ავტორი : თინათინ ქავთარაძე
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ერთობ მაღალ სტანდარტებს აწესებს. მაგალითად, 2016 წელს ქართული ლიტერატურის სასწავლო გეგმაში იმასაც კი ამოიკითხავდით, რომ მოსწავლეებს იგავ-არაკების წერის ცოდნა მოეთხოვებათ. გასაგებია, რომ შემოქმედებითი წერისა და აზროვნების უნარის განვითარება უმნიშვნელოვანესია, თუმცა სასწავლო გეგმა არ გვთავაზობს იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს, არც იგავ-არაკების და არც სხვა შემთხვევებში, მოთხოვნები კი არარეალური და მიუღწეველია. მთავარი თავად გეგმაა - რას ჩავწერთ იქ და როგორ ფასადს შევქმნით, რას მოვაჩვენებთ საზოგადოებას და როგორ მოვიტყუებთ თავს.
განათლება თვითონ ცხოვრებაა. განათლებას, უპირველესად, იმ ქცევითი მოდელებიდან და მაგალითებიდან ვიღებთ, რომლებსაც გარემო გვთავაზობს. მაშ, რა გამოდის? ის, რომ მოსწავლე, რომელსაც, გეგმის მიხედვით, იგავ-არაკების წერა უნდა სცოდნოდა, სისტემამ მოატყუა. გარდა ამისა, ის მალევე აღმოაჩენს, რომ წიგნი მოსაბეზრებელ და იაფფასიან საკითხავ მასალად ქცეულა; რომ სკოლაში ნასწავლი შორსაა ცხოვრებისეული გამოცდილებისგან, ე.ი. მან არა მხოლოდ იგავ-არაკების თხზვა არ იცის, არამედ კითხვაშიც მოიკოჭლებს, გამოდის, რომ სრულიად უუნარო აღმოჩენილა ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე.
ასე და ამგვარად, რა დარჩენია მოტყუებულსა და უცოდინარს? - თვითონაც უნდა მატყუარა გახდეს, რათა სწავლების შემდგომ საფეხურზე (უნივერსიტეტში) რაღაცნაირად სწავლის ილუზია შეიქმნას. აქვე მოვიყვან მაგალითებს იმის საილუსტრაციოდ, როგორ იქცევა სიყალბე ცხოვრების წესად:
მაგალითი 1:
უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი სტუდენტებს სთხოვს, ჩაიწერონ, რასაც უკარნახებს, არადა, აღნიშნული მასალა პროექტორის ეკრანზე ჩანს. სტუდენტები გამალებით იწერენ კარნახს. უცებ ლექტორი სვამს შეკითხვას - რატომ იწერთ? აღნიშნული ხომ ეკრანზეა მოცემული და შეგიძლიათ ფოტო გადაუღოთ? ან ბოლოს და ბოლოს სკრიპტი მომთხოვოთ, ეს ხომ თქვენი უფლებაა? სტუდენტები გაოცებული არიან, ერთ-ერთი პასუხობს - კი ვიფიქრე, მაგრამ არ მინდოდა თქვენი წყენინება.
აქ საკვანძო სიტყვებია “არ მინდოდა წყენინება”, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარია მოიტყუო, ილუზია შექმნა, ვითომც აქ არაფერი მომხადარაო, გაჩუმდე და მოითმინო - თუნდაც ხვდებოდე, რომ ბითურობას გავალებენ.
მაგალითი 2:
უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს სავალდებულო და არჩევით საგნები. შესაძლოა, არჩევითი საგნები არ იყოს უშუალოდ დაკავშირებული სტუდენტის სამომავლო პროფესიასთან, თუმცა ამით უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს შესაძლებლობას, სტუდენტებმა თავად გადაწყვიტონ, რა მიმართულებით სურთ მიიღონ დამატებითი ცოდნა. ერთ-ერთი ასეთი არჩევითი საგნის ლექტორი სტუდენტებს პირველ შეხვედრაზე ეკითხება, რატომ გადაწყვიტეს აერჩიათ აღნიშნული საგანი და რა არის მათი მოლოდინები. უმრავლესობის პასუხი ერთმანეთს ემთხვევა და ასე ჟღერს: თქვენზე მითხრეს, კარგი პედაგოგია და პრობლემა არ გექნება კრედიტის მიღებაზეო.
გამოვიდა, რომ სტუდენტისთვის მთავარია, ქულის მიღება და კარგი მასწავლებლის კრიტერიუმადაც იმას მიიჩნევს, რამდენად ადვილად ან რთულად წერს ნიშანს.
მაგალითი 3:
ლექტორი მსჯელობს ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდაზე და სვამს შეკითხვებს. მიზანია პროპაგანდის გავრცელებისა და ადამიანებზე მისი ზემოქმედების გაანალიზება. ინდოქტრინაციის შესახებ სტუდენტებს სწორი წარმოდგენა აქვთ. პასუხობენ შეკითხვებს და აკრიტიკებენ ნაცისტურ რეჟიმს, მსჯელობენ „ბოროტების ბანალურობის“ ცნებაზე. მკაფიოა მათი დამოკიდებულება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის მიმართ, რომლებიც ნიურნბერგის პროცესზე აცხადებდნენ, მხოლოდ ზემდგომის ბრძანებებს ვასრულებდითო. მასწავლებელი კმაყოფილია, რადგან, მსჯელობიდან გამომდინარე, თითქოს იკვეთება პირადი პასუხისმგებლობისა და მოქალაქის როლის გააზრება, თუმცა შეკითხვაზე - რა მაგალითს მოიყვანდით მოდერნულ საზოგადოებაში ინდოქტრინაციის მცდელობაზე, მაგალითად, რუსეთში ან საქართველოში? - პასუხი დუმილია. მასწავლებელი აზუსტებს შეკითხვას: როგორ, ვერ ხედავთ ჩვენთვის ტვინის გამორეცხვის მცდელობებს? ამჯერად, პასუხი ისმის: „არ მიფიქრია ამაზე“.
პირადი პასუხისმგებლობის გაუქმებაზე მსჯელობისას, სტუდენტებმა ვერ გაიაზრეს, რომ თვითონვე აუქმებენ მას, როცა არ აანალიზებენ იმ გარემოს, რომელშიც უწევთ ცხოვრება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სასკოლო გამოცდილებამ მათ მხოლოდ ის ასწავლა, როგორ იცრუონ, ითაღლითონ, გაჩუმდნენ.
ამრიგად, ტყუილები ახალგაზრდების ზნეობას ქმნიან: როცა სიმართლე არ მოსწონთ, თავს იტყუებენ, როცა არ უნდათ აწყენინონ, იტყუებიან და იქამდე, ვიდრე სიმართლეს არ დაივიწყებენ, მაგრამ სიმართლე არსად მიდის. მათ არ იციან, რომ თითოეული ჩვენი ტყუილი ვალია სიმართლის წინაშე და ადრე თუ გვიან, ეს ვალი უნდა გადავიხადოთ. ლოგიკურია, რომ რაც უფრო დიდი იქნება ტყუილი, მით უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს.
საფასურს კი ვიხდით და ვიხდით არალიბერალური დემოკრატიით, რომელიც მუდამ დიქტატურისკენაა მიდრეკილი, სუსტი სამოქალაქო საზოგადოებით. ჰოდა, თუკი საქართველოს ეროვნულმა სასწავლო გეგმამ გამოგწვრთნა:
„…უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი…“ –
შეეგუე, მოითმინე, რადგან თავისუფალი არჩევანი არ გაქვს და არც გექნება მანამ, სანამ შენს ხმას არ იპოვი და თავს არ შემოსძახებ:
საკმარისია, მე სიმართლე მჭირდება!