სანქციებისგან თავის არიდება: როგორ მონაწილეობს საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში

Author : Aidan Iusuf, Natia Mikhelidze 

ჩვენი ექსპერიმენტები და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა დაგარწმუნებთ იმაში, რუსეთში საქართველოს გავლით იგზავნება დრონები, კომპიუტერის პროცესორები, ჯი-პი-ეს-ები თუ მეხსიერების ბარათები. ეს ის ორმაგი დანიშნულების ნივთებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოდგება და ომშიც, იარაღის ასაწყობად.

მართალია, ამ პროდუქტის რუსეთში გატანა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში აიკრძალა, თუმცა შეზღუდვებს ყველა ქვეყანა არ დაემორჩილა.

ექსპერიმენტისას ერთმა გადამზიდმა თავისი პირით გვითხრა, პრობლემა არ არის, დრონებს საქართველოდან რუსეთში აზერბაიჯანით წავიღებ, ეს აქამდეც გაგვიკეთებიაო. მეორე გადამზიდმა კი თბილისიდან სამარამდე „ჩიპების“ გაგზავნა უფრო იოლი გზით შემოგვთავაზა — პირდაპირ, ვლადიკავკაზის გავლით.

ჩვენმა შვიდთვიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა რუსეთის სანქცირებული პროდუქტით მომარაგების სქემა, რომელშიც ჩართულია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. 

 

„აი, ფაქტის“ ექსპერიმენტი #1  
როგორ იგზავნება დრონები საქართველოდან რუსეთში? — „ჩერეზ აზერბაიჯანი“

იმის გასარკვევად, რეალურია თუ არა სანქცირებული ტვირთის რუსეთში მოხვედრის ამბავი, ასეთ ხერხს მივმართეთ:
21 მაისს გადამზიდ კომპანია „კაიროს-ლოჯისტიკსს“ „ვოთსაფით“ დავუკავშირდით, რიგით მომხმარებლად გავეცანით და თბილისიდან რუსეთის ქალაქ სამარამდე 30 დრონის ჩატანა ვთხოვეთ. დავაზუსტეთ, რომ ისინი ვიდეო-სამონტაჟო სტუდიისთვის გვჭირდებოდა.

ჩვენთან დაგვიკავშირდა კრასნოდარში მყოფი ოპერატორი — ევგენი. მან დრონის მოდელი, მოცულობა და რაოდენობა რომ გამოგვკითხა, მარშრუტიც გაგვაცნო: „ტვირთს წავიღებთ „ჩერეზ“ აზერბაიჯანით, ან ირანით, ახლა ამ ვარიანტებზე ვმუშაობთ, მაგრამ დიდი ალბათობით აზერბაიჯანის გავლით წავა…“

მეორე დღეს, პირობებს რომ ვაზუს­ტებდით, ოპერატორმა დაგვამშვიდა — 100-პროცენტიან გარანტიას გაძლევთ და გარწმუნებთ, რომ თქვენს ტვირთს დანიშნულების ადგილას ჩავიტანთ, სანქცირებული ნივთი აქამდეც წაგვიღია და ვიცით, ეს რასაც ნიშნავსო.


„კაიროს ლოჯისტიკსის“ ინსტაგრამ ანგარიში, 2024 წლის მარტი-აპრილი

მოვიდა ფასზე შეთანხმების დრო. „კაიროს-ლოჯისტიკსის“ ოპერატორმა თბილისიდან სამარამდე 30 დრონის ჩატანაში 500 000 რუბლი (15 000 ლარი) მოგვთხოვა. არადა, მათივე საიტის ფასების კალკულატორი ამ წონის ტვირთის გადაზიდვის მიახლოებით ღირებულებად 25 000 რუბლს (793 ლარი) აჩვენებს. გამოდის, ევგენი 20-ჯერ ძვირს გვახდევინებდა.

ოპერატორს ასე გაბერილი ფასის მიზეზი რომ ჩავეკითხეთ, გვიპასუხა — „სანქცირებული ტვირთია, თქვენ თავადაც გესმით, პოზიციებთან კონვერტებით კომუნიკაცია გჭირდებათ“ [სავარაუდოდ, საზღვარზე ქრთამის მიცემა იგულისხმა].

ყველაფერი მარტივი აღმოჩნდა — სატრანზიტო კომპანია დაგვპირდა, ტვირთს ჩვენ მოვაკითხავთ და წავიღებთ, თქვენგან მხოლოდ ინვოისი და ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერა გვჭირდებაო. ამ ეტაპზე ჩვენ ექსპერიმენტი შევწყვიტეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ საჭირო ინფორმაცია კომპანიისგან უკვე ხელთ გვქონდა.

სტატიის გამოქვეყნებამდე „კაიროს ლოჯისტიკსს“ კიდევ ერთხელ დავურეკეთ, გავუმხილეთ, რომ ჟურნალისტები ვართ და ინტერვიუს ჩაწერა გვსურდა. ევგენი ჯერ კომპანიის მენეჯერად გაგვეცნო, ორ წამში კი დაბნეულმა გვითხრა — ახლა სტაჟიორი ვარო და ხელმძღვანელთან, ვინმე ალექს ბაგატოვთან გადაგვამისამართა.

ბაგატოვმა დაგვიდასტურა, რომ, სანქციების მიუხედავად, რუსეთში აკრძალული საქონელი მაინც გააქვთ. შეიცვალა მხოლოდ ტრანსპორტირების მარშრუტები — თუ ტვირთი ადრე პირდაპირ რუსეთში გადაჰქონდათ, ახლა მას თურქეთის, ან აზერბაიჯანის გავლა უწევს. „კაიროს ლოჯისტიკსის“ ხელმძღვანელს ვკითხეთ, როგორ აკეთებდა ასეთ სარისკო საქმეს, საერთაშორისო სანქციების ფონზე, რაზეც გვიპასუხა, რომ ტვირთის წარმომავლობის საბუთებს ცვლის.


კაიროს ლოჯისტიკსის ოფისი ჰუალინგ-პლაზაში. სქრინი „კაიროს ლოჯისტიკსის“ საიტიდან 
ადასტურებს, რომ ოფისი თბილისშიც ჰქონდათ

„ნახეთ, საქონლის მომწოდებელი ქვეყნისთვის პრობლემა არ არის, რადგან საქონელი იგზავნება არა რუსეთში, არამედ თურქეთში, ან აზერბაიჯანში. ის უკვე მოგვიანებით ხვდება რუსეთში. ამიტომ, იმ ქვეყნისთვის, საიდანაც ეს ტვირთი იგზავნება, ყველაფერი კანონის მიხედვითაა“.

რა ვიცით „კაიროს ლოჯისტიკსის“ შესახებ? მისი იურიდიული სახელია შპს „სერვის-მულტი“, რომელიც თურქეთის, ევროპის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებითაც მუშაობს.
„სერვის-მულტი“ 2018 წელს, მოსკოვშია რეგისტრირებული, დირექტორი — დიმიტრი მორდვინოვი, მფლობელი კი მაქსიმ შეპილოვია. შეპილოვს კიდევ ერთი სატრანსპორტო კომპანიით დსთ-სა და რუსეთში მანქანები ჩაჰყავს.

თავად „კაიროს ლოჯისტიკსს“ პანდემიამდე საწყობი ჰქონდა თბილისშიც, „ჰუალინგ პლაზას“ შენობაში. ახლა კონკრეტულ მისამართზე არც ოფისი აქვთ, არც საწყობი. კომპანია მომსახურების პირობებს აქვეყნებს საიტზე და ფეისბუქ გვერდებზე, შეკვეთებს კი ონლაინ იღებს. ოპერატორს ჩვენც „ვოთსაფით“ ვეკონტაქტეთ.

კომპანია არც საიტზე და ფეისბუქ გვერდზე მალავს, რომ სანქცირებული ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ.


დრონი, რომელსაც-ექსპერიმენტით ვგზავნიდით
მოდელი — SJRC f11s 4K pro drone, 4K professional with HD

შენიშვნა: საქართველოში 2013 წელს რეგისტრირებული შპს „კაიროს ლოჯისტიკი“, ვებგვერდით Kairos.ge, სხვა კომპანიაა და აღნიშნულ ექსპერიმენტთან კავშირი არ აქვს.

ისეთი დრონებით, როგორებსაც ექსპერიმენტით სამარამდე ვგზავნიდით, მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ ვიდეოებს იღებენ. თუ გაიფიქრეთ, რატომაა პრობლემა, რომ ასეთი ტექნიკა რუსეთშიც მოხვდესო, გეტყვით — ამ დრონს აქვს ზუსტად ისეთივე ძრავა, როგორიც FPV, ანუ „კამიკაძე-დრონს“. „კამიკაძე-დრონებს“ კი 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომში იყენებენ.

სამხედროები და თავდაცვის სპეციალისტები გვიხსნიან, რომ თანამედროვე ომში, ერთი შეხედვით უწყინარი, ხედების გადასაღები დრონიც კი დიდ სამხედრო რესურსად იქცა.

„სავარაუდოდ, ამათ შლიან და „მატორები“ გადააქვთ FPV დრონებში… გადაწყობას დრო სჭირდება, მაგრამ რთული არ არის… ერთ ადამიანს დღეში ათეულობით დრონის აწყობა შეუძლია. თუ ელექტრონიკაში ერკვევით და „ბოლტების“ [ჭანჭიკების] გადაჭერა შეგიძლიათ, სახრახნისითაც ააწყობთ… სჭირდება ღერძი, კამერა, „ტვინი“ და ანტენა…“ — გვითხრა სამხედრო ჟურნალისტმა, ანონიმურად დარჩენის პირობით. 
„ზოგი დრონით ქორწილებში სურათებს იღებენ, ზოგი — სამხედრო დანიშნულებისაა. რა თქმა უნდა, თამამად შემიძლია გითხრათ, დრონები, რომლებიც რუსეთში მოხვდება, სამხედრო მიზნით იქნება გამოყენებული, ორი აზრი არ არსებობს…,“- გვარწმუნებს თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.


დრონზე დამაგრებული რუსული ჭურვი, წარწერით — ხარკოვისთვის
ფოტო: ua.korrespondent.net

ის 2011-2013 წლებში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო, 2010 წელს კი ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო მისიის პირველ კონტინგენტს ხელმძღვანელობდა.
„FPV (კამიკაძე-დრონის) სამოქალაქო დანიშნულებაა სპორტული ფრენა, ფოტო-ვიდეო გადაღება, ლანდშაფტის ან გეოგრაფიის კვლევები… თუმცა, ამით ომში დაზვერვა და მტრის ობიექტების მონიტორინგიც შეიძლება. დრონი გამოდგება როგორც დაკვირვების, ისე შეტევის იარაღად. მარტივია, აღიჭურვოს ისე, როგორც მართვადი ჭურვი,“ — გვეუბნება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ვინაობის საჯაროდ გამხელის გარეშე.

შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემდეგ საბაჟო კონტროლი გაამკაცრეს. ამბობენ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონელი 1969-ჯერ გა­აბრუნეს უკან.

„…ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების ჩართულობით, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, რათა არ მოხდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენება სანქცირებული ტვირთების გატარების დერეფნად,“ — მოგვწერეს საბაჟო დეპარტამენტიდან 2 ივლისს.

ამ ფონზე, ოფიციალური სტატისტიკა და ჩვენი გამოაშკარავებული ფაქტები მოწმობს, რომ საქართველოს საზღვრები სანქცირებულ ტვირთს ატარებს. ორმაგი დანიშნულების ნივთები აქედან ჯერ სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში მიდის, ბოლო პუნქტი კი რუსეთია.

 

სანქციების ჩრდილქვეშ 
როგორ ახერხებს რუსეთი არსენალის შევსებას?

2014 წელს, ყირიმის ანექსიის პასუხად, ევროკავშირის საბჭომ რუსეთში ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა და შესაბამისი დოკუმენტი გამოსცა. 2022 წლის 25 თებერვალს კი ამ რეგულაციას ახალი აკრძალვები დაემატა.

ევროკავშირმა, აშშ-მ, იაპონიამ და დიდმა ბრიტანეთმა შეადგინეს იმ ნივთების ნუსხა, რომლებიც ბრძოლის ველისთვის მაღალპრიორიტეტულია და რუსეთში მათი მოხვედრა დანაშაულია. სია რამდენიმეჯერ განახლდა, საბოლოოდ კი მასში 50 დასახელების პროდუქტია ჩამოთვლილი.

შემოსავლების სამსახურის განმარტე­ბით, ორმაგი დანიშნულებისაა ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის, ასევე, ბიოლოგიური ან/და ქიმიური/ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი ასაფეთქებლის დასამზადებლად.

მარტივად რომ გითხრათ, ორმაგი დანიშნულების ნივთი შეიძლება იყოს თქვენი სამზარეულოს ან აბაზანის ტექნიკაშიც და საბრძოლო იარაღშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის და მაცივრის „ტვინი“.
ეს მცირე ზომის ნაწილი ერთგვარი ელექტრონული ალგორითმია, რომელიც ბრძანებებს ასრულებს. ღილაკზე თითის დაჭერით, სარეცხი მანქანის ტვინს ვავალებთ, რომ ტანსაცმელი გარეცხოს ან გაწუროს, ისიც გვიჯერებს. თუმცა, შესაძლოა, იმავე „ტვინს“ საბრძოლო დავალება მისცენ და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ჭურვი ჩამოაგდონ.

2022 წელს დასავლური სანქციების მიზანი იყო, რომ რუსეთისთვის ამ ნივთების დეფიციტი შეექმნა და საბრძოლო იარაღის წარმოებაში ხელი შეეშალა. თუმცა აკრძალვებს ყველა არ დაემორჩილა და რუსეთის სანქცირებული პროდუქტით მომარაგება გაგრძელდა.

2023 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასახელა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთისთვის „სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნი­და.“ ესენია — საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი, სომხეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.


სარეცხი მანქანის „ტვინი“. ფოტო გადაღებულია გლდანში,
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრობაზე, 2023 წლის სექტემბერში

„იმატა რუსეთში კრიტიკული ელექტრონიკის იმპორტმა. მაგალითად, ჩიპების, რომლებიც თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაშია. მათი ნაწილი [უკრაინაში] ბრძოლის ველზე, რუსული ტექნიკის ნამსხვრევებში აღმოჩნდა… საქართველოდანაც იმატა ასეთი ნივთების ტრანზიტმა და ვისურვებდით, რომ მომავალში შემცირდეს,“ — თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა 2023 წლის 7 ივნისს, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ეცფრ) შეხვედრაზე. ბრაიენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. 2022 წელს კი სანქციების კოორდინაციის ოფისს ხელმძღვანელობდა. 
ამ ფონზე, შემოსავლების სამსახური საზღვრების გამკაცრებულ კონტროლში გვარწმუნებს.

„უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვადასხვა საქონლის/ტვირთების გადაადგილება, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიმართულებით შემოსავლების სამსახურმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან თანმიმდევრულად უზრუნველყო სანქციების აღსრულების პროცესის მკაცრი კონტროლი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახური სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს“, — ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში, რომელიც 2024 წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანისა და შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავას შეხვედრის შემდეგ.

„საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს“, — მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან 2024 წლის 26 ივლისს.

ახლა მოგიყვებით სწორედ „საპირისპიროს დამადასტურებელ ფაქტებზე“. 

 

რას გვეუბნება ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტის სტატისტიკა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ხშირად სახელდებოდა რუსეთის „მაშველ რგოლად“ და სანქცირებული ნივთებით ვაჭრობის სქემის მონაწილედ. ამაზე არაერთხელ ითქვა ევროპულ და ამერიკულ მედიაში.

2023 წლის ივნისში ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ო’ბრაიენს ჰკითხა — რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, როცა სანქციებისგან თავის არიდებაზე საუბრობდა. „ეს რეალური პრობლემაა და ამიტომაც ჩავდივარ ხოლმე მე ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში…,“ — უპასუხა ო’ბრაიენმა.

„2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, თურქეთმა 158 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 45 დასახელების პროდუქტი გაგზავნა რუსეთში და ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომლებიც რუსეთთან შუამავლობაში არიან ეჭვმიტანილნი,“ - წერდა ბრიტანული financial times-ი 2023 წლის 27 ნოემბერს. 

გადავწყვიტეთ, ამ ბრალდებების საფუძველი ოფიციალურ სტატისტიკაში გვეპოვა და საგარეო ვაჭრობის მონაცემები გავაანალიზეთ.

დავადგინეთ, რომ სანქცირებული ტვირთი საქართველოდან რუსეთამდე ხან პირდაპირი და მოკლე გზით აღწევს, ხან ირიბად და შორიდან, ორი-სამი სახელმწიფო საზღვრის კვეთით.

შევისწავლეთ 50-ვე სანქცირებული პროდუქტის ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი. პროგრამისტ და ფიზიკოს უჩა აბაშიძეს ამ ნივთების ჩამონათვალი რომ ვაჩვენეთ, გვითხრა:

„ამ კოდების ქვეშ მითითებული პროდუქტებისგან შეიძლება შემდეგი საბრძოლო მასალა გააკეთონ: FPV დრონები, „ლანცეტები“ [კამიკაძე-დრონები], თვითმფრინავების ელექტრონიკა, ნებისმიერი თანამედროვე ჯავშანტექნიკის ელექტრონიკა; დამიზნების, გამოთვლის, ნავიგაციის ხელსაწყოები; რადიო მიმღებები და გადამცემები, სტაციონარული დაკვირვების სისტემები, დისტანციურად მართვადი ნაღმები.“

უჩა აბაშიძეს 2023 წლის სექტემბერში ვესაუბრეთ. 2024 წლის 9 მაისს კი ის დააკავეს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაშია. რესპონდენტს ადვოკატ შოთა თუთბერიძის დახმარებით დავუკავშირდით და ის თავისი მოსაზრების გამოქვეყნებაზე დაგვთანხმდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2023-2024 წლებში საქართველოდან რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში ექსპორტით გავიდა 10.7მილიონი აშშ დოლარის ორმაგი დანიშნულების ნივთი. 

სანქცირებული ნივთების გრძელი ნუსხიდან გამოვყავით ხუთი ისეთი პროდუქტი, რომელთა  ექსპორტიც 2023 წლიდან თვალში საცემად არის გაზრდილი მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ესენია:

  • რადიონავიგაციის აპარატურა (სა­ტე­ლიტური/ჯი-პი-ეს ხელსაწყოები);
  • ინტეგრალური სქემები, კონტროლერები (კომპიუტერის პროცესორები და „ჯოისტიკები“);
  • სატელევიზიო, ციფრული და ჩამწერი ვიდეოკამერები;
  • მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკები (ინტერნეტის მოდემები, „როუტერები“);
  • ხმის, გამოსახულების ან სხვა მონაცემების მიმღები, გადამცემი და გარდამქმნელი მოწყობილობები (მაგნიტოფონი, მიკროფონი, მიქშერული პულტი).


„აი, ფაქტის“ მიერ გაანალიზებული ექსპორტის სტატისტიკა:
https://docs.google.com/spreadsheets/d/1SendTx5JUCLnrEBjHVAlMqRPLptRUiCn52eEHX0XBy8/edit?gid=1881081819#gid=1881081819

 
ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი საქართველოდან

 

რადიონავიგაციის აპარატურა

ეს არის ჯი-პი-ეს მიმღები, ან მობილური ტელეფონის მსგავსი ხელსაწყო, რომელიც უინტერნეტოდ მუშაობს, კოორდინატებით გვიჩვენებს რუკას და ჩვენს გავლილ თუ გასავლელ ბილიკს. მაგალითისთვის, მას მოლაშქრეები მთაში, გზის გასაგნებად იყენებენ.

„რა თქმა უნდა, ეს ხელსაწყო სამხედრო მიზნითაც გამოდგება. სამხედრო ჯი-პი-ეს-ს ძლიერი დაცვა უყენია და მისი ჩახშობა/გაუვნებელყოფა რთულია, მაგრამ თუ ის არ გაქვს, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსაც კი გამოიყენებ,“ — გვითხრა თადარიგის პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.

რუსეთ-უკრაინის ომის დოკუმენტურ კადრებში ჩანს, რომ რუსული საფრენი აპარატები სწორედ ჩვეულებრივი, სამოქალაქო ნავიგაციითაა აღჭურვილი. ამას საერთაშორისო მედიაც არაერთხელ გამოეხმაურა.

ბრიტანული და უკრაინული გამოცემები თავდაცვის უწყებებზე დაყრდნობით წერენ, რომ 2022 წლის ზაფხულში უკრაინაში ჩამოგდებულ სუ-34-ებზე ემაგრა ამერიკული, „გარმინის“ ბრენდის სამოქალაქო ჯი-პი-ეს-ები. ეს ამბავი დაკავებული რუსი პილოტის, ანდრეი ფედურჩუკოვის, გამოკითხვის შედეგადაც გამჟღავნდა.


რუსული საფრენი აპარატის კაბინაში დამაგრებული „გარმინის“ ჯი-პი-ეს-ი
წყარო: globaldefensecorp.com

„გარმინის“ სანავიგაციო ხელსაწყოში შეგიძლია ჩატვირთო აპლიკაციები, მაგალითად, ბალისტიკური კალკულატორი [ტყვიის მიმართულებას, მანძილს და სიჩქარეს ზომავს]“, — აგვიხსნა სამხედრო ჟურნალისტმა, ანონიმურობის დაცვის პირობით.

2023 წელს საქართველოში რადიონავიგაციის აპარატურის იმპორტი, 2021 წელთან შედარებით, 41 პროცენტით, ექსპორტი კი — 213 პროცენტით გაიზარდა.

2023 წელს ეს სანქცირებული პროდუქტი საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა, ჯამურად, 304 520 აშშ დოლარის ღირებულების.

2017-2024 წლებში რადიონავიგაციის ხელსაწყოები ასეთი მასშტაბით არსად გაგვიტანია. წარსულში ამ პროდუქტით კი ვვაჭრობდით, მაგრამ გაცილებით მცირე რაოდენობით.

შესაბამის სტატისტიკას აქ ნახავთ: 
https://docs.google.com/spreadsheets/d/1hsP2h4OWuyxoy-AVg9i6CxBwXZsKs09Y/edit?gid=2081102031#gid=2081102031


საიდან შემოგვაქვს რადიონავიგაციის აპარატურა?


რადიონავიგაციის აპარატურის ექსპორტი

 

ელექტრონული ინტეგრალური სქემები — პროცესორები და კონტროლერები 

ამ პროდუქტის სავაჭრო კოდია 854231, რომელშიც რამდენიმე მცირე ზომის ელექტრონული დეტალი ერთიანდება. მათი დანიშნულების განმარტება სპეციალისტებს ვთხოვეთ.

გვიხსნიან, რომ ინტეგრალური სქემაა კომპიუტერის პროცესორიც, რომლითაც შეიძლება რობოტული სამხედრო ტექნიკის მართვა, იარაღის დამიზნება, თვალთვალი და ინფორმაციის მოგროვება.

„ამ კოდში არის მიკროკონტროლერები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ სამხედრო ტექნიკის სამართავად, რომ მიმართულება დაუპროგრამო და რაღაც ფუნქცია ჩაუდო… ესენი იმდენად მცირე ზომის დეტალებია, უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება ფეხსაცმლის ყუთში ჩაატიოთ რამდენიმე ასეული ათასის ღირებულების… ,“ — აგვიხსნა გიორგი ყურულაშვილმა. ის IT ტექნოლოგიების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „Cott electronics“-ის კვლევებისა და განვითარების დირექტორია. 

საქართველოში ინტეგრალური სქემები იმპორტით შემოგვაქვს — წელიწადში, დაახლოებით, 2-3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმპორტის მაჩვენებელი არ გაზრდილა, რასაც ვერ ვიტყვით ექსპორტზე.

2023 წელს საქართველოდან სხვა ქვეყნებში გავიდა 261 580 აშშ დოლარის ღირებულების ინტეგრალური სქემები. ეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2021 წელთან შედარებით 36 პროცენტით არის გაზრდილი.

2023 წელს ინტეგრალური სქემები გავიტანეთ შემდეგ ცხრა ქვეყანაში — სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, მალტა, ნიდერლანდები, თურქეთი და უკრაინა. საყურადღებოა სამი ქვეყნის მაგალითი. აი, რატომ:

უზბეკეთი სრულიად ახალი მიმართულებაა. ამ ქვეყანასთან ინტეგრალური სქემებით ვაჭრობის ისტორია არასოდეს გვქონია, 2023 წელს კი პირველად გავიტანეთ 36 720 აშშ დოლარის ღირებულების.
საქართველოდან სომხეთში ინტეგრალური სქემები წარსულშიც გადიოდა, მაგრამ გაცილებით მცირე რაოდენობით. ხოლო ყირგიზეთში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დინამიკა ასე გამოიყურება:

გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ბაზა (ცომტრადეპლუს.უნ.ორგ) ადასტურებს, რომ ყირგიზეთი და სომხეთი ინტეგრალურ სქემებს რუსეთში გზავნიან. მხოლოდ 2023 წელს ყირგიზეთიდან რუსეთში გავიდა 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინტეგრალური სქემა, სომხეთიდან- 869 718 აშშ დოლარის, რაც 2021 წელთან შედარებით 683-ჯერ მეტია.

შენიშვნა: comtradeplus.un.org -ზე არ ჩანს, რომ 2023 წელს სანქცირებული პროდუქტები რუსეთში უზბეკეთმა და აზერბაიჯანმაც გაგზავნეს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გაერო ამ მონაცემებს სახელმწიფოებისგან აგროვებს. შესაძლებელია, ზოგიერთმა ქვეყანამ მათ სტატისტიკა დროულად და პატიოსნად არ მიაწოდოს. შესაბამისად, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ საქართველოდან უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გაგზავნილ ორმაგი დანიშნულების ნივთებს რუსეთამდე არ ჩაუღწევია. 


პროცესორების და ჯოისტიკების ექ­ს­­პორტი სომხეთსა და ყირგიზეთში


სომხეთიდან რუსეთში პროცესორების და კონტროლერების (ჯოისტიკების) ექსპორტი

 

მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკები

ასეთი ხელსაწყოა, მაგალითად, ინტერნეტის მოდემი, რომელსაც აქვს ერთი მთლიანი კორპუსი, შიგნით რამდენიმე დანაყოფი და სადენების შემავალ-გამომავალი წერტილები.

ფიზიკოსი და პროგრამისტი უჩა აბაშიძე გვიხსნის, რომ ასეთი ბლოკები თანამედროვე ციფრული ელექტრონიკის აუცილებელი ელემენტია. მაგალითად, ის ჩვენს ლეპტოპებსა და „ფლეი სთეიშენის“ „ჯოისტიკებშია“. იმავდროულად კი, შეიძლება დრონში ან ტანკში აღმოჩნდეს.

„მაგალითად, ასეთი ბლოკია ფრენის კონტროლერებში და კამიკაძე-დრონებში, [ავტორის შენიშვნა: რუსეთი უკრაინასთან ომში შაჰედ-136/131 ტიპის კამიკაძე-დრონებს იყენებს] ასეთი ბლოკია საბავშვო, სასწავლო მიკროსქემა „არდუინოც“. ამით შეგიძლია გააკეთო კარის საკეტიც, დრონიც, ან სკოლაში ბავშვებს ღილაკზე თითის დაჭერით ნათურა აანთებინო. საერთოდ ყველა თანამედროვე იარაღს სჭირდება „არდუინო“, რომელსაც ამოვაძრობ ნებისმიერი ელექტრონიკიდან,“ — გვითხრა უჩა აბაშიძემ.

2023 წელს ეს სანქცირებული ნივთი ექსპორტით გავიტანეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის 15 ქვეყანაში. მათგან საინტერესოა ორი მიმართულება — ყირგიზეთი და სომხეთი.

მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან სომხეთში გავიდა 3 მილიონი აშშ დოლარის მონაცემთა დამუშავების ციფრული ბლოკი, ჯამურად, 2017-2022 წლებში კი - 5-ჯერ ცოტა, სულ 644 210 აშშ დოლარის.
რაც შეეხება ყირგიზეთს, აქ მხოლოდ 2023 წელს 225 670 აშშ დოლარის მონაცემთა დამუშავების ციფრული ბლოკი გავიტანეთ. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ყირგიზეთთან ამ პროდუქტით ვაჭრობის ისტორია, ფაქტობრივად, არ გვაქვს.

გაეროს საგარეო ვაჭრობის მონაცემებით დასტურდება, რომ ყირგიზეთი და სომხეთი ამ ორმაგი დანიშნულების პროდუქტს რუსეთს აწვდიან.

„…მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკების, რაშიც ვგულისხმობ, მაგალითად „მოდემებს“, გამოიყენება კომუნიკაციისთვის. ან მათი გამოყენებით შეიძლება შეიქმნას კავშირგაბმულობის ისეთი ინფრასტრუქტურა და ქსელი, რომელიც საბრძოლო ვითარებაში გამოსადეგი იქნება. ხმის ან გამოსახულების მიმღები მოწყობილობებიც შეიძლება გამოიყენონ კავშირგაბმუბლობისთვის, დაზვერვისთვის, თვალთვალისთვის და ასე შემდეგ“, — გვიხსნის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანონიმურად დარჩენის პირობით. 


მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკების ექსპორტი


მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკების ექსპორტი

 

ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურა

ეს ნივთიც ორმაგი დანიშნულებისაა და სანქცირებულ პროდუქტთა ნუსხაშია შეყვანილი.

მიუხედავად ამისა, 2023 წელს 2021-თან შედარებით, ამ პროდუქტის საქართველოდან ექსპორტი - 34 პროცენტით, საქართველოში იმპორტი კი 74 პროცენტით გაიზარდა.

შარშან ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურა საქართველოდან სულ 30 ქვეყანაში გავიდა. მათ შორის, საქართველოს მეზობელ სომ­ხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ მიმართულებებიდან, თვალში საცემია ექსპორტის მკვეთრი ზრდა ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.


საიდან შემოგვაქვს ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურა?


ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურის ექსპორტი საქართველოდან.

ასეთმა უპრეცედენტო სტატისტიკამ ეჭვი გაგვიჩინა, რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი ამ ორმაგი დანიშნულების პროდუქტს რუსეთს აწვდიან და მოთხოვნამაც ამიტომ იმატა. ამჯერადაც გადავამოწმეთ გაეროს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა.

დასტურდება, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთისთვის ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურის მიწოდება გაზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გვაინტერესებდა, ვის გააქვს სანქცირებული ორმაგი დანიშნულების ნივთები რუსეთში ან მესამე ქვეყნებში. საქსტატმა ეს ინფორმაცია სრულყოფილად არ მოგვაწოდა, კონფიდენციალურობის მოტივით.


ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურის ექსპორტი რუსეთში

გავიგეთ, რომ 2023 წელს სომხეთში მონაცემთა დამუშავების ციფრული ბლოკები ექსპორტით გაიტანა 7-მა კომპანიამ, ასევე 2023 წელს, ხმის/გამოსახულების მიმღები და გადამცემი აპარატურა აზერბაიჯანში გაიტანა 16-მა კომპანიამ, ხოლო ყაზახეთში სამმა. ფაქტია, ე.წ მესამე ქვეყნების მიმართულებით ორმაგი დანიშნულების ნივთების ექს­პორტი არავის შეუზღუდავს.

 

„აი, ფაქტის“ ექსპერიმენტი #2 
როგორ ხვდება ინტეგრალური სქემები რუსეთში? 

დრონების შემდეგ დავინტერესდით, ასევე მარტივია თუ არა, რომ რუსეთში გაიგზავნოს კიდევ ერთი სანქცირებული ნივთი — ინტეგრალური სქემა. ექსპერიმენტისთვის ავირჩიეთ ასეთი სქემის ორი ნიმუში — კომპიუტერის პროცესორი და მყარი დისკი.

ხუთ სატრანსპორტო კომპანიას „ვოთსაფით“ მივწერეთ, რომ გვსურდა თბილისიდან სამარამდე ჩაგვეტანა პროცესორები და შიდა მეხსიერების ბარათები. ერთ-ერთმა გადამზიდმა პირდაპირ უარი მოგვწერა — „ასეთ ტვირთს ვერავისზე გავაფორმებო“.

მისგან განსხვავებით, სანქცირებული ნივთების გადაზიდვაზე უყოყმანოდ დაგვთანხმდა შპს „კარგო რაპიდო“. ოპერატორ ნატალიას 60 ცალი „ინტელის“ პროცესორის და 30 ცალი ჰდდ ტიპის შიდა მეხსიერების ბარათის გაგზავნაზე მოველაპარაკეთ. გვითხრა, რომ სამარამდე ერთი კილოგრამი ტვირთის ჩატანა 15 ლარი ღირს, მაგრამ დამატებით ჩვენ უნდა გადაგვიხადოთ „დაზღვევა“, მთლიანი ღირებულების 10 პროცენტი, ანუ 2 300 აშშ დოლარიო.


ორმაგი დანიშნულების ნივთები, რომლებსაც ამ ექსპერიმენტით ვგზავნიდით

„დაზღვევაში ვგულისხმობთ ამ ვარიანტებს, ანუ გაფორმების გარეშე ტვირთის გატანას“, — გვითხრა ნატალიამ მოგვიანებით.

ფასი რომ გავარკვიეთ, მივადექით დელიკატურ საკითხს — სანქციებს. ნატალიას ვუთხარით, რომ გვეშინოდა, საერთაშორისო აკრძალვების გამო გზად რაიმე არ გაპრობლემებულიყო. ისიც ვახსენეთ, სხვებმა უარი გვითხრეს და თქვენ როგორ რისკავთ ასეთ რამესო?

ოპერატორმა დაგვამშვიდა — ყველაფერს მოვაგვარებთ, ოღონდ არაოფიციალურადო:

„რასაც სხვები გეუბნებიან, ეგრეა. სანქციები და ასე შემდეგ… ამ ტიპის საქონელი კანონით… [არ დაასრულა]. რაც შეეხება გატანას, საქართველოდან და შემდეგ რუსეთში ეს არაოფიციალურად მოხდება, ანუ ექსპორტის და მსგავსი რაღაცების გარეშე. კომპანია გვაქვს, გავაფორმებთ ხელშეკრულებას. თუმცა, იქ ამ ტვირთის დასახელებას არ გავწერთ. დავწერთ, რომ თქვენგან მივიღეთ ასეთი და ასეთი ტვირთი და დაზღვევაა 10 პროცენტი… რომ არ შემეძლოს გატანა, პირდაპირ უარს გეტყოდით. რადგან გესაუბრებით და გიხსნით, რომ ამ ტვირთს წავიღებთ, ესე იგი წავიღებთ. თანხაში ყველანაირი რისკი გათვალისწინებულია“.

„კარგო რაპიდოს“ ტრანსპორტირების მარშრუტი ასეთია — თბილისი-ვლადიკავკაზი-სამარა, ხოლო ტვირთის საბოლოო პუნქტამდე მიტანას, დაახლოებით, 4 კვირას ანდომებენ. რა საბუთებია ჩვენგან საჭირო?- არაფერი.

„არაფერი არ მჭირდება, რადგან ეს არაოფიციალურად კეთდება. ერთადერთი — ხელშეკრულებას გავაფორმებთ ფიზიკურ პირზე და გადახდაც იქნება ფიზიკურ პირზე. გასაგები რომ იყოს, ეს კომპანიის ანგარიშზე ვერ წავა… რუსეთში განბაჟებაც რაში გჭირდებათ? ჩვენ ხომ არაოფიციალურად ვაკეთებთ…“ — გვითხრა ნატალიამ და ხელშეკრულების ნიმუში გამოგვიგზავნა. 
შპს „კარგო რაპიდო“ საქართველოში 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი რუსეთის მოქალაქე ტაიმურაზ ტოკაზოვია, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ ოსეთიდანაა. კომპანიას ოფისი აქვს საბურთალოზე, ზაქარიაძის #5-ში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე.


„კარგო რაპიდოს“ ოფისი თბილისში

„ერთი 5-6 თვეა, რაც აქ არის, შეიძლება, მეტიც… „პასილკების“ გაგზავნა-გამოგზავნაა… დღეში ორი-სამი კლიენტი მოდის,“ — გვითხრა მეზობლად „იანდექსის“ ოფისის თანამშრომელმა „კარგო რაპიდოს“ შესახებ. მისი თქმით, ტოკაზოვი აქ მხოლოდ მაშინ მოდის, როცა მომხმარებლები ტვირთის გასაგზავნად ურეკავენ.

„ამ მიზნით“ დავრეკეთ ჩვენც. ოპერატორ ნატალიას ნომერზე გვიპასუხა თავად კომპანიის დირექტორმა, რომელსაც ვუთხარით, რომ რუსეთში ტვირთის გაგზავნა გვინდოდა. ტოკაზოვმა შეხვედრა სამ საათში, თავის ოფისში დაგვითქვა.

ადგილზე მისვლისას გავუმხილეთ, რომ ჟურნალისტები ვიყავით და მასთან კითხვები გვქონდა. ტოკაზოვი დაიბნა და ინტერვიუზე უარი გვითხრა, ქართული ენის არცოდნის საბაბით. არადა, იქამდე, სრულიად გასაგებად გვესაუბრებოდა. შემდეგ სხვა რამ მოიმიზეზა — მეჩქარება, ბაღიდან ბავშვები მყავს გამოსაყვანიო. 
რომ ვკითხეთ, გაჰქონდა თუ არა ტვირთი რუსეთში, იუარა, მაშინვე შუქი ჩააქრო, ოფისის დაკეტვა დაიწყო და სწრაფი ნაბიჯებით მანქანისკენ გაემართა. ჩვენც გავყევით და გზად სანქცირებული ტვირთის უკანონოდ ტრანსპორტირებაზე ვეკითხებოდით, თუმცა ხმა აღარ გაუღია. 

 

რას ამბობს საქართველოს კანონი ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტზე?

მარტივია თუ არა ორმაგი დანიშნულების ნივთების ქვეყნიდან გატანა? — წესით, არა. ამისთვის სპეციალური ნებართვის მოპოვება გჭირდებათ.

მთავრობის 2014 წლის დადგენილებით, არსებობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ნივთების ნუსხა, რომელშიც ცხრა კატეგორიის პროდუქტია — მაგალითად, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ბირთვული მასალები, ნავიგაციის და კავშირგაბმულობის სისტემები.

თუ ამ ნივთების ექსპორტი, იმპორტი ან ტრანზიტი გსურთ, ნებართვისთვის შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოთ. საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსგან კი ნებართვაზე საბოლოო პასუხს 20 დღის ვადაში მიიღებთ.

პროცედურა ასეთია — ოფიციალური განაცხადის შეტანამდე შემოსავლების სამსახურს უკავშირდებით და უხსნით, რისი გატანა გსურთ და ვინ რა მიზნით გამოიყენებს მას საბოლოოდ. შემდეგ ეტაპზე ავსებთ განაცხადს. აქ უთითებთ პროდუქტის დასახელებას, ღირებულებას, რაოდენობას, წარმოშობის და იმპორტ/ექსპორტის მიმართულებას.


RPG 7 ანტისატანკო გამშვები სისტემა „კამიკაძე“ დრონზე 

გარდა ამისა, ვალდებულნი ხართ, შემოსავლების სამსახურს მიაწოდოთ ინფორმაცია, ვინ მოიხმარს ამ ნივთს საბოლოოდ და შესაძლებელია თუ არა ის სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენონ. 
შემოსავლების სამსახურიდან გვითხრეს, რადგან დეტალებს წინასწარ ვაზუსტებთ, 2020 წლიდან დღემდე (22 მაისის ჩათვლით) შემოსული 649 განაცხადიდან უკლებლივ ყველა დავაკმაყოფილეთო. მათ შორის, 67 ნებართვა გაიცა ქსელური მოწყობილობების გატანაზე.

ქსელურ მოწყობილობებში იგულისხმება ხმის/გამოსახულების ან სხვა მონაცემების მიმღები, გადამცემი და გარდამქმნელი მოწყობილობები; 2023-2024 წლებში, ანუ მას შემდეგ, რაც ამ ორმაგი დანიშნულების პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე სანქციები დაწესდა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა მისი სხვა ქვეყნებში ექსპორტის/რეექსპორტის 63 ნებართვა გასცა.

წესით, ორმაგი დანიშნულების ნივთის ექსპორტის, იმპორტის, ან ტრანზიტისას, საზღვართანაც შეგამოწმებენ. მაგალითად, ავტომობილს ჯერ სწრაფი სკანერი ამოწმებს, შემდეგ კი მესაზღვრე, უშუალოდ გამშვებ პუნქტთან.

გვაინტერესებდა, კონკრეტულად რა ინფორმაციის დანახვა შეუძლია საზღვარზე დამონტაჟებულ სკანერებს, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ამ კითხვაზე არ გვიპასუხა. მიზეზად დაგვისახელეს, ამ ინფორმაციის გაცემით შეიძლება რისკის ქვეშ დავაყენოთ საბაჟოს პროცედურებიო.

კონტროლის შესახებ მოგვწერეს ზოგადად — თუ მესაზღვრეს ტვირთის გადაზიდვისას ეჭვი გაუჩნდა კანონდარღვევაზე, იწყებს დოკუმენტების დეტალურ შემოწმებას, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და ფიზიკური პირის დათვალიერებას. ხოლო თუ კანონდარღვევა დადგინდა, ადგენენ სამართალდარღვევის ოქმს და მასალებს გამოსაძიებლად გზავნიან.

2023 წლის შემოდგომაზე სადახლოს და ლარსის გამშვებ პუნქტებზე თავად მივედით და დავაკვირდით, როგორ ამოწმებდნენ მსუბუქ ავტომობილებს. გიყვებით იმას, რისი დანახვაც ჩვენი თვალით შევძელით.
მებაჟე ათვალიერებს საბარგულს, მანქანის წინა და უკანა სავარძლებს, ოთხივე კარს. ამის შემდეგ კი მძღოლს უშვებს დოკუმენტების შესამოწმებლად. ამ პროცესს, დაახლოებით 2-3 წუთი ეთმობა. საზღვარზე ჰყავთ ძაღლებიც და საჭიროების შემთხვევაში ტვირთის შემოწმებას ანდობენ. 

 

„ელექტრომექ-ბტ“-ის და „ლაზიკა იმპორტის“ ამბავი — როგორ ეხმარებიან ქართული კომპანიები რუსეთს?

2024 წლის მაისში გამოქვეყნებულ ლიეტუვური მედიის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია, რომ ლიეტუვაში არსებულ ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანია „დელამოუდ ბალტიკსს“ რუსეთში სანქცირებული ტვირთი, სავარაუდოდ, საქართველოს გავლით გადააქვს.

ჩვენ „იმპორტ ჯენიუსის“ საერთაშორისო სავაჭრო მონაცემთა ბაზის გაანალიზებისას მივაკვლიეთ, რომ „დელამოუდ ბალტიკსს“ ტვირთის რუსეთში გადაზიდვაში ეხმარებოდა ქართული კომპანია -შპს „ელექტრომექ-ბტ“. ის 2021 წლის 19 ივნისს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და მფლობელი მარი სარაპიანია. კომპანიას ოფიციალურ ძირითად საქმიანობად მშენებლობა აქვს მითითებული.

2023 წლის ივლის-ოქტომბერში ამ კომპანიამ რუსეთში სანქცირებული ორმაგი დანიშნულების ნივთების გადაზიდვაში 365-ჯერ მიიღო მონაწილეობა. ზოგჯერ ტვირთი თავად გაიტანა, ზოგჯერ სხვებს დაეხმარა. ამ პერიოდში, „ელექტრომექ-ბტ“-ის ჩართულობით რუსეთში გაიგზავნა 24 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სანქცირებული პროდუქცია — ბურთულოვანი და ცილინდრული, გორგოლაჭოვანი საკისრები; ელექტრონული აპარატურა, „შტეფცელები“, როზეტები და სხვა.

მარი სარაპიანი 2022 წლის დეკემბრიდან კიდევ ერთ სატრანსპორტო კომპანიას, „ლაზიკა იმპორტს“ ფლობს. „იმპორტ ჯენიუსის“ ბაზაში ამ კომპანიასაც მივაგენით. აღმოჩნდა, რომ 2023 წელს „ლაზიკა იმპორტის“ მონაწილეობით რუსეთში გაიგზავნა 29 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების სანქცირებული ტვირთი.


რუსულ FPV დრონზე დამაგრებული საკომუნიკაციო სისტემები, 2024 წლის მარტი
ფოტო: Serhii Flash, წყარო: mil.in.ua

მარი სარაპიანმა ამ ორი კომპანიის ხელმძღვანელობა დაგვიდასტურა. თუმცა, რომ გაიგო, ჟურნალისტები ვიყავით და მასთან ინტერვიუ გვსურდა, საუბარი არ ისურვა — არ მცალიაო. მაინც ვცადეთ კითხვების დასმა და გავახსენეთ, რომ შარშან მისმა კომპანიებმა რუსეთში სანქცირებული ტვირთი გაგზავნა. თავი ასე იმართლა — ფირმები უკვე ერთი წელია არ მუშაობსო და ტელეფონი გაგვითიშა. გადავურეკეთ ხელმეორედ. ამჯერად გვითხრა — ნუ მაწუხებთ, 62 წლის ქალი ვარ, გულის პრობლემები მაქვს, თან ახლა არ მცალია, ორ დღეში დამირეკეთო და ზარი ისევ გაგვითიშა. სარაპიანს ორ დღეში რომ გადავურეკეთ გვითხრა — თქვენთან საუბრის არც შესაძლებლობა მაქვს და არც სურვილიო.

სარაპიანის არგუმენტი, რომ კომპანიები არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება. შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრში ორივე კომპანია აქტიურია.

„იმპორტ ჯენიუსი“ აშშ-ში, არიზონის შტატში შექმნილი საერთაშორისო ბაზაა, რომელიც საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებს ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აგროვებს.

ამ ბაზით ვიპოვეთ საქართველოში არსებული კიდევ ორი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის გაგზავნაში მონაწილეობენ.

2023 წლის 24 აგვისტოს შპს „ფეის პლიუსმა“ პოლონურ კომპანიასთან ერთად რუსულ კომპანია „ემმას“ როსტოვის რაიონში გაუგზავნა 40 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხმის/გამოსახულების მიმღებები და გადამცემი აპარატურა. საჯარო რეესტრში ამ სახელწოდების კომპანია არ იძებნება. ვიცით მხოლოდ ის, რომ „ფეის პლიუსის“ მისამართია თბილისი, ომარ ხიზანიშვილის #264. აქ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა.

2023 წლის იანვარ-თებერვალში რუსულმა კომპანია „ხორტ თრეიდმა“ სანკტ-პეტერბურგში სამჯერ მიიღო გზავნილი ორმაგი დანიშნულების ტვირთით -ნაბეჭდი სქემები, სტატიკური გარდამქმნელები და როზეტები [შტეფცელები]. ეს სანქცირებული პროდუქტი რუსეთში გაგზავნა შპს „ასტერი გრუპმა“, ხოლო გადამზიდავი იყო ლატვიური კომპანია „ულტრა თრეიდ სერვისი“.

„ასტერი გრუპი“ 2022 წლის მაისიდან თბილისშია რეგისტრირებული. მისი დირექტორი და მფლობელი ლატვიის მოქალაქე ვლადიმირს საპოჟნიკოვსია. ის „ულტრა თრეიდ სერვისის“ ბორდის წევრიცაა. 

 

რუსეთში გაგზავნილი საოჯახო ტექნიკაც ომში მიდის 

ახლა მოგიყვებით, რატომ არ უნდა მარაგდებოდეს რუსეთი მაცივრებით, ტანსაცმლის თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანებით. გაიფიქრეთ, რა შუაშია ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკა ომთანო?

„აი, ფაქტი“ ესაუბრა სამხედრო ინდუსტრიაში გარკვეულ და გამოცდილ პირებს, ყოფილ და მოქმედ სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს და ეკონომიკური სანქციების საერთაშორისო ანალიტიკოსს.

ყველა მათგანი თანხმდება, რომ თანამედროვე ომებში საბრძოლო იარაღის აწყობას „დიდი ფილოსოფია“ აღარ სჭირდება. შეიარაღებისთვის გამოსადეგი ნაწილები არის ისეთ ნივთებშიც, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ, ზოგ მათგანს კი ხელჩანთით დავატარებთ — მაგალითად, ლეპტოპები ან ‘სმარტ’ მობილური ტელეფონები.

„პრაქტიკულად ყველა რუსულ დრონს და სამხედრო რაკეტას აქვს ისეთი კომპონენტი, რომელიც, მაგალითად, მაცივარში გამოიყენება. მარტივად რომ ვთქვათ, უთო, რომელიც სახლში გაქვთ, შეიძლება აჩუქოთ ვიღაც რუსს, რომელმაც ის შეიძლება უკრაინელების მოსაკლავად გამოიყენოს. შეიძლება უტრირებულად ჟღერს, მაგრამ ამ ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აქვს ეს განზომილება“, — გვითხრა „სამოქალაქო იდეის“ ანალიტიკოსმა გიორგი შაიშმელაშვილმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან მაცივრების, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანების ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი შემდეგ ქვეყნებში — რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.

2023 წელს საქართველოდან პირდაპირ რუსეთში გავიდა 286 660 აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმლის სარეცხი და 41 390 აშშ დოლარის ღირებულების ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

„მე ახლა აშკარად ვიცი, რომ სარეცხი მანქანების დოლურას რაც ატრიალებს, ეგ ჩვეულებრივად გამოიყენება უპილოტო სამხედრო აპარატებში — „კოპტერებში“, რომ იმის როტორიც, [მბრუნავი ნაწილი] ატრიალოს… როდესაც სამხედრო დანიშნულების ნაწილები აღარ გაქვს, რაც გაქვს, იმით აკეთებ. სხვა გზა არ არის და იმიტომ… სამხედრო დანიშნულების ნივთები ისე ძვირი ღირს, იმ ფასად ახლა 5 სარეცხ მანქანას იყიდი. პრობლემა არ არის, რაც გჭირდება ამოაცლი და დანარჩენს გადააგდებ“, — გვითხრა თადარიგის პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.


ტელევიზორის „ტვინი”ფოტო: ნავთლუღის „დაშლილების”ბაზრობიდან
სარეცხი მანქანის „ტვინი” ფოტო: გლდანის საყოფაცხოვრებო ბაზრობიდან

პროგრამისტი და ფიზიკოსი უჩა აბაშიძეც გვიხსნის, რომ მონდომების შემთხვევაში, მარტივად არის შესაძლებელი, საოჯახო ტექნიკა დაშალო და მისი ნაწილები სამხედრო იარაღზე გადაიტანო. მისი თქმით, ამას აადვილებს ის, რომ ერთი და იგივე ჩიპი აქვს, მაგალითად, ტელეფონს, სარეცხ მანქანას და სამხედრო დრონს.

„ნებისმიერ თანამედროვე ტელევიზორს მოვუძებნი „ტვინს“ და პროგრამას გადავწერ ისე, რომ დრონის „ტვინად“ იქცეს… ადამიანებს ჰგონიათ, სამხედრო ტექნოლოგიები კოსმოსურია და ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დრო წინ წავიდა. ადრე ჯაველინი რაღაც საოცრება იყო, ახლა კი ჯაველინს ჩემი 14 წლის შვილიც გააკეთებს, ამ სქემის ბაზაზე [გვაჩვენებს „არდუინოს“]. ხარისხიანი და სანდო ვერ იქნება, მაგრამ ომი თუ გამოფიტვის სტადიაზეა, ყველაფერი შეიძლება“.

„რუსები, როგორც ბოლო დროს აღმოჩნდა, [უკრაინის ომში] იყენებდნენ სამოქალაქო ნახევარგამტარებს [ჩიპებს], უბრალო გაყიდვაში რაც არის. ეგ ნიშნავს, რომ შეიძლება ეს ნახევარგამტარი იყოს სარეცხ მანქანაშიც და ყავის აპარატშიც“, — გეუბნება გიორგი ყურულაშვილი, Iთ ინფრასტრუქტურის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „cott electronics“-ის კვლევებისა და განვითარების დირექტორი.


ტანსაცმლის/ჭურჭლის სარეცხი მანქანების და მაცივრების საქართველოდან ექსპორტი  2017-2024 წლებში

 

რა არის ტანტალი და როგორ გამოიყენება ბრძოლის ველზე? 

„ტანტალის კონდენსატორების გარეშე ვერ დააწყობ ელექტრონიკას, თვითონ არაფერი არ არის, პატარა რამეა, მაგრამ ჩიპებიც და ყველაფერი რომ გქონდეს, ტანტალის გარეშე არაფერი გამოვა“, — აგვიხსნა უჩა აბაშიძემ.

ტანტალის კონდენსატორები ელექტრომოწყობილობების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ელექტროდენის დადებით და უარყოფით მუხტებს აგროვებს. მას რუსი სამხედროები ჭურვების საწარმოებლად იყენებენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოდან სომხეთში რეექსპორტით გავიდა 2 400 აშშ დოლარის ღირებულების 710 კილოგრამი ტანტალი. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. წარსულში ეს პროდუქტი თითქმის არასდროს არსად გაგვიტანია. მხოლოდ 2018 წელს გავიტანეთ ბანგლადეშში — 160 აშშ დოლარის ღირებულების.


ტანტალის კონდენსატორები, ფოტო: ebay

„იმპორტ ჯენიუსის“ საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ბაზაში ვიპოვეთ, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ეს სანქცირებული პროდუქტი საქართველოდან რუსეთში მოხვდა. 12 800 აშშ დოლარის ღირებულების ტანტალის კონდენსატორები ჩინეთიდან დაიძრა და რუსეთში საქართველოს საზღვრის გავლით ჩააღწია. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ეს მონაცემები ასახული არ არის.

„ყველაზე მეტად რუსეთს სწორედ ტანტალი სჭირდება კუმულატიური ჭურვების საწარმოებლად. ასეთი ჭურვები სპილენძითაც მზადდება, მაგრამ ოთხი-ხუთჯერ დაბალი ეფექტურობა აქვს, ტანტალი კი ყველაზე კარგია. ვიცით, რომ რუსებს ტანტალის მოპოვებასთან პრობლემები აქვთ, მარაგები ყველა ლოგიკით უნდა გამოლეოდათ“, — გვითხრა სამხედრო ანალიტიკოსმა კობა ნაროუშვილმა.

ნაროუშვილს ვკითხეთ, ლოგიკურად მიაჩნდა თუ არა, სომხეთის მხრიდან ტანტალზე ასეთი მაღალი მოთხოვნა, რაზეც გვიპასუხა: „სომხეთი თვითონ არ აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ, ტანტალის ძაბრიან კუმულაციურ ჭურვებს, ეს ტექნოლოგია ათვისებული არ აქვთ. მათთვის უფრო ადვილია, რომ იყიდონ მზა ჭურვები„.

 

რა არის გამოსავალი? — ლიეტუვის გამოცდილება 

2024 წლის აპრილში ლიეტუვურმა საგამოძიებო მედიამ ლრტ.ლტ-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ჰყვებოდნენ, როგორ გაჰქონდა ლიეტუვურ კომპანიას სანქცირებული ორმაგი დანიშნულების პროდუქტი რუსეთში.

ამავე მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლიეტუვიდან რუსეთში მოხვდა 130 მილიონი ევროს ღირებულების ორმაგი დანიშნულების პროდუქცია. სატრანზიტო ქვეყნები კი იყვნენ — ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.

ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, 2024 წლის მაისში ლიეტუვის სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს და მალევე ოთხი ეჭვმიტანილიც გამოავლინეს. საქმის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ამ სტატიის ავტორ რუტა იუკნევიჩიუტეს ვესაუბრეთ და და ვთხოვეთ უფრო დეტალურად მოეყოლა, რა ზომები მიიღო ლიეტუვის მთავრობამ მათ მიერ გამოაშკარავებული „შავი ხვრელის“ ამოსავსებად. რუტას თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იმპორტ-ექსპორტი ლიეტუვაშიც უკონტროლო გახდა, კომპანიები რუსეთის სანქცირებული ნივთებით მომარაგებას მესამე ქვეყნების გავლით აგრძელებდნენ. მაგალითად, სქემაში ჩართული იყო ყაზახეთი და უზბეკეთი.

„…ლიეტუვამ ექსპორტზე შეზღუდვების გასამკაცრებლად ნაბიჯები გადადგა — მთავრობამ ბრძოლის ველისთვის პრიორიტეტულ ნივთებზე ეროვნული სანქციები დააწესა. ასევე, აიკრძალა ლიეტუვის გავლით ასეთი პროდუქტის სახმელეთო ტრანზიტი. ჯერჯერობით, ეს საზღვაო გადაზიდვებს არ შეხებია“, — გვიყვება რუტა იუკნევიჩიუტე.

თუ საქართველოს მთავრობა რუსეთში ორმაგი დანიშნულების ნივთების გატანაზე კონტროლის გამკაცრებას გადაწყვეტს, შეუძლია, მაგალითად, ლიეტუვის გამოცდილება აიღოს და ეროვნული სანქცია დააწესოს.

ლიეტუვური მედიის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ლიეტუვის მთავრობამ ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიმართულებითაც.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძეც ფიქრობს, რომ შექმნილი უკონტროლო სიტუაცია დარეგულირდება მაშინ, როცა ქვეყანა, საერთაშორისო აკრძალვების გარდა, დამოუკიდებელ, შიდა შეზღუდვებსაც დააწესებს.

„რომ დაიჭირო იმ სატრანსპორტო კომპანიის უფროსი და უთხრა, რატომ გადაგაქვს შენ დრონები [მესამე ქვეყნით] რუსეთის ტერიტორიაზეო, მის წინააღმდეგ ერთ სამართლებრივ ღონისძიებასაც ვერ განახორციელებ. იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს კანონი, რომელიც მას ამ უფლებას შეუზღუდავს… ამას სახელმწიფო უწყობს ხელს. რა პრობლემაა? აიღონ ის საერთაშორისო ბაზები, სადაც აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალია და გამოსცენ ბრძანებულება… ეს მონაცემები ძალიან დამაზიანებელია ჩვენი რეპუტაციისთვის და ამას მოჰყვება ის, რომ აღარ გენდობიან, როგორც ქვეყანას“, — გვითხრა ნინო ევგენიძემ.

ვესაუბრეთ პოლიტიკური რისკებისა და სანქციების ანალიტიკოს მაქსიმილიან ჰესს. ის ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში მუშაობს და გამოცემული აქვს წიგნი „ეკონომიკური ომი“, რომელიც უკრაინის ომს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ეხება.

„სულ მცირე, თუ მთავრობა მართლაც პატიოსნად ამბობს, რომ სანქციებს აღასრულებს და სურს, არ იქცეს დამრღვევ ქვეყნად, საუკეთესო გზა იქნება, რომ ცალკე გამოაქვეყნოს ბრძოლის ველისთვის მაღალპრიორიტეტული ნივთების ნუსხა და მათ ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვები გამოსცეს. ეს პრაქტიკაში ასე იქნება — ექსპორტიორს მოსთხოვენ დააზუსტოს, რა არის ტვირთის საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ აირიდონ აკრძალული საქონლის მოხვედრა საქართველოდან რუსეთში“, — გაგვიზიარა გამოსავლის თავისი ვერსია მაქსიმილიან ჰესმა.

სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, შემოსავლების სამსახურს ინტერვიუს შესათანხმებლად მივმართეთ. პრესსამსახური დაგვპირდა, კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნეთ და „შეგირჩევთ შესაბამის რესპონდენტსო“. თუმცა, ორ დღეში მხოლოდ ზოგადი, წერილობითი პასუხი დაგვიბრუნეს. ინტერვიუზე თანხმობა ისევ არ არის.

ასე მოიქცნენ თებერვალშიც, როცა „აი, ფაქტმა“ რუსეთის სანქცირებული მანქანებით მომარაგების სქემა გამოააშკარავა და შემოსავლების სამსახურთან კრიტიკული კითხვები ჰქონდა. დროულად და მაღალი სტანდარტით არც მაშინ გვიპასუხეს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვდეს ბრალი.

სტატიაზე მუშაობდნენ: ია ასათიანი (ინტერვიუერი); ნანუკა ბრეგაძე (ინტერვიუერი); მანანა ღოღობერიძე (რედაქტორი); ნინო გაგუა (დიზაინერი); რობი ზარიძე (ვიდეოგრაფი).

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here