Rubric: Society

Journal Number 3




მარსიანელები

Author : Dodona Kiziria 

ორიოდე წლის წინ, თბილისში ყოფნისას, ერთ ახალგაზრდასთან მომიხდა საუბარი, რამაც ძალიან დამასევდიანა. არა იმიტომ, რომ რაიმე უსიამოვნო თემაზე ვლაპარაკობდით, ან, როგორც ქართველებს გვჩვევია, რაიმე პოლიტიკურ საკითხზე საპირისპირო აზრის გამო უკმეხად დავუპირისპირდით ერთმანეთს. არამედ იმიტომ, რომ ისეთივე სიტუაციაში ვიგრძენი თავი, როგორშიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ჩემს ამერიკელ სტუდენტებთან საუბრის დროს.

ჩემი სადებიუტო ლექცია და, რბილად რომ ვთქვა, არაადეკვატური ინგლისური ჩემს მოგონებებში მაქვს აღწერილი. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო. ყოველდღე, როდესაც შევდიოდი აუდიტორიაში და ვიწყებდი ლაპარაკს, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემ წინ ისხდნენ მარსიანელები. მე აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი მათ შესახებ; არ ვიცოდი, ვინ არიან ისინი, რანი არიან, რა იციან, რა უყვართ, რამ შეიძლება გაახალისოს, ან პირიქით, რისგან, რა თემის განხილვის დროს შეიძლება უხერხულად იგრძნონ  თავი. არც ის ვიცოდი, რა მაგალითები შემეძლო მომეყვანა იმ საკითხის ილუსტრაციისათვის, რომელზეც ვლაპარაკობდი. არ ვიცოდი, რა წიგნები წაუკითხავთ, რა ფილმები უნახავთ, რა სოციალურმა ან პოლიტიკურმა მოვლენებმა მოახდინა მათზე შთაბეჭდილება. ერთი სიტყვით, ყოველი მათგანი ჩემთვის იყო ერთგვარი tabula rasa, სუფთა დაფა, რომელზედაც არაფერი წერია და ამიტომ რაიმეს ამოკითხვის საშუალება ნულს უდრიდა.

დღეს ამგვარი გაუცხოების გრძნობა საზღვარგარეთ პირველად მოხვედრილ ადამიანს, ალბათ, არ ექნება. ტელევიზიამ, ინტერნეტმა, მობილურებმა და ინფორმაციის სხვა უამრავმა წყარომ მნიშვნელოვნად გააადვილა უცხო გარემოში ორიენტაციის შესაძლებლობა. მაგრამ ჩემს დროს საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანისთვის საზღვარგარეთი წარმოუდგენლად შორი, სხვა გალაქტიკის მსგავსი რეალობა იყო. ამიტომ იქ მოხვედრისას არა მხოლოდ იქაურ მკვიდრთა ენის არცოდნა, არამედ სრულიად უბრალო ყოველდღიურობაში არსებული, ადამიანური თუ საგნობრივი კავშირების აღქმაც კი ურთულეს პრობლემას წარმოადგენდა.

ჩემი ინგლისური გულისგამაწვრილებლად ნელა, მაგრამ მაინც დღითიდღე უმჯობესდებოდა. ვგულისხმობ ლექსიკის ზრდას და გრამატიკული წესების დაუფლებას. მაგრამ კარგა ხანს ვგრძნობდი, როგორი ფუყე, ცარიელი, მნიშვნელობების კონოტაციურ  ფენებს სრულიად მოკლებული იყო ყოველი ჩემი სიტყვა. როდესაც ლაპარაკობ იმ ენაზე, რომელიც შენც და შენმა თანამოსაუბრემაც ბავშვობიდან იცით და როცა საუბრობთ იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ, ყოველი თქვენი სიტყვა, გააზრებული გვაქვს ეს თუ არა, დატვირთულია მთელი რიგი მნიშვნელობებით, რომელთა ახსნა-განმარტება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. სულ უბრალო, სულ ელემენტარული სიტყვები, როგორებიცაა ქუჩის დასახელება, წიგნის სათაური, რომელიმე ცნობილი პიროვნების ხსენება, ან თუნდაც რაიმე ხუმრობა გაცილებით მეტი ინფორმაციის შემცველია, ვიდრე მათი სუფთა ლექსიკური ფორმულირება.  ყოველ მათგანს ახლავს იმ მნიშვნელობების მთელი რიგი, რომლებიც მოსაუბრეებმა იციან, ახსოვთ მათთან დაკავშირებული მოვლენები, მათი კონოტაციები, რომლებსაც ძალდაუტანებლად, თავისთავად აღიქვამენ. მეტიც, როდესაც ვინმე შენს თანამემამულეს პირველად დაელაპარაკები, სულ რაღაც ხუთ წუთში დაახლოებითი წარმოდგენა მაინც გექმნება ამ ადამიანის შესახებ. რა სიტყვებს ხმარობს, რა ფაქტებს ახსენებს, მისი ლაპარაკის კილოც კი - ყველაფერი ეს ინფორმაციის წყაროა, რომელსაც სრულიად გაუაზრებლად აღიქვამ, გარკვეულ ინფორმაციას იღებ და სათანადო დასკვნა გამოგაქვს.

ამერიკაში ყოფნის პირველ ხანებში ინფორმაციის აღქმის ან გადაცემის ამდაგვარი გამოცდილება, რასაკვირველია, არ მქონდა. ჩემი სტუდენტების სიტყვები, ისევე როგორც ჩემი სიტყვები, მათთვის ისეთივე ერთგანზომილებიანი და სიღრმეს მოკლებული იყო, როგორიც რომელიმე უცხო ენის სახელმძღვანელოში რაიმე გრამატიკული წესის მაილუსტრირებელი წინადადებები. აი, მაგალითად: „ლიბრევილი გაბონის დედაქალაქია“, „ბავშვები ეზოში თამაშობენ“, „რობერტს ორი ძმა და ერთი და ჰყავს“. აქ ყოველი სიტყვა, ყოველგვარ კონოტაციას მოკლებული, შიშველი დენოტატებია. დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოდგენა არა აქვს და არც აინტერესებს, სად არის ან როგორ გამოიყურება ქალაქი ლიბრევილი, ბავშვების რა თამაშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი (ფეხბურთი, კალათბურთი, დაჭერობანა, დახუჭობანა, თუ რამე სხვა) და, რასაკვირველია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას,თუ ვინ არის ეს რობერტი და რა ჰქვია მის ძმებსა და დას. აქ მთავარია, ისწავლო სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირების წესი, ზმნის საჭირო პირში ხმარება და ასე შემდეგ. ჩემი მთავარი ამოცანაც ეს იყო - შემედგინა გრამატიკულად სწორი წინადადება. რამდენად ზუსტად  იყო არჩეული სიტყვები, რამდენად ეთანხმებოდა მათი კონოტაციები იმ აზრს, რომლის ფორმულირებასაც ვცდილობდი - ამაზე ფიქრიც კი მიჭირდა.

მას შემდეგ ნახევარმა საუკუნემ განვლო. ამ წლების განმავლობაში ჩემი „მარსიანელი“ სტუდენტები სავსებით ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანებად- ბიჭებად და გოგონებად გადაიქცნენ. კარგა ხანია პენსიაზე ვარ გასული, მაგრამ ბევრ მათგანს ახლაც ვახსოვარ და მწერენ თავიანთ ამბებს, იხსენებენ ჩემს ლექციებს, მიამბობენ თავიანთი საქმიანობის შესახებ. როცა მათ პასუხს ვუგზავნი, უკვე აღარ ვფურცლავ ლექსიკონს აკანკალებული თითებით, აღარ ვეძებ საჭირო სიტყვებს ამა თუ იმ აზრის გამოსათქმელად. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხში თუ - არა.

უბედურება ის არის, რომ ჩემთვის დღეს ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი სწორედ მარსიანელთა ტომივითაა. ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, თანაც იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, თუმცა, რასაკვირველია, რამდენიმე ათეული წლის განსხვავებით. ბევრი რამ უნდა გვქონდეს საერთო. მაგრამ ვუსმენ, ან ვუყურებ მათ და ასე მგონია მათთვის ჩემი სიტყვები ისეთივე ცარიელი და კონოტაციებს მოკლებულია, როგორიც - „ლიბრევილი გაბონის დედაქალაქია.“  მე არ ვიცი, ვინ არიან ისინი, რა აინტერესებთ, რა აწუხებთ, რაზე ოცნებობენ. როგორ აღიქვამენ ქართულ ენას - როგორც მშობლიურს თუ, უბრალოდ, როგორც ურთიერთობის საშუალებას... საერთოდ, ეს სიტყვა - „მშობლიური“ - მისაღებია მათთვის თუ ეს სენტიმენტალური, დრომოჭმული და შინაგან აზრს მოკლებული ლექსიკური ერთეულია?

რასაკვირველია, ერთგვარი გაუცხოება თაობებს შორის ჩვეულებრივი რამ არის, მოხუცები ყოველთვის ვერ ნახულობენ საერთო ენას ახალგაზრდებთან. მაგრამ მე ასე მგონია, ჩემთვის ეს გაუცხოება უფრო ღრმა, უფრო გარდულახავი და უფრო მტკივნეულია. არადა როგორ მინდა ვიცოდე, ვინ არიან, რანი არიან, რა სურთ, რაზე დარდობენ და რას ნატრულობენ ისინი. არის მათთვის საქართველო სამშობლო, თუ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან, რომ აქ ცხოვრება ნაკლებად კომფორტულია? 
როგორ მინდა ვიცოდე...

პ.ს. ეს სტატია თებერვლის ბოლო დღეებში დაიწერა. 7-9 მარტის მოვლენების შემხედ­ვარემ, ავტორმა სოციალურ ქსელში ეს სიტყვები დაწერა: „ამ უკანასკნელმა დღეებმა პასუხი გასცა ჩემს სიტყვებს. მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი! მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემო საყვარელო, ლამაზო, ჭკვიანო ბიჭებო და გოგონებო, ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო. საქართველო თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა დაიცვათ ის ბარბაროსებისა და კრემლის ხელქვეითებისგან. უნდა გაიმარჯვოთ!“

Articles

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here