რადიკალები, სატანისტები, გლობალური ომის პარტია და გეგმიური სიგიჟის პროპაგანდისტული შუქჩრდილები

Author : Zaza Bibilashvili 

2023 წლის მარტში ქართველმა ხალხმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დი­დი რუსული შეტევა მოიგერია. მოიგერია ბევრისთვის მოულოდნელად - ლა­ღად, სპონტანურად, მშვიდი გახელებით, გადამდები იდეალიზმითა და სა­კუთარ სიმართლეში დარწმუნებული ნაციის თავდაჯერებით... დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დაცვაში პირველად ჩაერთო უახლესი თაობა, ე.წ. GenZ, რომლისთვისაც თავისუფლება არა უბრალოდ არჩევანი, არამედ ერთადერთი ბუნებრივი მდგომარეობაა. ბევრის აზრით, სწორედ უფროსკლასელებისა და სტუდენტების უდრეკი პოზიცია გახდა გარდამტეხი მარტის მოვლენებისას.

რუსულ შეტევაში, ცხადია, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „აგენტების კანონს“ ვგულისხმობ, რასაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა. მიღების შემთხვევაში საქართველოზე რკინის ფარდა ჩამოეშვებოდა და ქვეყანა ევროკავშირის ასპირანტი წევრიდან რუსულ-ავტორიტარული ჭაობის რუხ ბინადრად გადაიქცეოდა. კანონი „უცხოური გავლენის აგენტად“ შერაცხავდა ყველას, ვისაც საქართველოს რუსული კლანჭებიდან დახსნა და დასავლური სამყაროს ნაწილად ქცევა დაუსახავს მიზნად. თან ამ იარლიყს სწორედ ისინი მოგვაკრავდნენ, ვინც - როგორც მარტის დღეებში გაცხადდა - შეგნებულად მოქმედებს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების რჩევების საწინააღმდეგოდ.

როგორ არ უნდა გაგახსენდეს, რომ 1920-იან წლებში რუსი ბოლშევიკები თა­ვისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს „დასავლური იმპერიალიზმის აგენტებს“ უწოდებნენ და სწორედ ამ ბრალდებით დევნიდნენ, აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ? 

მარტის მოვლენები ლუსტრაციისა და მორალური სიცხადის იშვიათ გაელვებად იქცა. სამწუხაროდ, ოდენ გაელვებად, რადგან ქართველებს მეხსიერება არ გვივარგა და საქმის ფიგურანტთა უმეტესობა რამდენიმე თვეში დაგვავიწყდება.

ამ პერიოდში დიდი ხნის ნანატრი ვინდიკაცია განიცადეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლების უკან იმთავითვე რუსულ ინტერესებს ხედავდნენ და რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველოს მეგობრებიც კი სკეპტიკურად უყურებდნენ, მიუხედავად უამრავი კითხვისა „ოცნების“ ერთი შეხედვით აუხსნელი ანტიდასავლური ქმედებების მიმართ...

გავიხსენოთ, რა უძღვოდა  ამ ყოველივეს:

თითქმის წელიწად-ნახევარია, საქართველო მუდმივი ფორსმაჟორის რეჟიმში ცხოვრობს. იტყვით, რა გასაკვირია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზეო, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ქართული ფორსმაჟორი თითქმის მთლიანად ეროვნული წარმოშობისაა. კოლექტიური შფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზები ხელოვნურადაა შექმნილი პროპაგანდის დიდოსტატების მიერ, რომელთა ადგილსამყოფელი შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, ხოლო გამხმოვანებლებს ყოველდღიურად ვხედავთ ეკრანზე.

ყოველთვის, როცა ვითარება ოდნავ მშვიდდება, საჯარო სივრცეში თითქოს არსაიდან ჩნდება თემა, რომელიც მყისიერ პოლარიზებას იწვევს და რომელსაც საზოგადოება ფსიქოლოგიური წონასწორობის ზონიდან გამოჰყავს. იმდენად ძლიერია ამგვარი ხელოვნური მეთოდებით გაღვივებული მასობრივი ფსიქოზი, რომ ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებსაც კი უჭირთ პოზიციის არდაფიქსირება, რითიც უნებლიეთ ერთვებიან უხილავი მტრის მიერ შემოთავაზებულ წამგებიან თამაშში.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური სპეცოპერაციებით მართვას 2012 წლიდან შევეჩვიეთ, 2022 წლის 24 თებერვალმა მაინც ლაკმუსის ქაღალდის ფუნქცია შეასრულა: პროცესები, რომლებიც მანამდე ფარულად წარიმართებოდა, უკრაინაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის შემდეგ ზედაპირზე ამოვიდა და გეომეტრიული პროგრესიით განვითარდა. ომის პირველივე დღიდან უმაღლესი სახელისუფლებო ტრიბუნებიდან გვესმოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „გამოსავალი არ არის“, რომ რუსეთის წინააღმდეგ „სანქციები არ მუშაობს“, რომ ომი მალე დასრულდება და ყველამ კარგად იცის, ვინ გაიმარჯვებს.

პარალელურად შეიქმნა ოლიგარქის ერთგვარი პირადი გვარდია, ე.წ. „ხალხის ძალა“, რომელიც ყველაზე უფრო შავრაზმული ანტიდასავლური მესიჯების გასავრცელებლად გამოიყენებოდა. ამ ძალისა და რამდენიმე სახელისუფლებო პროპაგანდისტის პირით ოლიგარქი გვეუბნებოდა, რომ შვეიცარიული ბანკები (რომლებთანაც ის კერძო ხასიათის ფინანსურ დავას აწარმოებდა) საკუთარი ქვეყნის საბანკო რეპუტაციას ანგრევენ, რომ ბანკების უკან ამერიკის საგარეო დაზვერვა დგას, რომ, თავის მხრივ, ამერიკას რამდენიმე ოჯახი აკონტროლებს, ხოლო თუ ბანკები მალე არ მოეგებიან გონს და ასობით მილიონ დოლარს არ გადაუხდიან მილიარდერს, მაშინ ოლიგარქის გვარდიელები იძულებული გახდებიან, ყველაფერს „ფარდა ახადონ“.  

პარადოქსია, მაგრამ ხელისუფლება, ერთი მხრივ, გვეუბნებოდა, რომ ოლიგარქი პოლიტიკიდან წასულია და საქვეყნო საქმეებში აღარ ერევა, მეორე მხრივ კი, ვხედავდით, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი სწორედ ერთი კერძო პირის სპიკერად იყო ქცეული, რასაც სახელმწიფო ინტერესები ეწირებოდა.

სამთავრობო მედიაში შეუნიღბავი ანტიდასავლური პროპაგანდა ნორმად იქცა. ნორმად იქცა შავრაზმულ-კონსპირაციული თეორიების უკუნი „ანდერგრაუნდიდან“ ამოთხრა და  უმაღლეს სახელმწიფო დონეზე წახალისება. ამ ფენომენის ყველაზე შემაშფოთებელი გამოვლინება ის აბსურდული ნარატივია, რომ თითქოს არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ლამობს და რომ ამ პარტიის ნაწილია პრაქტიკულად მთელი ევროპარლამენტი, ამერიკის სენატი, ბრიტანეთის ლორდთა პალატა და სხვა მრავალი, ვისაც აქამდე საქართველოს მეგობრებად ვიცნობდით.

ეს მესიჯები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის პირველი პირების მხრიდან მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში არაერთგზის ითქვა - ეს გზავნილი არა მხოლოდ სრული სიცრუე, არამედ „100%-ით რუსული დეზინფორმაციააო“. 

მარტში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ხოლო რიგმა ქვეყნებმა პუტინის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარეს. სწორედ ამ ტერორისტული რეჟიმის უმაღლესი თანამდებობის პირები და დუჟმორეული პროპაგანდისტები აქებენ ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლო დროს, იწონებენ მის საგარეო პოლიტიკას და დასავლეთის მიმართ რეზისტენტულობას, ნატრობენ - ნეტავ, ოდესღაც რუსულ ორბიტაზე მოდრეიფე სომხეთიც თქვენსავით ერთგული იყოს ჩვენიო.

2012 წელს რომ გეთქვა, 11 წლის შემდეგ საქართველოში ეს რეალობა იქნებაო, ალბათ, არავინ დაიჯერებდა. შეუძლებელია, ამგვარი რეალობა მხოლოდ იმით ავხსნათ, რომ ხელისუფლებას საკუთარი ხალხისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ამ რეალობის ავტორები მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახდენენ პოლიტიკის დევალვაციას. მათ შეგნებულად გამოჰყავთ წინა პლანზე პოლიტიკური კაპიტალის არმქონე მარგინალური ფიგურები და აღჭურვავენ მათ ძალაუფლების ნიშნებით. ისინი შეგნებულად აღვივებენ ადამიანების პრიმორდიალურ შიშებს, ტყუილსა და ცილისწამებაზე დაყრდნობით ქმნიან მტრის ხატს, რათა მასზე კაპიტალიზდნენ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ხარჯზე.

ის, რაც ბოლო დროს გამოვლინდა, მმართველი პარტიის „განსხვავებული აზრი“ არაა. ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული ანტიდასავლური ჯგუფების რიტორიკა ცივილიზებული პოლიტიკის და, შესაბამისად, კონცენციური კრიტიკის მიღმაა. მათი საქციელი პრინციპულად შეუთავსებელია იმ ევროპული ოჯახის ღირებულებთან, რომლისკენაც საქართველო მიილტვის. საკვანძო ნიუანსი ისაა, რომ ზუსტად ამის დემონსტრირებაა იმ ძალის მიზანი, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს „ოცნების“ სახელით.

ამ ფონზე, რუსული კანონის ინიცირება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. იმედის საფუძველს იძლევა ის, რომ რუსული კანონი ამ ეტაპზე დამარცხდა. მხარეებმა უკან დაიხიეს, თუმცა დიდი გეოპოლიტიკური ომი გრძელდება. ძალა, რომელმაც რუსული კანონი და ყველაფერი, რასაც ის განასახიერებს დღის წესრიგში დააყენა, არსად წასულა. არ შეცვლილა ამ ძალის რიტორიკა, მიზნები და მოტივაცია. მეტიც, ამ ძალამ გადაწყვიტა, იერიში მიიტანოს საღ აზრზე და მსოფლიოს უთხრას, რომ თავისუფლე­ბის დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები „რადიკალები“ და „სატანისტები“ ყოფილან, რომელთაც „გლობალური ომის პარტია“ მართავს.

დამაფიქრებელია ერთი გარემოებაც - ისე გადააგორა ხელისუფლებამ ეს უმძიმესი კრიზისი, ერთი ადამიანიც არ დაუკარგავს. ისეთი, რომელიც სინდისის ხმას აჰყვებოდა და პროტესტის ნიშნად გადადგებოდა. განსაკუთრებით ისინი, ვის მიმართაც საზოგადოებაში განსხვავებული მოლოდინები არსებობდა. ეს აუხსნელი ფენომენი, ზოგი ვერსიით, მატერიალურ წახალისებაზე, ზოგი ვერსიით კი - კომპრომატებზე დგას. შესაძლოა, ოლიგარქიული სისტემა ამ ორივე ფაქტორის ნაზავს ეფუძნება, რასაც მძლავრი პროპაგანდისტული მანქანით შექმნილი ჩაკეტილი ჯგუფური აზროვნება უწყობს ხელს. ასეა თუ ისე, საგანგაშო ფაქტია, რომ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, როცა ასე ცხადი იყო ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას, სინათლესა და სიბნელეს შორის,  ხელისუფლების მონოლითურობა არ დარღვეულა.

მიუხედავად ამისა, იხტიბარი არ უნდა გავიტეხოთ. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა ავტორიტარული რეჟიმი რაღაც ეტაპზე - ხშირად, ჩამოშლამდე სულ ცოტა ხნით ადრეც კი - უძლეველი ჩანდა. მთავარია, გვჯეროდეს, რომ საქართველო - ეს ჩვენ ვართ, ვინც მარტში რუსული შტურმი მოიგერია და საქართველო გადაარჩინა. დიახ - ჩვენ ვართ საქართველო. 

ჩვენ საქართველო ვართ: ნათელი, იდეალისტური, პრაგმატული, ემოციური, რაციონალური,  მრავალფეროვანი, წესიერი, ლაღი, პატრიოტული, კოსმოპოლიტური, წარმატებისთვის მებრძოლი. ეს ის საქართველოა, რომელიც ერთი წლის წინ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად უკრაინის გადარჩენისთვის ლოცულობდა, დღეს კი უკრაინის გამარჯვებისთვის ლოცულობს.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, „ჩვენ არ ველოდებით და ვითხოვთ. ჩვენ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას“. ამ სულისკვეთების მადლი გადმოგვსხმოდეს! 

Articles

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here