტექნიკურ სირთულეებზე პასუხი სპონტანური, იქვე მიღებულია, ბრიგადებსშორისი სხვაობებით, სტანდარტის გარეშე.
გაუმართავია კალთებიდან წყლის გადამყვანი საცრემლეები და ჟოლობებიც. წვიმის დროს სისველისგან ზიანდება ტაძრის ადრე კონსერვირებული კარნიზები და კედლების ნაწილი. საბოლოოდ, ირკვევა, რომ უხარისხოა როგორც მასალა, ისე მისი დაგების წესიც. დაზიანებული და უხარისხოდ დაგებული კრამიტი უშვებს წყალს.
დიდი რაოდენობით ჩასული წყალი ასველებს ტაძრის ზედა სივრცეებში ჩალაგებულ ინერტულ საიზოლაციო მასალას, ის იკრებს სისველეს, ივსება და, როგორც გაჟღენთილი ღრუბელი, ინტერიერში აქამდე მშრალი მოხატულობის დაზიანების მთავარი ფაქტორი ხდება. ფრესკები სველდება, ფხვიერდება, იწყება გამომარილების პროცესი და ფრესკები ცვივა.
სპეციალისტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სახელმწიფო მათთვის ტაძრის დათვალიერების აკრძალვით და მათგან უჩუმრად, სველი ფრესკების შეღებვა-გადაღებვით პასუხობს, ასეთი ჩარევა აჩქარებს დაზიანების პროცესს, მეთოდურად კი უძველესი ფრესკების თავიდან დახატვა სიძველის ხელყოფა და მათი ავთენტიკის შელახვაა.
კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილი გელათის შესახებ დასავლელი ექსპერტები, რომლებიც იზიარებენ ქართველ სპეციალისტთა აზრს, საუბრობენ დანაკარგზე, ასევე, ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის სიძნელეებსა და დიდ სამუშაოზე, რაც ამ ვითარების დაძლევისთვისაა საჭირო.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გელათი გამოვიდეს კრიტიკული, დაზიანების ყოველდღიურად მიმდინარე პროცესიდან?
მთავარი ამოცანა ამდენი წლის თავზე ძეგლის დამაზიანებელი ფაქტორის - წყლის მოცილება და მშრალი გარემოს შექმნაა. იმის გამო, რომ გელათის მოხატულობა სხვადასხვა დროის, ტექნოლოგიისა და შემადგენლობის ფრესკების ერთიანობაა, დაზიანების პროცესები აქ სხვადასხვანაირად, სხვადასხვა ინტენსივობით და შედეგით მიმდინარეობს. ამ პროცესების გასაგებად, მათი გაჯანსაღების გზისა და მკურნალობის მეთოდის დასადგენად, საჭიროა კომპლექსური და მუდმივი მონიტორინგი, დაზიანების კარტირება და აღნუსხვა, პროცესების თვალმიდევნება, საჭიროებისას გადაუდებელი ჩარევა, მთლიანად კი, თავდაპირველი, ჯანსაღი გარემოს შექმნა დამაზიანებელი პროცესების შესაჩერებლად.
ამისათვის კი საჭიროა მივიდეთ უხარისხო გადახურვის ნიველირებამდე. ფაქტობრივად, ჩავიდეთ, სულ მცირე, 2017 წლამდე. ამის შემდგომ, როდესაც ხარისხიანი გადახურვის ქვეშ ტაძრებში წყალი აღარ ჩავა - დასველებული კედლების გამოშრობას, წინასწარი გათვლებით, დასჭირდება 3-5 წელიწადი.
რით უნდა დავიწყოთ? საჭიროა ტაძრისთვის იმგვარი დამატებითი გადახურვის მოწყობა, რომელიც მას ნალექისგანაც დაიცავს, სპეციალისტებს კი საშუალებას მისცემს, ახადონ უვარგისი სახურავი და გაათავისუფლონ ნაგებობა ტონობით შეტანილი ინერტული საიზოლაციო მასისგან. ასეთი გადახურვა ე.წ. „კარვისებური სახურავია“ - ძალიან ძვირი და ტექნიკურად რთულად განსახორციელებელი პროექტი. იგივეა გასაკეთებელი სრულად მოხატულ წმ. გიორგის ეკლესიაზეც.
კვლავ დასავლური გამოცდილების გაზიარებასთან მივდივართ, რასაც გელათის მაღალპროფესიონალთაგან შემდგარი მართვის ჯგუფის ჩამოყალიბება დასჭირდება, რომელიც გაწერს კონსერვაციის გეგმას და დაინტერესებულ მხარეებს რეგულარულად წარუდგენს მიმდინარე პროცესს.
მხოლოდ საერთაშორისო გახსნილობა, მოწინავე საკონსერვაციო გამოცდილების ინტეგრაცია და ეროვნულ და საერთაშოსისო დონეზე უშეცდომო ნაბიჯები გადაარჩენს გელათს აქ არსებული დამაზიანებელი პროცესისგან. ეს კი დამოკიდებულია ქვეყანაში მშვიდი, ჯანსაღი, პროფესიონალებისთვის არააგრესიული გარემოს არსებობასთან.