ჟენევის წარუმატებელი მოლაპარაკებების შენარჩუნების მიზეზები

ავტორი : თაკო ზექალაშვილი 

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესაჩერებლად, ევროპის კავშირის მედიატორობით, 12 აგვისტოს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც შედგება 6 პუნქტისაგან. ევროპის კავშირის სახელით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, შუამავლობის საფუძველზე მომზადებული გეგმის მე-6 პუნქტში გაწერილია „საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ“. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის 15 ოქტომბერს შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომლის მთავარი მიზანია: (1) უსაფრთხოება და სტაბილურობა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და (2) დევნილების დაბრუნება.

პირველი პუნქტი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც კომბინაცია ორი თემისა: ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ამ ფორმატის ორ მთავარ მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე შეთანხმება და დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა, ასევე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის - დევნილებისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა და საჭიროებების დაკმაყოფილება.  

2008 წელს, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდგომ, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მას შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რჩება ერთადერთ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკება კონფლიქტის მხარე სახელმწიფოთა შორის. ეს ფორმატი უნიკალურია იმით, რომ, საქართველოსა და რუსეთის გარდა, მასში მონაწილეობენ სხვა დაინტერესებული მხარეები. დიალოგის ყველა მონაწილე წარმოდგენილია ინდივიდუალური სტატუსით.  საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თანათავმჯდომარეები გაეროს, ევროპის კავშირის, ეუთოს მხრიდან, ასევე - აშშ-ის წარმომადგენელი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატს ასევე აქვს პლენარული სხდომის ფორმატი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველო, აშშ, რუსეთი, გაერო, ეუთო და ევროპის კავშირი. პლენარული სხდომის ფარგლებში შეხვედრა მხოლოდ ერთხელ, პირველი რაუნდის ჩატარებისას, გაიმართა და მას შემდეგ, დანარჩენი 56 რაუნდის განმავლობაში, არ ჩატარებულა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია 2008 წლიდან უცვლელია. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას მეორე მხრიდან ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციამ, რომლის მიერ ოკუპირებულია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების ხელმომწერები იქნებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობები, ეს ნიშნავს საქართველოს მხრიდან მათ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარებას და მათთვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭებას. საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი, რადგან, თუ ის არ იქნება ხელმომწერი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების დოკუმენტზე, ეს ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შექმნიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებების მეშვეობით მუდმივად ფიქსირდება ქართული სახელმწიფოს პოზიცია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარე დიალოგი ერთადერთი მექანიზმია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, ამასთან, ქართული მხარე გამოხატავს მზაობას, კონსტრუქციულად ჩაერთოს  ამ პროცესში. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველომ უკვე აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება ცალმხრივ რეჟიმში 2010 წელს, რაც შემდეგ გაიმეორა 2013 წელს. ორივე შემთხვევაში ეს გაჟღერდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ საერთაშორისო დონეზე, ასევე, 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების საპასუხოდ ცალმხრივი დოკუმენტიც  მიიღო.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის პოზიციას (რომელსაც „იზიარებენ“ სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები), იმ შემთხვევაში, თუ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, იგი თავის თავს წარმოაჩენს, როგორც ძალის არგამოყენების გარანტორს ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ეს პოზიცია წლების განმავლობაში უცვლელია. აღნიშნული რუსეთის ფედერაციის მიერ პირველი რაუნდის დაწყებამდე გაჟღერდა  და დღემდე, ჟენევის მოლაპარაკებების 56 რაუნდის მიმდინარეობისას, უცვლელია.

2008 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ჩატარებულია 56 რაუნდი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის შედეგები, რომელთა მიღწევა ამ რაუნდების წყალობით მოხერხდა. ერთ-ერთი მთავარია 2009 წელს მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეული შეთანხმება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შექმნის შესახებ, რომლის მიზანია ყოველდღიური ინციდენტების შესახებ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოპერატიული რეაგირება. ამ კონკრეტული მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომელიც გულისხმობს ინციდენტების აღმოფხვრისათვის მყისიერ რეაგირებას. გარდა ცხელი ხაზისა,  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი გულისხმობს  შეხვედრების გამართვას პერიოდულად გალსა და ერგნეთში. ამ შეხვედრებში  მონაწილეობენ თბილისის, ცხინვალისა და ადგილზე განლაგებული რუსული ჯარების  წარმომადგენლები, ხოლო თავმჯდომარეები არიან გაეროს, ეუთოს წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის კავშირის მისიის ხელმძღვანელი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შენარჩუნება, თითქმის 15-წლიანი წარუმატებელი ისტორიის მიუხედავად, განაპირობა იმან, რომ ამ ფორმატის არსებობა მასში მონაწილე თითოეული მხარის ინტერესია:  რუსეთის ინტერესია მაქსიმალურად შეაფერხოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აღკვეთოს თბილისის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნებისმიერი მცდელობა. აღნიშნული ფორმატი კი კიდევ ერთი საშუალებაა, საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში  დააფიქსიროს თავისი ეს პოზიცია. საქართველოს ინტერესია არა ერთი-ერთზე, არამედ დასავლელი მოკავშირეების ჩართულობით ესაუბროს რუსეთის ფედერაციას და მათი მხარდაჭერით აიძულოს რუსეთი, კონკრეტული საკითხები დათმოს. სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებისთვის ჟენევის მოლაპარაკებები მათი პრობლემების დასმის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის მიმდინარეობისას მათ განაცხადეს კიდეც, რომ  სურთ მონაწილეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  საერთაშორისო ფორუმებში. რაც შეეხება აშშ-ს, გაეროს, ეუთოსა და ევროპის კავშირს, მათი ძირითადი მოტივაცია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტაა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ჩატარებული 56 რაუნდის ანალიზის შედეგად აშკარაა, რომ აღნიშნული პროცესი დროში შეგნებულადაა გაწელილი, ვერ თანხმდებიან მხარეები ისეთ მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციისათვის ჟენევის მოლაპარაკებები კიდევ ერთი პლატფორმაა, სადაც პირდაპირ გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დასავლური ვექტორის მიმართულების გამო. მოლაპარაკებების დასრულების თანამდევი განცხადებები მიანიშნებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკები პირდაპირ ახმოვანებენ რუსეთის ფედერაციის პოზიციას. რუსეთის ფედერაციის მსგავსად, ისინი მუდმივად აპროტესტებენ მოლაპარაკებების მაგიდაზე საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაძლიერების საკითხს. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხთან, არამედ ნებისმიერ სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის განცხადებების ანალოგიურია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენელთა პოზიციები, რაც ცხადჰყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებით მანიპულაციას განაგრძობს.

რომ შევაჯამოთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 15 წლის თავზე, ამ ფორმატის შექმნის ორი მთავარი მიზანი - უსაფრთხოება და სტაბილურობა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და დევნილების დაბრუნება - ჯერ კიდევ მიუღწეველია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  დროში გაწელვა და უშედეგოდ ჩატარებული 58 რაუნდი ცხადჰყოფს, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი წარუმატებელია, თუმცა, მისი შენარჩუნება მოლაპარაკებებში ჩართული თითოეული მხარისათვის იმ ტიპის სარგებლის მომტანია, რომლებიც დისკუსიის მთავარ ორ მიზანს არანაირად არ უკავშირდება. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა