Rubric: Common sense

Journal Number 3




გვეშველება რამე?

Author : Gia Japaridze 

გვეშველება რამე? - ეს ორსიტყვიანი წინადადება, მგონი, ყველაზე პოპულარულ და  უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კრიზისს შეჭიდებულ საქართველოში, შეიძლება ითქვას, ირონიანარევ ფრთიან ფრაზად იქცა. კითხვა რიტორიკული გახდა, მასზე პასუხი თან არსებობს და თან აღარც მოითხოვება.

სანამ კითხვაზე პასუხის ძებნას დავიწყებდეთ, კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ - რა გვჭირს? თუ არ დავადგინეთ, რა გვჭირს და რატომ ვართ საშველი, პასუხის პოვნა გაძნელდება და მოჯადოებულ წრეზე კიდევ ბევრი წელი ვირბენთ „გვეშველება რამეს?“ ძახილით, ოღონდ ეს წრე შეიძლება მალე ჩვენი აღარ იყოს და, კარგ შემთხვევაში, დესუვერენულ ტერიტორიაზე დავრბოდეთ იმავე კითხვით. მოკლედ, დამოუკიდებლობა შეიძლება დავკარგოთ.

„რა გვჭირს?“ კითხვაზე პასუხს რამდენიმე შრე აქვს, თუმცა მიზეზები შეიძლება, ორ დიდ ნაწილად გამოვყოთ - პირველი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელმა გარე ფაქტორებმა გამოიწვია, და მეორე, რომლის სათავე ჩვენსავე თავში, ჩვენს სახელმწიფოშია, ჩვენ მიერვე თავსმოხვეული. თუ პირველზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება, გარე მიზეზებს ვერ შევცვლით და ვერც მათ დინამიკაზე მოვახ­-დენთ არსებით გავლენას, მეორეს აღმოფხვრა და მათზე პასუხი სრულად ჩვენს ხელთაა. საქართველოს პრობლემების მხოლოდ ხელისუფლებებზე აკიდება არ გამოვა, რაც გვჭირს, იმაში ბრალეულობა, სულ მცირე, თანაბრად უნდა გადანაწილ­დეს საქართველოს მოქალაქეებსა და ძველ თუ მოქმედ ხელისუფლებებზე. ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები ხომ საზოგადოების მეტ-ნაკლებად ზუსტი ანარეკლია. სახელმწიფოებს ისეთი მმართველები ჰყავთ, როგორებსაც იქ მცხოვრები ხალხი იმსახურებს.

პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ან მკვდარია, ან სულს ღაფავს. საქართველოში ავტორიტარიზმის ისეთი ფორმა დამკვიდრდა, რომელიც საპარლამენტო დემოკრატიის ყველა მახასიათებელს გულისხმობს, გარდა ერთისა  - პოლიტიკური კონკურენცია დაუშვებელია, ის მხოლოდ ფასადურია, მმართველს ძალაუფლებაში არავინ უნდა შეეცილოს. ეს შემთხვევა არაა ავტორიტარიზმის კლასიკური დეფინიციის არცერთი ვარიანტი, ქართული ავტორიტარიზმი უფრო რბილი და მოქნილია, ყველაფერი დაშვებულია წითელ ხაზამდე, წითელი ხაზი კი პოლიტიკაში მონაწილეობაზე გადის - აკეთე, რაც გინდა, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობა, რაც ძალაუფლების მოპოვებაში კონკურენციასაც გულისხმობს, მხოლოდ  „ზემოდან“ შეიძლება იყოს სანქცირებული. ეს „ზემოთ“ კი ორთავიანი მონსტრია (რუსეთთან ყოველგვარი ალუზიის გარეშე): ძალაუფლების ორ წვერს იყოფს ბიძინა ივანიშვილი და საპატრიარქო. ამ არაჯანსაღი მდგომარეობის მიზეზი არაა მხოლოდ ხელისუფლება, თოკს ორი ბოლო აქვს და თუ მის ერთ თავში შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავ ხელისუფლებას, მეორე თავში მზერის ოდნავი დაძაბვით ჩანს ქართველი საზოგადოება.

რეალიზმისა და პრაგმატიზმის ნაკლე­ბობა. საქართველოს მოქალაქეთა და პოლიტიკური ჯგუფების აბსოლუტური უმრავლესობა ღრმად განმსჭვალულია პოლიტიკური ინფანტილიზმისა და გულუბრყვილობის სენით. სასურველის შესაძლებლად წარმოდგენა არა მხოლოდ საყოველთაო სიყვარულის საგანია, არამედ ნებისმიერი მითითება პრაგმატული პოლიტიკის წარმოებაზე, წინა წლებში შექმნილი კლიშეების მიღმა აზროვნება-მსჯელობასა და რეალობის გათვალისწინებით შედეგზე გათვლილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე უარყოფილია, მეტიც, ქილიკის, სიძულვილის, ცილისწამების, ეჭვის, ღალატში ბრალის დადების და ა.შ. სამიზნე ხდება. პოლიტიკური ნაივობა აქ წესია, ხოლო პოლიტიკური პრაგმატიზმი - წესიდან გადახვევა. პოლიტიკურ პრაგმატიზმს პოპულიზმად, ამორალობადაც კი ნათლავენ, ამ დროს უფრო მეტი პოპულიზმი ნაივობით ინიღბება, ხანდახან პოპულიზმი იდეალიზმის ნიღაბს ეფექტურად ირგებს. იყიდება, გასდით და რატომაც არა.

რეალიზმისა და პრაგმატიზმის ნაკლებობას ბევრი რამ ასაზრდოებს, მათ შორის,  საბჭოთა წარსული, სახელმწიფოსა და ისტორიის ლეგენდების დონეზე ცოდნა-გააზრება, აკადემიური საქმიანობის დეფიციტი პოლიტიკის მეცნიერების სფეროში, პოლიტიკური ისტორიისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ანალიზისა და შეფასების არარსებობა და ა.შ.

ინფანტილიზმი ადვილია, პასუხისმგებლობებს არ მოითხოვს, ნათქვამ სიტყვასა და ჩადენილ საქციელზე პასუხს არავინ ითხოვს - პასუხის მომთხოვნიც პოლიტიკურ გულუბრყვილობაშია, ეგ მოსწონს და ამას ითხოვს. მიამიტურად შეიძლება გჯეროდეს, რომ რუსეთის იმპერია დაინგრევა, მაგრამ რეალისტები თუ ვიქნებით, რუსეთი ამ ეტაპზე მხოლოდ დასუსტდება და ეს საქართველოსთვის მხოლოდ ახალ შესაძლებლობას ნიშნავს, რომელიც პრაგმატულად უნდა გამოიყენოს, და არცერთ შემთხვევაში - გარანტირებულ წარმატებას (უკრაინის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს დეოკუპაციას). მიამიტურად შეიძლება გჯეროდეს, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელება ისე, რომ არ გაითვალისწინოს მეზობელი სახელმწიფოებისა და გლობალური ლიდერი ქვეყნების ინტერესები, მაგრამ რეალისტური იქნებოდა იმის გააზრება, რომ საქართველო მდებარეობს რუსეთ-თურქეთ-ირანის სამკუთხედში, სადაც სხვა უფრო დიდი და ძლიერი აქტორების ინტერესებიც ეცემა (აშშ, გერმანია, ჩინეთი), რაც თბილისის დამოუკიდებლად მოქმედების არეალს ავიწროებს და ჩვენ სულ მოგვიწევს საგარეო პოლიტიკის ფრთხილი შეზღუდვებით წარმოება, საქართველოს არჩევანი მეექვსე საუკუნის ცნობილი კრებიდან ფარტაძის არჩევანს ჰგავს - შეიძლება არ მოგწონდეს დასავლეთში დეტალები, მაგრამ სწორედ დასავლური ღირებულებათა სისტემა არის გადარჩენა და არა აიეტის არჩევანი იმავე კრებიდან, რომელიც უტყუარად მარცხის არჩევანია.

დემოკრატიის კონსოლიდაციის პრობლემა. საქართველოსთვის გადაულახავი კედელია დემოკრატიის კონსოლიდაციის პრობლემა, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ჩამოყალიბდა და დემოკრატიულ პროცესს არ აქვს შეუქცევადი განმტკიცების ხასიათი. უკანასკნელ პერიოდში საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიების ქვეყანათა ნუსხაში მოიხსენიება დიპლომატიური დელიკატურობით. ამის მიზეზი, ხელისუფალთა ნების ნაკლებობის გარდა, ისევ საბჭოთა წარსული, სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი ტრადიციის არარსებობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ნაკლებობაა. კონსოლიდირებული დემოკრატია იქ ფუნქციონირებს ეფექტურად, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს საშუალო ფენას, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც თავიანთი შემოსავლებით შეუძლიათ საცხოვრებლის და მანქანის საკუთარ მფლობელობაში ქონა, შვილების განათლებისა და ოჯახის წევრთა ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა, თვეში რამდენჯერმე რესტორანში კვება და წელიწადში ერთხელ საშუალო კურორტზე დასვენება, უნდა ქმნიდეს კრიტიკულ მასას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების შემოსავლის სიდიდე მინიმუმადე ამცირებს იმის შესაძლებლობას, მათ საარჩევნო ხმებს 50 ან 100 ლარად ვინმე დაეპატრონოს. ასეთი ადამიანების განათლება საბაზისო სტანდარტისაა ან მასზე მეტი, რაც, დიდი ალბათობით, გამორიცხავს მათ მდარე ხარისხის პროპაგანდის მსხვერპლად ქცევას.

აქ მივადექით სიღარიბისა და გაუნათლებლობის პრობლემას. სიღარიბე და გაუნათლებლობა არის არა მხოლოდ ნებისმიერი ხელისუფლების არსენალში არსებული საუკეთესო იარაღი, არამედ საქართველოსთან დაპირის­პირებული ნებისმიერი სახელმწიფოს ხელში საუკეთესო საშუალება, იყიდოს, დააშინოს ან მარტივად მოატყუოს ღარიბი და გაუნათლებელი მოსახლეობა. ყველაზე ადვილი ასეთი ადამიანების ცხოველური ინსტინქტებით, ეთნონაციონალისტური და რელიგიური გრძნობებით თამაში და მანიპულირებაა. ყველაზე ხშირად სწორედ საქართველოს ეს მოქალაქეები ხდებიან დეზინფორმაციის (რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების, ხანდახან ეს ორი ემთხვევა) იოლი მსხვერპლნი და საარჩევნო შანტაჟის, ძალადობისა და ხმების ყიდვა-გაყიდვის ობიექტები. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა აჩვენებს იდენტურ შედეგებს - გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს თვეში 1500 ლარის შემოსავლის ქვემოთ, თუ კიდევ უფრო ჩავშლით გამოკითხვის შედეგებს, ძალიან დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა შემოსავალი თვეში არ აღემატება 400 ლარს ან საერთოდ ნულის ტოლია. მოქალაქეთა ეს ნაწილი ხშირად არჩევნებს ელოდება, როგორც ფინანსური სარგებლის მომტანს; რაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილისთვის მანკიერი პრაქტიკაა, უშემოსავლო ან დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის კი – ყოველდღიური ყოფითი პრობლემებიდან მოკლევადიანი გამოსავალი. PISA-ს ავტორიტეტული კვლევის თანახმად, რომელიც მოსწავლეებს უტარდებათ, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში 150 სახელმწიფოს შორის საქართველო ბოლო ხუთეულშია. საქართველოს უნივერსიტეტები ყოველ წელს უშვებენ დიპლომიანი უმუშევრების რამდენიმეათასიან არმიას, რომლის ნაწილიც შემდეგ ევროპის ქვეყნებში დაბალანაზღაურებადი სამსახურის თუ პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა გრძელ რიგს უერთდება, ან მექსიკა-აშშ საზღვარზე დგას უკეთესი ბედის ძიების რიგში. ვინც ვერ ან არ მიდის, რჩება დიპლომით, მაგრამ, რეალური განათლებისა და უნარების გარეშე, სიღარიბის მძევლად. ამას ემატება საბჭოთა (ხშირად ნაყიდი) დიპლომებით შეიარაღებული თაობა, რომლის პოსტსაბჭოთა რეალობასთან ადაპტირება ვერ შედგა. მსგავსი განათლების და უნარების მოქალაქეებზე მარტივად მოქმედებს პროპაგანდა, ისინი იჯერებენ ნებისმიერ დეზინფორმაციას, მეტიც, განათლების ასეთი სისტემის შენარჩუნება ნიშნავს ყველა მიმართულებით კომპეტენტური კადრების უქონლობას - ოფიცერი ვერ წაიკითხავს სამხედრო რუკას, ინჟინერი ვერ ააშენებს უსაფრთხო ნაგებობას თუ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, პოლიტიკოსები ვერ მართავენ ეფექტურად და ა.შ. ნებისმიერი სახელმწიფო, მით უმეტეს, ფუნქციონირებადი კონსოლიდირებული დემოკრატია, ეფუძნება საზოგადოებაში არსებულ „საღ აზრს“. სიღარიბე, განათლების ნაკლებობა და საშუალო ფენის სიმცირე მიზეზებია დემოკრატიისთვის აუცილებელი მოქალაქეთა კრიტიკული მასის შესაქმნელად. განათლებისა და სიღარიბის პრობლემა მოკლევადიან რეცეპტებს არ ექვემდებარება, მაგრამ მათ მოგვარებაზე ზრუნვის დაწყება მხოლოდ ხელისუფალთა პოლიტიკური ნების საკითხია. იმ სახელმწიფოში, სადაც მოსწავლეთა და სტუდენტთა უმრავლესობას არ აქვს ადამიანის ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვების მიღების შესაძლებლობა, შეუძლებელია კრიტიკული მასა ჩამო­ყალიბდეს, დემოკრატია კი მის გარეშე დემოკრატიის კარიკატურას, ოხლო­კრატიას ან „დემოკრატიულ“ ავტორიტარიზმს დაემსგავსება.

სიღარიბე და ეკონომიკური პრობლემები (უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, ინფლაცია) ბოლო წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა გამო­კითხვაში მოქალაქეთა მიერ პრიორიტეტულ საკითხებში სახელდება. უცნაურია, მაგრამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს სოციალ-ეკონომიკური პრობლემები დღის წესრიგში არ აქვთ. პარტიებად თვითდეკლარილებულ პოლი­ტიკურ ჯგუფებს დაკარგული აქვთ კონტაქტი მოქალაქეებთან, ისინი ვერ გამოხატავენ და არ წარმოადგენენ მოქალაქეებს. წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არსე­­ბობს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის გარეშე. აქ პოლიტიკური პარტიების პრობლემას მივადექით. სამეცნიერო განმარტებით, პარტია არის ძალაუფლების მოსაპოვებლად გაერთიანებული ერთისა და იმავე იდეოლოგიის მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა. ლიბერალურ დემოკრატიებში პარტიებს აქვთ შიდაპარტიული დემოკრატია, რაც გულისხმობს პარტიის მუშაობაში წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფას შესაბამისი პროცედურებისა და მექა­­­ნიზმების საშუალებით. საქართველოს შემთხვევაში კლასიკური დეფინიციით პარტიები არ არსებობს. აქ უფრო იდეოლოგიის არმქონე ის ოპორტუნისტული პოლიტიკური ჯგუფებია შეკრებილი ერთი ლიდერის გარშემო, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ უარყოფს, რომ ძალაუფლებისთვის იბრძვის და პოლიტიკაში საკუთარ მრავალწლიან ყოფნას „ხალხზე ზრუნვითა“ და მორალური მოთხოვნი­ლებით ამართლებს. ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არ არსებობს თემატური ოპონირება. ამ დროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილები­დან დაწყებული, ეკონომიკური სიდუხჭირითა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით დამთავრებული თემების ისეთი სიმრავლეა, როგორიც ალბათ არსად სხვა საპარლამენტო დემოკრატიებში. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ან არ უნდათ, ან არ შეუძლიათ თემატური ოპონირება, პერმანენტული პროტესტი, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი, ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი იმედის მუდმივი მიცემა და ა.შ. ვერ ქმნის დემოკრატიულ პროცესს.  

აქ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმის, თუ „რა გვჭირს“. ნუსხა უფრო გრძელია და მათზე მოკლე წერაც კი სტატიის ფორმატს სცდება. ეს ფუნდამენტური საკითხები გრძელვადიან პერსპექტივაში რომ გადაწყდეს, მყისიერ რეაქციას მოითხოვს საქართველოს ყველა მოქალაქისგან, თუ გვინდა, რომ ერთ დღეს დესუვერენულ ტერიტორიაზე არ გავიღვიძოთ.

Articles

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here