Author : David Bukhrikidze
ცოტა შორიდან მოვუაროთ, ბედკრულ აწმყოში, ანუ შინ მშვიდობით რომ დავბრუნდეთ. აბა, ომი ხომ არ გვინდა?!..
ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2018 წელს, როდესაც პოლიტიკური სიშლეგისა თუ დიქტატურის კონტურები ჩვენს თანამოქალაქეებს მკრთალი ან პასტელური ეჩვენებოდათ, ახალი დროის კულტურასთან შეჯვარებულმა საბჭოთა ინტელიგენციამ (უფრო ზუსტად, მისმა რამდენიმე წარმომადგენელმა), საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართა. ამ წერილის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ საქართველოს პროდასავლურმა პოლიტიკამ და მიზანმა - გახდეს ის ნატო-ს წევრი, ქვეყანას რუსეთთან გამოწვევები და დიდი პრობლემები შეუქმნა; რომ საბჭოთა სინამდვილეში საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკას წარმოადგენდა, მისი ხალხი მდიდარი იყო და მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა. ხოლო პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისაკენ „გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა; შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება. ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა“.
შემდგომი პასაჟი და ქვეყნის ბედით „შეშფოთება“ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს ეხება: „მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის დიდი იმედგაცრუება, რომ გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის ომის გამოცდილება. სამხედრო ალიანსის წევრობა, პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, მაშინ საინტერესოა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს“.
უცნაურია, მაგრამ 2023 წელს, წერილისა თუ განცხადების დაწერიდან ხუთი წლის შემდეგ, რობიკო-დოლიძე-ჯაველიძე-ამაშუკელის ეს ინტონაციები (ისინი ხელმომწერთა მთავარ „დამრტყმელ ძალას“ წარმოადგენდნენ), გაცილებით მწარედ, დამცინავად და წინასწარმეტყველურად აღიქმება დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში. სინამდვილეში, მთელი ამ წლების განმავლობაში ანტიდასავლური პროპაგანდა და სკეფსისი სწორედ ფსევდოავტორიტეტულ სახელებსა და საბჭოეთიდან გადმოყოლილ არტისტულ ელიტას ეყრდნობოდა.
შეიძლება ითქვას, რომ „ჩაურეცხავი“ თავისუფლება ამ „ელიტამ“ სრულად აღიდგინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მასთან სინქრონულ, ანტიდასავლურ და „მშვიდ ცურვაში“, რისთვისაც, პერიოდულად, სოლოლაკის „შუშის სასახლიდან“ სათანადოდ იღებდა ჯილდოსაც და ინსტრუქციებსაც.
მმართველი პარტიის დღევანდელი, უკვე გაცხადებულად ნათელი, ანტიდასავლური პოლიტიკის გათვალისწინებით, 2018 წელს დაწერილი ელჩებისადმი მიმართვა უბრალოდ, „გეშტალტურ“ მთლიანობას ქმნის დღევანდელობასა და კულტურის პოლიტიკასთან, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკურ ვექტორს. თუმცა, ჰქონდა კი ამ ვექტორს რეალურად დასავლური მიმართულება მთელი ამ დროის განმავლობაში? განიხილებოდა ის „ოცნების“ მიერ ოდესმე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის სერიოზული ნაწილი?
დროის ქრონოლოგია ცხადად წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პირველ ეტაპზე პროდასავლურ ძალებთან დროებითი თამაშები მხოლოდ სიმულაკრი იყო. შემდგომში ფსევდოპატრიოტული მოწოდებების პარალელურად იწყება პოლიტიკის „დალაგება“ რუსეთთან, რაშიც რეანიმირებული ინტელიგენცია მას საჭირო პარტნიორობას უწევს, ხოლო ისეთი „წვრილმანები“, როგორებიცაა საყდრისის აფეთქება, დავით გარეჯის კომპლექსის ირგვლივ პროპაგანდისტული ისტერია და ორი უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება, ან გელათის სარესტავრაციო სამუშაოების სრული კატასტროფა, კულტურასა და სახელმწიფოს შორის შეხმატკბილებულ ურთიერთობას ხელს ვერ უშლის.
ფაქტობრივად, „ოცნებამ“ თავისი მოსვლა-დამკვიდრებით გააცოცხლა შევარდნაძის ეპოქის ინტელიგენცია, რომელიც 2012 წლამდე თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა. კომუნისტური რეჟიმის შემდეგ რეანიმირებულ ინტელიგენციას ივანიშვილმა თავისი დიფერენცირებული „კარმუშკებით“ კიდევ ერთხელ მისცა შანსი (გავიხსენოთ გურანდა გაბუნიას საკრალური ფრაზა - „და ამ დროს, ღმერთმა გვესროლა ბიძინა“). მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჭარმაგი და ხშირად დეკორაციული ფუნქციის მქონე ინტელიგენცია ყოველთვის იმას ასრულებდა, რაც „მამას სურდა“, აუცილებელი გახდა მისი ჩანაცვლება ახალი თაობის კულტმუშაკებით.
ჰოდა, კულტურას მოევლინა გვიანი ქოციანობის ხანის ახალი მინისტრი - თეა წულუკიანი, იუსტიციის სამინისტროდან წამოყოლილი სუს-ის კადრებით, რომლებიც მან მოადგილეებად აქცია. თუ რამე ჯერ კიდევ არსებობის კრიტიკულ ან შემაშფოთებელ ფაზაში იყო, წულუკიანმა ეს ყოველივე შთამბეჭდავ ნანგრევებად აქცია - დაწყებული კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლებით, დამთავრებული ეროვნული გალერეიდან თუ მუზეუმებიდან პროფესიონალების გათავისუფლებით. ცალკე მსჯელობის საგანია გელათის რესტავრაციის დანაშაულებრივი პროცესი, რომელსაც აქ არ შევეხებით.
ამასობაში უკვე ჩამოყალიბდა ინტელექტუალთა და არტისტთა ახალი თაობა, თუმცა ის მაინც ვერ იქცა გავლენის სუბიექტად, რადგან თითქოს ცალკე დარჩა, მოუხელთებელი, განდგომილი და იდეოლოგიურად დანაწევრებული. ხელისუფლებას მასთან ფლირტი არც ჭირდება, რადგან არტისტების ახალი თაობა, რომელმაც უკვე დასავლეთში მიიღო განათლება, ისედაც განდგომილია ან კრიტიკულად დაპირისპირებულია მასთან. ეს დისტანცია და გაუცხოება, ცხადია, ქმნის გარკვეულ პრობლემას, მაგრამ არა იმდენად დრამატულს, რომ ახალმა თაობამ მკვეთრი გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანი გამოცდილება „ქართული ოცნებისთვის“ რეფლექსიის მიზეზი ვერანაირად გახდებოდა, რადგან კულტურის პოლიტიკა (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო) პირველ ყოვლისა, გულისხმობს განჭვრეტას, სტრატეგიის შექმნას, სააზროვნო სივრცის გაჩენას, განსხვავებული სააზროვნო ველების დაახლოებას, დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრობლობის პოლიტიკას... ეს ყველაფერი კი ოდიოზურ-კლანური გავლენების მქონე ჯგუფების ხელში, რომელთაც ფორმალურად მაინც ხელისუფლება ეწოდებათ, სრულიად გამორიცხულია.
მოთვინიერებული ან რეჟიმის მიერ პირდაპირ მოსყიდული ხელოვანების ჯგუფები, რომლებსაც ზრდილობისთვის დღეს მაინც ინტელიგენციას უწოდებენ, საკუთარი ავტონომიური რეჟიმით ცხოვრობენ და პირდაპირ მიბმული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის წყალობაზე. ცხადია, ასეთი ინტელიგენცია ვერც კულტურის პოლიტიკას გააპროტესტებს და ვერც „აგენტების გამოვლენაზე“ სახელდახელოდ შეთითხნილ კანონს.
გამრჯე და თვინიერი ინტელიგენციის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საკუთარი წყნარი ცხოვრებითაა დაკავებული, „მშვიდი ცურვით“, რომელსაც გარანტად ჯერ მილიარდერის ფული მოსდევს და შემდეგ - წულუკიანის სამინისტროს შეუვალი ჯებირები. არარობიკოებისთვის, უცხოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, აქა-იქ შემორჩენილი რეფორმატორებისთვის ეს სივრცე ჩაკეტილია. ის კიდევ უფრო ჩაიკეტება მაშინ, თუ „უცხოეთის გავლენის აგენტებს“ უკვე საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით და „კანონიერად“ გამოავლენენ. მით უმეტეს, ამის მაგალითები უხვად გვაქვს ისტორიაში: დახვრეტილი, გადასახლებული, შეჩვენებული, გაძევებული, „მტრის შვილებად“ შერაცხული მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, დირიჟორები, მსახიობები...
ქართველი საზოგადოების არა მხოლოდ კულტურული და ინტელექტუალური ნაწილი, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ სიშლეგესთან პირისპირ აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ ის ფაზაა, როცა ხელისუფლება კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებასთან დაპირისპირებულია, მაგრამ არა საბედისწეროდ. ამდენად, მისი ვალია მოქალაქეებს, რომლებსაც დასავლური განვითარება და მომავალი სურთ, აუხნას რატომაა ეს მავნე და აბსურდული კანონი გეოპოლიტიკურად რუსული სამყაროს ნაწილი და მისი ეგზისტენციის გამოძახილი.
თუ მშვიდობა გვსურს, თუ განვითარებას ვირჩევთ, უნდა ვემზადოთ ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლისთვის, ხოლო მშვიდი ცურვის მღელვარე გაკვეთილები წარსულს ჩავაბაროთ. წესიერი და გამართული კულტურული ინსტიტუციები რომ გვქონდეს, საჭიროა, ჯერ წესიერი მთავრობა, წესიერი კანონმდებლები და დამოუკიდებელი სასამართლო ავირჩიოთ. ხომ გახსოვთ მითი, წინა ხელისუფლებას ახალი ქართველის ჯიში რომ გამოჰყავდა? ჰოდა, სწორედ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩვენგან სოსო პავლიაშვილები, ქეთა თოფურიები და სხვა ამდაგვარები არ გამოიყვანოს, საჭიროა სრული კონსოლიდაცია და მოქმედება.