Author : Keti Kurdovanidze
ზუსტად ერთი საუკუნე გვაშორებს იმ დროს, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა თავისი საეტაპო რომანი „ჯაყოს ხიზნები“, რომელიც, ილიას „კაცია ადამიანის“ მსგავსად, ეპოქის დოკუმენტად იქცა. რა დაგვემართა, რატომ დავსნეულდით და როგორ უნდა გამოვჯანსაღდეთ - სწორედ ამაზე მიგვითითებდა ორივე მწერალი - ერთი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი ქართველი ბოლშევიკების მიერ მოკლული, მეორე კი მათივე ნაწამები და დახვრეტილი. ასეთი სასტიკი განაჩენიც ხომ სწორედ ამ ტექსტების ეპოქალური მნიშვნელობის გამო გამოუტანეს. ორივე მწერალი ამ ჩვენი სნეულების მიზეზს სწორედ კულტურულ და ანთროპოლოგიურ დეგრადაციას უკავშირებდა. მართლაც, პიროვნებათა სოციალურმა მარგინალობამ, ტრადიციული პრაქტიკული და კულტურული ცხოვრების წესის დაკარგვამ განაპირობა სოციალური ერთობის კრიზისი და საბოლოოდ ჩამოშლა, რადგან ინდივიდის კულტურა მჭიდროდ უკავშირდება მისი იდენტობის გრძნობასა და საზოგადოებისადმი კუთვნილებას. ამიტომაც აღნიშნა ილიამ, მე „საზოგადო ჭირზე“ ვწერო.
ვერც ლუარსაბ თათქარიძე და ვერც თეიმურაზ ხევისთავი ვერ ახერხებენ დროსთან ადაპტირებას, მოწყვეტილნი არიან წარსულის სოციალურ-კულტურულ სისტემას და უჭირთ არსებულის გააზრება. ამის მიუხედავად, ამ ორი პერსონაჟის კულტურული ანთროპოლოგია სრულიად განსხვავებულია: ლუარსაბს არა აქვს თვითრეფლექსია, რისი მიზეზიც მისი გაუნათლებლობა, მითოლოგიური აზროვნება და სოციალური უპასუხისმგებლობაა. ამიტომაც მისგან მხოლოდ ანთროპოლოგიური ნაგავი რჩება. თეიმურაზი კი დიდი ტანჯვით, მაგრამ მაინც ახერხებს თვითიდენტიფიკაციას, წარსულის გააზრებასა და რწმენის დაბრუნებას. მასში ახალი ადამიანი იბადება, რადგან მისი პრობლემა არც განათლებაა და არც სოციალური უპასუხისმგებლობა, უბრალოდ, თეიმურაზმა უნდა ისწავლოს ამ ცოდნის გაცოცხლება და გამოყენება.
სწორედ ამ ორი პერსონაჟის ერთობლიობის ანარეკლია პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოებრივი კაპიტალი, 90-იანი წლები, როდესაც ახალი პოლიტიკურ-კულტურული რეალობა ყველასთვის ერთნაირ გამოწვევად იქცა. ვინ აირჩია ლუარსაბობა და ვინ - თეიმურაზობა, ეს თვალნათლივ სულ რაღაც ერთ წელიწადში გამოჩდა. ვინ იგრძნო სოციალური პასუხისმგებლობა და ვინ შეუერთდა ოკუპანტი ქვეყნისგან თავსმოხვეულ კულტურულ გენოციდს, რომელმაც სასოწარკვეთა, ნიჰილიზმი, პოლარიზაცია და ფრუსტრაცია, საბოლოოდ კი, კოლაფსი გამოიწვია.
ფასეულობათა ჩამოშლა და დეგრადაცია დაედო საფუძვლად ახალი საუკუნის ახალ გამოწვევებს. და მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ტექნოლოგიური პროგრესის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა, საქართველოს მოსახლეობა პალეოლითის ხანის ნეანდერტალელივით ქუჩაში დანთებულ კოცონს ეფიცხებოდა. ვისი ბრალი იყო ეს - ლუარსაბობის თუ თეიმურაზობის? ალბათ ორივესი ერთად, რადგან ტოტალიტარული რეჟიმების მოკავშირეები მხოლოდ ჯაყოები არ არიან, მეტიც, ყველაზე დიდი მოკავშირე სწორედ ლუარსაბობა და თეიმურაზობაა - ლუარსაბობა, რომელიც სტაგნაციას ნიშნავს, თეიმურაზობა კი - კულტურულ დეგრადაციას, რომელიც ამ სტაგნაციას ეგუება და ასპარეზს ჯაყოებს უთმობს. ეს კვებავს, აძლიერებს და ამტკიცებს სისტემას, რომლის მექანიზმიც სწორედ ასეთ სანატრელ პირობებში მუშაობს გამართულად და ხანგრძლივად. ჯაყოების არსებობას განაპირობებენ ცოცხალმკვდარი ლუარსაბები და თეიმურაზები, რადგან რაღაც ხომ მაინც უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი და, სამწუხაროდ, ამ სიცოცხლისუნარიანობას სწორედ კოლაბორაციონიზმი და მედროვეობა განაპირობებს, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი სიამოვნებას ეძლევა, მეორე კი - კაპიტულაციას აცხადებს.
დრო მიდის და არავის ელოდება, ამიტომაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რას ითხოვს ის ჩვენგან. „დროის საჭიროების“ ცოდნა მიაჩნდა ილიას მძიმე ისტორიის მქონე ამ პატარა ერის გადარჩენის საიდუმლოდ, რადგან სწორედ ამ საჭიროებათა ვერგაგება განაპირობებს ლუარსაბისა და თეიმურაზის პრობლემებსაც.
როდის იწყება ლუარსაბის კრიზისი? სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამცრობილი უნარები, შეზღუდული გონება და ინფანტილიზმი ვერ უმკლავდება რეალობას - დიდ ტყუილსა და ღალატს, როდესაც მზეთუნახავის ნაცვლად მახინჯ ცოლს შემოასაღებენ. ამ სოციალური მარცხის შემდეგ ის, ქართველი ამომრჩეველივით, ცდილობს, სწორედ იმავე ადამიანში იპოვოს მეგობარი და გულშემატკივარი, რომელმაც პირველად გაუცრუა ყმაწვილური იმედი. აქედან იწყება კონფორმიზმი და შეგუება, მეტიც, საკუთარი ოცნებების ადაპტაცია იმ მოცემულობასთან, რომელიც ძალადობით შეაჩეჩეს. მერე კი ამას ისე ეჩვევა, რომ კმაყოფილი და ბედნიერიც კია. თუმცა ეს ფაქტი მაინც საბედისწერო დაღს ასვამს მის ცხოვრებას, ის უარს ამბობს, შეასრულოს თავისი სოციალური ფუნქციები იმ საზოგადოების სასარგებლოდ, რომელმაც გააცურა და ირჩევს სხვა გზას - მოიხმაროს თავისი ქონება საკუთარი სიამოვნებისთვის ისე, როგორც ეს სიამოვნება თავად ესმის, განსაზღვროს ის ეგზისტენციალური საფრთხეები, რომლებიც ახლა უკვე მისი ძალებით დამყარებულ „იდილიას“ ემუქრება. ესენია: სწავლა-განათლება, წიგნი, სკოლები, ახალი დროების დადგომა, ღვთის რისხვა, უმემკვიდროდ დარჩენილი ლუარსაბის ავლადიდების მოთვალთვალე, მტრის ხატად ქცეული ძმა.
როგორ იქარწყლებს დარდსა და შიშს ლუარსაბი, როგორ ცდილობს ამ კრიზისიდან თავის დაღწევას? ის დარეჯანს ესაუბრება ამ შიშსა და საფრთხეებზე, დისკუსიას მართავს, უზიარებს თავის მსგავსს, თავის ტოლსა და სწორს, თავისი უბედურების მიზეზს. და ყველა ჯერზე ესმის მისგან სანუგეშო სიტყვები და სანუკვარი დაპირება, რომ მალე შვილი ეყოლებათ დავითის ჯინაზე, იმ დავითისა, რომელიც მათი ცხოვრების დილემად იქცა. სწორედ ეს დაპირებები და ნუგეში, ბრიყვული თავის მოტყუება და ილუზიები ლეგიტიმაციაა იმ „არაფრობისა“, რომელიც ლუარსაბმა შექმნა, ხოლო დარეჯანი - მთელი ამ პირუტყვული ყოფის ნარატორი და ინსპირატორი. კვდება დარეჯანი და კვდება ლუარსაბიც, რადგან მისი არსებობის მიზეზი გაქრა. დარეჯანის სიკვდილით, ახლა უკვე „ლუარსაბობა“ კარგავს თავის საყრდენს.
სულ სხვაგვარად ვითარდება თეიმურაზის თავგადასავალი. მისი იდენტობის კრიზისი დროსთან ადაპტირების პროცესში იჩენს თავს. ნათავადარი, ნაადვოკატარი, ნაკაცარი, ნაცოლარი, ნახიზნარი და თავად ნაშინდარიც მიგვანიშნებს, რომ თეიმურაზი მოწყვეტილია წარსულის კონტექსტს, კულტურულ მეხსიერებას. მას არ აქვს დასაყრდენი, რომელიც გახდება იდენტიფიკაციის ამოსავალი წერტილი, თანაც გარემო, რომელშიც ცხოვრობს, არამდგრადია და მიდრეკილია დაშლისკენ, დეკონსტრუქციისკენ, რასაც მოჰყვება იდეების, მნიშვნელობების, მორალისა და ღირებულებების ქრობა. თეიმურაზის დეპერსონალიზაცია იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ აღიქვამს რეალური სამყაროს ობიექტურობას და საკუთარ სტატუსს ამ რეალობაში. მას აღარ აქვს არც მკაფიო თვითშეგნება და არც მკაფიო თვითშემეცნების უნარი, ერთგვარად ემსაგავსება პოსტმოდერნისტული ნარატივის ფიქციურ სუბიექტს - „ჩრჩილს“, რომლის ცხოვრების მთლიანობა, ორგანიზებულობა, სისტემური ბუნება დარღვეულია, ხოლო პირადი, ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტი - უფუნქციო. ყოველდღიურ ყოფაში ის ფუნდამენტური, აბსოლუტური გაუცხოების მდგომარეობაშია, რადგან ახალ დროებას მოუმზადებელი ხვდება. მას არც ცოდნა აკლია, არც განათლება და არც სოციალური აქტივობა, მაგრამ არა აქვს დროის გამოწვევებთან გამკლავების უნარები, მას არ შეუძლია ახალი ნარატივის შექმნა და ამაზე მისი ენაბლუობაც მეტყველებს. თანაც არსებობს ობიექტური გარემოებებიც - მისი ისტორიული მამული ოკუპირებულია, პირადი სივრცე კი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, ასე აღმოჩნდება ერთ ოთახში თავის ერთადერთ მეგობართან, თავის ცოლთან და ღირსებასთან, რომელიც მის ცოდნასთან ერთად დიდი ხანია უფუნქციოა. ეს ყოველივე შეუძლებელს ხდის ხევისთავის პერსონალიზაციას ჯაყოს მიერ შემოთავაზებულ გარემოში. ოკუპირებულია არა მხოლოდ მატერიალური კულტურა, არამედ თეიმურაზის პირადი სივრცე - კულტურული კუთვნილება, ცნობიერება, თვითშეგნება და თვით ფასეულობებიც. თეიმურაზი კი თავისი ბეცი თვალებით ვერ ხედავს, რა საფრთხეს უქმნის მის ღირსებას, მამულს, მემკვიდრეობას ჯაყოსთვის მინიჭებული პრეფერენციები.
ახალი რეალობის წინააღმდეგობრივი ხასიათი, კულტურული კონსტრუქტების რღვევა, მეტიც, ანთროპოლოგიური კრიზისი იწვევს თეიმურაზის, როგორც ადამიანის „ხატების“ გაქრობას. რატომ ამბობს ის უარს თავის შესაძლებლობებზე, რატომ ეძლევა აპათიას, რატომ კარგავს რწმენას, რატომ ცდილობს თვითმკვლელობას, იმიტომ, რომ სწორედ ეს „განსაკუთრებულობის“ განცდა უშლის ხელს, ინტეგრირდეს რეალობასთან - უარს ამბობს, სკოლაში იმუშაოს, სამაგიეროდ, ჯაყოს დუქანში ყოფნა არ ეთაკილება, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვს იმას ვერ ასწავლის, რაც თვითონ არ სწამს, და მართალიცაა. ამიტომაა ასეთი ქაოსური და ფრაგმენტული თეიმურაზის ნაშინდარული ოდისეა.
უკიდურესი დაცემის, ტანჯვისა და სასოწარკვეთის კვალად, ჯაყოს ხიზანი თანდათან იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მის ქონებას, სინდისს, წარსულსა და მომავალს დაპატრონებული ეს ველური მხეცი თვითონ შექმნა, რომ დამნაშავეა მარგოს წინაშე, რადგან სწორედ მან გადაულოცა ჯაყოს მარგო, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობს ჯაყოს გამოლამაზებას - ასწავლის წერ-კითხვას, ჩაცმა-დახურვას, დაბანა-დავარცხნას, რათა ამ ცხოველს კულტურული კონტექსტი შესძინოს და ამით გაამართლოს მასთან თანაცხოვრება.
თეიმურაზის თვითრეფლექსია, თვითჩაღრმავება იმის გააზრებით იწყება, რომ მას, როგორც ადამიანს, და მარგოს, როგორც მის კულტურულ კუთვნილებას, საფრთხე ემუქრებათ, საფრთხე, რომელიც რევოლუციამ მოიტანა, იმ რევოლუციამ, რომელიც განვითარების დიალექტიკურ კანონებს ეწინააღმდეგება და გარდაუვალ აუცილებლობათა შედეგია. ამიტომაა, რომ სადაც რევოლუცია ხდება, იქ კულტურისთვის აღარ რჩება ადგილი და ის კნინდება ან პასიურ მეხსიერებაში გადადის, რადგან კულტურული რელატივიზმის თანახმად, კულტურები ვითარდებიან ისტორიული გარემოებების მიხედვით და არა წრფივი პროგრესიით „პრიმიტიულიდან“.
თეიმურაზი ხვდება, რომ საჭიროა პასიური მეხსიერების გააქტიურება, მისთვის ფუნქციის მინიჭება, კომუნიკაციურ მეხსიერებად ქცევა, ამიტომაც მარგოს დაბრუნებაზე კონცენტრირება, სოციალურადაც გააქტიურება, ცოდნისა და მეხსიერების გამთლიანება ნახიზნარს აგრძნობინებს, რომ სამუდამოდ მოიშორა ძაღლის ლეშის სუნი. ახლა ის ცოცხალია, ელოდება იმის დაბრუნებას, რაც ნებაყოფლობით ჩააბარა თავისსავე ველურ პირმშოს, რომლის სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ გარემოებები განაპირობებს, რადგან ჯაყო თავისთავად არ არსებობს, შესაბამისად, ვერც ვერაფერს შექმნის და ვერც კულტურად იქცევა. ამიტომაც ეშურება ჯივაშვილი, საკუთარ შვილს ხევისთავის გვარი მისცეს. ჯაყო მთვლემარე ეგზისტენციაა, რომელიც მაშინვე ფხიზლდება, როდესაც პერსონალური კულტურა დამცრობას იწყებს. ამიტომ მისი ყოფნა-არყოფნა ჩვენს სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ მოქმედებით, ბრძოლითა და გამძლეობით მიიღწევა.
ასეა დღესაც, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ძნელბედობის ჟამს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ ლოდინის დრო ამოგვეწურა.