ავტორი : ხათუნა ხაბულიანი
ბოლო ხანებში დამწერლობის, წიგნიერების, მხატვრული ლიტერატურისა და მისი შინაარსების ცნებები ზოგიერთი პოლიტიკოსის აბსურდულ განაცხადებსა და თითქოს მივიწყებულ საბჭოთა ცენზურის პაროდიულ გამოცოცხლებასთან გადაიკვეთა. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ახალი არ არის, როცა მხატვრულ ტექსტსა და ავტორს აიგივებენ, ზოგჯერ შეიძლება მწერლის დასჯაც კი მოითხოვენ რომელიმე პერსონაჟის საქციელის ან გამოთქმული მოსაზრებების გამო. ზოგიერთისთვის აკადემიურ სივრცეში მიმდინარე მსჯელობა განურჩეველია პოლიტიკური რიტორიკისგან, ისტორიული ფიგურების პატივისცემა კი ბრმა კერპთაყვანისმცემლობასთან არის გაიგივებული, უმეტესწილად კი, საკმაოდ ვერაგ დემაგოგიასა და საზოგადოების ნაკლებად განათლებული ნაწილისკენ მიმართულ მანიპულაციებთან გვაქვს საქმე.
ამ დაძაბულ და სიურრეალისტური მოტივებით გადატვირთულ ფონზე Dédicace Gallery-ში ლია ბაგრატიონის სოლო შოუ - „უნივერსალური დამწერლობა“ გაიმართა. გამოფენა, რა თქმა უნდა, არ იყო მათთვის, ვინც ზემოხსენებულ აქტივობებში მონაწილეობს, თუმცა განათლებით დაინტერესება და დამწერლობის ისტორიაზე დაფიქრება არასდროსაა გვიანი.
ლია ბაგრატიონი საუბრისას ძალიან კარგად, ზუსტად გადმოსცემს ბავშვობის მოგონებას, როცა პირველად, წერა-კითხვის შესწავლამდე, დაინტერესდა წერით და უფროსების მიბაძვით დაიწყო ფურცლების შევსება კალიგრაფიის იმიტაციით. მოგვიანებით კი ადრეული, ბავშვური „ნაჯღაბნით“ დაფარული ფურცლები დამწერლობის საფუძვლებს დაუკავშირა. სკოლამდელთა საყვარელი გასართობი „დიდობანა“ ხშირად გულისხმობს „გაკრული“ ხელით ნაწერის იმიტაციებს და არცთუ იშვიათად გამხდარა ხელოვანთა შთაგონების საგანი; ის თითქოს არქეტიპულ ნიშნებს, ცივილიზაციის ბავშვობას, კალიგრაფიის ჯერ კიდევ გაუშიფრავ კოდებს გამოხატავს, რომლებიც მერე სტრუქტურირდებიან და ანბანებად თუ იეროგლიფებად გარდაიქმნებიან. თეორეტიკოსებს არაერთხელ უსაუბრიათ იმ აღფრთოვანების შესახებ, რომელსაც ისეთი ნაწერის თვალიერება იწვევს, რომელსაც ვერ ვკითხულობთ - მაგალითად, აღმოსავლური კალიგრაფიის არმცოდნისთვის მაქმანისებური ორნამენტულობის ხიბლი ძალიან მიმზიდველია, როცა შეიძლება ნაწერის შინაარსი სრულიადაც არ იყოს კეთილგანწყობილი. ამ შემთხვევაში, აღმქმელი ნაწერის ფორმალური მშვენიერებით ტკბება მისი მნიშვნელობის წვდომის გარეშე. ასემიური მხატვრობის ისეთი ნიმუშები, როგორებსაც საი თვობლი ქმნის, ბუნების მოქმედებასთან, სტიქიურობასა და, ამავე დროს, კულტურის ფაქტორთან ასოცირდება. დამწერლობა ცივილიზაციის არსებობის უშუალო დასტურია და ასემიური მხატვრობაც ცივილიზაციის გამოვლინების, მისი რთული, ზოგჯერ ძალადობრივი ხასიათისა და პერიოდულად გარდაუვალი სტაგნაციისა და ხრწნის მიმანიშნებლად ავლენს თავს. პიტერ შვენგერის ნაშრომში - „ასემიური: ნაწერის ხელოვნება“ - ტერმინის ისტორია როლან ბარტისა და ჟაკ დერიდას შრომებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ამ უკანასკნელის ტექსტი - „განვრცობა“ - სიტყვებს შორის არსებულ სიცარიელეებს „ასემიურ ინტერვალებად“ მოიხსენიებს, სადაც აღნიშვნა შესაძლებელი ხდება მნიშვნელობის ქონის გარეშე.
ტერმინი „ასემიური“ ფორმირებულია ბერძნული sema -დან („ნიშანი“), უარყოფის „a“ პრეფიქსის დართვით. ხელოვნების ისტორიკოსებში გავრცელებული მოსაზრებით, ასემიური მხატვრობა არსებობდა ამ ტერმინის გაჩენამდეც, რასაც მოწმობს სხვადასხვა ეპოქის ვიზუალური პოეზიის კვაზიკალიგრაფიული ნიმუშები, ჩანახატები და ა.შ...
არსებული გამოცდილებების გათვალისწინებით, საინტერესოა, როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ლია ბაგრატიონის ასემიური პროექტი. სად მივყავართ ფიქრებს, როცა ამ ეფექტურ, პირდაპირი გაგებით მრავალშრიან ექსპოზიციაში ვხვდებით? უსასრულობის სიმბოლოს უწყვეტი ჯაჭვები არის კედლებზე, გალერეის ვიტრაჟებზე, თექის ფარდაგებზე, პერგამენტის ქაღალდსა და ტილოზე. სხვადასხვა ზომისა და ფერის თექა „ფენოვან“ ფარდებადაა ჭერიდან ჩამოშვებული და პერიოდულად გამჭვირვალე ქსოვილით გადაფარული. ინსტალაცია - პალიმფსესტის სიმბოლური შრეები ფაქტურების ენით მეტყველებს, - თექის სქელი, ბოჭკოვანი სტრუქტურა თავისთავად ენერგეტიკული ველის მქონე დიდი ინფორმაციაა, არქაული და რიტუალური მეხსიერებით; მასზე დატანილი ორნამენტული ფსევდოკალიგრაფიის უწყვეტი ხაზი ნაგულისხმევი შინაარსებით ამდიდრებს უსასრულო ტექსტს. ალაგ-ალაგ „ტექსტის“ ნაწილები „გადაშლილია“ წითელი ან შავი „მარკერით“. ექსპოზიცია წარმოადგენს ერთი დიდი ტექსტის შრეებს, ერთ დიდ თხრობას, მარადიულ ამბავს, რომელიც მრავალჯერ გადაწერილი და გადაშლილია, სულ ცოცხალია და აგრძელებს ისტორიას. ლია ბაგრატიონის - არტისტის ინტერესი ფორმა-ტექსტურისა და მასში არსებული შინაარსების მიმართ თანმიმდევრულად ვითარდება სხვადასხვა პროექტის გავლით და მიზანი ყოველთვის მიმართულია საზრისულ ძირებთან, უნივერსალურ იდეასთან. ფორმისა და შინაარსის ურთიერთობის განვრცობა ძლიერ მხატვრულ გზავნილად გამოჩნდა პერფორმანსში, როცა დამსხვრეული თიხის ქოთნიდან მარცვლოვანი შიგთავსის გამყარებული ფორმა დარჩა, როგორც სიცარიელის აღმნიშვნელი. პროექტის სათაური იყო „ეს არის ქოთანი“ (2015) და ეპიგრაფად ლაო-ძის ფრაზა უძღვოდა: „ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.” უფრო ადრეულ ინსტალაციაში - “ფულის ილუზია” (2011) კი ფულის უნივერსალური ნიშნების კოლექცია იყო წარმოდგენილი თიხისა და სხვადასხვა ძვირფასი მეტალის მოულოდნელი ჰიბრიდებით. ინტერესი უნივერსალური მოდელების მიმართ, რომლებსაც უსასრულო ჰიპოსტასები აქვთ მასალებისა და ფორმების მატერიალურ სამყაროში, ამ ხელოვანის ხედვას განსაზღვრავს და დამთვალიერებელს კი შემოქმედებითი მიდგომების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
ლია ბაგრატიონის ნამუშევრები პოეტურად ფილოსოფიურია, ის ეხება მარადიულ, უცვლელ თემებს, წარმავალობის დრამას, ამ სამყაროს ციკლურობას, თუმცა ეს ფორმები ყოველთვის დღევანდელ დღეს, ახალსა და ცოცხალ განცდას გამოხატავს.