Author : Zurab Medzvelia
გადასარევი რამ ყოფილა ეს საავტორო სვეტი - რაზეც გინდა, იმაზე დაწერეო. ჰოდა დავწერ იმაზე, რაზეც გასულ დღეებში ყველაზე მეტად მეფიქრებოდა, თუმცა სანამ იქამდე მივალ, ჩემი ოჯახის ორიოდ ამჟამინდელ წეს-ჩვეულებაზე უნდა ვთქვა და შინაური ალბომის ოთხიოდ ფოტოც გამოვდო. ამიტომ, თუ ჩემსავით სხვათა კერძო ცხოვრებაზე კითხვა გეზარებათ, აქ გაანებეთ თავი - უფასოა ეს ჟურნალი, არაფერს დაკარგავთ...
ეს ბოლოსწინაა. ამის მერე ერთი კაი ნიუ-იორკიც მივაფაზლეთ, მაგრამ მე ამ ვან გოგის ამბით უნდა დავიწყო. თუმცა მანამ იმასაც გეტყვით, რომ მთლად „ვინ უფრო კარგი ბუხრის გამჩაღებელია“-ს მსგავსი არა, მაგრამ არც ძალიან ნაკლები სიმძაფრის კამათები გვქონდა, ვინ უფრო მაგარი მეფაზლეა ოჯახში (დანარჩენი ყველაფერი გარკვეული გვაქვს - ვინ რაშია მაგარი და რაში ერკვევა მეორეზე უკეთესად). კი ბატონო - ჩასვამდა მაიკო ერთი 20-30 ცალს და მე კი მივამატებდი ხოლმე ამათ ერთს ან ორს, მაგრამ მერე ვუხსნიდი ხოლმე, რომ სწორედ ჩემ მიერ ნაპოვნი ამ ერთის ან ორის დამსახურებაა მისი მიყოლებული 20-30. და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ მე საღამოს გეპეი მაქვს დამთავრებული და, შესაბამისად, ასეთ საქმეში, როგორიც ფაზლის აწყობაა, უნდა ვიყო ბრიგადირი თუ ვიღაც ეგეთი.
საპასუხოდ მაიკო მეუბნებოდა, რომ წესით ყოველთვის ზუსტად უნდა მახსოვდეს, ათასიან ფაზლში რამდენი და რომლები ჩავსვი. მისი ეს გამოხდომა სრულიადაც არ მიფუჭებდა იმ ერთი თუ ორი ნაწილის პოვნით გამოწვეულ სიხარულს და უბრალოდ მივდიოდი ხოლმე კაბინეტისკენ, რათა იქიდან დიპლომით დავბრუნებულიყავი და ხმამაღლა წამეკითხა ფაკულტეტის დასახელება, რომელიც სრულად ეგრეც ვერ დავიმახსოვრე...
მოკლედ, ეს ვნებები იქით იყოს და ამ ვან გოგზე რა ხდებოდა, ეგაა ახლა მთავარი: გავდივართ ბოლოსკენ და შფოთვა დაგვეწყო, რომ ეს ნაწილი (იხ. პირველი ფოტო) არაა. აი ნაღდად არაა ამ იატაკის ერთი ნაჭერი თუ ფიგურა თუ რაც ჰქვია. აბა, იქით ჩავყავით ხელი, აბა - აქეთ... ტახტის ქვეშ ხომ არ შევარდა და ჩაკუზვები და გაშოტვები და ამბავი... აუფ, დღეს ხომ მანანა იყო და დაალაგა... მტვერსასრუტი დაცალა და გადაყარა? კი! აუფ... აი, რა გინდა გააკეთო? და ბოლო გაბრძოლებისას და მუთაქ-ბალიშების ბოლო გაწევ-გამოწევისას... აქ არი! - შეჰყვირა მაიკომ. ძალიან გაგვიხარდა, აი, ძალიან... თავიდან რომ იწყებ და რომ პოულობ, იმაზე მეტად... მოკლედ, აი, ასეთი პატარა სიხარულები ფაზლობისას...
გაფრთხილებთ: ახლა უფრო ინტიმურ დეტალებზე უნდა გადავიდე და სანამ დროა, შეწყვიტეთ კითხვა - აქ იმაზე უნდა ვთქვა, რას ვაკეთებთ ამ ოჯახის ეს ორი წევრი მაშინ, როცა ფაქტიურად შიშვლები ვართ...
აი, ბავშვობიდან არ შემიძლია მე ეს ამბავი და არც სიბერემ უშველა ამას და არც არაფერმა - ნუ 5, დიდიი-დიდი 15 წუთი მაქსიმუმ, მაგის მერე ტანჯვაა რა. მაიკოს შეუძლია, სადღაც საათი იწვეს გადაბმულად. ხო, ეს წამოწოლაც საჭიროა - ძლივს მოგიხერხებია, კარგ პლაჟზე ჩამოსულხარ და ბარემ ხო უნდა გაირუჯო არა - აბა, ამჯერად როგორ შეგვცვლის და რამე, მაგრამ... მოკლედ, სანამ მაიკო ქოლგის ქვეშ საათი გადაბმულად კითხულობს, მე პლაჟზე დავდივარ, კარგ ნიჟარებს ვაგროვებ და თან ამ ნიჟარებისგან ქვიშაზე რაღაცას ვწერ. სახალისოა მართლა. ზოგიერთ ამ ნიჟარას ტალღებს გამოვტაცებ ხოლმე ბოლო წამს - აი, რომ ვკრავ თვალს, მაგრამ ტალღაც იქვეა და თუ მომასწრო, თან წაიღებს, სიღრმეში. და მიხარია, როცა ვასწრებ. წავალ იმ ადგილას, ნაწერს ვამატებ და ვბრუნდები ახლებისთვის. მაგალითი იხილეთ მეორე ფოტოზე, რომელსაც „ნასას სულ ცინცხალი ფოტო მარსიდან, 2014“ დავარქვი. მაგის „შექმნას“, სადღაც, 15-20 მისვლა დასჭირდა. ესე ეგი ნორმალური პლაჟია ეს თელ-ავივისა - სადაც სწორედ ჩემი საყვარელი „როლინგ სტოუნზის“ შოუს დავამთხვიეთ ერთკვირიანი დასვენება - რადგან ამ ხნის განმავლობაში არავინ დამინგრია მომავალი შედევრი... მოკლედ, აი, ასეთი პატარა სიხარულები ნიჟარობისას...
მცდარი იქნება შექმნილი შთაბეჭდილება მაიკოზე, რომ მხოლოდ ცურავს და წევს. არა, ისიც დადის და ისიც ეძებს. ხშირად ერთად - ვეძებთ გახვრეტილ ქვებს. მაიკოს სიხარულებია ეგ - პატარაობიდან, მამასთან ერთად ხალისობდა ამაზე. ნიჟარის ძებნა არ გეგონოთ... დადიხარ ამდენ ქვაზე და იქ, აზრზე რომ არ ხარ, რა მიზეზით, სულ პატარაზე გახვრეტილი ქვა ან კენჭი უნდა იპოვო... თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დამამუღამებინა... ზოგი ისეთია, რაღაც ეჭვის თუ გუმანის წყალობით დახრას რომ გადაგაწყვეტინებს და ხელში აღებისას ეგრევე დაინახავ ამ ნახვრეტს. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც აიღებ და ვერავითარ ნახვრეტს ვერ დაინახავ, მაგრამ არ დაიზარებ, მზეზე გახედავ რამდენიმე მხრით და ბახ - თურმე მაინც ყოფილა ეს უწვრილესი ნახვრეტი! მოკლედ, აი, ასეთი სიხარულებია ნახვრეტობისას და, ვინც ამ სვეტს ჯერ კიდევ შემორჩით, იცოდეთ, რომ აქამდე ასე საჯაროდ ეს ამბავი მხოლოდ ჩვენს ჩემოდნებში ამდენი უშნო ქვისა და კენჭის ნახვით გაოცებული თბილისის აეროპორტის მებაჟეებისთვის მაქვს მოყოლილი.
ამის იქით მაიკოს მძებნელი აღარ ეთქმის, აი, მე კი სხვა სამძებრო გატაცებებიც მაქვს. კოლექცია მაქვს საფეხბურთო და იქ რომ რამეს შევმატებ, სულ მიხარია. განსაკუთრებით მაშინ (და არაერთხელ ყოფილა), როცა რაღაცის შოვნის იმედი გადამწურვია და უცებ ბუკინისტთან კი არა, ნაგვის ურნასთან მიყრილ მაკულატურაში მიპოვია ჩინებულ მდგომარეობაში... სიზმარსა და ოცნებებში ხშირად ყოფილა, ჯერ კიდევ კაპიტან ნემოს დროიდან, ოკეანის ფსკერზე მიძებნია ჩაძირული რაღაცები... ვუყურებ, ვკითხულობ ასეთ ამბებზე, თუმცა პროფესიონალური მძებნელობა შემდეგი ცხოვრებისთვის მაქვს გადადებული. ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, მათ შორის...
... ვამთავრებ ხო, რა მოგივიდათ? კი გამიგრძელდა, მაგრამ ხო მაგით დავიწყე, რომ რაზეც გასულ დღეებში ყველაზე მეტად მეფიქრებოდა, იმაზე ვწერ-მეთქი. ჰოდა მოვედით რა...
წარმოიდგინეთ, რომ დადიხართ ბლომად ქვებზე და ქვებში და რკინებში და ათას სხვა რამეში. და ეს პლაჟი კი არა, უზარმაზარი დანგრეული შენობაა... და ეძებ არა გახვრეტილ ქვას ან ნიჟარას ფეხშიშველი, უზრუნველი და გადასარევ ამინდში... ან წიგნს ან ფოტოს ან თუნდაც თამარის საფლავს... აგერ თითქოს რაღაცაა, არიქა, ესა-ისა... და არა, დაღუპულია. საშინლად თან. აგერ მეორე... ესეც... ისიც... კიდევ... ასი, ორასი, ათასი, 45 ათასი... შენ თვალწინ... სიბნელეში და მინუს ხუთში... მე იქ, გადასარევ ადგილას, და საფრთხის გარეშე ნახევარი საათი რომ მივლია და ვერ მიპოვია, ცოტა ნერვები მომშლია თუ დავსევდიანებულვარ თუ რომელიღაც და აქ? აზრზე ხართ?
და უცებ ბრახ! და აგერ, ბავშვი ცოცხალია!!! სამი დღის და ღამის მერე! კიდევ ბრახ და... კიდევ... ერთი კვირის მერეც...
ვნახავდი რაღაც ეგეთს და გავყვირებდი მაიკოს ეგრევე. აგერ გუშინაც, იმ წყეული მიწისძვრიდან 261 საათის (ლამის 11 დღის) მერეც იპოვეს ბიჭი. შეშლილი თვალებით, რომლებიც კიდევ უფრო შეიშალნენ, როცა პირთან მიტანილი მობილურიდან ნაცნობი ხმა და ის გაიგო, რომ ყველა მისთვის ძვირფასი ადამიანიც გადარჩა და მოდიან ჩასახუტებლად... ხელებს უკოცნის იმ მობილურის პატრონს. მაშველს.
მაგარი სიხარულებია. არასდროს რომ დაგავიწყდება, ისეთი. და ყოველ გახსენებაზე რომ ახლიდან, ალალად და დამსახურებულად გაგახარებს.
ალბათ მიხვდებოდით, რომ მშურს.