სად ვიყავით და სად ვართ, ანუ ვაი ჭკუისაგან

ავტორი : ზაზა ბიბილაშვილი 

ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში ჩვენს არსებობას, დიდწილად, შიში განსაზღვრავს. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ამ უძველეს, ამაყ, ღირსებისა და სამართლიანობის განცდით მოტივირებულ ერს შიშით მართავენ. თან ისე, რომ ეს ნალოლიავები ღირსებაცა და სიამაყეც სადღაც - საყოფაცხოვრებო საზრუნავებსა და მორალს მიღმა წუხილში ჩაკარგულა.

ზოგს ომის ეშინია, ზოგს - სამსახურის დაკარგვის, ზოგს - პოლიტიკური ცვლილების („ახლა შეიძლება, ცუდად ხარ, მაგრამ მე რომ არ ვიყო, უარესად იქნები!“), ყველას ერთად - სტიქიის (თუ რომელიმე მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი არ ხარ - ამ შემთხვევაში, მთელი სახელმწიფო შენზე მუშაობს). ამასთან, ნებისმიერი სტიქია სიცოცხლისთვის საშიში გახდა: ვერავინ დაგიცავს, არავინ გადაგარჩენს, რაც მოხდა, მოხდაო, იტყვიან, აბა, მაშინ სად იყავიო, წამოგაძახებენ და გააგრძელებენ დიდ, არა - უკიდეგანო - კორუფციაში ლივლივს.

შიში ადამიანურია, რეალური საფრთხის წინაშე - ლეგიტიმურიც, მაგრამ, როდესაც შიშს ხელოვნურად აღვივებენ ან საფრთხის წყარო თავად შიშის გამღვივებელია, მაშინ შიში უკვე მასების კონტროლის ბერკეტია, ბერკეტი, რომელიც ადამიანურ და მოქალაქეობრივ გადაგვარებაზე გადის - როცა გაიძულებენ, ღირსებაც, თავმოყვარეობაც, სამართლიანობისა და თავისუფლების წყურვილიც გვერდზე გადადო და ყველანაირი დამცირება აიტანო, წარმოსახვითი მტრისა თუ მოგონილი საფრთხობელას შიშით...

ნიადაგიც ნოყიერი აქვს მტერს: რაც უფრო მოხუცია ერი, რაც უფრო მეტი უნახავს და გამოუცდია, მით უფრო ეშინია, მით უფრო ფრთხილობს... ლეგიტიმური სიფრთხილიდან პროზაულ კონფორმიზმამდე, კონფორმიზმიდან კოლაბო­რაციონიზმამდე კი, ხშირად, ერთი ნაბიჯია.

სწორედ ასე, ტოტალიტარული რეჟი­მებისთვის დამახა­სიათებელი ქრესტო­მათიული მეთოდებით, აკონტროლებენ ჩვენს ქვეყანას. ადრე დავწერდი, მა­რთავენ-მეთქი, მაგრამ ჩემი მეგობარი მუდამ მისწორებს  - „მართვა“ სხვაა, დღეს საქართველოს კი არ მართავენ, აკონტროლებენო. და მართალიცაა.

პუტინისტური პროპაგანდის ეპოქაში „დაყავი და იბატონე“ „შეაშინე და აკონ­ტროლემ“ ჩაანაცვლა: იყუჩე, თორემ ვიღაც მოვა, დაგიჭერს და მოგკლავს ან გაგაუპატიურებს (მერე რა, რომ „26 ათასი საჯიშე გაუპატიურებული ვაჟკაცის“ თემა ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ პროპაგანდისტულ რუსულ მითად იქცა)... „დაგმე დასავლეთი, რამეთუ დასავლეთს ომი და სისხლისღვრა სურს“ (მერე რა, რომ ნატო და ევროკავშირი სწორედ საპირისპიროს - მშვიდობასა და კეთილდღეობას ნიშნავს? ესენი ხომ საბჭოთა პროპაგანდის მემკვიდრეები არიან, დასავლურ „იმპერიალიზმსა“ და „მილიტარიზმს“ რომ ებრძოდნენ ათწლეულობით). ლოგიკურია, რომ ეს ხალხი რუსული ურდოთი კი არა (მათ რომ უმაგრებს ზურგს), მითიური „გლობალური ომის პარტიითა“ და იმ „რამდენიმე ოჯახით“ გვაშინებს, რომლებიც თითქოს ამერიკას და შვეიცარიულ ბანკებს მართავენ...

ამაზე უფრო პრიმიტიულს ვერაფერს მოიფიქრებდა რუსი პროპაგანდისტი და მისი ქართველი გამხმოვანებელი. მაგრამ მუშაობს.

ამასობაში ქვეყნის პრემიერი - აი, ის, ოლიგარქი რომ ხან „რაც გინდათ, ის დაუძახეთს“ ეძახის და ხან „ბიჭს, რომელსაც ორჯერ გამეორება არ სჭირდება“ - საკუთარ შვილს ამერიკაში ჩარტერული რეისით აცილებს, მთავრობა კი ხალხს ეუბნება, თვითმფრინავი პრემიერის უმუშევარმა, პენსიონერმა მამამ დაიქირავაო. ჯერ გვძარცვავენ, მერე - დაგვცინიან.

პრემიერის ცოლის დაბადების დღეზე მისულ პრემიერის ცოლის დაქალებს სახელმწიფო დაცვისა და პროტოკოლის ბიჭები ემსახურებიან - კარს უღებენ, მანქანები სადგომზე გადაჰყავთ, ჟურნალისტებს იგერიებენ... მხოლოდ ის, რაც თვალში გეცემათ - ტანისამოსი, მაჯის საათები, სამკაულები - ეჭვისთვის ადგილს არ ტოვებს: არანაირი ხელფასი ამას არ ეყოფა. აქ კორუფცია საძებარიც არაა. კორუფცია აშკარა და ხილულია. სიხარბისა და ცინიზმის დონე - აქამდე ჯერუნახავი („პრემიერია, რომელიღაცა ქარხნის მუშა კი არა?!“)...

ყოველი წვიმა ახალი შიშია - რაჭაში ხომ არ მოხდება რამე?! თუ ისევ ვერეს ხეობა? იქნებ ამჯერად ვაშლიჯვრის ახალ გზას მოვერიდოთ? რიკოთი ხომ არ ჩამოინგრევა მორიგად? გურიაში მძინარე ბავშვები ჩამარხა სტიქიამ. შუახევჰესის კაშხალი ჟონავს. აქეთ რაჭის ახალი გზა ჩაიქცა, იქით - ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი მონაკვეთი...

 2023 წელი, შოვის ტრაგედია

თუ წვიმა ან ღვარცოფი არაა, შეიძლება ხანძარი გაჩნდეს და არქივი დაიწვას (ცალკე საკითხია, როგორ შეიძლება ასეთი საგანძური ასე იყოს მიგდებული, მაგრამ ესეც ხომ ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს მეხსიერებასთან, ჩვენს იდენტობასთან იმავე უკეთური ძალის ბრძოლის ნაწილია)...

სტიქიას თუ გადაურჩი, შეიძლება პოლიციამ დაგიჭიროს პარლამენტის წინ სუფთა ფურცლით დგომისთვის (როგორც ამ ნომრის ერთ-ერთი ავტორი) ან თელავის თეატრის წინ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის (როგორც თქვენი მონა-მორჩილი)...

ლამის ყოველი მეორე კვირა გლოვაა... გლოვიდან გლოვამდე ხალხი გაქცევაზე ფიქრობს, რადგან წესიერი, კანონმორჩილი ადამიანები ამ ქვეყანაში თავიანთ მომავალს ვეღარ ხედავენ.

თხუთმეტიოდე წლის წინ წინა ხელისუფლების პირობებში ერთმა დეპუტატმა საჯარო გამოსვლისას ეთნიკურად შეურაცხმყოფელი გამოთქმა გამოიყენა და მას საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დაატოვებინეს. 15 წლის თავზე, ქსენოფობიური განცხადებები ხელისუფლებისა და მისი სატელიტი პოლიტიკური თუ მედიაჯგუფების რუტინული სასაუბრო ენის ნაწილია. 

15 წლის წინ ვხალისობდით, რომ მაშინ­დელი ხელისუფლება, ხშირად, დაუმთავ­რებელ ობიექტებს ხსნიდა ზარ-ზეიმით. ბოლო 11 წელია, შევეჩვიეთ, რომ ხელისუფლება დაპირებებს „ხსნის“. დიახ - დაპირებებს! დახატავენ რაღაც უტოპიურს დიდ ბანერზე, მიიყვანენ ტელევიზიებს, გამართავენ ბრი­ფინგს და ბანერზე დახატულს მიღწევად ყიდიან („2030 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება 10 ათასი დოლარი!“)... ასე, მაგალითად, ივანიშვილმა იპოდრომი ოთხჯერ გადასცა ქალაქს. ოთხჯერ გვახდევინეს მადლობები ოლიგარქის „უპრეცედენტო ქველმოქმედების“ გამო. იგივე იყო მის ხელში გავერანებული „ლაგუნა ვერეს“ შემთხვევაში, რომელიც ასევე რამდენჯერმე „განაახლა“ და „გადასცა ქალაქს“ - ყოველ ჯერზე, ვირტუალურ-კამპანიურად. ბოლოს ერთიცა და მეორეც დიდ ფულზე გაყიდა. თავად იხეირა, თბილისი კი რეკრეაციული ზონების ნაცვლად ბეტონის მორიგ სიმახინჯეს მიიღებს, რაც კიდევ უფრო დიდ ჯოჯოხეთად აქცევს აქ ცხოვრებასა და გადაადგილებას.

ადრე, რაღაც უბედურება რომ მოხდებოდა, თვეების განმავლობაში იქცეოდა ხოლმე სალაპარაკო თემად. ახლა ყოველ უბედურებას ახალი უბედურება ფარავს რამდენიმე დღეში. ან მეორე დღეს. ზოგჯერ იმავე საღამოსაც კი.  

ევროპისა და ამერიკის ორგანიზებულ ლანძღვას ვინ წარმოიდგენდა? ხომ შეგვაჩვიეს?  პირველები ვიყავით ევროკავშირის კართან. იმდენი ქნა ჩვენმა „პრო­დასავლურმა“ მთავრობამ, რომ ბოლოში გადაგვისროლეს. უკრაინას და მოლდოვას ვინღა ჩივის, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასაც კი ჩამოვრჩით.

თქვენ გგონიათ, ეს ყოველივე შემთხვევითობაა? არამც და არამც. შეგნებული, თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომლის ამოცანა სტანდარტის დაწევა, კარგის გაძევება, დარჩენილის სასოწარკვეთაა. პოლიტიკა, რომლის ცენტრშიც დიდი კორუფცია და კიდევ უფრო მასშტაბური მორალური დეგრადაციაა.

 2008 წელი, რუსეთ-საქართველოს ომი

გახსოვთ, რა თქვა პუტინმა 2008 წლის ომის მერე? - რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხიო.

გავაკეთეთ კიდეც. თან ისე, რომ დღემდეგ არ ვიაზრებთ მიზეზშედეგობრივ კავშირს ჩვენს არჩევანსა და იმ რეალობას შორის, რომლის მძევლებადაც ვქცეულვართ. დიახ - ჩვენი წვლილია იმაში, რომ დღეს - პირველად საქართველოს ისტორიაში - გვყავს პოლიტიკური სისტემის გარყვნისთვის სანქცირებული მოსამართლეები და რუსულ უშიშროებასთან კავშირებისთვის სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელმაც კამერების წინ სცემა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს, თავისი სახლის სარდაფში დააბა მოქმედი მინისტრი და რომელიც სრული ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს. ჩვენი წვლილია იმაში, რომ დღემდე გვყავს სანქცირებული პროკურორის მიერ დაჭერილი პატიმრები, რომლებიც სანქცირებულმა სასამართლომ გაასამართლა.

რამდენი რამ მოხდა მხოლოდ ამ ზაფხულში:

• შოვის ტრაგედია - როცა გვეუბნებოდნენ, რომ ვერტმფრენები არ ჰყავთ, მაგრამ, რომც ჰყოლოდათ, მაინც არაფერი შეიცვლებოდა, ან რომ ვერმტფრენი მანქანა არაა, მიხვიდე და იყიდო (ივანიშვილს რომ დასჭირვებოდა, ამას ეტყოდნენ?). გვეუბნებიან, რომ, რაც მოხდა, მოხდა. დავივიწყოთ და განვაგრძოთ უღიმღამო რუტინა.

• ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, რომელიც ერთი მხარის დაწერილს და მეორე მხარისთვის ხელმოსაწერად დადებულ დოკუმენტს ჰგავს, რომელშიც საქართველოს სახისა და ღირსების შესანარჩუნებელი ერთი ფორ­მულირებაც კი არ ჩაუწერიათ (ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩინელების მოზღვა­ვებით გვაშინებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მილიარდნახევრიან ქვეყანას ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი, ეროვნული ინტერესებისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ).

 2023 წელი, ღარიბაშვილი ჩინეთში

• 2008 წლის ომის მე-15 წლისთავმა იმით დაგვამახსოვრა თავი, რომ საოკუპაციო რეჟიმებისა და თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთი და იმავე სიტყვებითა და იდენტური მესიჯებით საუბრობდნენ და ბრაზისა თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვექტორს საქართველოს წინა ხელისუფლებისკენ მიმართავდნენ.

• პრიგოჟინის ამბოხზე და პუტინის მიერ მის ტერორისტულ მკვლელობაზე აღარაფერი ვთქვათ - რუსული პოლიტიკური სიველურის მორიგ სერიაში ჩვენთვის საინტერესო და ნიშანდობლივი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ გულით ქომაგობდა ივანიშვილის რეჟიმი პუტინს.

 1992 წელი, აფხაზეთის ომის დასაწყისი

ამასობაში, 1992-1993 წელს აფხაზეთში წარმოებული რუსეთ-საქართველოს ომის 30-ე წლისთავიც მოვიდა. აფხაზეთის თემას ჟურნალის შემდეგი ნომერი დაეთმობა. მანამდე კი გავიხსენოთ - შევადაროთ - და ვიკითხოთ:

სად ვიყავით და სად ვართ? აქ როგორ აღმოვჩნდით? და რა არის ჩვენი პირადი წვლილი ამ ტრაგიკულ, მაგრამ, იმედია, არა საბედისწერო პროცესში?

ვიფიქროთ არა წარსულის კონტექსტში, არამედ მომავალის პერსპექტივით:

ეგებ, ერთხელ მაინც ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა