ავტორი : მიხეილ ანთაძე
ას ერთი წლით ადრე, გზისგასაყარზე, სადაც ევროპის E-117 ავტომაგისტრალი გადაკვეთს E-60-ს, ჰო, თითქმის ზუსტად ას ერთი წლით ადრე მსუბუქი, ორადგილიანი ტარანტასი მიუყვებოდა შარას. წყვილი ცხენი ება, თეთრი და შავი. იმ დროებაში, ბარონ ტორნაუს ცნობით, ტფილისში ოთხასოცდაცხრამეტი ამდაგვარი ეტლი იპოვებოდა. „ესე არს ურმის მსგავსი კამაროვანი დიდებულთ საჯდომლადო“ - იტყოდა ლექსიკოგრაფი და მართლაც რომ უბრწყინვალესი ადამიანები მგზავრობდნენ იმ ოთხთვალათი.
სამაგიეროდ, მეეტლე გახლდათ ვიგინდარა და ნაძირალა. პახმელიაზე იყო - კვდებოდა... ოფლი ხვითქად სდიოდა ვიწრო შუბლზე, მერე იქიდან ჭუტალა თვალებზე და შავ-შავ ულვაშებზე... ისედაც უაზრო სახე ლოთაობისგან სულმთლად წაშლოდა. დაუფიქრებლად მართავდა ცხენებს.
მოსახვევში უგულისყურობით კინაღამ აყირავდა ურმისმსგავსი კამაროვანი. დამფრთხალი თეთრი ცხენი ერთ მხარეს მოხტა, ოდნავ ხელნები მოღრიჯა. მეეტლემ საქმე უცბად ჩააგდო წესრიგში. წამიერ მოხდა ყველაფერი, მოხუცებულ მგზავრებს ერთი ჩვეულებრივი შენჯღრევის მეტი არც რა უგრძვნიათ.
სამაგიეროდ, ნაზარხოშევ იზვოშჩიკს მწვავე ელდამ დაუარა ბეჭებში. რო მიხვდა, გადავრჩიო, ქუდი მოიხადა და იჯდა ასე კოფოზე მაღლა აშვერილი ქუდით.
იქ დაინახა პირველად უცნაური სურათი: შარაგზაზე რკინის ურჩხულები მოღრიალებდნენ მისკენ. ელდა დაეცა, წამს გამოთაყვანდა. მიდამოს აყრუებდნენ ლითონის უზარმაზარი ცხვირმოღერებული გველეშაპები, მოგრუხუნებდნენ, ბდღვირს მოაკორიანტელებდნენ ბევრნი, ერთმანეთის კვალში ჩამდგარნი.
სამაგიეროდ პირჯვრის გადაწერაც ვერ მოახერხა უღმერთომ. იჯდა ასე კოფოზე მაღლა აშვერილი ქუდით. ისღა მოიფიქრა, მგზავრებს ცერად მოხედა. მოხუცები აღუშფოთებლად ისხდნენ და მიხვდა საბრალო ჯეელი, ეს საშინელება მხოლოდ მას რომ ელანდებოდა.
შემზარავნი იყვნენ მქროლავი, ღრიალა მოჩვენებანი. უშველებელი ნისკარტებით მიაპობდნენ ხვატს... ზურგებზე დაფჩენილი ხახებიდან თითოეულ ხახაში თითო გადაყლაპული ადამიანის თავი მოჩანდა. მუქმწვანე თავისქალები მზეზე საცოდავად ელავდნენ.
სამაგიეროდ, მეეტლეს უაზრო ტვინში გაუსხლტა ორი სიტყვა: თეთრი ცხელება. სმენოდა, გადაბმულმა ლოთობამ იცისო. ასე ჰქონდა გაგონილი, თორემ აბა რა იცოდა გაუნათლებელმა, რომ დელირიუმი არის ფსიქოზი ნაბახუსევზე, აბსტინენციური ალკოჰოლიზმით დაავადებულის მაპროვოცირებელი კოშმარები, ეშმაკები... ...კარგავს გარემოსა და დროში ორიენტირების უნარს... მეტყველება - გაურკვეველი... ტრანკვილიზატორებით, ნეიროლეპტიკებითა და ბარბიტურატებით... “ხმები”, რომლებიც საყვედურობენ, ემუქრებიან, კიცხავენ, ითხოვენ მის დასჯას და მოკვლასაც კი... პარანოია... ყოველ შემხვედრში მტერს ეძებს. ამის გამო შესაძლოა, მოულოდნელი რამ ჩაიდინოს.
განაგრძო გზა. ბალღობისეული „ბეყე, ბეყე თითონა ხარ“ აეკვიატა. ბეყეს ეძახდნენ თანატოლები, ესეც ბეყე თითონა ხარ-ით პასუხობდა. რო მოიზარდა, თუ გუნებაზე არ იყო, დაეტაკებოდა ბეყეს მთქმელსა და სახეზე უკბენდა. ერთხელ მოძღვიაანთ მიტრას ცხვირიც კინაღამ მოაჭამა.
სამაგიეროდ, ახლაც მეგობრობენ. ეს დღეები ტფილისში სწორედ რომ მიტრასთან, მეეზოვე გორასა და ბრადიაგა ვიტალისთან არყის სმაში გაატარა. მერე კიდევ თან ისინიც დაადგნენ, მეთაურიც ნახა, დავალებაც მიიღო. მრავალ მიზეზთათვის მიიღო, უპირველესად, არმიღება რომ არ შეეძლო, იმიტომ...
თავს უხეთქავდა ახლახან ქუხილით ჩავლილი ურჩხულების ექო.
სამაგიეროდ, გზას განაგრძობდა ტარანტასი და ცოტა წინ წიოკით გამოქცეული ხალხი დაინახა, უცნაურად გამოწყობილები, მაგრამ მაინც უეჭველად ქართველები. ილტვოდნენ, გაურბოდნენ საფრთხეს და საშინელებას, ხანძარს და მტრის ტყვიას...
ბეყემ კვლავ გახედა მოხუცებს. არა, ისინი ათასობით კაცს, ქალსა და ბავშვს სულაც ვერ ხედავდნენ. ცხადია, ეს კვლავ თეთრი ცხელება იყო... უსასოობა ეხატათ ქანცმიხდილებს...
სამაგიეროდ, ზოგი მათგანი ავი, ზიზღიანი სახით უცქერდა და ჩავლისას, ბეყე, ბეყეო, მუქარით ეძახდა. გული გაუსკდა შიშისაგან, აუჩქარა ცხენებს. მაგრამ არ კი ილეოდნენ... იგრძნო, შემდგომ სწორედ ის ცეცხლი უნდა შემოყროდა გზაზე, რომელიც ამ უბედურებს მოსდევდა. ეგე, გაიხსნა ქვესკნელის კარიბჭეო, გაიფიქრა და ავი ხილვაც ტაატით გაქრა.
წყნარი გზა მოეშურებოდა შემხვედრად, თუმცა მეეტლეს შფოთვა თავს აღარ ანებებდა, მომდევნო ულუფას აგუმანებდა და აი, მართლაც გამოჩნდა საცოდავად მოლაპლაპე მუქმწვანე თავისქალიანი ჭინკების ლაშქარი. ავად, მრისხანედ თან მოჰქონდათ ნაძარცვ-ნაალაფევი, ნაპარავი, წანაგლეჯი...მათი სიტყვები რუსულს მოჰგავდა... მოკლე თოფები ჰქონდათ, ასეთი წინათ არსად ენახა. ან კი სად ნახავდა, თუ არა ცხელი აგვისტოს ამ თეთრ პაპანაქებაში.
სამაგიეროდ, გასცდა ამასაც და აჰა, მიიღო ნიშანი, მიაღწია დათქმულ ადგილს, გააჩერა ეტლი და ისინიც გადმოხტნენ ტყიდან შარაზე. მოხუცმა რაღაც თქვა, ქალმა შეჰკივლა. იმათ ისროლეს, ჩაარტყეს, ჩააკლეს, აიღეს, მოიპარეს, დაიმუქრნენ და წავიდნენ.
ეს იჯდა კოფოზე გაუნძრევლად, არხეინად, ვითომც არაფერი, ამ და იმ ქვეყნის ზღვარზე გაჭედილი, უნებლიე წინასწარჭვრეტის ეიფორიაში, ინფერნოსგან დაშინებულ-დატყვევებული, დაღდასმული თუ მონიშნული...
როგორც უბრძანეს, ვისმე უნდა დალოდებოდა. დაელოდა. მოვიდნენ, როგორც იქნა, მოურავი, ურიადნიკი და სტრაჟნიკები... ნახეს უბედურება, მიდგნენ, მოდგნენ, მერე ამას მოადგნენ, აბა, მოყევი, როგორ მოხდაო... შავგვრემნები იყვნენ, სომხებსა ჰგვანდნენ, სულ კონდახებით მცემესო... აუწიეს სამოსი, ნახეს, რო არ იყო ნაცემი და მიხვდნენ, რომ ტყუოდა... მიხვდნენ. ჰოდა, გამოძიებაც დაიწყოო! ორი წლის მერე, სარჩობელაზედ, სიკვდილის წინაც გაიფიქრებს ათასჯერ ნაფიქრს: ეს რამ მათქმევინა, ე რა მომივიდაო. იმჯერად ვეღარ მოასწრებს, თორემ უწინ თავსდატეხილ რისხვას ხშირად აგვისტოს თეთრ ცხელებას დააბრალებდა ხოლმე...
სამაგიეროდ...