ავტორი : ედუარდ მარიკაშვილი
შესაძლოა იკითხოთ, მაინც რად უნდა ამ მოკლე სტატიას ორი სათაური? კითხვას აუცილებლად მივუბრუნდები, მანამდე კი საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 2023 წლის 5 აპრილის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე გიამბობთ.
5 აპრილს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებაზე. ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერი ცერცვაძე საჯაროდ სანქცირებულად გამოცხადდნენ. გადაწყვეტილებას სანქცირებულთა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის არგუმენტი დაედო საფუძვლად.
სანქციების ქვეშ მოხვედრილთა ვინაობისა და ქმედებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. საქართველოში ხომ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელთა არსებობაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტით დაადასტურა - აღნიშნული პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობებს, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რითაც ლახავენ სამართლის უზენაესობასა და ამცირებენ საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
მოულოდნელობის ეფექტი სანქციების ავტორს უკავშირდება. ქართული მართლმსაჯულების ყველაზე დიდი გულშემატკივრებისთვისაც კი ოცნების მიღმა რჩებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო დონეზე საქართველოს სასამართლოში კლანის წევრების საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და მისი სანქციებში თარგმნა. თუმცა ამერიკა რისი ამერიკა იქნებოდა, რომ არა ასეთი ერთგულება მეგობარი ქვეყნის მოქალაქეების დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების მხარდაჭერის პროცესის მიმართ.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს საჯარო სანქცირება ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე. აქტი, რომელიც სავიზო შეზღუდვებს არეგულირებს, აშშ-ში 2008 წლიდან მოქმედებს. აქტის მიზანია უცხოური კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლა. მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აქვს უფლება, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. გადაწყვეტილებისთვის საკმარისია ერთი სანდო მტკიცებულება. საინტერესოა, რომ მაგნიტსკის აქტისგან განსხვავებით, რომლის მოქმედების ხანდაზმულობის ვადა 5 წელია (გადაწყვეტილებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილ ქმედებებზე შესაძლოა გავრცელდეს), სავიზო შეზღუდვის აქტს ასეთი ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მისი მოქმედება რეტროსპექტულად შეზღუდული არ არის. აი, ეს დეტალი კი განსაკუთრებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ეფექტს იწვევს ამღერებული კლანისა და ქართული მართლმსაჯულებისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სანქცირებული მოსამართლეების მიერ სასამართლოს თავმჯდომარეობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობაზე მიუთითებს.
სანქცირებული მოსამართლეები წლების განმავლობაში იკავებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ამავე საბჭოს მდივნის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციებს. (მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არის 2007 წლიდან. 2007-2017 წლებში იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2017 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემაში არის 2005 წლიდან. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პოზიციაზე მოსამართლეთა კონფერენციამ ხელახლა აირჩია 2022 წლიდან. ირაკლი შენგელია სასამართლო სისტემაში მოსამართლეა 2007 წლიდან. 2017-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ვალერი ცერცვაძე 2007-2013 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2008-2013 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2007-2017 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.) საუბარია 2007 წლიდან დღემდე პერიოდზე. პირადი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის ბრალდება სავიზო შეზღუდვის მიზნებისთვის მთელ ამ პერიოდს მიემართება. ეს კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებისა და სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს მათი ჩართულობით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დღეს მათი სასამართლო სისტემაში ყოფნის პირობებში მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საჯარო განცხადებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია ნიშანდობლივი. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ აშშ ყველა იმ მოსამართლის გვერდით დგას, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. აქ კი მურუსიძე და მისი „პადძელნიკები“ გულწრფელნი არიან. მათთვის ამერიკული სავიზო შეზღუდვები არაფერია იმ შედეგებთან შედარებით, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ გზავნილის გააზრებას ინდივიდუალურ მოსამართლეთა მიერ. კლანის ძალაუფლების არქიტექტურა ინდივიდუალურ მოსამართლეთა სიჩუმესა და მორჩილებაზე დგას. კლანის არსებობა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება სასამართლო სისტემის ერთიან დუმილს. კლანის პრობლემებიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთიან დუმილში ბზარი ჩნდება და ინდივიდუალური მოსამართლეები პრობლემებზე ღიად საუბარს იწყებენ.
სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება კლანისა და მათი ოჯახის წევრების სავიზო სანქცირებას ზეიმობდა, კლანმა სასამართლო სისტემის თავის გარშემო კონსოლიდაცია გადაწყვიტა. სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირება მთელი სასამართლო სისტემისთვის საფრთხედ დასახა და ერთიანობისა და ძალის დემონსტრირებისთვის ასობით მოსამართლეს ქართული სუფრის ირგვლივ მოუყარა თავი. შეზარხოშებულმა მურუსიძემ კამერების წინ ეს თავყრილობა ქართული სიმღერით დააგვირგვინა. მანამდე კი გიორგი ლეონიძის ლექსით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და საზოგადოებას უთხრა, რომ მას, ვისაც ყველაფერს ალაზანზე შეფრთხიალებული ხოხობი ურჩევნია, სანქციებით ვერ მოერევიან. იქნებ დამაჯერებელიც ყოფილიყო სანქცირებული მოსამართლის
ეს განცხადება, „ალაზანზე ხოხბის ფრთხიალი“ ყველაფრის დაკარგვის პირას მყოფს რომ არ გახსენებოდა.
დაბოლოს, სტატიის ორ სათაურთან დაკავშირებულ კითხვას დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ 2023 წლის 2 ივნისს თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო საქართველოს პარლამენტის წინ დამაკავა და 48 საათი იზოლატორში მამყოფა, საქმე სასამართლოს გადაეცა. ამ სტატიასაც სასამართლოს მოლოდინში ვწერ, რომელმაც ჩემს „ხულიგნად“ გამოცხადებაზე უნდა იმსჯელოს. პირველი ინსტანციის შემდეგ კი საქმეს სააპელაციო სასამართლოში სწორედ სანქცირებული ლევან მურუსიძე დახვდება. შესაძლოა, არ იცით, მაგრამ უკვე წლებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაწყებულ საქმეებს სააპელაციო სასამართლოში სწორედ ლევან მურუსიძე იხილავს. გარეთ კი შემდეგი სურათი მოჩანს. სანამ სუბიექტები, რომლებსაც, წესით, სანქცირებული კლანი სასამართლოდან უნდა გაჰქონდეთ, მოტობურთის თამაშით არიან დაკავებული, სანქციებს კლანმა თავისებურად, თუმცა გარკვეულწილად ეფექტურად, უპასუხა - შიდა კონსოლიდაციისკენ გადადგა ნაბიჯები.
მიუხედავად ზემოთქმულისა, შეუძლებელია ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ უშედეგოდ ჩაიაროს. პირველი, რა ეფექტიც უკვე მოჰყვა სანქციების გამოცხადებას, კლანის უძლეველობისა და ხელშეუხებლობის ილუზიის მიწასთან გასწორება იყო. მომავალში კი სასამართლოში მათ „ავტორიტეტს“ ნელ-ნელა სრულად გამოუთხრის ძირს და მოსამართლეთა ერთიან დუმილში ბზარიც სულ უფრო გაღრმავდება.