რუბრიკა: სპორტი

ჟურნალი: ნომერი 4




სპორტსმენების ბედი ოლიგარქიულ ქვეყანაში

ავტორი : ლევან სებისკვერაძე 

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ თვალწინ იმსხვრევა ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვენივე წარმოდგენა სპორტსმენებზე. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სპორტსმენები გამორჩეული ადამიანები არიან, მსგავსნი ბერძნული ატლანტებისა, რომლებიც ადამიანური შესაძლებლობების მიღმა დგანან და ასეთი ძალმოსილებით ახერხებენ დიდი სპორტული წარმატებების მიღწევას. ჩვენ ვიცოდით, რომ  სპორტსმენები მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ, მათ მუდამ ტაშით უნდა შევხვდეთ, რადგან ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის სახეა. კიდევ ბევრი სტერილური და კლიშედ ქცეული იმ აბსურდის ჩამოთვლა შეიძლებოდა, რომლისაც გვჯეროდა და გვწამდა.

თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს წარმოდგენები ხუხულასავით გვენგრევა, რადგან თვალნათლივ ვხედავთ, რომ ხშირად ყოფილი - ან, რაც უარესია, მოქმედი - სპორტსმენები ქცეულან ჩვეულებრივ, არამ საშოვარზე გამოშვებულ მოძალადეებად ან ძალადობის აპოლოგეტებად, რომლებიც ძირითადად ხელი­სუფლებაში ჩაბუდებული შავრაზმული ძალების უკანონო ბრძანებას ასრულებენ და დევნიან ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს და რომელთა ცემა ან დამცირება, როგორც ჩანს, მავანის პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ მიზნებში შედის.

ცხადია, ყველა სპორტსმენი ვერ იქნება წარმატებული და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბევრი ვეტერანი სპორტსმენი რჩება ყოველგვარი დანაზოგისა და, ხშირად, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს სამწუხარო რეალობა უკლებლივ ყველა ქვეყანაშია და არავის უკვირს, მილიონერი ვეტერანი სპორტსმენის გვერდზე სრულ სიღარიბეში მცხოვრები მისი კოლეგის ნახვა, რადგან სპორტული კარიერა - ისევე, როგორც ადამიანის ცხოვრება - ხშირად, გამართლებაზეა. ბევრს კი, ცხადია, არ უმართლებს.

ვეტერანი და უფულო სპორტსმენების მასობრივად „დასაქმების“ ნოვაცია რუსეთს ეკუთვნის. 1990-იანებიდან მოყოლებული, რუსეთში ლამის ყველა მდიდრ ადამიანს თავისი შეიარაღებული ბანდა ჰყავს, რომელიც, როგორ წესი, ყოფილი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. ამ ადამიანებს, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ათასგვარი უკეთური მიზნებისთვის იყვენებენ. როგორც ჩანს, რუსული მაგალითი შესანიშნავად გადმოიღო საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ და ვეტერან სპორტსმენებს „საქმე“ გამოუნახა.

არჩევნების დროს ხალხის ცემა-ტყეპა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. პოლიტიკოსების თუ აქტივისტების წინააღმდეგ ხშირად სწორედ ვეტერან სპორტსმენებს იყენებენ და ეს ლამის ერთგვარ სამარცხვინო ტრადიციადაც კი იქცა.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათწლეულებია მოქმედებს უსახსროდ დარჩენილი ვეტერანი სპორტსმენების დახმარებაზე ორიენტირებული როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები ყოფილ სპორტსმენებს, პირველ ყოვლისა, ნორმალური სამსახურის პოვნაში ეხმარებიან და ამ ხალხის დასასაქმებლად ხშირად თავად შუამდგომლობენ სხვადასხვა სტრუქტურასთან. ასევე არსებობს სპეციალური ფონდები, რომლებშიც აკუმულირებული თანხებით ეხმარებიან მრავალშვილიან ანდა სპორტში მიღებული ტრავმის შედეგად ხეიბრად დარჩენილ სპორტსმენებს. ჩვენთან კი ამ ხალხს ძალადობრივი  მიზნებით იყენებენ და საქართველოს ხელისუფლების მიერ სპორტსმენების „დახმარებაც“ სწორედ ესაა.

 

სიძულვილის არითმეტიკა (დათუნაშვილის ამბავი)

შორს წაგვიყვანს მოჩხუბარი, ქვასროლია, მაგინებელი აგრესიული მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონების ჩამოთვლა. ზოგმა მათგანმა პარლამენტის წევრის სკამიდანაც კი მოახერხა, ჩვეულებრივ მოძალადე კრიმინალად წარმოჩენილიყო და ერთიანად წყალში გადაეყარა ხალხის პატივისცემა და სიყვარული, რის შესახებაც დასაწყისშიც ვისაუბრეთ.

ქართველი სპორტსმენების მხრიდან მართული აგრესია და ძალადობა მხოლოდ პოლიტიკოსებზე არ ვრცელდება. საქართველოს ისტორიიდან ალბათ არასოდეს წაიშლება ის, რაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გადახდა თავს. ჭიდაობის ფედერაციაში მოკალათებულმა და ხელისუფლებასთან შეზრდილმა გეგეშიძეების კლანმა მათთან დაპირისპირებული ახალგაზრდა სპორტსმენი (მაშინ დათუნაშვილი ნაკრების კაპიტანი იყო) უმკაცრესად დასაჯა: ჯერ საჯაროდ და სახალხოდ სცემეს და სახიდან სისხლი ადინეს, შემდეგ კი აიძულეს, ქვეყნიდან გაქცეულიყო და ახლა ზურა ჩემპიონის ტიტულებს სერბეთის სახელით იღებს, რაც განსაკუთრებით გულსატკენია.

სამწუხაროა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაწყებული კონფლიქტი საზოგადოებამ მაშინ სათანადოდ ვერ შეაფასა და ვერც იმდენი შევძელით, რომ სპორტულ საზოგადოებას პასუხი მოეთხოვა ჭიდაობის მესვეურებისთვის. პატარა ამბავი ხომ არ არის, როდესაც ფედერაციის პირველი პირი ნაკრების კაპიტანს ასისხლიანებს და მერე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი საქართველოს ნაკრებს ჩამოშორდეს.

მსგავსი შემთხვევა სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, სადაც კანონი კანონობს და სპორტის ფედერაციები თავს “ოჯახებად“ არ მიიჩნევენ, თავად პრეზიდენტი მიხვდებოდა მისი თანამდებობიდან წასვლის აუცილებლობას და ეს გარკვეულწილად გაანეიტრალებდა იმ რეპუტაციულ ზიანს, რომელიც ზემოაღნიშნული კონფლიქტის შედეგად ჭიდაობის ფედერაციას მიადგა. აქ კი ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. გეგეშიძეს, როგორც ჩანს, ძლიერი მფარველი ჰყავდა, საზოგადოებაც ვერ დადგა სათანადო სიმაღლეზე, გადავყევით “ისტობას“ და ყველაფერი ქართული სპორტისთვის უკიდურესად ცუდად, ანუ ზურაბ დათუნაშვილის ქვეყნიდან წასვლით, დასრულდა.

დათუნაშვილის მიერ ევროპული ოქროს მოპოვების შემდეგ ბევრი წერდა, რომ სირცხვილის გრძნობა აწუხებს ამ ბიჭის გამო, რაც ღირსეული ადამიანების მხრიდან ბუნებრივი და გასაგებია. წესით, ვისაც უნდა რცხვენოდეს, მათ მაგივრად ჩვენ გვრცხვენია მომხდარის გამო, ამხელა უსინდისობისა და უსამართლობის გამო, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის ქვეყნიდან გადახვეწის გამო და, რაც მთავარია, საქართველოსთვის დაკარგული ოქროს მედლების გამო. მართლაცდა, სად გვყავს ჩვენ დასაკარგი ოქროს ბიჭები და ოქროს მედლები?!

ალბათ გახსოვთ, რომ გეგა გეგეშიძე რამდენიმე წლის წინ პოლიტიკურ სკანდალშიც გაეხვია, როდესაც სამეგრელოს სოფელ კორცხელში გამართული ცემა-ტყეპის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის მთავარ ავტორებად გეგეშიძესა და მის, ასევე მოჭიდავე, მეგობრებს ასახელებდნენ. იმ დროს გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ იყო და, მიუხედავად ოპოზიციის ბრალდებებისა, ეს ადამიანი სწორედ კორცხელის ამბების შემდეგ აირჩიეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის ფედერაციის პრეზიდენტად, რაც მაშინვე ბადებდა დამატებით კითხვებს.

 

კაპიტნის ზიზღი (კაშიას ამბავი)

მიუხედავად იმისა, რომ სპორტი და, კონკრეტულად, ფეხბურთი თავისი არსით ძალადობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ფენომენია (და ეს არაერთმა ფაქტმა დაადასტურა), სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ფეხბურთი იქცევა „ასპარეზად“ ათასი ყაიდისა და ჯურის ხალხისა, რომლებიც საკუთარი, უფრო სწორად კი, მავანთა მიერ თავსმოხვეული „დიადი ანტილიბერალური იდეების“ გამო მზად არიან, შეზღუდონ სხვათა თავისუფლება, შეურაცხყონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათსავით არ ფიქრობს, და ეს გააკეთონ პრინციპებისა და ღირებულებების სახელით.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, ცხადია, არც პირველი ფეხბურთელია და არც ბოლო იქნება, რომელმაც არ გაითვალისწინა არსებული „საზოგადო შეხედულებები“ და ხმამაღლა თქვა ის, რაც სწორად მიაჩნდა. ეს სიმტკიცე ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, სათანადოდ დააფასა და გურამს სპეციალური ჯილდოც კი გადასცა, რაც ბევრ ცნობილ უცხოელ ფეხბურთელს არასოდეს მიუღია. ამ ჯილდოს მიცემა იყო და კაშიას წინააღმდეგ საქართველოში ისეთი საშინელება აგორდა, თითქოს მის კისერზე იყოს ყველა უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს. დიდი გამოცნობა არ სჭირდება, რომ ეს კამპანია ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და მართული პრორუსული ჯგუფების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

მხოლოდ სოციალური ქსელიც კმარა იმის გასაგებად, თუ რა რთულია, საქართველოში იყო სპორტსმენი, რომელსაც გაქვს შენი მოქალაქეობრივი პოზიცია და ეს პოზიცია ბოლომდე დაიცვა. საბედნიეროდ, მასობრივი „ჩაქოლვა“ არ შედგა. თუმცა ყველას კაშიასავით როდი უმართლებს...

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა