Author : David Kutidze
საქართველოს ისეთ რეალობაში უწევს არსებობა, რომელშიც ერთი მეზობელი სახელმწიფო ჩვენი და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სასტიკ დანაშაულებს სჩადის: ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, ართმევს ტერიტორიებს, ცდილობს, ჩანასახშივე მოსპოს თავისუფალი საზოგადოებების სწრაფვა კეთილდღეობისკენ და ისინი საკუთარი გავლენის სივრცეში მოაქციოს. თუმცა საკუთარი ბოროტების გადასაფარად მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და ამას სხვების სიბრმავით ხსნის, სხვა ქვეყნებს აბრალებს, ან საერთოდ, მსგავს საქციელს „ხალხის გათავისუფლებად“ შემოგვასაღებს. ამასთან, ის წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუების ხერხების დახვეწას, რათა შავი თეთრად მოგვაჩვენოს და „სასურველ მოკავშირედ“ წარმოგვიდგეს. რთული მისახვედრი არაა, რომ ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა, ხოლო შავის თეთრად მოჩვენების კარგად დამუშავებული სტრატეგია - მისი პროპაგანდა.
პროპაგანდის მკვლევართა აზრით, რუსეთის ფედერაცია ინფორმაციას, კულტურასა და ფულს საზოგადოებაში არგუმენტირებული დისკუსიის მოკვლის იარაღად იყენებს. რუსული პროპაგანდის ეფექტი არ არის ვინმეს დარწმუნება ან ნდობის მოპოვება, არამედ მისი მიზანია, შეთქმულების თეორიებით დათესოს დაბნეულობა და გაავრცელოს სიცრუე. ინფორმაციის იარაღად გამოყენება თანამედროვე რუსეთის ჰიბრიდული (არაერთგვაროვანი) ომის სასიცოცხლო ნაწილია. გლებ პავლოვსკი, პოლიტიკური კონსულტანტი, რომელიც ერთ დროს პუტინის საარჩევნო კამპანიაზეც მუშაობდა, ამბობს: „სსრკ-სა და ახლანდელი რუსეთის პროპაგანდას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ საბჭოთა პერიოდში სიმართლის კონცეფცია მნიშვნელოვანი იყო. მაშინაც კი, თუ ისინი იტყუებოდნენ, ზრუნავდნენ მტკიცებაზე, რომ რასაც აკეთებდნენ, „სიმართლე“ იყო. ახლა არავინ ცდილობს, დაამტკიცოს „სიმართლე“. თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ ყველაფერი, შექმნათ რეალობა“.
ამდენად, რუსული პროპაგანდა შემდეგნაირად მუშაობს - მთავარია, სრულიად უსაფუძვლოდ, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, დასდო ბრალი ვინმეს და საქმეც გაკეთებულია. ხოლო, როცა ჩნდება კითხვა, სად არის ბრალდების დამამტკიცებელი საბუთი, პასუხი შემდეგია: მსგავსი რამ არ არსებობს, მაგრამ ეს ხომ იმას არ გამორიცხავს, რომ ჩემი ბრალდება სიმართლე არ არის?
რუსული პროპაგანდა ქმნის და ავრცელებს აბსურდულ მითებს იმ პრინციპით, რომ თუ ტყუილი საკმარისად ხშირად, სისტემატურადაა გამეორებული, ის საბოლოოდ, ფართოდ იქნება მიღებული, როგორც სიმართლე. საკუთარი ყალბი ისტორიების გავრცელების მიზნით რუსეთი არაერთ განსხვავებულ ხერხს იყენებს, თუმცა მათ უმეტესობას ერთი რამ აერთიანებს, ისინი ეფუძნებიან ნეგატივს - მოწინააღმდეგე მხარის უარგუმენტო ლანძღვასა და დისკრედიტაციას. რუსული პროპაგანდის მარტივი გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მისი გამავრცელებელი ბევრს არ ფიქრობს გზავნილების ერთგვაროვნებაზე და მხოლოდ საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებს. ასეთ დროს კი შესაძლებელია, ერთ დღეს ამტკიცებდე ერთს, ხოლო მეორე დღეს აბსოლუტურად საპირისპიროს. ინფორმაციის ულევ ნაკადში ძველი ინფორმაცია იმდენად სწრაფად იკარგება, რომ პროპაგანდის გამავრცელებელს რადიკალურად განსხვავებული ახალი პოზიციის დაკავების არ ეშინია. მეტიც, როგორც აღვნიშნეთ, რუსული პროპაგანდა არც ცდილობს თავისი „სიმართლის“ მტკიცებას და მისი მიზანია, შეთქმულების თეორიებით დათესოს შიში და დაბნეულობა. ასევე, არ დატოვოს თუნდაც ერთი სივრცე ან თემა, რომელზეც სამიზნე საზოგადოება შეთანხმდება.
რუსული პროპაგანდის კარგად აპრობირებული ხერხები საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაშიც გვხვდება, თანაც ეს ტენდენცია დღითი დღე უფრო თვალსაჩინოა. ამდენად, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების საჯარო კომუნიკაციისა და ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდის ერთ კონტექსტში განხილვა გვიწევს.
პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მარტივი ხერხი იარლიყების მიწებებაა. ის გულისხმობს ადამიანის, ჯგუფის თუ იდეის მიმართ, უმეტესად, უარყოფითი იარლიყის მორგებას. პროპაგანდის ამ ხერხის მიზანია, ინფორმაციის მიმღებმა არ გამოიკვლიოს, თუ რა ფაქტები დგას ამა თუ იმ იარლიყის მიღმა, ანუ ემოციებმა გადაფაროს არგუმენტირებული მსჯელობა. ამდენად, ეს ტექნიკა აუდიტორიის ემოციებით მანიპულირებასა და მათ საფუძველზე მიღებული ნაჩქარევი, ზედაპირული დასკვნების პროვოცირებას ემყარება. რუსული პროპაგანდა ამ ხერხს ხშირად იყენებს. ამის ყველაზე ახალი და თვალსაჩინო მაგალითი პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს უკავშირდება. ომის დაწყებამდე და შემდეგაც, რუსეთის ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული არხები უკრაინის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას ნაცისტებად/ნეო-ნაცისტებად და ფაშისტებად მოიხსენიებს. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ერთი აბსურდული იარლიყი - „ნარკოდამოკიდებულთა ბანდა“ - რომელიც თავად პუტინმაც არაერთხელ გამოიყენა ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ.
2022 წელს პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ბევრი ფარული და ბუნდოვანი ტენდენცია ნათლად დაგვანახა. მათ შორის, „ქართული ოცნების“ რიტორიკის რუსულ პროპაგანდასთან მსგავსება, კერძოდ, ნეგატიური იარლიყების გამოყენება ოპონენტების მიმართ. ომის დაწყებასთან ერთად, ხელისუფლების ოპონენტებსა და საზოგადოების ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, განსაკუთრებით რიტორიკის ნაწილში, არასაკმარისია. სხვა მიზეზებთან ერთად ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობის რიტორიკა და საქციელი სულ უფრო მოსაწონი ხდება რუსეთის ფედერაციისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ამ ტენდენციის გადასაფარად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებში გამოჩნდა იარლიყი „ომის პარტია“, რომელიც პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის თანახმად, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულმა საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს, ყველას „ომი უნდა“.
პროპაგანდის კიდევ ერთი ხერხი ბრალმდებლის დადანაშაულებაა. ლოგიკა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა. ამ პროცესში ხშირად გამოიყენება აბსუდრული ტყუილები და კონსპირაციის თეორიები, რასაც აღვირახსნილი პროპაგანდის სახელითაც მოიხენიებენ. ეს მეთოდი კარგად ნაცნობი და არაერთგზის გამოყენებულია რუსული პროპაგანდის მიერ, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში. აღვირახსნილი პროპაგანდის მაგალითია, როცა რუსეთი თავის სისასტიკეს უკრაინელ მოქალაქეთა მიმართ უკრაინის არმიას აბრალებს. მსგავს ხერხს მიმართა რუსულმა პროპაგანდამ საკუთარი არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი არაადამიანური დანაშაულებების უარყოფის მიზნით.
კრიზისულ სიტუაციებში საქართველოს ხელისუფლებაც მსგავსი ტაქტიკით მოქმედებს. შეგვიძლია გავიხსენოთ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები (როდესაც ფიზიკურად იძალადეს ათობით ჟურნალისტზე, ხოლო მთავრობამ ისინი ვერ ან არ დაიცვა), რის შესახებაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ, მართალია, ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია, თუმცა ჟურნალისტებიც ხშირად ძალადობენ საზოგადოებაზე, ოღონდ ფსიქოლოგიურად. ამდენად, ისეთი სიტუაციების დროს, როდესაც მთავრობის პასუხისმგებლობაც იკვეთება, ხელისუფლება ირჩევს ბრალდებების არა შესაბამისი არგუმენტებით განეიტრალების გზას, არამედ პროპაგანდისტული გზავნილებით თავს ესხმის კრიტიკულ აზრს.
ზემოაღნიშნული მეთოდის მსგავსია პროპაგანდის ტექნიკა - კრიტიკა კრიტიკის პასუხად, რომელიც რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს, ან აქცენტი სხვა საკითხზე გადააქვს, რითაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს. ეს ტაქტიკა ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიერ, როდესაც ნებისმიერი კრიტიკის პასუხად დასავლეთის პრობლემებზე იწყებოდა მითითება. მსგავსი მიდგომა კვლავ აქტუალურია თანამედროვე რუსეთში. რუსეთის ფედერაცია, რომელიც ეკონომიკით, ტექნოლოგიებით, ცხოვრების დონითა და კეთილდღეობით საგრძნობლად ჩამორჩება დასავლეთს, მუდმივად ცდილობს ევროპისა და აშშ-ის დისკრედიტაციას სხვადასხვა დეზინფორმაციული გზავნილით. ეს რუსეთისთვის დამახასიათებელი ნეგატიური პროპაგანდის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც შემდეგ იდეას ასაზრდოებს: „შეიძლება რუსეთში ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ დასავლეთში უარესია“. მსგავსი მიდგომის არაერთი მაგალითი მოიძებნება საქართველოს ხელისუფლების საჯარო კომუნიკაციაშიც, როდესაც იგი, ამჟამად არსებულ გამოწვევებზე შესაბამისი პასუხის ნაცვლად, წინა ხელისუფლების მანკიერებებს გვახსენებს. ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, პირველადი მოხმარების პროდუქტების მზარდ ფასებზე, მართლმსაჯულების პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე კომენტირებისას „ქართული ოცნება“ კვლავ იმას გვიკიჟინებს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსული პროპაგანდის მარტივი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის ხშირად ურთიერთსაპირისპირო გზავნილებს გვაჯერებს. ამ მიდგომას აშკარად ჰგავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მოსახლეობასთან (განსაკუთრებით კი საკუთარ ამომრჩეველთან) კომუნიკაცია არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდებში. 2013 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მისი მთავარი ოპონენტი - „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულებულია და მისი, როგორც ოპოზიციური პარტიის გავლენა მინიმალურია. თუმცა ყოველი ახალი არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად სრული კამპანია აგებულია იმაზე, თუ როგორი საშიშია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება. აღნიშნული კამპანია ხასიათდება უკიდურესად ნეგატიური ტერმინებით, როგორებიცაა „მკვლელები“, „მოღალატეები“ და ა.შ. შედეგად, იქმნება სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია არა სამომავლო იდეები და განვითარების პერსპექტივები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულება“. წლების განმავლობაში კი „დასასრულებელთა“ სიას ეტაპობრივად ემატება ხელისუფლებისთვის არასასურველი სხვა ოპოზიციური პარტიები, მედიები და ა.შ.
ახლა კი გადავიდეთ მთავარზე და იმ უკიდურესად მავნებლურ კამპანიაზე ვისაუბროთ, რომელიც ფაქტობრივად ყველა ზემოთ ნახსენებ მეთოდს აერთიანებს. ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი „ომში ჩართვის“ ცრუ დილემაა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ მტრის - მოყვარედ, ხოლო მეგობრის მტრად წარმოჩენას ცდილობს. მას შემდეგ, რაც საქართველომ (განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან) ევროკავშირის წევრობის სტატუსი ვერ მიიღო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამნაშავეს ეძებს ყველგან, გარდა საკუთარი თავისა. მას სურს დაგვაჯეროს, რომ სტატუსის ვერმიღება უსამართლო სასამართლოს, დემოკრატიის დაბალი ხარისხის ან არაფორმალური მმართველობის ბრალი კი არაა, არამედ დასავლეთის ერთგვარი სასჯელია საქართველოსთვის, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთო. ამის ნათელი მაგალითია ის არაერთი განცხადება თუ ირიბი მინიშნება, თითქოს „გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა უნდათ“. ეს აბსურდული თეორია კი, რომლის მიზანია მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა აარიდოს და „მშვიდობის დამცველად“ წარმოაჩინოს, თავიდან ბოლომდე ომის შიშზეა დაფუძნებული. ომის შიში საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად ბუნებრივია, რადგან კარგად გვახსოვს ჯერ 90-იანი წლები, ხოლო შემდეგ - 2008 წელი. შესაბამისად, რუსული პროპაგანდის მსგავსად, ამ კამპანიის მიზანიც ჩვენი შიშის ისე გაღვივებაა, რომ საღი განსჯის უნარი დავკარგოთ და არ მოვიკითხოთ ის არგუმენტები, რომლებიც ამ თეორიას გაამყარებდა, რადგან ასეთი არ არსებობს. გარდა ამისა, ამ თეორიის გამავრცელებლები, რატომღაც, ძალიან იშვითად ან საერთოდ არ ახსენებენ იმ ქვეყანას, რომელმაც ჯერ საბჭოთა კავშირში ძალით შეგვათრია, შემდეგ 9 აპრილი მოაწყო, ტერიტორიები წაგვართვა, 2008 წელს კიდევ ერთხელ დაგვესხა თავს და საქართველოს დიდი ნაწილი ამ დრომდე დაპყრობილი აქვს. აღნიშნული კამპანიის ავტორებს, ალბათ, არც ის უნდათ, რომ ჩვენს ისტორიას უფრო საფუძვლიანად გადავხედოთ და მივხვდეთ, თუ ვინმეს საქართველო ომში ჩაუთრევია, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რის შესახებაც დიდი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ივანე ჯავახიშვილი, ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა. ნაშრომს: „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-18 საუკუნეში“ - ჯავახიშვილი სწორედ ასე იწყებს: „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე მოვალეა, თავის ქვეყნის წარსული იცოდეს“. ის, შესაბამის ფაქტებზე დაყრდნობით, არაერთხელ ამხელს „ქრისტესმოყვარე სახელმწიფოს“ (ალბათ მიხვდით, რომელ ქვეყანას ეხება ეს ირონიული სიტყვათშეთანხმება) სხვადასხვა დროს ქართველი მეფეების ომში ჩართვაში სპარსეთისა თუ ოსმალეთის წინააღმდეგ და შემდეგ მათ სრულიად მარტო დატოვებაში ურიცხვი მტრის წინააღმდეგ.
შეჯამებისთვის: დღეს, როცა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რიტორიკას ვისმენთ, რომელიც გაჯერებულია რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მეთოდებით - ოპონენტების მიმართ უკიდურესად ნეგატიური იარლიყებით, კრიტიკაზე არგუმენტირებული პასუხის ნაცვლად, შინაარსისგან დაცლილი კონტრბრალდებებით, ურთიერთსაპირისპირო გზავნილებითა და აბსურდული დილემებით - განსაკუთრებული დაფიქრება და სიფრთხილე გვმართებს. დაფიქრება იმიტომ, რომ მავნე პროპაგანდისა და ცრუ შიშის (რომელთა მიზანი ნამდვილი მტრის დავიწყება და მეგობრის მტრად წარმოჩენაა) გავლენის მსხვერპლნი არ აღმოვჩნდეთ.